|
თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს - სივიწროვეა, გასანძრევი ადგილი არ არის
თავბრუს დასხმა - გაბრუება, დარეტიანება; ზედმეტად გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა
თავგზის (დ)აბნევა - დაბნევა, გზა-კვალის არევა
თავზარის დაცემა - შეშინება, შეძრწუნება
თავზე აწევს (ვინმე, რამე) - მისი მოსავლელია, სარჩენია (ვინმე, რამე), ტვირთად აწევს, კისერზე აწევს (ვინმე, რამე)
თავზე ბუზს არ ისვამს - ამაყად იქცევა, ამპარტავნობს, დიდგულობს; არავის დაეჩაგვრინება
თავზე გადასდის (რამე) - ბევრი აქვს, უხვად აქვს, თავზე საყრელი აქვს
თავზე გადახევა (რისამე) - მიგდება, თავზე გადახლა (რისამე)
თავზე გადახლა (რისამე) - უხეშად მიგდება, მიშავება
თავზე გადახტომა (ვისიმე, რისამე) - უგულვებელყოფა და გვერდის ავლა
თავზე დადგომა - ვინმესთან ყოფნა და ყურადღების მიქცევა, მოვლა, კონტროლის გაწევა
თავზე დასმა (ვისიმე) - მეტის-მეტად გათამამება, განებივრება (ვისიმე), თავის ნებაზე მიშვება, ზედმეტ უფლებათა მიცემა
თავზე დატყდომა (რისამე) - უეცრად შემთხვევა (რაიმე არასასურველისა)
თავზე დაჯდომა - მორევა, დაბრიყვება, არაფრად ჩაგდება, თავხედურად მოქცევა, აგდება (ვისიმე)
თავზე დაჰკანკალებს (ვისმე) - მზრუნველობას უწევს, მუდამ მასთან არის და უვლის, თავს ევლება
თავზე ლაფის დასხმა - შერცხვენა, თავის მოჭრა (თავზე ლაფის დასხმა ძველად სასჯელის ერთ-ერთი სახე უნდა ყოფილიყო)
თავზე მოხვევა (რისამე) - იძულებით დაკისრება, მიღებინება; დაბრალება, მიწერა (რისამე)
თავზე ნაცრის დაყრა - გლოვა, უსაზღვრო მწუხარება. (მომდინარეობს, როგორც ჩანს, გლოვის დროს თავზე ნაცრის დაყრის ძველი ჩვეულებიდან)
თავზე საყრელი - ძალიან ბევრი, უხვად
თავზე წისქვილის ქვის დატრიალება - ბევრი გაჭირვების, ტანჯვა-წვალების გამოვლას
თავზე ხელაღებული - თავგანწირული, უშიშარი; შეუბრალებელი, გამძვინვარებული
თავზე ხელის აღება - უკიდურესობამდე მისვლა, გამძვინვარება, თავის გადადება, თავგანწირვა
თავი არ აქვს (რისამე) - არ შეუძლია (რამე), უნარი არ შესწევს (რისამე)
თავი იჩინა - გამოჩნდა, გამომჟღავნდა, გამოირკვა
თავი მისცა (რამეს) - დაიწყო (რამე), შეუდგა (რამეს)
თავი მოაქვს - თავი მოსწონს, ამაყოფს, თავი მიაჩნია (რამედ); დიდგულობს, ივეხნის
თავი მხრებზე აბია - ცოცხალია, ნორმალურად არის, აზროვნების უნარი აქვს
თავი უკრა (სადმე) - გაისტუმრა, იძულებით გაგზავნა (სადმე არასასურველ ადგილას)
თავი ქვას ახალოს - ყოველი ღონე იხმაროს, თავი გამოიდოს; რაც უნდა, ისა ქნას
თავი ქუდში აქვს - საიმედო მდგომარეობაშია, საშიშროება არ მოელის, არხეინადაა
თავის აგდება - უღირსად, თავხედურად, უწესოდ მოქცევა
თავის ამოყოფა (სადმე) - უცებ (სადმე) მოხვედრა, უცებ (სადმე) მისვლა
თავის ატკივება - გარჯა, თავის შეწუხება
თავის აღება - რაიმე მოქმედების, საქმიანობის (უმთავრესად სათაკილოს) დაწყება
თავის აშვება - გათავხედება, გათამამება, თავის აწყვეტა, თავს გასვლა
თავის გადადება - თავის გაწირვა, თავის დადება, ყოველგვარი ღონის ხმარება
თავის გადაკვლა - გადაკვდომა, თავის შეწირვა
თავის გამოდება - მონდომება, გულმოდგინედ ზრუნვა (ვინმესთვის, რამესთვის); თავგანწირვა, თავის გადადება, ყოველი ღონის ხმარება (რისამე მისაღწევად)
თავის გამოჩენა - სახელის გათქმა, სახელის მოხვეჭა
თავის განზე დაჭერა - თავის არიდება, განზე დგომა
თავის გართმევა - რაიმე საქმის დაძლევა, გაკეთება
თავის გატანა - გაძლება (გაჭირვებისას, განსაცდელისას...)
თავის გაყადრება - თავის გატოლება, თავის თავის ღირსად, ტოლად მიჩნევა
თავის დაღწევა - თავის დახსნა, განთავისუფლება, გადარჩენა (რაიმე არასასურველისაგან), თავიდან აცდენა (რისამე)
თავის დაძვრენა - განთავისუფლება, თავის გადარჩენა (რაიმე არასასურველისაგან), თავის დაღწევა
თავის დაჭერა (როგორმე) - მოქცევა (როგორმე); თავის შეკავება
თავის დღეში - არასდროს, ვერასდროს; მუდამ, ყოველთვის
თავის კალთაში ჩადება - მინდობა
თავის მაღლა აღება - გაამაყება, გაამპარტავნება, გამედიდურება
თავის მაღლა დაჭერა - ამაყად, ამპარტავნულად მოქცევა
თავის მობმა - დასრულება, დაბოლოება
თავის მოკატუნება - თავის უცოდველად, მიამიტად მოჩვენება; თავის დამცირება, თავის მოსაწყლება
თავის მოქაჩლება - შესაძლებლობის არ დაზოგვა, თავის გამოდება
თავის მოქონვა - პირფერობით, ტკბილი სიტყვით ვისიმე გადაბირება, გულის მოგება, მოთაფვლა
თავის მოყრა - შეგროვება, ერთად შეკრება
თავის მოჭრა - შერცხვენა, სახელის გატეხა
თავის მოხრა - დამორჩილება, ქედის მოხრა
თავის მტვრევა - ძალიან ბევრი ფიქრი (რაიმე ძნელად გადასაწყვეტ საკითხზე)
თავის შეკავება - რაიმე გრძნობის შეზღუდვა, მოთმენა, თავშეკავება
თავის შენახვა - თავის რჩენა; თავის მოვლა
თავის შერგვა (სადმე) - შესვლა, თავის შეყოფა (სადმე)
თავის შექცევა - გართობა, გულის გადაყოლება
თავის შორს დაჭერა - მორიდება, თავის არიდება, ახლოს არ მიკარება
თავის წაჭმა - შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება
თავის ჭიას ახარებს - ერთობა, თავს იქცევს, გულის წადილს ისრულებს
თავისი დრო მოჭამა - დაძველდა, დრო გაუვიდა, ცხოვრების გზა გაიარა
თავისუფლად ამოსუნთქვა - საფრთხის გავლის შემდეგ დამშვიდება, გულზე მოშვება
თავი(ც) უტეხია - რაც უნდა ისა ქნას! თავში ქვა უხლია! ჯანდაბამდის გზა ჰქონია!
თავპატიჟის გა(მო)დება - ტყუილად, არაგულწრფელად უარზე დადგომა, განაზება, გაპრანჭვა
თავ-პირის მტვრევით - ძალიან სწრაფად, გამალებით, ჩქარა
თავს გადახდა (რამე) - შეემთხვა, დაემართა (რამე)
თავს გასვლა - ზედმეტად გათამამება, გათავხედება, გაკადნიერება
თავს დასტრიალებს - მუდამ მასთან არის და მზრუნველობას უწევს, ემსახურება, უვლის, თავს ევლება
თავს დასხმა - თავდასხმის მოწყობა, გალაშქრება (ვისიმე წინააღმდეგ), თავზე დაცემა
თავს დატეხა (რისამე) - უეცრად რაიმე არასასურველის შემთხვევა
თავს ევლება (ვისმე) - განსაკუთრებულ მზრუნველოვას უწევს, ყურადღებას აქცევს, უვლის, ემსახურება, თავს დასტრიალებს
თავს იდებს (რასმე) - იკისრებს, დაივალებს (რასმეს)
თავს იკლავს - მეტისმეტად წუხს, ღელავს; თავგამოდებით ცდილობს რასმე; ზედმეტი ჯაფით იტანჯება
თავს იტეხს - თავგამოდებით ცდილობს, წვალობს; ძალიან ბევრს ფიქრობს (რაიმე ძნელად გადასაწყვეტ საკითხზე), თავს იმტვრევს
თავს შემოვლება - განსაკუთრებული მზრუნველობის გაწევა, ყურადღების მიქცევა, მოვლა, სამსახურის გაწევა, თავის შეწირვა
თავში ავარდნა - გაყოყოჩება, გაამპარტავნება, გაამაყება, თავბრუსდახვევა წარმატებისაგან
თავში ბზე უყრია - უჭკუოა, არაფერი იცის
თავში გარბენა (რისამე) - გაფიქრება, უცებ აზრად მოსვლა (რისამე)
თავში დაკრული - არანორმალური, სულელი
თავში იცემს (რასმე) - ძალიან ნანობს (რასმე), ჯავრობს
თავში მოუვიდა (რამე) - იფიქრა, აზრად მოუვიდა (რამე)
თავში უქრის - სულელია, ჭკუა აკლია, თავში დაკრულია
თავში ქვა იცეს! / თავში ქვა იხალოს! - რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს!
თვალებზე ხელის აფარება - სინამდვილის განგებ არდანახვა, თვალის დახუჭვა
თვალებიდან ცეცხლის ყრა - განრისხება, გააფთრება, გაავება, ცოფების ყრა
თვალებით ჭამს (ვისმე, რასმე) - ხარბად, დაჟინებით, თვალმოუშორებლად უყურებს (ვისმე, რასმე)
თვალების დაბრმავება - სინამდვილის განგებ არშემჩნევა, თვალების ახვევა
თვალების დარჩენა (ვინმეზე, რამეზე) - ძალიან მოწონება (ვისიმე, რისამე)
თვალებში აქვს ჭკუა - უჭკუოა, მოვლენებს ზერელედ, გარეგნული ეფექტის მიხედვით, შინაარსის გაუთვალისწინებლად აფასებს
თვალებში ნაცრის მიყრა - მოტყუება, თვალის ახვევა
თვალთან თითს ვერ მიიტან - ძალიან ბნელა, უკუნი ღამეა
თვალი დაადგა (ვინმეს, რამეს) - ყურადღება მიაქცია, ამოიჩემა; მოეწონა, თვალში მოუვიდა
თვალი დაუდგება - შურით გულზე გასკდება, ძალიან ნაწყენი დარჩება
თვალი დაუყენა (ვისმე) - შურით გულზე გახეთქა, გაამწარა (ვინმე)
თვალი უჭირავს (ვინმეზე, რამეზე, ვინმესკენ, რამესკენ) - მზრუნველობას უწევს, ყურადღებას აქცევს, თვალყურს ადევნებს (ვინმეს, რამეს); გული მიუწევს (საითკენმე, რამისკენ)
თვალიდან ბეწვის გამოცლა/თვალსა და თვალს შუა ბეწვის გამოცლა - ოსტატურად მოტყუება
თვალის ახელა - მანამდე შეუცნობელის შეცნობა, მიხვედრა, გათვითცნობიერება, შეგნება, გონს მოსვლა, გამორკვევა
თვალის ახვევა/თვალის აბმა - სინამდვილეში, საქმის ნამდვილ ვითარებაში გარკვევის საშუალების მოსპობა, მოტყუება, შეცდენა
თვალის გადავლება - დაკვირვება, ჩაფიქრება, მეხსიერებაში აღდგენა (რისამე); გადახედვა, გადათვალიერება
თვალის გახელა - რისამე მიხვედრა, გაგება, გათვითცნობიერება, გამოფხიზლება, თვალი ახელა
თვალის დახამხამებაში - უცბად, სწრაფად, მყის, ელვის სისწრაფით
თვალის დახუჭვა - სინამდვილის განგებ არდანახვა, უგულვებელყოფა (არსებულისა)
თვალის დევნება/თვალყურის დევნება - ყურადღების მიქცევა, პატრონობის გაწევა
თვალის თვალში გაყრა - პირდაპირ თვალებში ყურება, დაჟინებით ცქერა თვალებში
თვალის მოტყუება - წათვლემა, ცოტა ხნით წაძინება
თვალის მოჭრა - თვალის არევა, თავბრუს დახვევა; მოხიბვლა. მაგ. ოქროს ელვარებამ დიდსა და პატარას ერთნაირად მოსჭრა თვალი (აკაკი).
თვალის მოხუჭვა - სიფხიზლის მოდუნება, უყურადღებობა; წაძინება
თვალის სინათლე - ძვირფასი, სათაყვანებელი არსება
თვალის ჩინი - მხედველობის, ხედვის უნარი; ძვირფასი, ძალიან საყვარელი არსება
თვალს არ ახამხამებს - საფრთხე არ აშინებს, შეუპოვრად არის
თვალს წყალი დაალევინა - გაერთო, ისიამოვნა (რაიმე სანახაობით), გული გადააყოლა
თვალსა და ხელს შუა - უეცრად, შეუმჩნევლად, მოულოდნელად; თვალწინ
თვალში ამოღება - ათვალწუნება, შეძულება, ამოჩემება
თვალში ეკლად სჩრია/უზის (ვინმე, რამე) - არ მოსწონს, ეჯავრება, სძულს (ვინმე, რამე); შურს (რამე)
თვალში ეჩხირება - მუდამ თვალწინ არის, ძალაუნებურად ყურადღებას იქცევს; არ მოსწონს, თვალში არ მოსდის
თვალში ეცა (რამე) - პირველ რიგში შეამჩნია (რამე), თვალსაჩინო იყო (რამე)
თვალში მოსვლა - მოწონება
თვალწინ დაუდგა - ნათლად მოაგონდა, წარმოიდგინა, თვალწინ წარმოუდგა
თვალწინ ეხატება - ნათლად აგონდება, წარმოიდგენს, თვალწინ უდგება
თითზე დახვევა (რისამე) - რისამე ამოჩემება და საბაბად, სამუდამოდ გამოყენება, ხელზე დახვევა (რისამე)
თითზე დახვევა (ვისიმე, რისამე) - დამორჩილება, თავისი ნების შემსრულებლად გახდა (ვისიმე, რისამე)
თითზე კბენა - დანანება, სინანული, მონანიება
თითით საჩვენებელი - საუკეთესო, შესანიშნავი, ძალიან კარგი, სამაგალითო, მისაბაძი; ძალიან ცუდი, გასაკიცხი
თმ(ებ)ის ყალყზე დადგომა - შეშინება, შეძრწუნება; აღელვება, აღშფოთება
თოკის წაჭერა ყელში - უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდება, შევიწროება, შეწუხება
თქვენი ჭირი წაიღო - მოკვდა, ჩააბარა სული უფალს, აღარ არსებობს