ქართული იდიომები

ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალქმნად - არავის და არაფერს არ უწევს ანგარიშს, თავისუფლად, უდარდელად, მოურიდებლად იქცევა, ზვიარია, არაფერი არ ადარდებს.

ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტა - მიუწვდომლის მიწვდომა, შეუძლებლის შეძლება.

ცალი ფეხი სამარეში უდგას - სიკვდილის პირზეა მისული, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ჩვეულებრივ, მოხუცზე იტყვიან).

ცალი ყბით - უგულოდ, ყასიდად.

ცამ ჩაყლაპა - ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა, მიწამ ჩაყლაპა.

ცამდე აყვანა - ხოტბის შესხმა, ქება-დიდებით მოხსენიება, გადაჭარბებული ქება.

ცარიელზე დარჩენა - ყველაფრის დაკარგვა, არაფრის შერჩენა, გაღარიბება, გაღატაკება, მშრალზე დარჩენა.

ცარიელზე დასმა - ყველაფრის წართმევა, არაფრის შერჩენა, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება.

ცას ეწევა (სიხარულით) - ძალიან უხარია, აღფრთოვანებულია.

ცეცხლზე ნავთის დასხმა - გამწვავებული მდგომარეობის ან ურთიერთდამოკიდებულების კიდევ უფრო გამწვავება (რისამე საშუალებით).

ცეცხლთან თამაში - თავის თავისთვის სახიფათო მოქმედება; თავის ხიფათში ჩაგდება.

ცეცხლი უკიდია - ძალიან ძვირია.

ცეცხლის მოკიდება - გაჯავრება, გაბრაზება, აღელვება; შეწუხება, გამწარება.

ცეცხლს აკვესებს თვალებიდან - იხ. პირიდან ცეცხლს ყრის.

ცეცხლს აფრქვევს - ბრაზობს, გაცეცხლებულია, გაშმაგებულია, გააფთრებულია.

ცეცხლში ჩაგდება - განსაცდელში, სახიფათო მდგომარეობაში ჩაყენება, გაწამება, ცუდ დღეში ჩაგდება.

ცეცხლში ჩავარდნა - განსაცდელში, ცუდ დღეში ჩავარდნა, წამება.

ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი - ძალიან ლამაზე, მშვენიერი (უმთავრესად - ქალი).

ცივ ნიავს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა, დილის სიოს არ აკარებს.

ცივ ქვაზე დაასახლებს - სიღარიბიდან გამოიყვანს, გაამდიდრებს (მარჯვე და მუყაითი შრომით).

ცივი წყლის გადასხმა - გაწბილება, იმედის გაცრუება.

ცივმა ოფლმა დაასხა - შეშინდა, შეძრწუნდა.

ცილის დაწამება - ტყუილის მოგონება, განზრახ დაბრალება (რაიმე ცუდის, ბოროტების).

ცოდვის კითხვა - უბედურება, საშინელება; ვითომც სასჯელი ჩადენილ ცოდვათათვის.

ცოტა არ იყოს - თითქმის, კინაღამ; საკმაოდ.

ცოფებს ყრის (პირიდან) - გაანჩხლებულია, განრისხებულია, გააფთრებულია.

ცოცხლად დამარხვა - საქვეყნოდ შერცხვენა, თავის მოჭრა, მორალურად განადგურება.

ცოცხლად მკვდარი - უნიათო, უძლური. უილაჯი, დავრდომილი; უუნარო, უგერგილი, მოუხერხებელი.

ცუდ თვალზე დაინახა / ცუდი თვალით უყურებს / ცუდ თვალზე შეხედა - მტრულად ექცევა, სძულს.

ცხელ გულზე - რაიმე გრძნობის ან აფექტის დროს (აღელვების, განრისხების, აღტაცების, ნდომის...).

ცხვირიდან ძმარი ადინა - გაამწარა, შავი დღე აყარა; სცემა.

ცხვირის აწევა - უკადრისობა, ამპარტავნობა, მედიდურობა, კუდაბზიკობა.

ცხვირის ჩამოშვება - მოწყენა, დაღონება, მოღუშვა.

ცხრა ენა გამოიბა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო.

ცხრა თოკში გამძვრალი - გაქნილი, ცბიერი, ეშმაკი, მოხერხებული.

ცხრა მთას იქით - ძალიან შორს.