ქართული იდიომები

კალაპოტში ჩადგომა - ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგომა, დალაგება, ნორმალური გზით წასვლა

კალთის გადაფარება - მზრუნველობა, მფარველობის გაწევა, შველა, დახმარება

კალთის დაბერყვა - ყოველგვარი სიკეთის, დოვლათის უხვად მიცემა

კალთის დაგლეჯა - ხვეწნა, მუდარა, ჩაციებით თხოვნა

კალმით ნახატი - ძალიან ლამაზი, მშვენიერი

კამარის შეკვრა - მაღლა ახტომა და შორს დაშვება; ფრენით ნახევარწრის გაკეთება. მაგ. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა (ილია).

კარგი თვალით უყურებს - კარგად ეპყრობა, ენდობა, აფასებს

კარგი ჭოტი დაიჭირა - ცუდი რამ შეემთხვა

კარის ატალახ(იან)ება - მომაბეზრებლად ხშირი სტუმრობა, ხშირად წვევა

კაცია და გუნება - ყველას თავისი ხასიათი და მისწრაფება აქვს; ზოგს ვინ (რა) მოსწონს და ზოგს ვინ (რა)

კბილები უკაწკაწებს - შია, სწყურია, ძალიან უნდა

კბილებს ილესავს (ვინმეზე, რამეზე) - სამტროდ, საჩხუბრად ემზადება; (ვისიმე, რისამე) ხელში ჩასაგდებად ემზადება

კბილის გასინჯვა - შემოწმება; გამოცდა (ყიდვის დროს, ზოგ შინაურ ცხოველს ხნოვანების შესამოწმებლად კბილებს უსინჯავენ, აქედან მოდის ეს გამოთქმა)

კბილის ჩასობა - ამოჩემება, ჩაცივება, გადაკიდება; შეძულება, ათვალწუნება, გადამეტება

კედელს თავს ახლის - გამწარებული, სასოწარკვეთილი რისამე გაკეთებას ცდილობს

კერაზე წყლის დასხმა - ოჯახის დაქცევა, განადგურება, კერის გაცივება

კერის გაცივება - ოჯახის მოშლა, დანგრევა, განადგურება

კვალის გავლება - საყურადღებო შედეგის მიღწევა, თვალსაჩინო წვლილის შეტანა (რამეში), კვალის დატოვება

კვალში ჩადგომა - ვისიმე მოქმედების, საქმიანობის ან რაიმე მოვლენის გულდასმით შემოწმება, გამოკვლევა, გამოჩხრეკა

კვანძის გახსნა - რთული, დახლართული მდგომარეობის გარკვევა; გარემოებათა ხლართიდან გამოსვლა (მხატვრულ ნაწარმოებში)

კვერის დაკვრა - დადასტურება, დამოწმება, დათანხმება

კიედც ჭრის და კიდეც კერავს - ერთიმეორის საწინააღმდეგოს ამბობს (ან მოქმედებს), ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს

კინჩხი და კისერი უტეხია! / კისერი(მც) (მო)უტეხია! - რაც უნდა, ისა ქნას! ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია! თავში ქვა უხლია!

კინწის კვრით - ცემით, კისრის ტეხით

კისერზე დაწოლა - (ვისიმე) სარჩენი, მოსავლელი გახდომა

კისრის მოგრეხა - დამარცხება, განადგურება, მორევა

კისრის მოდრეკა - დამორჩილება, ქედის მოხრა

კისრის მოტეხა - დამარცხება, მოსპობა, დაღუპვა; მორევა, დამორჩილება

კოვზის ნაცარში ჩავარდნა - მარცხის განცდა, წამოწყებული საქმის ჩაშლა, იმედის გაცრუება

კრიჭაში ჩადგომა - ჯიბრში ჩადგომა, წინააღმდეგობის გაწევა, ქიშპობა

კრიჭის შეკვრა - დადუმება, ხმის ჩაწყვეტა, გაჩუმება

კუბოს კარამდე - სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე

კუდების გასკვნა - კავშირის შეკვრა, შეთანხმება, კუდზე კუდის გადაბმა

კუდი ყავარზე აქვს გადებული - ყოყოჩია, მედიდურია, ამაყია, კუდაბზიკაა, მეტიჩარაა

კუდით ქვა ასროლინა - სასტიკად დაამარცხა, შავი დღე აყარა, სამარცხვინოდ გააქცია

კუდის ამოძუება - შერცხვენილი, გაწბილებული, დამარცხებული გაქცევა, გაპარვა

კუდის გამობმა - ვისიმე ნათქვამის ან ნამოქმედარის ცუდად გაგება, რისამე განზრახ მიმატება. მაგ. მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება (დ. კლდ.)

კუდის კუდზე გადაბმა - ერთმანეთთან შეკავშირება, ერთმანეთის მხარის დაჭერა (უმთავრესად ცუდ საქმეში)

კუდის მოქნევა - ერთხელ კიდევ წინანდებურად მოქცევა, ცუდი, არასასიამოვნო რამის ჩადენა

კუდის ქიცინი / კუდის ქნევა- მლიქვნელობა, პირფერობა, ლაქუცი

კუს ნაბიჯით - ძლიერ ნელა, ზლაზვნით