ქართული იდიომები

შავ დღეზე გაჩენილი - უბედური, ბედუკუღმართი, უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული.

შავი დღე - უბედურების, გაჭირვების დრო.

შავი დღის დაყენება / შავი დღის დაყრა - გამწარება, ცუდ დღეში ჩაგდება; დატუქსვა, გაწყრომა.

შავი კატის გარბენა (ვისიმე შუა) - ურთიერთობის გაფუჭება, უთანხმოების ჩამოვარდნა (ვინმეს შორის), გადაკიდება. იდიომი მომდინარეობს ცრუ რწმენიდან, თითქოს კატის მიერ წინიდან გზის გადაჭრა უბედურების, უსიამოვნების მომასწავებელია.

შარავანდედით შემოსვა - განდიდება, დიდებით შემოსვა.

შენი ხმალი და ჩემი კისერი! - რაც გსურდეს, ის მიყავი, ყველაფრის უფლებას გაძლევ; მზად ვარ გემსახურო.

შენს პირს შაქარი! - გაიხარე! იცოცხლე! ნეტა მართლა ასე იყოს, როგორც თქვი! (ეტყვიან კარგი ამბის მთქმელს).

შვიდი პარასკევი აქვს დღეში - ცვალებადი ხასიათი აქვს, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, გადაწყვეტილებას ხშირად იცვლის.

შორს დაიჭირა - არ დაეთანხმა, ცივი უარი უთხრა, არ მიიღო, ახლოს არ გაიკარა.

შორს წასვლა - წარმატების მიღწევა, დაწინაურება.

შუბლის გახსნა - გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა.

შუბლის შეკვრა - მოღუშვა, გაბრაზება, განრისხება.

შური იძია - სამაგიერო გადაუხადა, ჯავრი ამოიყარა.

შუქის მოფენა - გარკვევა, ნათელყოფა, გაშუქება, ცხადყოფა, ნათელის მოფენა.

შხამად ამოადენს - წაამწარებს, არ შეარგებს, არ შეარჩენს.

შხამის (გადმო)ნთხევა - ღვარძლიანად, გესლიანად ლაპარაკი, მწარე სიტყვების თქმა.