![]()
მირიანი ქართლში მეფობდა V საუკუნის დასაწყისში. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანობის შესახებაც ჰქონდა გაგებული, მის ყურამდე მისული იყო წმინდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი ძლევის ამბავი.
სწორედ მირიანის მეფობის დროს გამოჩნდა ქართლში კაბადოკიელი ქალწული ნინო, რომელიც ხალხს ქრისტეს სჯულს უქადაგებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი აინტერესებდა ქრისტიანობა და არ აბრკოლებდა ნინოს ქადაგებას. ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, მისი ასული სიდონია და სხვა ქრისტიანები.
გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა, რის შემდეგაც ნანა დედოფალმა აღიარა ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტება. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე კიდევ უფრო დაინტერესდა ქრისტიანული სარწმუნოებით და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნების შესახებ. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.
ერთხელ მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი (ეშმაკი), გულში კვლავ ჩაუდო კერპთა სიყვარული და მეფემაც გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა და მის ირგვლივ უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობნი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა ხელები განაპყრო და წამოიძახა: „შენა ხარ ღმერთი ერთადერთი, უფალი, ყოველთა ზედა უფლებათა, რომელსაც ნინო ქადაგებს“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოს ეახლა, მისი რჩევით საბერძნეთის იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩები წარავლინა და ნათლისღების აღსასრულებლად სამღვდელობის გამოგზავნა სთხოვა.
მირიანმა გადაწყვიტა, კონსტანტინეპოლიდან მღვდლების ჩამოსვლამდე, სამეფო ბაღში ტაძარი აეგო. ხუროებმა ნაძვის ხისაგან შვიდი სვეტი დაამზადეს, ექვსი აღმართეს, მეშვიდე კი, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. ამ დროს წმინდა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს. გამთენიისას ზეციდან ნათლითმოსილი ანგელოზი დაეშვა, სვეტს ხელი მოკიდა და აღამაღლა. სვეტი მთლიანად გაბრწყინდა და ჰაერში გაჩერდა. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანსაცემად, მასთან მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ.
ამასობაში დაბრუნდნენ მოციქულები კონსტანტინეპოლიდან და თან ჩამოიყვანეს ეპისკოპოსი იოანე, მღვდლები და დიაკვნები. წმინდა კონსტანტინე დიდმა ახლადგაქრისტიანებულ მეფესა და ერს დიდებული ძღვენი გამოუგზავნა - ქრისტეს ჯვრის ნაწილი - კვარცხლბეკი და ორი სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ იღო მეფე-დედოფალმა, სამეფო კარმა და მთელმა ქართლმა.
მცხეთაში, ერთი კლდის თავზე, მშვენიერი, სურნელოვანი და სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლებით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისგანაა აღმოცენებული ეს ხე და დამარხული ამ დრომდე. აწ უკვე კი დამდგარა ჟამი, მისგან ჯვარი შეიქმნას, რომ მთელმა ერმა მას თაყვანი სცესო“. მაშინ მირიან მეფის ძემ რევიმ მოჭრა ხე, რტოებიანად წამოიღო და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ ამ ხისაგან სამი ჯვარი გააკეთეს.
ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებისგან შემდგარი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადისას ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე - დასავლეთისკენ, თავად ჯვარი კი არაგვის გაღმა, ერთ კლდოვან მთას ადგებოდა თავზე და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო, წმინდა ნინოს რჩევით, მირიან მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით, თხოთის მთაზე აღმართა, მეორე - უჯარმაში, მესამე კი არაგვის გაღმა ბორცვზე.
როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.
სიკვდილის წინ მეფე მირიანმა სამეფოს ნახევარი წმინდა ნინოს განსასვენებელს - ბოდბის ტაძარს შესწირა, თავად კი დაიბარა, ზემო ეკლესიაში (სამთავროს მონასტერში) დაეკრძალათ. მან არ ისურვა, დაეკრძალათ ქვემო ეკლესიაში, რომელსაც „წმიდათა წმიდაჲ“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაკრძალეს იქვე, მირიან მეფის გვერდით.
გამოყენებული
ლიტერატურა:
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“