ქართული იდიომები

ჯანდაბამდის გზა ჰქონია - რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს! თავში ქვა იხალოს! (არაბულად ჯაჰან-ნამ ნიშნავს ჯოჯოხეთს, მოუსავლეთს, უბედურებას).

ჯანი გავარდეს - რაც უნდა, ის მოხდეს; ჯანდაბას, არ მენაღვლება.

ჯვარი ეწეროს - ცუდი აშოროს, ყოველგვარი უბედურება ასცდეს.

ჯვარს აცვა - გააწამა, გატანჯა, გააწვალა.

ჯიბე(ებ)ს ისქელებს - მდიდრდება, ბევრ ფულს შოულობს (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით).

ჯიბეში თაგვები უთამაშებენ - ფული არა აქვს, ღარიბია.

ჯიბეში ჩაისვამს - ყველაფერში აჯობებს, გაცილებით მეტი წონა და ავტორიტეტი აქვს.

ჯიბიდან გავარდნილი - გამოქექილი, მოხერხებული, გამოქნილი, ეშმაკი.

ჯორზე შეჯდომა - გაჯიუტება, გაკერპება, ვირზე შეჯდომა.

ჯოჯოხეთის მაშხალა - ძალიან უშნო, მახინჯი, ცუდი გარეგნობის ადამიანი.