ოთარ ჭელიძე

სამგორის ლეგენდა

(გაგრძელება)

ერთ დღეს ცხენების ჭიხვინმა
შეძრა, შეაკრთო მთა-ბარი
და ხმა დაირხა: ხონთქარმა
გადმოლახაო საზღვარი!
სვეტი საზღვარზე კი არა,
შუაგულისკენ, შორს იდგა.
მტრის შემოსევის ამბავი
შველმა შეიტყო შორიდან:
ფოლადისგულა ვაჟკაცებს
შველი სმენითა ჯობნიდა.
ერთი ძმა სვეტზე ავარდა,
კიბედ იხმარა ბაწარი,
ის იყო უნდა დაენთო
მაღალ თავანზე ხანძარი,
რომ უცბად ისარნაკრავი
ძირს წამოვიდა გულაღმა...
ვაი, ასეთი სიკვდილი
განა ძმებს სადმე უნახავთ?!.
ცოდვით ტირილი დაიწყო
ცვრიანმა ბალახ-ბულახმა.
არც ძმა შეშინდა უმცროსი,
შველი მოიხმო მან ფრთხილად,
ყელზე წერილი მოაბა
და ლაშქრისაკენ აფრინა.
აფრინა, მერე სვეტისკენ
ვაჟმა ჩირაღდნით გასწია,
მხარში ისარი მოარტყეს,
მხარი დახარა არწივმა.
მხარის ტკივილი ვერ მოკლავს
მამის გაზრდილი კაცია.
მიდის და ცისკენ მიიწევს,
სიკვდილს არ აგდებს ჩირადა,
მიდის და მიაბრიალებს
თივის ზვინისკენ ჩირაღდანს.
მხარში ჭრილობას გაუძლებს,
ბეჭის ტკივილსაც აიტანს...
მოხვდა მესამე ისარიც,
სისხლი მოჟონავს მხარიდან.
ვაჟკაცმა სიკვდილს აჯობა,
სვეტის თავამდე ავიდა.
ავიდა, მაგრამ მარჯვენა
გადაესისხლა მტრის ისრით
და ჩირაღდანი მაღლიდან
ძირს წამოვიდა გიზგიზით.
დარჩა ვაჟკაცი უცეცხლოდ, -
ცეცხლი ისარმა ჩაუქრო.
გული ხომ მაინც გულია,
ჭაბუკი მაინც ჩაუქობს,
გულში რომ ცეცხლი უნთია,
უნდა მაღალ სვეტს აჩუქოს.
უნდა, რომ თვითონ აკვამლდეს,
რა ვუყოთ, ფერფლი დარჩება,
რა ვუყოთ, ჩაქრეს სიცოცხლე
მამულის გადასარჩენად!
შველი შეიჭრა ქალაქში,
(სარდალს მიართვეს წერილი).
პირუტყვი ელვისუმალვე
იქ გაჩნდა ჩამოცრემლილი,
სადაც უძრავად ელაგნენ
სვეტიდან ჩამოცვენილნი.
ატირდა შველი, ატირდა,
ცრემლი უწყალოდ დაღვარა
და ბოლოს გაოგნებულმა
თავი ქვის სვეტზე ახალა.
მოძმეთა გვერდით წაიქცა
ტყის გულში დაბადებული,
იბერის ქოხში გაზრდილი,
ძმობისთვის თავდადებული.
და ბოლოს, როცა იბერთა
დაუძლეველმა ლაშქარმა
წმინდა მიწაზე დადგმული
მტრის ნაფეხური წაშალა
და როცა გამარჯვებულნი
შინ ბრუნდებოდნენ მხედარნი,
სვეტთან იხილეს უეცრად -
ძირს იწვა სამი ცხედარი.
შეიცნო ყველამ სამივე
და გლოვის ნიშნად ცას სტყორცნეს
მოლაშქრეებმა ისრები,
მერე კი მკვდრები დაკოცნეს.
დაასაფლავეს ცალ-ცალკე
ხრიოკ მინდორში სამი ძმა,
ლაშქარმა მუჭით მოზიდა
კერის ნაცარი და მიწა
და ძმათა სამი საფლავი
სამ მაღალ ბორცვად გადიქცა.
აქ მოდიოდა ყოველ წელს
გამარჯვებული ლაშქარი,
მუჭით აქ ყრიდა სველ მიწას
და იზრდებოდა საფლავი.
ქარმა და წვიმამ ბორცვებზე
კენჭიც არ ჩამოაგორა,
სამი საფლავი გადიქცა
ცისკენ აზიდულ სამ გორად.
დღეს თქვენ, შვილებო, მახარეთ:
სამგორზე არხი გაჰყავთო,
ლოჭინის ხევიც, ტრამალიც
წალკოტად უნდა გახადონ
და სამი გორაც აქციონ
აყვავილებულ ბაღადო.
იერი უნდა იცვალონ
გადარუჯულმა მინდვრებმა,
ის სამი გორაც ხეხილით
იისფრად აბიბინდება.
და შველი, ძმებთან შეზრდილი,
დილის ჟამს ბაღში გამოვა,
თვალებს განაბავს, მოისმენს
ნუშებში შაშვის გალობას.
თვალს გაახელენ ფესვებიც,
ხრიოკ მიწაში შემხმარი,
და ასრულდება ქართველთა
დიდი ხნის ნაოცნებარი.