სტუმარ-მასპინძელი
(გაგრძელება)
VII
აი საფლავიც ქისტისა,
ხალხი მოერტყა გარსაო,
მოლა მოგყვება ლოცვასა,
ისხენებს თავის მკვდარსაო:
- ნუ იტანჯები, დარლაო,
ნუ შეიწუხებ თავსაო,
მოვსდეგით შენნი მოძმენი
შენის სამარის კარსაო,
მსხვერპლსაცა გწირავთ, იხარე,
არ გაჭმევთ მტრისა ჯავრსაო.
- ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისათა! -
ვაჟკაცი იღებს ხმასაო,
ბეწვს იშლის ბრაზმორეული,
როგორაც ვეფხვი თმასაო.
საკირის ცეცხლი ედება
სამსხვერპლოს გულისთქმასაო.
რა მოსდრეკს წარბდაღურბლვილსა,
ქედჩაჟანგებულ მთასაო!
აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
„დარლამსაც შაეწირები!“ -
ყველა იძახის მასაო.
„ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!“ -
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტიშვილები,
ხალხი დგებოდა ყალხსაო.
„ლამის რომ არ შაეწიროს,
ერთი უყურეთ ძაღლსაო!“ 1
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
„ძაღლ იყოს!“ - ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდნენ თავსაო!
„უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!“
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა...
და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი,
ხალხზე უკანა დგებოდა.
მიშველებასა ჰლამობდა:
„ნუ ჰკლავთ!“ - ეძახის გულიო.
ფიქრობდა ბრაზამორეული:
„ნეტავი მომცა ცულიო,
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფრთხობინო სულიო.
ნეტავი იმას, ვინაცა
მაგის მკლავზედა წვებოდა,
ვისიცა მკერდი, აწ კრული,
მაგის გულმკერდსა სწვდებოდა,
ნეტავი იმას ოდესმე
ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!“
ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს
მის შესაფერი სადილი;
დაკლულმა დაკლა მათ გული
და გაუცრუა ქადილი.
შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
„ცოდვაა!“ - ყველა ჰფიქრობდა. -
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდნენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდნენ:
„ხომ მაგას რა მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა, -
ყველა ალლაჰსა ჰფიცავდა, -
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.
მაგრამ „მტერს მტრულად მოექეც“ -
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო“.
წავიდნენ, ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად;
თუნდა ძაღლებმა ითრიონ,
ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;
„არ შაეწირა, ეგდოსო,
ეგეც ეყოფა ზიანად“. -
ამას იძახდნენ ქისტები
თავმოწონებით, ხმიანად.
ამ ხმასვე იმეორებდნენ
ბნელი ხევები მთიანად.
ჩამოდგა საღამოს ჟამი,
მთიდა მზის სხივი ჩამოხდა,
სიბნელე მოიპარება,
სინათლეს სული ამოჰხდა.
დადგნენ, სულ დადგნენ მზის სხივნი,
აღარ ელავდა ქვიშაო;
აღარსადა სჩანს, გამქრალა
თეთრი თმა შავის მთისაო.
ნაღვლით ნაქარგი, ნაქსოვი
სახე იმ სალის კლდისაო,
რო მუდამ მგლოვიარეა,
ცრემლი ანკარა სდისაო.
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.
ზვიადაურსა გლოვობდა
შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,
ნიავად ჩამონადენი
ოხვრა მაღალის მთისაო,
ცრემლი ნისლების ჯარისა
ნაბრძანებია ღვთისაო -
და წყაროს პირზე დიაცი -
ტურფა, ლამაზი - ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დროდადრო გული მისდისა.
ბევრი იტირა ჩუმადა,
თუმცა დროდადრო ჰკრთებოდა,
ზვიადაურის სიკვდილი
თვალებში ელანდებოდა.
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით - ღმერთი აშინებს -
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდან არა ჰქრებოდა.
ქალის გულს იგი სურათი
შიგ გაეყარა ისრადა,
იმან დაადვა ლამაზსა
დაკლულის გლოვა კისრადა.
სიბნელეს უცდის, მივიდეს,
ღამით იტიროს მკვდარიო;
იმას აღარა ჰფიქრობდა,
ჯოყოლა როგორ არიო,
ვის ცოლი ვის ქმარსა სტირის,
რას სჩადის ჭკვაზე მცდარიო,
იქნება ჰკლავენ ჯოყოლას,
სახლსაც შაუხსნეს კარიო!
წამოდგა, იხედებოდა
როგორც დამფრთხალი ნადირი;
ხედნებ-ხედნებით ამოვლო
ხევის კლდიანი ნაპირი;
წყვდიადში საზარლად ისმის
წყალთ ანაძრახი საყვირი.
ამოვლო კრძალვით საფლავთან,
მკვდარსა მუხლმოყრით დაეყრდნო,
ქვითინებს გულამოსკვნითა,
ცრემლსა სიპი ქვა დაედნო.
აისხნა დანა, მიჰმართა
ზვიადაურსა იმითა,
ააჭრა ნიშნად, სახსოვრად
სამი ბალანი პირითა,
ჩიქილის ტოტში შეხვია
ბროლის თითებით თლილითა...
ეს რა ხმა ისმის, დგანდგარი?
ყურებს გაუდის ჟივილი...
საფლავებიდამ მოესმის
მკვდრების წყრომა და ჩივილი!
თითქოს ბალღებიც ატირდნენ,
გაუდისთ მწარედ წივილი!
საერთო წყრომის ხმა ისმის,
საერთო გულისტკივილი:
„რას შვრები უნამუსოვო!“ -
გამწარებულნი ჩიოდნენ, -
„მაღალი ღმერთი გრისხავდეს!“ -
სამარით შემოჰკიოდნენ.
აჩქარებული ღრუბლები
ცის პირზე გადმოდიოდნენ...
გაიქცა, მირბის, იხედავს, -
მკვდარნი მისდევენ, სწორია.
„შინით სად გაგვეხვეწები,
აქით თუ გაგვეშორია?!“ -
ხმა ისმის დანადევნები,
მასვე იძახის გორია,
გარშემო დაყუდებული
განა ერთი და ორია.
„უნამუსოვო!“ - მისძახდნენ
ტანდაწკეპილნი დეკანი,
ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,
იმ არემარეს მდებარნი.
აგერ, საფლავით ამოდგა
მისი მკვდარი ძმა ებარი,
თავის ტოლებში უსწორო,
ქისტეთს განთქმული მხედარი;
თან მიჰკიოდა თავის დას,
სიტყვა პირს მოსდის მჭეხარი:
„ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ?
რისხვა რად დამეც მედგარი?
მეორეს საფლავში ჩამდევ,
ერთს სამარეში მდებარი!
მაგით მიმტკიცებ დობასა,
შენი ქალობა ეგ არი?!“
ბილიკზე მოსუნსულებდა
სასაფლაოსკე მყეფარი.VIII
- სად მიხვალ, სადა, წყეულო,
საითკე მიიჩქარები?!
ვინ გაჭმევს კაის ყმის ლეშსა?
ძაღლო, დაგიდგა თვალები!
შენს საჯიჯგნადაც გამხდარა
ზვიადაურის ძვალები?! -
სთქვს ეს აღაზამ და ქვებსა
ესროდა ხშირა-ხშირადა.
მირბის და მისდევს შმაგადა
კლდიანის ხევის პირადა.
ხმა ისევ ესმის მკვდრებისა,
მას ბანს აძლევენ მთანიცა,
სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა.
მოუახლოვდა თავის სახლს,
სინათლე მოსჩანს იქითა;
უნდა იძახოს: „მიშველეთ“,
ხმა მიაწვდინოს შიგითა,
მაგრამ ვერ ამბობს ვერაფერს,
ოფლი წყლად მოსდის შუბლზედა...
მივიდა სულშეხუთული
და გადაიქცა ზღურბლზედა.
კერის პირს იჯდა ჯოყოლა,
მუხლი გადეგდო მუხლზედა.
„ვაჰმეო“ - ეს კი იძახა,
სიტყვა გაუშრა ენაზე.
ქმარმა მოჰხვია ცოლს ხელი
და მიითრია კერაზე.
- რა დაგემართა, დიაცო? -
ჩაეკითხება მშფოთვარე, -
სხვა სადარდელი მაკლია,
ახლა შენ მექმნა მოზარე?!
რა დაგემართა, რა არი?
მითხარ, გახსენი ბაგეო!
ხომ არვინ მოიწადინა
გადაეგორე მკლავზეო?
მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,
ვანანებ ემავ წამზეო,
ჩემის ნამუსის შემბღალავს
მალე მოვიყვან ჭკვაზეო,
როგორც ვანანე მუსასა
მიხდომა სხვისა კარზეო. -
პასუხს ელოდა ცოლისგან,
დასჩერებოდა თავზეო
და თანაც ხანჯარს ჰბღუჯავდა,
ხელი ეკიდა ტარზეო.
ქალი ვერაფერს ამბობდა,
გაჰმტკნარებოდა სახეო.
თავს დასტრიალებს ჯოყოლა,
ელის, რას ეტყვის ცოლია.
შუაღამის დროს აღაზამ
თან-თან მოიცა გონია.
უთხრა ჯოყოლას: - რას ამბობ?
თავი რად დაიღონია?
რად მოიგონებ იმასა,
რაიც არ მოსაგონია?
სულ ტყუილია... კაცისა
არსად მინახავს ჭაჭანი,
ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ-კაბანი?!
სასაფლაოდამ დავბრუნდი,
შენს ცხენს ვეძებდი ხევებში,
ცხენის მაგივრად ბედკრული
შიგ შევერიე დევებში.
დამიხვდა შავნაბდიანი,
უზარმაზარის ტანისა:
(ჯერაც თვალებში მიელავს
სიმყრალე იმის კანისა),
დიდყურა, კბილებღაჯუნა,
უმსგავსო, ფერად შავისა,
ხელები გამომიწვადა,
დიდი ხელები თავისა,
მთის ოდნად ჩანდა მის თავზე
მოსავფრო ქუდი ტყავისა.
თან მითხრა: „ჩემთან წამოდი,
ჩემთან იცხოვრე, ქალაო,
ბევრი მაქვს ოქრო და ვერცხლი,
არაფერს დაგიმალაო“.
მე გამოვიქეც, შევშინდი,
დევიც მომდევდა ღრიალით;
მთელი ქვეყანა იძვროდა
იმის ფეხებქვეშ გრიალით;
მზარავდა ეს ხმაც, მთა-ბარიც
წაღმა-უკუღმა ტრიალით,
ძლივს მოვაღწიე და გამცნე
ჩემი ვაება ხრიალით.
ჯოყოლა ეტყვის: - დევს გარდა
სხვა რამ საქმეა კიდევა,
ჩემს ჭკვას არ სჯერა ნათქვამი,
ჩემი ფიქრები ირევა.
ნამტირალევი რადა ხარ?
ღაწვებზე ცრემლი გდენია;
ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი,
თორემ ვერ მომითმენია!
სადარდო, საგულისხმო რამ
გრძნობა გულს გადაგფრენია.
ჩემს თვალებს ვერ დაემალვის
იმ გრძნობის ნაკვალევია;
არ შაიძლება რა დაჩნდეს
ნასვამი, დანალევია!..
- რა დაგიმალო, ჯოყოლავ,
არ რად შემრისხავ თქმისადა? -
ეტყოდა ცოლი და ნაზი
თრთოლა მიეცა ხმისადა -
ცრემლები შემიწირია
იმ შენი მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..
- მაგისთვის როგორ შეგრისხავ?
ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო.
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.IX
მეორედ დილას აღაზამ
ძროხა გარეკა მთისაკე,
ჩამოდიოდნენ ფრინვლები,
იზიდებოდნენ მკვდრისაკე;
აღაზაც მიიპარება
სასაფლაოს თავს კლდისაკე.
იქიდან აფრთხობს ყორნებსა,
სვავთა მხარმოფაშფაშეთა,
ორბებსა გაუმაძღრებსა,
მკვდრის ლეშზე მოყაშყაშეთა;
ხელს ამუშავებს და ჰმალავს
თვალებს, მზებრ მოკაშკაშეთა.
კლდიდამ გადისვრის კენჭებსა
და თან წინდას ქსოვს ვითომა,
ოსტატობს, ხალხმა ვერ შესძლოს
იმის ფიქრების მიხდომა.