ქართული იდიომები

ფარდებს უკან - შეუმჩნეველ, არდასანახავ ადგილას, მალულად, ფარულად.

ფარდის ახდა - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება, დღის სინათლეზე გამოტანა.

ფარ-ხმალის დაყრა - დამორჩილება, დანებება, წინააღმდეგობის შეწყვეტა.

ფაფრის აშლა - განრისხება, განმძვინვარება.

ფესვების გადგმა - განმტკიცება, გამაგრება, დამკვიდრება; გავრცელება.

ფეხებზე ჰკიდია (ვინმე, რამე) - არ ენაღვლება, არ აწუხებს; არაფრად აგდებს (ვინმეს, რამეს).

ფეხები უკან რჩება - მისვლა ეზარება, სადმე წასვლა უჭირს, უმძიმს.

ფეხების გაფშეკა / ფეხების გაჭიმვა - სიკვდილი, სულის დალევა.

ფეხებში ებლანდება - აფერებს, ხელს უშლის, ეჩხირება.

ფეხზე დადგომა - მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება, განვითარება, ფეხის მოკიდება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება.

ფეხზე დაყენება - მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება, ამოძრავება, გამოცოცხლება.

ფეხზე წამოდგომა - მომაგრება, მოღონიერება.

ფეხი წაიტეხა - მარცხი მოუვიდა; წავიდა.

ფეხის ადგმა - სიარულის დაწყება, სიარულის სწავლა; ჩასახვა, მოქმედების დაწყება.

ფეხის ათრევა - განგებ დაგვიანება (რაიმე საქმიანობაში), განგებ ნელა მოქმედება.

ფეხის ამოკვეთა (საიდანმე) - სამუდამოდ წასვლა (საიდანმე); მოშორება, გაცლა, (სადმე) სიარულის, მისვლის შეწყვეტა.

ფეხის ამოკვეთინება - გაძევება, (სადმე) მისვლის აკრძალვა.

ფეხის გადაბრუნება - მარცხის, ხიფათის შემთხვევა.

ფეხის გადგმა - განმტკიცება, დამკვიდრება; გავრცელება, ფეხის მოკიდება.

ფეხის მოკიდება - დამკვიდრება, მომაგრება, განმტკიცება, გავრცელება, ფეხის გადგმა.

ფეხის მომაგრება - განმტკიცება, გაძლიერება; გაფართოება, გავრცელება, დამკვიდრება.

ფეხის ხმას აჰყვა - დაუკვირვებლად, ანგარიშმიუცემლად წაბაძა, აჰყვა (ვინმეს), (ვისიმე) ქცევის მიხედვით იმოქმედა.

ფეხქვეშ გაგება - მლიქვნელობა, ლაქუცი; დამორჩილება, მონურად ქედის მოხრა.

ფიანდაზად დაგება - ვისიმე ყოველგვარი სურვილის უსიტყვოდ შესრულება, მონურად დამორჩილება, ფეხქვეშ გაგება.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - შენი თავისმართლებისა მინდა დავიჯერო, მაგრამ ფაქტები სხვას ამტკიცებს. (მომდინარეობს იგავ-არაკიდან „მამლის ქურდი“).

ფონს გასვლა - დაბრკოლების გადალახვა, საქმის მოგვარება, გადარჩენა, მიზნის მიღწევა.

ფრთების გამოსხმა - აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გაძლიერება.

ფრთების გაშლა - გაძლიერება, გაფართოება, შეუზღუდავი მოქმედების დაწყება, გალაღება.

ფრთების შეკვეცა - შემცირება, შეზღუდვა, შეწყვეტა, ბოლოს მოღება.

ფრთების შესხმა - აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გამხნევება, წახალისება; გაძლიერება, გაზრდა.

ფხის გამოჩენა - მარჯვედ, ყოჩაღად, მოხერხებულად მოქცევა.