|
ნავსის გატეხა - პირველად გაკეთება იმისა, რასაც მანამდე არ ან ვერ აკეთებდნენ
ნამუსის მოწმენდა - უხერხულობის დაფარვა, სათაკილო საქციელის გამართლება, მობოდიშება
ნაღველი მოერია - დასევდიანდა, დაღონდა, დადარდიანდა
ნაცარტუტად ქცევა - მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება
ნაცარტუტის ადენა - მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება
ნაცრის ქექვა - უსარგებლოდ შრომა, წყლის ნაყვა; უსაქმურობა
ნემსის ყუნწში ძვრება - ყოველ ღონეს ხმარობს, არაფერს ერიდება (მიზნის მისაღწევად)
ნერვების აშლა - განერვიულება, აღელვება, გაღიზიანება
ნიადაგის გამოცლა (ფეხქვეშ) - საფუძვლის, საყრდენის მოსპობა
ნიადაგის მომზადება - საჭირო პირობების შექმნა (რისამე განსახორციელებლად)
ნიადაგის მოსინჯვა - რისამე შესაძლებლობის შემოწმება, გასინჯვა, შესწავლა, ვითარების გათვალისწინება
ნიავს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა
ნირის შეცვლა - წესის არევა, ზნე-ჩვეულების გამოცვლა; განზრახვის, სურვილის შეცვლა (ნირი - წესი, რიგი, გეზი, მსვლელობა; ზნე, ჩვევა, ხასიათი)
ნიღაბის ახდა/ნიღაბის ჩამოგლეჯა - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, დღის სინათლეზე გამოტანა, ნამდვილი სახის ჩვენება
ნიშანში ამოღება - გადაკიდება, ათვალწუნება, მტრული მოქმედების საგნად გახდა, მიზანში ამოღება; ამორჩევა
ნიშნის მიგება - გამარჯვებული ტონით რისამე გახსენება, მოგონება
ნიშნის მოგებით - გამარჯვებულის ტონით; დაცინვით, გესლიანად