სამგორის ლეგენდა
ბერიკაცი ვარ, ჩემი ხნის
ქვაც კი აღარა გორავსო,
ნახვას ბევრისას მოვესწარ,
ბევრის თქმაც მინდა მოვასწრო.
გაგიგონიათ, შვილებო,
ლოჭინის ხევი სად არი?
იმ ხევს ღმუილი სცოდნია,
შმაგია, როგორც აფთარი.
ათას ხუთასი წლის წინათ
თურმე იმ ხევის ნაპირთან
ერთი მოხუცი ცხოვრობდა,
წვრილშვილიანი დაქვრივდა.
ის ბერიკაცი იბერთა
მხედრობის მაცნე ყოფილა,
ხევისპირ ქოხი კაპიჭით
და ღორღით შეუღობია.
ქოხის წინ სვეტი დაედგა,
თივა ეყარა სვეტის თავს.
მტრის ლაშქრის გამოჩენისას
აჩირაღდნებდა ცეცხლის ალს
და კვამლი ყველგან წვდებოდა
კუთხეს იბერთა ქვეყნისას.
ვინ არ იცნობდა ცალხელას,
სახელად ერქვა ლოჭინი,
ბებერ ლომს თურმე მარჯვენა
ომში ჰქონია მოჭრილი.
სულ ხევის პირას ცხოვრობდა
იბერიელი ცალხელა;
სისხლს ღვრიდა, თავსა სწირავდა
სამშობლო ქვეყნის სახსნელად
და ხევსაც მისთვის დაერქვა
ლოჭინის ხევი სახელად.
ერთხელ მდინარე მოდიდდა
და გადაშავდა ის ხევი,
ძირში მოთხარა მუხები,
ჩამოათრია ძირს ხენი.
მოაგორებდა შავ ლოდებს
შავი დევივით მრისხანე,
გადააშავა, წალეკა
გაღმა-გამოღმა მთის მხარე.