ვაჟა-ფშაველა

სტუმარ-მასპინძელი

(გაგრძელება)

X

ბისოს მოვიდა ამბავი,
ვით ნაქუხარი მეხადა:
„მოუკლავთ ზვიადაური,
ცით ჩამოსული სვეტადა,
ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი,
გამოსადეგი მეტადა!“
შავის ამბისა გამგონეთ
ზარი გამართეს დედათა.
ბისოს ტიროდა ბებერი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:
„ბედკრული რად ვარ ცოცხალი?
მეც მიწას მიმაბარეთა!
მკავლნი მიჩვენეთ შვილისა,
მოიტათ, ჩამაბარეთა!
ჩემის შვილისა მარჯვენით
გულს მიწა მომაყარეთა!
ვაჰმე, რადა ვარ ცოცხალი?
რისთვისა ვსთელავ არეთა?!
მკვდარნო, რად არ მევ ადრევე
თქვენთან არ დამიბარეთა?
როგორ ვიგონო თავის ძე
ურჯულოს არემარეთა?!“
ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,
გასაგონარი ჭირითა,
ერთმანეთს გადაეძრახნენ
ბოღმით შემკულის პირითა...
რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს
ცხარის ცრემლითა ვსტირითა?!
გამოიტანეს შუბები
დუმით ნაპოხის ცხვირითა,
ფარ-ხმალით მოკაზმულები
ჯარს ამზადებენ დილითა.
ეს ხომ ახალი არ არის,
სისხლმა იდინოს მილითა.
იძახია აპარეკაი:
„საგძალი გინდათ კვირისა!“
„ქუდზე კაც უნდა წავიდეს!“ -
ბაბურაული ჰყვირისა.
აღელვებულთა ბორგვნაა,
ხმა არ გეგონოსთ სტვირისა!

XI

- კარში გამოდი, ჯოყოლავ,
წყნარად ნუ წევხარ კერასა,
რამდენი ხალხი მოერტყა
იმ ჩვენის მთების წვერასა!
ჩვენთან მოდიან სტუმრადა,
ჩვენ გვიპირობენ წვევასა,
შეგვანანებენ დედათა
შვილთა აკვნების რწევასა.
საქონელს ერეკებიან,
რეულობაა როგორი?!
აავსო ჯარმა, შეჰხედე,
ჯარეგის თავი, სამგორი,
დამთხვალთა მენახირეთა
კლდეები მოსდევს ნაგორი.
წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.
- გავყვე?! რას ამბობ, ჭკვათხელო?
არ გამივლევენ ახლოსა!
მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.
ქისტებს ორგული ვგონივარ,
გამდგარი თავის რჯულზედა,
ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ
თავი გაჰყიდა ფულზედა,
ქისტეთის მოღალატე ვარ,
ხელაღებული სულზედა;
მოაქვთ და ცოცხალს მადებენ
საფლავის ქვასა გულზედა.
ამას ამბობდა ჯოყოლა,
თან აბჯარს ისხამს ტანზედა:
წელზე შაიბა ფრანგული,
ტოფი გადიგდო მხარზედა,
ქისტს არ მაუდის ჯიშადა
მუზარადის დგმა თავზედა.
მარტოკა მიდის ცალ მხარეს,
თავდადებული ცდაზედა...
მტრის დასახვედრად სხვანიცა
შამოეფინენ მთაზედა.

XII

ჩამოდის ხევსურთა ჯარი
დროშა მოჰქონდა წინასა;
მიჰმართეს სასაფლაოსა,
მდუმარეს ქისტთა ბინასა:
მოძებნონ თავისი მკვდარი,
მოკრიბონ გმირის ძვალები,
ზვიადაურის მტანჯველთა
ძირში მოსთხარონ თვალები.
დაუხვდათ ქისტის ჯარიცა,
ხევ-ხევისპირას მალული;
შამოესროლეს თოფები,
მაჟრები შემოსალტული;
გზას არ უთმობენ ხევსურთა
ბიჭები ამოსხარტული.
ორივე მხრიდამ თოფებსა
ზედ დაკიჟინით ისვრიან,
ორსავე საქმე აწუხებს,
ორნივე მედგრად იბრძვიან.
ბლომად დალია ტყვიამა
სისხლი, მოძოვა ქუჩია,
მაინც არ გატყდნენ ქისტები,
სდგანან ვით ციხე-ბურჯია.
ბაბარაულმა ხევსურთა
ხმალდახმალ ჩასვლა ურჩია.
მივიდა საქმე ხმალზედა,
ფარმა გზა მისცა საკაფი,
საძევარი აქვთ ხევსურთა
ძვირი განძი და ალაფი
ფარო, ნუ ჰმტყუნავ გორდასა,
შენა ხარ მაგის ჯალაფი.
თავქვე მორბენალთ ხევსურთა
წინ კლდე დაუხვდათ წარაფი.
კლდიდამ გადუხტა უეცრად
ქისტი ხმალმოღერებითა,
აკვირვებს ქისტის ლაშქარსა
მტრის ჯარის მოგერებითა.
ზოგს მოტყუება ეგონა,
ამბობდნენ მოჩვენებითა:
- ეგ ვინ უხვდება ხევსურთა?
ჩვენი მხარეა, ვინ არი?
- ეგ უნდა ჯოყოლა იყოს,
სწორედ, ნამდვილად ის არი! -
სთქვა ერთმა, სხვანიც დასთანხმდენ,
გაოცებულნი უცქერენ.
როგორ არ უფრთხის გროვასა,
თუმცა ხმალ-ხანჯრებს უღერენ.
მოჰკლეს კიდეცა, იქცევა,
მკერდს ხანჯრის წვერით უწერენ.
ქისტთ გაუხარდათ დიაღაც:
„მოჰკლან, თუ მოჰკლეს, ახია!
ეხლაც მასხარად აგვიგდო,
წინად ხომ ბევრჯელ აგვრია,
სოფლისა გადრა ინდომა,
ჩვენ კი ტალახში გაგვრია.
მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა,
სწორედ დავლათით დაგვრია“.
ხევსურთ ჯოყოლა გასწირეს
მკვდარი, კლდის თავსა, კეტამზე.
თითონ დაესხნენ ქისტებსა,
ჩამოეფინენ ფერდაზე.
გახდა ხმარ-ხანჯრის ტრიალი,
დაკრული მიდის მკერდამდე;
ფარ-ხმალის ჩხერა, წკრიალი
ცას ადიოდა ღმერთამდე.
გაიქცა ქისტის ლაშქარი,
კოშკებს მიჰმართა გლიალით,
უკან მისდევენ ხევსურნი,
თავზე ჩაჩქანის პრიალით;
მოკრიბეს სასაფლაოზე
ზვიადის ძვლები ტრიალით:
ზოგი სად ეგდო, ზოგი სად,
ფრინველთ ნაჯიჯგნი ფრიალით.
მოკრიბეს ძვლები ხურჯინში
და გამობრუნდენ შინათვე,
ასრულეს გულის წადილი,
დანაპირები წინათვე.
გამოირეკეს ცხვარ-ძროხა,
გადმოავლიეს მთანია;
ამოიყარეს მტრის ჯავრი,
სადარდო რაღა არია?!
უცხოეთს მაინც არ დაჰრჩათ,
შინ მოაქვთ თავის მკვდარია,
ფშავ-ხევსურეთის იმედი,
ქავ-ციხე, რკინის კარია.
მოძმენი დაიტირებენ
თავის მკვდარს თავის წესზედა,
მიაბარებენ სამარეს
მამა-პაპათა გვერდზედა:
ძვირად ღირს დანადინარი
თავისის ცრემლი მკერდზედა!

XIII

- უცხოს კაცისა მოზარევ,
ხევსურთ მოგიკლეს ქმარია.
წადი, იტირე, აღაზავ,
სამარეს მიაბარია.
თავს დაჰყრანტალებს ყორანი,
წვერ-ულვაშს უცრის ქარია.
- შენს მტერსა ისეთი ყოფნა,
რო ჩემი ყოფნა მწარია!
აღარვინ მივლის ახლოსა,
არვინ მიჭირა მხარია.
იქვე დავმარხე კლდის თავზე,
საფლავიც გავუთხარია.
სუყველამ ზურგი მაქცია,
ყველაყა განზე მდგარია.
სასაფლაოც კი შემიკრეს
რო დამემარხა ცხედარი:
ჯოყოლამ გვიღალატაო,
მაგის ადგილი ეგ არი,
საცა მარტოკა ომობდა,
ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,
თემის პირისა გამტეხი,
ორგული, დაუდეგარი, -
ცეცხლი მწვავს, ძმაო, ცეცხლი მწვავს
უალო, მოუდებარი;
გულს მკლავს, გონებას მირევს
ფიქრები გაუგებარი!
ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელგადაგდებული,
თმახშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულმკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა.

XIV

ღამეა ბნელი, დელგმაა,
დგანდგარებს არემარეო.
ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა,
უშველე, შაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა,
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა-მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველი, საწყლების
სულები მიიბარეო!..
გეყო მაგდენი მუქარა,
ღრუბელო, გადიყარეო!
მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც იგივე ბოროტობს,
არ იცის, რისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი;
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილი, ტირილი...
ქარი სცემს დაბლე ხევებით,
ჩამოკიჟინებს მთებითა,
ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს,
კლდეზე, გაშლილის თმებითა;
სხივმიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა.
არ იღებს ხმასა... შემკრთალი
ჰკრთის, რომ დასცქერის მდინარეს:
რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშდაღრენილი, სასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს.
„თავს ნუ იკლავო!“ - აბა, თუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.
დახუჭა ქალმა თვალები,
მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
„რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის? -
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია.
ორთავ შევცოდეთ, ქისტებმა
მით შამიჩვენეს ქმარია...
მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს,
უცხოსთვის ცრემლი ვღვარია“...
წაიღო წყალმა აღაზა,
ლამსა და ქვიშას შაჰრია.

XV

იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა
მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,
ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა
ზვავისგან ნაგალს გორაში:
კლდის თავს წადგება ჯოყოლა,
სასაფლაოსკე იძახებს:
„ზვიადაურო, ძმობილო,
რად არ მიჩვენებ შენს სახეს?!“
სასაფლაოდამ წამოვა
აჩრდილი ფარხმალიანი,
გულზე უწყვია დაკრეფით
მკლავები სამკლავიანი.
მივა და მიესალმება
თავის ძმობილსა მდუმარედ.
იქვე აღაზაც ამოდის
სახემოწყენით, მწუხარედ;
ენთება ცეცხლი მათ გვერდით,
მკრთალათა ბჟუტავს მთაზედა;
იმათ ჰმასპინძლობს აღაზა,
ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.
ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და დაძმობისასა.
როცა მათ ჰხედავს ერთადა,
კაცი ვერ ძღება ცქერითა;
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერამწერელის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერც შეულოცავს მლოცავი,
არც აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა...

1893