დაღამდა. მოღრუბლულ-მოღუშული და საწვიმრად განმზადებული ცა ქვეყანას მრისხანედ დაჰყურებდა. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო და ირგვლივ სიბნელე სუფევდა.
მღვდელი მარკოზი ორი შეიარაღებული კაცის თანხლებით თავად გიორგის სასახლიდან გამოვიდა და თავის სახლისაკენ გაემართა. გვერდით ანაფორის კალთაში გამოხვეული ბავშვი მისდევდა, თუმცა ზაფხული იყო და ცხელოდა კიდეც, მაგრამ ბავშვი მაინც ძაგძაგებდა.
- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად უთხრა მღვდელმა, - შინ ჩქარა მივალთ, საჭმელს გაჭმევ, დაგაძინებ... შენი სახელი?
- ხვიჩა, - ტირილით მიუგო ბავშვმა.
მღვდელმა ხელი მაგრამ მოხვია და ტანზე მიიკრა.
- უღმერთოები, უსვინდისოები, - ბუტბუტებდა იგი, - ბავშვისთვის პერანგი მაინც ჩაეცვათ ხეირიანი. ან ღმერთს რას ეტყვიან, ან კაცს ეს უსჯულოები!
- ეხ, ეხ, ჩვენი ცოდვა, - ოხრავდნენ მღვდლის მხლებლები.
მარკოზ ხუცესის სახლის კერაზე ხმელი ფიჩხის ცეცხლი კაშკაშებდა და მთელ სახლს საკმაოდ ანათებდა. მარიკა და ლერწამისა კერას აქეთ-იქით შემოსხდომოდნენ და მღვდლის მოლოდინში საჩოხე მატყლს ართავდნენ.
- მარიკა, მარიკა, აბა, გამოიცანი ვინ მოგიყვანე, - სახლს მიუახლოვდა თუ არა, დაიძახა ხუცესმა. მისი ხმის გაგონებაზე ქალებმა თითისტარები განზე გადადეს და ზეზე წამოიჭრნენ. ამასობაში მღვდელი სახლში შევიდა, ანაფორის კალთა გადასწია და თმა-ხუჭუჭა, შავგვრემანი ბავშვი წინ წამოაყენა. ბავშვი თითქმის ტიტველი იყო, დაჭერილ მხეცივით შეშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- ეს ვინ არის? - გაოცდა მარიკა.
- ვინ უნდა იყოს, დედაკაცო, - მშვიდად მიუგო ხუცესმა, - თუ არ ნაყოფი ჩვენი კეთილი გზიდან ცთომისა, ჩვენი გათახსირებისა, გულგაქვავებისა და გონების დაბნელებისა.
მარიკა მიხვდა. შეშინებულ ბავშვს მიუახლოვდა, ნაზად ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.
- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა... ოი, ნანა, შვილო! რა მწარეა შვილის დაკარგვა... უღმერთოებმა რა იციან, რა მწარეა დედის გულ-მკერდი! ნანა, შვილო, უბედურ მთვარეზე დაბადებული შენი მშობელი დედა... იმას ვინ ანუგეშებს? იმას ვინ გაუმრთელებს დაჭრილ გულს? იმას შენ მაგიერობას ვინ გაუწევს?.. საფლავში უნდა ჩაიტანოს უბედურმა შენი სიმწარე, - მოთქმით ამბობდა მარიკა, ბავშვს თავზე ხელს უსვამდა, ჰკოცნიდა და თან ქვითინებდა.
ალერსით და დედის გახსენებით გულაჩვილებული ბავშვი მწარედ ატირდა. ატირდა ლერწამისაც. მღვდელი მარკოზი შორი-ახლოს იდგა და ცოლის ქცევით კმაყოფილი და აღტაცებული, ისიც აცრემლებული, გრძელ წვერზე ხელს ისვამდა.
- კარგი, გეყოფა, დედაკაცო! - უთხრა ბოლოს ხუცესმა. - უიმისოდაც გულჩათუთქულ ბავშვს დედის გახსენებით კიდევ უფრო გულს ნუ უკლავ. აჭამე რამე და დააძინე. შეხედე, რავა ცოცხლად დაუხრჩვიათ მაგ უღმერთოებს.
მარიკა გამოერკვა, ბავშვი კერის პირას დაბალ სკამზე დახვა და ვახშმის თადარიგს შეუდგა.
- აკი, ამბობდი, ხუცესო, მაგისთანა სამარცხვინო საქმეები მოისპოო, ამდენ სამადლობელ პარაკლისებს ტყუილად იხდიდი? - ამბობდა მარიკა.
- განა ასე ადვილია, ქალო, ძაღლის კუდის გასწორება? ჯერ კიდევ დროა საჭირო, სანამ ასეთი საძაგელი ჩვეულება სრულებით აღმოიფხვრებოდეს, ყველა ბოროტებაში გასვრილი ხელი ჯერ უნდა სამარეში დაიმარხოს, რომ კაცის შვილთა მოტაცება და გაყიდვა საზღაპრო ამბად გადაიქცეს, მაგრამ ასეთი სამწუხარო მოვლენა იშვიათი რომ გახდა, ესეც დიდი ნუგეშია, ესეც ღირს იმად, რომ სამადლობელი პარაკლისი გადავიხადო და გადვიხდი კიდეც, - მხიარულად მიუგო ხუცესმა.
ნავახშმევს ლერწამისამ სპილენძის ქვაბით წყალი გაათბო. ქალებმა ბავშვი დაბანეს, მარკოზის ერთ-ერთი პერანგი ჩააცვეს და ლოგინში ჩააწვინეს, მერე მღვდლის ძველი კაბა მოსძებნეს და მისგან ბავშვის ჩასაცვამ ახალუხის გამოკერვას შეუდგნენ.
- უღმერთოები, უსულგულოები, დედას შვილს სტაცებენ და უსჯულოებზე ყიდიან! არ აჭმევენ, არ აცმევენ... ღმერთო, მიაგე მაგიერი, - ბუტბუტებდა მარიკა და გაჩქარებით ჰკერავდა.
მღვდელმა წმიდა სანთელს მოუკიდა, კუთხეში მიყუდებულ პატარა ხატის წინ წარსდგა და ლოცვას შეუდგა.
- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, - სლოკინით წამოიძახებდა ხოლმე დროგამოშვებით მუშაობაში გართული მარიკა.
- ვითარ განდიდნენ სახელი შენი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენო, - ღაღადებდა ხუცესი.
ლერწამისა საჩოხე მატყლს ართავდა, ხოლო პატარა ხვიჩას ლოგინში ტკბილად ეძინა, ოთხი დღე და ღამე გავიდა, რაც მას ასე ტკბილად მოსვენება არ ღირსებია.
- არა, ღმერთს გეფიცები, თავადო ალექსანდრე, თუ მართლა ვინმე კუდიანია ქვეყანაზე, სწორედ ეს მარკოზ ხუცესი უნდა იყოს, - ამბობდა აზნაური ყარამანი, თავადი გიორგი ჭორიშვილის ძლიერ ერთგული და დაახლოვებული პირი.
- კუდიანი კი არა, გულთმისანია, მაგ ჩამოსახრჩობი, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ.
- წაგვართვა, მარა რა ბიჭი წაგვართვა. მაგ წვერით ხეზე თხასავით ჩამოსაკიდებელმა. - სწუხდა ჩვენი უკვე ნაცნობი თენგიზი, ხვიჩას მომტაცებელი და თავადის სასახლეში მომყვანი, - რამდენი ტანჯვა და ბრძოლა გამოვიარე იმის აქ მოყვანაში.
სამთავენი კერის პირას ისხდნენ და საუზმის მოლოდინში მუსაიფობდნენ.
- მართალი რომ ვსთქვათ, დედაჩემმა წაგვართვა, იმას არ ეთქვა, ხუცესი ასე მაგრად ხელს ვერ ჩაგვჭიდებდა. - ამბობდა თავადი ალექსანდრე, - მაინც, კაცო, დამელაპარაკა თუ არა, მაგ ჩასაძაღლებელმა, მაშინათვე იჭვიანი თვალებით აქეთ-იქით ყურება დაიწყო, თითქოს მეძებარია და ნადირს სუნავსო. თენგიზი რომ შეამჩნია ეზოში, მაშინათვე პირში მომახალა უბოდიშოდ: ეს ვიღაცაა კეთილი სული არ უნდა იყოსო.
- ჰა, მაგი ყოფაგაქუცული... - შეაგინა თენგიზმა.
- იმის შეხვედრას ხომ ჭრელი გველის შეხვედრა მირჩევნია, - გააგრძელა ალექსანდრემ, - მერე, კაცო, მომიყვა სხადასხვა იგავებს! ეს საღმრთო წერილიო. ეს ესაო, ეს ისაო... დედაჩემი ხომ ხელში ჰყავს, რასაც ეტყვის, იმას აქნევინებს... ის, ალბათ, როგორც გულუბრყვილო დედაკაცი, ყოვლისფერს უამბობდა და, რაკი ერთხელ ყური დაეხვრიტა მენცარს, მერე ხომ არ მოგვეშვა და არ მოგვეშვა, თორემ დედაჩემს მარტო ჩქარა დავამშვიდებდი... ერთი ორი დღე რომ დამცლოდა, ბავშვს ისევ წყნარად გამოვტყუებდი... ახლა კი არ ვიცი, რა პირით დავხვდე ან მამაჩემს, ან ხელცარიელი როგორ ვეახლოთ ფოთის ფაშას. შეიძლება, თენგიზ, შენებურად კიდევ მოაგვარო რამე?
- ვეცდები, ბატონიშვილო, განა ცოტა მომიყვანია, მაგრამ საძნელო კი არის, ოხერი! შეიცვალა დროება, - ნაღვლიანად ამბობდა თენგიზი, - თუ დადიას მოხელეებმა ხელთ მიგდეს, შენი მტერი! თვალებს დამთხრიან, ხალხიც გამაგრდა, ყოველ სოფელში ყარაულები მორიგეობენ.
- კიდეც იმიტომაა, რომ მარკოზ ხუცესმაც ფრთები შეისხა და ახლა მუქარასაც არ ერიდება, - ბრაზით ამბობდა ალექსანდრე.
- ტყუილად დარდობ მაგ ამბავს, ბატონის მზემა, გაერია ყარამანი. - ერთი მეცა მკითხე და, თავადიშვილო, იმ ხუცესმა ბავშვი ხომ თავის სახლში წაიყვანა?
- კი.
- ხომ არ გაყიდის?
- ათასი ქისა მარჩილი რომ მისცე, არ მოგცემს, მაგის ხასიათი კი ვიცი, კერპი ვინმეა.
- მაშ, ყავდეს, ბატონო, ჯერ-ჯერობით ასვას და აჭამოს. თვალი გაუტყდეს, აწაურობას გაეჩვიოს. მე ყარამანი არ ვყოფილვარ, ის თუ ბოლოს ისევ ჩვენი არ იქნეს, მერე უფრო მეტი ფასი არ ექნება თუ?
- ერთი შენცა!
- ჩემი თავი მოგიკვდეს, თავადიშვილო, თუ მე ეს არ შევასრულო.
- ეხ, ყარამან! შენ ხუცესს ნუ ეხუმრები. მთელ ქვეყანას შესძრავს. პირდაპირ მეფესთან წავა. შეიძლება ხალხიც ააჯანყოს. ერთი რომ დაუძახოს და წინ წაუძღვეს, შენ რავა გგონია, პირველად თვით ჩვენი ყმები ცეცხლს მისცემენ ჩვენ სახლ-კარს.
- შენი მოღალატე ვიყო-მეთქი, ვაჟო, თუ შენ ოჯახზე ვისმე ეჭვი კი შევატანინო... ისე მოვაწყობ საქმეს, თავი და ბოლო ვერავინ გაუგოს. ჯერ დამაცალე, მიჩქმალდეს ეს საქმე, გავიდეს დრო და ხანი.
- თუ შენ მაგას იზამ, ყარამან, და თუ იმ ხუცესის ჯავრს ამომაყრევინებ, - მიუგო თენგიზმა, - ლეჩაქი დამეხუროს, თუ ერთი კაი ყირიმის თოფი არ მოგიტანო ფეშქაშად.
- იცოცხლე, კარგად იყავი, უფეშქაშოდაც ვიზამ მაგას. შენზე ნაკლებ ჩვენ არ გვიმწარებს სიცოცხლეს მაგ გასატყავებელი, რაც ზარალი მაგას ჩვენთვის მოუცია, ა, თავადიშვილო?
- ოი! სახსენებელ ამოსაგდები! - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.
- შენ, თენგიზ. მხოლოდ ის იცოდე, რომ, - გააგრძელა ყარამანმა, - აქ, სასახლეში მეტი არავინ მოიყვანო, აქ ისეა საქმე, რომ ვერ დაიმალება. დიდი იყოს თუ პატარა, თუ ღმერთმა ხელში ჩაგიგდო, ჩემ სახლში მოიყვანე. მე ახლა შავ ღელეს სათავეში ავსახლდი. ირგვლივ უდაბური ტყე მარტყია, კაცის ჭაჭანება იქ არ არის.
- კაი დაგემართოს, ვეცდები, - მიუგო თენგიზმა და ულვაში გადიგრიხა. - მე მიკვირს, ამდენხანს ცოცხალი როგორ ატარეთ მაგ ფეხმოსატეხი. ისეთი ოხერი და ხელისშემშლელი უნდა მოსპო, თორემ, რასაკვირველია, საშველს არ მოგვცემს, საქმეს ყოველთვის დაგიხლართავს.
- კარგი, მაგაზე მერე ვიფიქროთ. ახლა ერთი გემრიელათ ვისაუზმოთ. აგერ ყაზახს მოაქვს კიდეც შემწვარი ბატკანი, - მადიანად წარმოსთქვა თავადმა ალექსანდრემ.
სათავენი გემრიელ საუზმეს მოუსხდნენ.
ხვიჩა ჩქარა გაეჩვია მარკოზ ხუცესთან. გულკეთილმა მოპყრობამ და საჭმელ-სასმელმა თავისი ქნა. ბავშვი გამხიარულდა, მოღონიერდა. შვლის ნუკრივით დახტოდა. ხუცესს ძლიერ შეეჩვია. საყდარში დაჰყავდა, საცეცხლურს უბერავდა, სანთლებს უკიდებდა. შინ შეშა-წყალი მოჰქონდა და სხვა წვრილმან რამეებს აკეთებდა. ორ-სამ თვეში ბავშვს სულ სხვა სახე დაედო. ტირილისაგან ჩაცვივნულ-ჩალურჯებული და საშინლად გამომყურალი თვალები დაუმრგვალდა, აუმხიარულდა, ლოყა ამოებორცვა და ვარდისფერი დაედო.
- ხვიჩა! - დაუძახებდა ხოლმე მღვდელი მარკოზი.
- ბატონი! - ცქვიტად ეტყოდა ბავშვი.
- ჰა, კიდევ ვერ გამოტეხე! ბატონო-თქვა, ბა... ტონო!
- ბა... ტო... ნო...!
- ჰო, ასე. აბა გაიქე, ერთი დაათვალიერე, ხბოები ხომ არ გაიქცნენ შემოღობილიდან.
ბავშვი ელვის სისწრაფით გარბოდა.
- აბა, სთქვი, ბიჭო: - „დიდება შენდა“, - ასწავლიდა მღვდელი ლოცვას.
- დიდობა შენდა, - ამბობდა ბავშვი.
- ჰა? მეგრულ კილოზე ნუ უბნობ, ბიჭო, წმინდა ქართული ილაპარაკე. „დიდება შენდა“.
- დი... დე... ბა შენდა.
- ჰო, ემაგრე.
- წმიდაო ღმერთო.
- წიმინდაო ღმერთო.
- კიდევ თავისებურად გადაუხვია! ბიჭო, კარგად გამოტეხე!
- წმი... და... ო ღმერ... თო.
- ჰო, ემაგრე, - გულშეუწუხებლად უსწორებდა მღვდელი და ბავშვს ლოცვებს ასწავლიდა.
ლოცვებიდან მღვდელი ანბანზე გადავიდა. ბავშვი საოცარ გულისწყურვილს იჩენდა. ჩქარა დაისწავლა წერა-კითხვა, გალობა; დავითნს, სამოციქულოს კითხულობდა. მღვდლის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, ბავშვს თვალიდან არ იშორებდა და როცა სამრევლოში წავიდოდა, მუდამ თან დაჰყავდა.
გავიდა წელიწადნახევარი. ხვიჩა სრულებით შეეჩვია მარკოზ ხუცესის ოჯახს. მოხუცნი მას საკუთარ შვილებისაგან არ არჩევდნენ. ბავშვი ძლიერ გაიწაფა როგორც ხუცურში, ისე მხედრულ კითხვაში. - ერთი წელიწადი კიდევ და დიაკვნობასაც შესძლებსო, ხუმრობდა მღვდელი.
ერთხელ მღვდელი მარკოზი სამრევლოდან შინ ბრუნდებოდა, ხვიჩაც თან მოსდევდა. მაღალ სერზედ მოექცნენ. ამ სერიდან მშვენიერი გადასახედავი იყო. ირგვლივ დიდ მანძილზე ბევრი ადგილები სჩანდა, დაბლა გაშლილი იყო უშველებელი, ხელისგულივით სწორი, ტყით დაბურული ადგილი, სადაც შუაგულ მისდევდა ფართე, დაკლაკნილი მდინარე. ჩრდილოეთ მხარეს - შორს, შორს, თვალუწვდენელ ტყოს ბოლოს, მტრედისფერ ბურუსში გახვეული ბორცვები მოსჩანდა და მათ თავზე თოვლით შელესილი ბუმბერაზი მთები დაჰყურებდა.
- აი, ის ფართე ზოლივით რომ მისდევს, შვილო, დაბლა გაშლილ ხშირ ტყეს, მდინარე რიონია, - აუხსნა ხუცესმა. - იმ მდინარეს რომ ქვევით ჩავყვეთ, თვალუწვდენელ ზღვას მივადგებით, ეს მდინარეც იქ შეწყდება, რადგან ზღვას უერთდება. რიონის ზღვასთან შესართავთან არის ციხე ფოთი. იქ ახლა ურჯულო ფაშა ზის, მაგრამ ღმერთი გაუმარჯვებს ჩვენს მეფეს და იმ საზიზღარს იქიდან განდევნის. მაშინ ქვეყანაზე ნამდვილი მშვიდობა დამყარდება, ავაზაკ-მტაცებლებს საბუდარი მოეშლება.
აი, აქეთ კი, ჩრდილო მხარეს, მტრედისფრად სერები რომ მოსჩანან, იმ სერებ შორის შენი სოფელია. შენი დედ-მამა და ძმები იქ ცხოვრობენ. ნუ გეშინია, ცოტახანს კიდევ მივაწყ-მოვაწყობ საქმეებს, შენც მანამდის წიგნში გაიწაფები და მერე უსათუოდ წაგიყვან, - ალერსიანად დასძინა მღვდელმა.
მარკოზ ხუცესის ნათქვამმა ბავშვს ნორჩი გული აუტოკა, შიგ დამალული და გარედან ვითომდა მომთელებული წყლული გაუღვივა. ბავშვმა თვალები გააციალა ბურუსში გახვეულ სერებისაკენ და სიშორის გამო ნაცნობი ადგილები თუმცა კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ გონებაში მაინც ნათლად წარმოუდგა ტყით დაბურული მთები, მათ შუა ფართე ველი და იქვე მოჩუხჩუხე მდინარე ტეხური. მოაგონდა სახლ-კარი. აი მათი ეზო, თითქოს თვალწინ უდგასო. აი დიდი ვაშლის ხე, იმათ სახლის წინ რომ დგას: მერე რამდენი ნაყოფის მოსხმა იცის, ან რა გემრიელი წითელი ვაშლები? აი უზარმაზარი კაკლის ხეც! აი მამა, აი ძმები... აი ისიც... მაგრამ მის გახსენებაზე ბავშვს საშინლად გული დაეწვა, სახე გაუწითლდა, თვალები გაუდიდდა და ძალაუნებურად მდუღარე ცრემლები გადმოჰყარა... ის ხომ მუდამ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას... ოხ! ამ დღეებში რა კარგი სიზმარი ნახა! სიზმარი ნახა?! სიზმარი კი არა, სულ ცხადივით იყო. ვითომ თავიანთ სახლის გვერდით იდგა ის, ხელში რაღაც ეჭირა, მაგრამ ხვიჩას დანახვაზე გადააგდო და მისკენ ხელებგაშლილი გამოექანა. ხვიჩასაც უნდოდა მიჰგებებოდა და გაშლილ ხელებში ჩავარდნოდა, რაც არაერთხელ უქნია ხოლმე, მაგრამ რაღაც საუბედუროდ, ვერ მოახერხა, ადგილიდან ვერ დაიძრა, მთელი ტანი აუთრთოლდა და გამოეღვიძა კიდეც. ნანა, ნანა! მწუხარედ წამოიძახა გულდამწვარმა, მაგრამ „ნანა“ არსად იყო. თვითონ კი, მთლად გაოფლიანებული, ქვეშაგებში იწვა, ტანში ჟრუანტელი უვლიდა და დამძიმებული თავიც, თითქოს უტრიალებდა. ჯერ ვერ გამოერკვა, არ იცოდა, თუ სად იყო, შიშის ზარმა აიტანა, მერე ცოტ-ცოტად გონს მოვიდა და ჩუმად ტირილი დაიწყო. ოჰ, რამდენი იტირა! „შეიძლება ახლა ნანა, ერთ-ერთ იმ სერიდან აქეთკენ იყურება, მაგრამ მე აქედან ვერ ვამჩნევ, ალბათ, არც მე მამჩნევს“, მოსდიოდა ბავშვს ფიქრი და მწარე ცრემლისთ იმდუღრებოდა.
- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად განიმეორა მარკოზ ხუცესმა, თუმცა ბავშვის ცრემლების მნახველი თვითონაც აღელვებული იყო, - უსათუოდ წაგიყვან შენს სახლში. სხვა ვისმე არ გაგატან, მე თვით წაგიყვან. აი შემოგისვამ ამ ჯორზე და გავსწევთ. არც იმდენი შორი გეგონოს, დიდი, დიდი ერთი დღის სავალია, დილას ადრე გზას რომ გავუდგეთ, საღამოთი იქ ვიქნებით. მოდი, ახლაც შემოჯექი ჯორზე.
- არა, მე ფეხით სიარული მირჩევნია, - მიუგო ბავშვა. ეტყობოდა, ცდილობდა ტირილი შეეწყვიტა და ჩვეულებრივი სახე მიეღო.
მზე უკვე ჩავიდა, ხვიჩა დამშვიდდა. მაღლობიდან დაბლობში ჩამოვიდნენ.
- აბა, თუ მეტყვი, ბიჭო, ამ დაბლობს რა ჰქვიან, ახლა ჩვენ რომ მივდივართ? - მხიარულად დაეკითხა მღვდელი.
- ტახოგანი, - ცქვიტად მიუგო ხვიჩამ.
მღვდელს ძლიერ გაუხარდა.
- ყოჩაღ, გცოდნია. ამას რომ ფერდობი მოსდევს?
- ის გვერდოულია, - სიტყვის გათავება არ დააცალა ბავშვმა.
- ჰა, ჩემო ბიჭიკო, - მხიარულად სთქვა მღვდელმა მარკოზმა. - კარგი, გვერდოულს იქით?
- შავი ღელე ჩამოუდის.
- იქით?
- ტყეა...
- ტყის იქით?
- ვაკე კარი, იმას მოსდევს ხულადგმულას სერი, სადაც საყდარი დგას და იმის იქით ხომ ჩვენი სახლია, - ჩამოთვალა ბავშვმა.
- ეს ადგილები რა კარგად დაგიხსომებია, ჩემო ბიჭიკო, - კმაყოფილებით ამბობდა ხუცესი. - მაშ ახლა შინ რომ გაგიშვას კაცმა მარტოდ-მარტო მიხვალ?
ბავშვი ცოტა შეჩერდა.
- ცოტა უფრო ადრე რომ იყოს, წავიდოდი, - გაუბედავად წარმოსთქვა ბავშვმა.
- ხა, ხა, ხა, ხა! - ხარხარებდა მღვდელი.
მარკოზს უფრო ის ახარებდა, რომ ოჯახის მოგონებით გამოწვეული მოწყენა ბავშვს ასე ჩქარა გაუქარდა. მღვდელი შეეცადა, რაც შეიძლებოდა გაემხიარულებინა ბავშვი.
- აბა. შენ თუ კაი ბიჭი ხარ, ბაიობის სამოციქულოსაც მომიყვები, აი გუშინწინ რომ გაკითხებდი?
- სულ თავიდან დავიწყო? - ცქვიტად დაეკითხა ხვიჩა.
- სულ თავიდან დაიწყე! - აღტაცებით მიუგო ხუცესმა.
- „და სულისაცა შენისა თაააანა“, - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა ტყეში.
- ჰო. ემაგრე, ემაგრე! - ამხნევებდა ხუცესი.
„წარდგომა. ფსალმუნი დავითისი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“. - წართქმით ამბობდა ბავშვი.
- ნუ ჩქარობ, სიტყვები მკვეთრად გამოტეხე, - ტკბილად ეუბნებოდა მღვდელი მარკოზი.
- „ფილიპელთა... მიმართ ეპისტოლე... წმი... დი... სა... პავლე... მო... ცი... ქუ... ლისა... საკით... ხაააავი“, - ჩააგალობა ბავშვმა.
- ემაგრე, ემაგრე, - ამხნევებდა მღვდელი.
- „ძმაააანო! გიხა... როდენ... მარა... დის უფლისა მიერ... კვა... ლად გეტყვი გი... ხა... რო დეეენ!“
- ჰო, ასე, ერთი მუხლი დაბლა კილოთი უნდა ჩააგალობო, - შენიშნა ხუცესმა.
- „სიმდაბ... ლე თქვენით ცხად იყავნს ყოველთა კაცთა“. - თამამად გააგრძელა ხვიჩამ.
- ოჰო, ჰო... აქ უნდა მაღალი კილოთი ჩავაგალობოთ, - ვერ მოისვენა ხუცესმა.
- „უფალი ახ... ლოოოოს არს“. - ჩაამღერეს ორთავემ.
- ყოჩაღ, ჩემო ბიჭიკო, - აღტაცებით ამბობდა მღვდელი. - აბა. შენ თუ კაი ბიჭი ხარ, შოთას შაირსაც მეტყვი.
- ეგ რომელი? „მაქვს საქონელი?“ - მხიარულად დაეკითხა ბავშვი.
- სულ ერთია, თუ გინდ „მაქვს საქონელი“ მითხარი.
- „მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები, მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები“, - შეუსვენებლად ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.
მარკოზ ხუცესის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, „უღმერთოება არ იყო, საცოდაობა არ იყო, რომ ეს ბავშვი სამშობლო მიწა-წყლისთვის მოეწყვიტათ და ოსმალეთში გაეყიდათ! - ფიქრობდა მღვდელი. - ჰოი, უბედურო, მამულო! განა საკმარისი არ იყო, რაც შენ შვილებს თავი შეუკლავთ გარშემორტყმულ უანგარიშო მტერთათვის, რომ სამშობლოს დაცვისათვის თავდადებულთაგან გადარჩენილნიც, ისევე ჩვენივე გონების დაბნელების წყალობით, ურჯულოთა სათრევი არ გამხდარიყვნენ?“
- აი, შვილო, ეს შაირი ხუთას წელზე მეტი იქნება, რაც გამოთქვა ჩვენმა სახელოვანმა მამულიშვილმა, - გასაგონად სთქვა ხუცესმა, - და ჩვენ ანდერძად დაგვიტოვა, მაგრამ, ჩვენდა სამარცხვინოდ, არა თუ არ აღვასრულეთ, პირიქით, ამ ანდერძის წინააღმდეგ წავედით. რას იტყოდა ის დიდებული ადამიანი, თავის თვალით რომ ენახა ყველა ის სისაძაგლე, რასაც სჩადიან ჩვენი ვაჟბატონები?! კინაღამ შენც მაგ სიბოროტის მსხვერპლი გახდი, მაგრამ უფალმა შეგვაძლებინა შენი გამოხსნა მტარვალთა ბრჭყალებისაგან, - გულდაწყვეტილად დაათავა მღვდელმა მარკოზმა. მაგრამ ჩქარა ისევ მხიარულად წარმოსთქვა: - აბა, ჩემო ბიჭიკო, კიდევ თუ მეტყვი შაირს. მონია, მეორე შაირიც დაგასწავლე?
- მეორე რომელი? „ვაჰ, სოფელო?“ - ცქვიტად დაეკითხა ბავშვი.
- კარგი, მითხარი ეგ „ვაჰ, სოფელო“, - ცქვიტადვე უპასუხა გამხიარულებულმა მღვდელმა.
- „ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“, - ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.
- ესეც კარგად დაგიხსომებია, - მოუწონა ხუცესმა.
- ჭეშმარიტად, შვილო, კაცისაგან განაწირს ღმერთი არ გასწირავს. ჩვენც არ გაგვწირავს, იმედი მაქვს. ღმერთო! - ხელი მაღლა აღაპყრო მღვდელმა, - შენ გაუმარჯვე ერეკლე და სოლომონ ბაგრატოვანთ, შეაძლებინე საბოლოოდ დაამხონ მტერი და ძვირის მოქმედი და ადიდონ სახელი შენი! მაგრამ, ეჰ, შვილო! - უკმაყოფილოდ სთქვა მღვდელმა. - ეს ყოვლისფერი კარგი, მაგრამ ჩვენ კი შუაგზაზე შემოგვიღამდა. მერე რა ბნელი ღამეებია! ნეტავ ახლა სადა ვართ?
- შავ ღელეს ვუახლოვდებით.
- კარგი, შვილო, ტყე ჩქარა გავიაროთ, ნუ გეშინია, ჩქარა ვიქნებით შინა... ეხ, საკვირველია ჩვენი ხალხი! რაც გინდ უბედურება დაატყდეს თავს, რაც გინდ გაჭირვებული იყოს, თუ ღვინო ნახა, ყოველგვარი ჭირ-ვარამი დაავიწყდება. აბა, რა სჭირო იყო, იმდენხანს სმა-ჭამა საბრალო ლუკაიას სახლში? ცოლი რომ მოუკვდა, არ ეყოფოდა, აღაპშიაც ამდენი უხეირო ხარჯი არ გაეწია? მეც ხათრი ვერ გავუტეხე, დავრჩი და, აი, შუაღამე სადღაც ტყეში მიხდება ფორთხიალი, - უკმაყოფილოდ სთქვა ხუცესმა.
- აი შავი ღელეც, - სთქვა ბავშვმა...
- ჰხედავ, ბიჭო, რასმე? მე კი ვერაფერს ვარჩევ. მაინც რა უკუნი ღამეა! ოი, ძნელია, შვილო, სიბერე! შენ ჰასაკში მეც ისე ცქვიტად დავხტოდი ყოველგან, თვალი კატასავით მიჭრიდა, მაგრამ დრომ თავისი ქნა. ეეჰ, სადა ხარ, ახალგაზრდობავ! რამდენი ამბები მახსოვს ამ ღელის პირას. ჰე, შვილო, ყური დამიგდე, რომ გაიზრდები, გაგახსენდება ჩემი ნათქვამი ამბები. მე მაშინ მონასტერში სწავლას ვათავებდი, - ჩვეულებრივ ტკბილად დაიწყო ხუცესმა, - ის იყო სადიაკვნოდ ვემზადებოდი. ახლაც არ არის სახარბიელო დროება და მაშინ ხომ ჯოჯოხეთი იყო. მონასტერში კაცი მოიჭრა: არიქათ, გაიხიზნეთ, ოსმელბი საცაა დაგვეცემიანო, მა...
მღვდელმა სიტყვა ვეღარ დაათავა... ერთი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა. ჯორი გამწარებით ტლინკებს ისროდა. ბავშვმა მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცის მაგარი ხელები მკლავებში ჩაებღუჭა.
- ჩქარა ბურთი ჩასჩარე და ტომარაში ჩააჯდინე, - ყურში მოხვდა ხვიჩას აღელვებით წარმოთქმული ჩურჩული. სხვა რა მოხდა იქა, ვერ გაიგო რა, რადგან შიშისაგან მაშინათვე გონება დაჰკარგა და, როცა გონს მოვიდა, უკვე ცხენზე დაკრული სადღაც უდაბურ ტყეში ვიღაც უცნობებს გაჩქარებით მიჰყავდათ.
მეორე დღეს მთელი სოფელი შეშფოთებული ერთი მეორეს ეკითხებოდა:
- გაიგეთ, რა უბედურება დატრიალებულა? მარკოზ ხუცესი ჯორს გადმოუგდია და მოუკლავსო.
- ვაი, ახვაია! ვაი, ახვაია! რა კაცია, რა ანგელოზი კაცი, რა საღმრთო კაცი! - ამბობდნენ გულდამწვარი სოფლელები.