ქართული იდიომები

საერთო ენის გამონახვა / საერთო ენის მოძებნა- შეთანხმება, შეგუება, საერთო აზრის გამომუშავება.

საიქიოს გასტუმრება - მოკვლა.

საკუთარ ფეხზე დგომა - დამოუკიდებლობის მოპოვება.

საკუთარ ქერქში გამოხვევა - კარჩაკეტილად ყოფნა.

სამარეს უთხრის - ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.

სამარისკენ იყურება - მალე მოკვდება, მისი დღეები დათვლილია, ცალი ფეხი სამარეში უდგას.

სამარცხვინო ბოძზე გაკვრა - გაკიცხვა, საქვეყნოდ შერცხვენა, გამათრახება.

სარჩულად უდევს - მიზეზია, საფუძველია (რისამე).

სასახლე მოზომა / სასახლე ააგო - წაიქცა, გაიშხლართა.

სასწორზე შედგება (რისამე) - საალალბედოდ, სათუოდ გახდა, საფრთხეში ჩაგდება (რისამე).

საფლავის კარამდე / კუბოს კარამდე - სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე.

საფლავს უთხრის - იგივე, რაც სამარეს უთხრის - ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.

საქმის გაჭირვება (გამიჭირა საქმე) - თავის მობეზრება, გულის გაწყალება.

საღერღელის აშლა - მოსურვება, მონდომება, მადის გაღვიძება.

საშველს არ აძლევს - არ ეშვება, ჩააცივდა, არ ასვენებს, აწუხებს.

საწველი ფური - შემოსავლის, სარგებლის, გამორჩენის წყარო (მოტყუების ან დაბრიყვების საშუალებით).

სახეზე ღრუბლის გადაფარება - მოწყენა, დასევდიანება, ცხვირის ჩამოშვება.

სახელის გათქმა / სახელის მოხვეჭა / სახელის მოპოვება- ავტორიტეტის მოპოვება, ცნობილი, სახელგანთქმული გახდომა.

სახელის გატეხა / სახელის გაფუჭება / სახელის წახდენა - შერცხვენა, ავტორიტეტის დაკარგვა, თავის მოჭრა.

სახტად დარჩენა - განცვიფრება, გაოცება, გაკვირვება, გაშტერება.

სეირის ჩვენება - შავი დღის დაყრა.

სეირს აყურებინებს - სეირს უჩვენებს, შავ დღეს დააყრის.

სინსილის გაწყვეტა - განადგურება, გაწყვეტა, მუსრის გავლება.

სისხლი სწყურია - ვისიმე მოკვლა, სისხლის დაღვრა სურს.

სისხლი უდუღს - ძალ-ღონით სავსეა, ენერგიულია, მკვირცხლია.

სისხლის აღება - შურისძიება, მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდა, მკვლელის ან მისი ახლობლის მოკვლა.

სისხლის გამოწოვა - გაყვლეფა, ექსპლუატაციის გაწევა.

სისხლის გაშრობა - გამწარება, გატანჯვა, შეწუხება, გაწვალება, გულის გაწყალება.

სისხლის დალევა - შურისძიება, მოკვლა.

სისხლის თავში ავარდნა - გაბრაზება, აღშფოთება, გაშმაგება; შეშინება, შეძრწუნება.

სისხლის მოწოლა - განრისხება, გაბრაზება, სისხლის თავში ავარდნა.

სისხლის მსმელი - ჯალათი, მკვლელი.

სისხლის სმა - შურისძიება, მკვლელობის ჩადენა.

სისხლის ყელში მოწოლა - გაბრაზება, გაშმაგება, ბოღმის მოწოლა.

სისხლში ჩახშობა - დახოცვა, გაჟლეტა.

სისხლში ხელის გასვრა - მკვლელობის ჩადენა.

სისხლ-ხორცში გაჯდომა - შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა.

სიტყვა მოუჭრა - მოკლედ უთხრა, მოკლედ უპასუხა, სხარტი პასუხით შეაწყვეტინა ლაპარაკი.

სიტყვის ბანზე აგდება - საუბრის თემის განგებ შეცვლა (მისი მიფუჩეჩების მიზნით), სათანადო პასუხის გაცემის ნაცვლად საუბრის ეუცრად სხვა საგანზე დაწყება.

სიტყვის გატეხა - დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, პირობის დარღვევა, პირის გატეხა.

სიტყვის გაშრობა - ხმის ჩაწყვეტა, ლაპარაკის ვერ მოხერხება.

სიტყვის მიცემა - დაპირება, პირობის მიცემა.

სიტყვის პირზე შეშრობა/შეყინვა - უეცრად ხმის ჩაწყვეტა, ვერაფრის თქმა, სიტყვის გაშრობა.

სიტყვის შებრუნება - შეპასუხება, შეკამათება.

სიტყვის შენახვა - დაპირების შესრულება, პირის გაუტეხლობა.

სიტყვის ჩამოგდება (ვინმეზე, რამეზე) - ლაპარაკის დაწყება (ვინმეზე, რამეზე), ხსენება (ვისიმე, რისამე).

სიტყვის ჩამორთმევა - ვისთვისმე საუბრის შეწყვეტინება და თვითონ განგრძობა (ჩვეულებრივ, იმავე თემაზე); პირობის ჩამორთმევა.

სიქის გაცლა - ძალიან დაღლა, დაქანცვა.

სიცოცხლის მოსწრაფება - სიკვდილისათვის ხელის შეწყობა, სიკვდილის მოახლოება.

სოროში შეძრომა - დამალვა, მიმალვა.

სული განუტევა - მოკვდა, გარდაიცვალა.

სული და გული (ვისიმე/რისამე) - სულის ჩამდგმელი, ორგანიზატორი (რისამე), ყურადღების ცენტრში მყოფი; საყვარელი, ძვირფასი; საფუძველი, არსი (რისამე).

სული კბილით უჭირავს - ძლივს ითმენს, ძლივს იკავებს თავს; ცუდ დღეშია, სიკვდილის პირზეა მისული.

სული მისდის - ძალიან სურს, ძალიან უნდა; ვერ ითმენს, მოთმინების ფიალა ევსება.

სული უდგია - ცოცხალია, არსებობს, პირში სული უდგია.

სული უკაწკაწებს - ძალიან სურს, ძალიან უნდა, სული მისდის (რამეზე).

სულით დაცემა - სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, მხნეობის დაკარგვა, გულის გატეხა; ზნეობრივად დაცემა.

სულის ამოთქმა - იხ. სულის მოთქმა.

სულის ამორთმევა / სულის ამოძრობა - გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სიკვდილის პირამდე მიყვანა.

სულის ამოხდა - მოკვლა, გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სიკვდილის პირამდე მიყვანა.

სულის ამღვრევა - აფორიაქება, ხასიათის გაფუჭება, გულის მოსვლა.

სულის განაბვა - სუნთქვის შეკვრა და გაჩუმება, განაბვა, დადუმება, გატვრენა.

სულის გაფრთხობა - სიკვდილი, სულის ამოხდომა.

სულის დალევა - სიკვდილი, სულის ამოხდომა.

სულის დამძიმება - სათაკილო რისამე ჩადენა, შეცოდება.

სულის მიბარება - სიკვდილი, სულის დალევა.

სულის მობრუნება - შესვენება, სულის მოთქმა; მოსულიერება; მომჯობინება (ავადმყოფისა, დასუსტებულისა).

სულის მოთქმა - შესვენება; ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

სულის სიღრმეში ჩაწვდომა - გულის ნადების გაგება და მისი მოწონება.

სულის ყელში მობჯენა - გაბრაზება, გაჯავრება, სულის შეხუთვა (ბრაზისაგან, ჯავრისაგან), გულზე ცეცხლის მოკიდება.

სულის შთაბერვა - გასულდგმულება, სიცოცხლისუნარიანობის მინიჭება, სულის ჩადგმა.

სულის წასვლა - მოუთმენლად, თავშეუკავებლად მოქცევა, სულწასულობა.

სულმა წასძლია - მოთმინება ვერ ეყო, ვერ მოითმინა, რისამე სურვილმა სძლია.

სულს ებრძვის - კვდება, სიკვდილს ებრძვის.

სულს უხუთავს - ავიწროვებს, გასაქანს არ აძლევს, აწვალებს, ტანჯავს.

სულს ღაფავს - კვდება, სულთმობრძავია, უკანასკნელ დღეშია; თავისი დრო მოჭამა, ასპარეზიდან მიდის.

სულში ჩაძვრენა - მოალერსება; სიყვარული, პატივისცემა.

სქელი ჯიბე აქვს - მდიდარია, ბევრი ფული აქვს.

სხვა გზა არა აქვს - მეტი საშუალება, მეტი გამოსავალი არა აქვს.

სხვისი ხელით ნარის გლეჯა - სხვისი ხელით ძნელი ან სახიფათო საქმის კეთება.