ოთარ ჭელიძე

სამგორის ლეგენდა

(გაგრძელება)

ლომკაცი ტალღებს გასცქერის,
ძლივს მოჩანს გაღმა ნაპირი,
გაღმისკენ გადაურიყავს
ტალღებს დამხრჩვალი ნადირი,
უცებ შენიშნა ახლოდან:
ზვირთებს შვლის ნუკრი მოჰქონდა,
რას დააკლებდა პატარა
ხევის ნიაღვარს ბობოქარს?
ისმოდა მისი გოდება
და რიყის ლოდთა გრიალი,
შვლის ნუკრი მშველელს ეძებდა,
ეძებდა, მაგრამ ვინ არი
დამხსნელი მისი, თუ არა
ის ერთი ადამიანი,
ის ერთი კაცი, ლომკაცი,
ის ერთი კაცი ცალხელა,
რომელსაც ნუკრის ტირილმა
გულში აუნთო ნაღველი.
სწრაფად შეიჭრა ტალღებში,
სულმოუთქმელად გატოპა,
თითქოს იფეთქა ძარღვებში
წარსულმა ახალგაზრდობამ.
მტერთან ბრძოლებში ნაცადი,
ძმისთვის ისრითაც დაჭრილა,
და რკინისგულა ლომკაცმა
შვლის ნუკრიც გადაარჩინა.
გადაარჩინა და ტალღებს
შორს გასარიყად არ მისცა,
გამოიყვანა ნაპირზე.
ნუკრმა იხილა რა მიწა,
სველი ტუჩებით დაკოცნა
თვალები ბერიკაცისა.
ნუკრი იშვილა მოხუცმა,
კვლავ შეემატა მას შვილი,
და ისიც ეგულებოდა
ქოხში მესამე ბავშვივით.
მაგრამ სიბერის ბოლო ხომ
სიკვდილია და სიკვდილი.
დაჩაჩანაკდა, ჩავარდა
ლოგინად ღონემიხდილი.
ობლების მამამ შვილების
დარდი მიწაში წაიღო,
დარჩა ორი ძმა და შველი,
შველი მესამე ძმა იყო.
არ დაივიწყეს ვაჟებმა
მამის საქვეყნო ხელობა,
საქმე ებარათ დიადი,
იბერთა ქვეყნის მცველობა.
ძმებს ბავშვობიდან შეზრდილი
ყურცქვიტა შველიც შველოდა,
კაცივით უდარაჯებდა
შველი გამვლელთა ფეხის ხმას.
ისიც იცავდა სიწმინდეს
მამაც იბერთა ქვეყნისას.
ქოხის წინ თივისა ზვინით
იდგა ნათელი ის სვეტი,
მასზე მაღალი რა იყო,
ქვეყნად უთაღო ცის მეტი,
და ყურს უგდებდა მზის სუნთქვას
იბერიელთა იმედი.

(გაგრძელება)