კონდრატე თათარაშვილი (უიარაღო)

მამელუკი

IX

შავ ზღვაში აფრააშვებული ხომალდი მისცურავდა. ზღვის ლურჯი, ფაფარაქაფებული ტალღა ტალღაზე მოგორავდა და გემის კედლებს მრისხანედ ეხეთქებოდა - თითქოს დიდებული სტიქიონიც უკმაყოფილოა გემით და მისი დანიშნულებით, სურს შეანგრიოს სქელი კედლები და უფსკრულში ჩასძიროს ეს მრავალ ცოდვათა მტვირთველიო, მაგრამ კედლის სიმაგრეს ვერ უძლებდა, უანგარიშო წინწკლებად იყოფოდა და იფანტებოდა, რომ ხელახლა ერთ მტკიცე ალად შეერთებულს, ახალი იერიში მოეტანა და უფრო მძლავრად სცემოდა. თუმცა ჯერჯერობით ხომალდი რჩებოდა გამარჯვებული, ის უშიშრად აპობდა ტალღებს და თამამად მიდიოდა სტამბოლისაკენ; სრულებით ანგარიშს არ უწევდა ტალღათა შხაპუნს და არჩეული გზიდან არ უხვევდა, მაგრამ არც ტალღა ცხრებოდა: გამოცდილებით იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, ამოვარდებოდა ქარიშხალი, ჩაუნერგავდა მას არაჩვეულებრივ ძალ-ღონეს და მაშინ? ფრთხილად ხომალდო! შავ ზღვას არა ერთი და ორი შენისთანა ამპარტავანი და თეთრ ლეჩაქებით მორთულ-მოკაზმული თავქვე მოუქცევია და სამუდამოდ დაუსამარებია თავის უფსკრულში.

ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფას ხალიჩებით და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე; ზოგი მათგანი ფეხმოკეცით იჯდა ბალიშზე, ზოგი ყავას მიირთმევდა, ან ყალიონს აბოლებდა, ზოგი წამოწოლილი იყო და სთვლემდა, ზოგიც გემის პატარა ფანჯრიდან თვალუწვდენელ ზღვას გაჰყურებდა.

ერთი მათგანი, სახით გამხდარი, თეთრწვერა მოხუცი, სხვებისაგან განირჩეოდა. ის ხნით ყველაზე უფროსი ჩანდა, სხვებზე უფრო მდიდრულად იყო ჩაცმული და წითელ ოსმალურ ქუდს ირგვლივ თეთრი დოლუბანდი ჰქონდა შემოხვეული. მას სხვები მორიდებით და პატივით ეპყრობოდნენ. ამას თვითონ მოხუციც გრძნობდა და ცოტა არ იყოს თავი ამაყად ეჭირა, ბალიშზე დაფიქრებული იჯდა და მსხვილ გიშრის კრიალოსანს აუჩქარებლად აჩხაკუნებდა.

- არა, რჯულის მადლმა, სრულებით არა ვარ კმაყოფილი ამ მოგზაურობით, - წყნარად სთქვა მოხუცმა და კრიალოსანი დააჩხაკუნა. - რა ხანია ამ გზაზე დავდივარ და ასეთი ხელნაკლები ჯერ არ წამოვსულვარ. სტამბოლში სირცხვილით თვალს ვერ გავახელ.

სხვებმა მოხუცს ლმობიერად შეჰხედეს.

- ვაჰ, რას ბრძანებ, პატივცემულო ეფენდი ალი-უსუფ! - მორიდებით მიუგო ბალიშზე წამოწოლილმა, კოხტად ჩაცმულმა ახალგაზრდა ოსმალომ. - შენც რომ წუწუნებ, ჩვენ რაღა გვეთქმის? შენ, პატივცემულო, ორმოცდა ათი ტყვე მაინც მოგყავს და ჩვენ ყველას ერთად იმდენი ვერ გვიშოვნია.

- ჰა, მართლაც და ესეც რომ წუწუნებს, - გამოეხმაურა ერთი შუახნის პირმოპარსული, ნაყვავილარი ოსმალო, - ჩვენზე მეტი რომ მოჰყავს, - ეს ხომ ცხადია, და შენ ის იკითხე, იბრაჰიმ, რა რჩეული ქალ-ვაჟები მოჰყავს! ერთი ორი გოგონა ისეთი ურევია, რჯულის მადლმა, რომ ფადი-შაჰის ჰარამხანაც არ დაიწუნებს.

- ეხ, იმ დღესაც მოვესწარი, რომ რაღაც ორმოცდაათი ტყვეც შურთ ჩემთვის, - დინჯად წარმოსთქვა მოხუცმა ალი-უსუფმა, - აბა, ერთი გემის პატრონს ჰკითხე. რამდენი ტყვე წამისხამს მარტო ამ გემით გურჯისტანიდან სტამბოლში... არ მოგიკვდეს იმის მეტი ალი-უსუფი, რომლისთვის არც ფადი-შაჰის ჰარამხანა იყოს მიუწვდომელი. არა ერთი და ორი ჩემ მიერ მოყვანილი გოგო მოხვედრილა იქ. ფაშებზე და ნაზირ-ვეზირებზე ხომ არას ვიტყვი. ისინი ჩემს სტამბოლში დაბრუნებას ისე შეხაროდნენ, როგორც მართლმორწმუნე წმინდა ალიას დღესასწაულს. მერე რა იაფი იყო მაშინ ტყვეები! ახლა მხოლოდ ფოთის ფაშის ხელიდან გამოდის ტყვეები, მაშინ კი ვინ გინდოდა, რომ ტყვეებს არ ყიდდა: თავადი, აზნაური, კერძო პირი... ერთხელ, წმიდა ყურანს ვფიცავ... რა ქვია ე? მაგათ მოლათ-მოლას, თავზე დიდ კოთხოს რომ იხურავს... მგონი, ჭყოინდელს ეძახიან... იმას, ყმაწვილო, ერთი ქარვის კრიალოსანი ვუფეშქაშე და ერთი ქალი და ორი ვაჟი გამომიგზავნა. რა იაფობა, რა იაფობა იყო! ალლაჰ, ალლაჰ! განა შენ თვითონ არ გახსოვს, ზაიდოლ, - მიუბრუნდა მოხუცი ჩოფურას, - ერთხელ იმდენი ტყვე წავასხით, რომ ტრაპიზონში, სამსუნში და სტამბოლშიაც. ყავახანებში, ნაღდის მაგივრად ტყვეებით ვუსწორდებოდით. ახლა რაა? განა ეს ვაჭრობაა? ზარალის მეტი შიგ არა ყრია რა. რაც მიმყავს, ესენი თუ დავასაღე, ვფიქრობ, სულ ხელი ავიღო ამ ხელობაზე.

- შენ კი სულაც ხელი აიღო, არა გიჭირს რა მაჰმადის იმედით, მაგრამ ჩვენი უნდა იკითხო, - შენიშნა ახალგაზრდა იბრაჰიმმა.

- რათ გამახსენდება მაინც ის წინანდელი დროება! - გულდაწყვეტილად სთქვა ჩოფურა ზაიდოლამ. - ორი წელიწადი რომ დამცლოდა, ეფენდი რომ ბრძანებს ისეთი, მეტი მეც არ მინდოდა. ვაი, გაუწყრა ალლაჰი, რა დროს გაფუჭდა საქმე?

- მართლაც და, რა მიზეზია, მართლმორწმუნენო? - იკითხა ერთმა ბალიშზე წამოწოლილმა, კბილებჩაჟანგებულმა ჭაღარა ოსმალომ. - რათ გაფუჭდა ასე უცბად საქმე? შარშან ხომ იმდენი ტყვეები იყო სტამბოლის მოედანზე, არც კი ეტეოდა. ეს სულ ჩემ ჯინაზე მოხდა, მე რომ წამოვედი სავაჭროდ, ტყვეც გაძვირდა.

- ჰაი, ჰაი, სხვა მიზეზი რომ არა იყოს რა, ამას ჩვენც დავდებდით წამალს, სხვა რომ არა ყოფილიყო რა, შენ ქრთამს მაინც მოგცემდით, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ნამდვილი მიზეზი ძნელი გასაქრობია და! - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.

- ეს სულ მაგ იმერეთის მეფემ სოლომონმა გაგვიფუჭა საქმე. ჩვენ ჭირად, ღვთის რისხვად გაჩენილა სწორედ ის გიაური, ისა!! - ამბობდა ზაიდოლა.

- ალლაჰ, ალლაჰ, - თავს აქნევდნენ ოსმალები, - ღმერთო, შენ ნუ დააცლი, ღმერთო, შენ ნუ დააცლი!

- ფოთის ფაშა მის სახელის გაგონებაზე ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა. სადღაც ორ-სამ ციხეშია კიდევ მართლმორწმუნეთა ჯარი გამაგრებული, თორემ სხვაგან ისედაც ვერ გაივლიანო, - ბრძანებდა ფაშა...

- ოჰ! შარშანწინ დიდი სირცხვილი აჭამა მაგ ჩამოსახრჩობმა ჩვენს მხედრობას, საშინლად დაგვამარცხა და კიდევაც აქედან დაიწყო ტყვეთა სიძვირე, - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.

- ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, - ამბობდნენ და თავს აქნევდნენ ოსმალები.

- იმას მაინც რა ღმერთი გაუწყრა, იმ ოდიშის მთავარს დადიანს? ის ხომ ჩვენი მეგობარი იყო? ტყვეთა ყიდვას გვიშლიდა კი არა, ხელსაც გვიწყობდა, - გაერია ლაპარაკში ერთი წითურა ოსმალო.

- ის ახლა იმ წყეული სოლომონის მოკავშირეა, - მიუგო ზაიდოლამ, - რასაც ის ეტყვის...

- რის მოკავშირე, ყურმოჭრილი ყმაა, - გააწყვეტინა ალი-ეფენდიმ. - ახლა მთელი ქვეყნის, მთელი დასავლეთ გურჯისტანის ბატონი სოლომონია. სანამ ის არ დამარცხდება, ჩვენი საქმე წაგებულია!

- ვაი დედასა, ალლაჰ, ალლაჰ! - ბრაზით თავს აქნევდნენ ოსმალები.

- არა, მომითმინეთ! ჭეშმარიტებას თუ მათქმევინებთ, აქ კიდევ სხვა მიზეზიცაა. წყეულ სოლომონს აღმოსავლეთ გურჯისტანიდანაც აქვს ზურგი გამაგრებული. იქ ხომ ახლა ერეკლე მეფობს. იმან ხომ ლეკთა და ყიზილბაშთა ძალა გაანადგურა, განჯა და ერევანი დახარკა, ტყვეთა გაყიდვა სრულებით აღმოკვეთა და, ღმერთი არ დააცლის, თორემ, თუ ასე მიჰყვა, შენი მოსისხლე მტერი, შენ როგორ გგონია, სრულებით უბოდიშოდ ფადი-შაჰის მხედრობის წინააღმდეგაც გამოილაშქრებს.

- ალლაჰი არ დააცლის, ალლაჰი არ დააცლის! - ხმაურობდნენ ოსმალები.

- ასეთ პირობებში, რა გასაკვირალია, რომ ტყვე ნაკლებ მოგყავდეს; რაც მოგვყავს, იმაზედაც მადლობა უნდა შევწიროთ დიდებულ ალლაჰს, - სთქვა კბილებაჩაჟანგებულმა ოსმალომ.

- კიდევ ღმერთმან აკურთხოს ის ზოგიერთი თავადები, მიუხედავად სიძნელისა და შიქისა. კიდევ ახერხებენ ჩუმჩუმად. თურმე ნუ იტყვით, კაცნო, მაგ გიაური სოლომონი, თუ შეატყო ვისმე ტყვეთა გაყიდვა, დააჭერინებს და თვალებს დაათხრევინებს ხოლმე! ის აშენებულები თავს მაინც არ ზოგავენ და ცოტ-ცოტად მოჰყავთ ტყვეები ფოთის ფაშასთან და ისიც ჩვენზე ჰყიდის, - სთქვა ჩოფურამ.

- ალლაჰმა აკურთხოსთ, ალლაჰმა აკურთხოსთ! საკვირველია, რატომ ისინი მართლმორწმუნეობაზე არ გადმოვლენ! - ამბობდა კბილებჩაჟანგებული.

- ეხ! ალლაჰმა ადღეგრძელოს, რა თქმა უნდა, ფოთის ფაშაც, მაგრამ ძვირად კი ჰყიდის ტყვეებს! ეს მეტისმეტია, ძმაო! ახლა ჩვენ რომ ჩავალთ, უეჭველია, ფასიც დიდი უნდა დავადვათ. აბა, ისე მუქთად თუ გავყიდეთ, რა გამოვიდა, ვირის მხედნავი ხომ არ ვართ. შენ ნახე, რა ალიაქოთი ატყდეს სტამბოლის ბაზარზე, - წარმოსთქვა იბრაჰიმმა.

- ეჰ, რაც არის, არის, მართლმორწმუნენო! - ანუგეშა ყველანი ალი-უსუფმა. - დიდებული წინასწარმეტყველი არ დაგვივიწყებს, შეირყევა წესრიგი, დაგვიდგება ისევ ძველებური დრო. მე, აგერ ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ტყვეთა ყიდვის საქმეში ვარ გართული. თქმა არ უნდა, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს, ალლაჰს ვფიცავ! კაცნო, ამდენი ტყვე ჩვენ გავზიდეთ გურჯისტანიდან, ამდენი ეხოცებათ ურთიერთ ბრძოლაში, ამდენი იჟლიტება გარეშე მტერთან ბრძოლაში და მაინც რომ არ ამოწყდნენ სრულებით ეგ სავერანენი?

- გიაურს რა ამოწყვეტს, გვიმრასავით მრავლდება, - შენიშნა კბილებჩაჟანგებულმა ოსმალომ.

- რას ამბობ, ალლაჰმა უკეთ არ იცის? - მიუგო იბრაჰიმმა, - სრულებით რომ ამოწყდნენ, მაშინ ტყვესაც ვერ ვიშოვნით საყიდლად...

- კიდევ ვიმეორებ, მართლმორწმუნენო! წინასწარმეტყველს მიანდეთ თქვენი საქმე და ის უკეთ წარმართავს, - სთქვა ალი-უსუფმა, - მე კი ჩემი თავი და ჩემი საქმე კვლავაც იმისთვის მიმინდვია... მან...

- ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! - კვერი დაუკრეს სხვებმა.

- ახლა კი ერთი თვალი უნდა მოვატყუო, წუხელ ძლიერ ცუდად მეძინა. ალმასხან! - მიუბრუნდა ერთ-ერთ ოსმალოს, - წადი, თუ ძმა ხარ, და ტყვეები დაათვალიერე. იმ პატარა ბიჭს, ფაშამ რომ მიფეშქაშა, პური აუტანე, არ მოაშიო. მაინც სულ ტირის ის შეჩვენებული! რომ დამშვიდდებოდეს ის წყეული, ფერ და ხორცში მოვა და უეჭველად კაი ფასად გავყიდი. იმას უსათუოდ ეგვიპტელი მამელუკები იყიდიან. ძარღვიანი და მაგარი ბიჭია, ამასთან ისეთი ცქვიტი და მარჯვე, რომ ერთი წამოუძახო, ამ ბაქანიდან ზღვაში გადაფრინდება. ქორივით თვალებს აბრიალებს. ფაშამ მითხრა, კინაღამ ციხიდან გამეპარაო.

- საჭურისად გაყიდე, ეფენდი, კაი ფასს მოგცემენ, - შენიშნა კბილებჟანგიანმა.

- რას ამბობ! საჭურისად კი არა, ბავშვს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს. კაცი დავბერდი ამ ხელობაში და ყმაწვილს არ ვცნობ, ვინ სად გამოდგება? - მიუგო ალი-უსუფმა, - ბალიში თავქვეშ ამოიდო და მიისვენა.

რამდენიმე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ზოგი ყავას მიირთმევდა, ზოგი ყალიონს ეწეოდა, ზოგს ეძინა...

- შესამჩნევად კი გვარწევს, აი, იბრაჰიმ, - მიმართა ჩოფურა ზაიდოლამ და გემის პატარა მრგვალი სარკმლიდან ზღვაში გაიხედა, - ერთი შეხე, რა დიდი ტალღები ადის და ჩადის!

- არაუშავს რა, - გულდამშვიდებით მიუგო იბრაჰიმმა, - ზღვის ღელვის მეტი რა გამოგვიცდია, რაც გავჩნდით, სულ ზღვაში არ დავცურავთ? ზღვა და ღელვა, მეგობარო, ისეთი განუშორებელია, როგორც ქუხილი და ელვა.

- ეს მეც ვიცი, მაგრამ ამ ცოდნაში სანუგეშო ბევრი არაფერია! მე სრულებით არ მინდა ხელმეორედ გამოვცადო ის, რაც ერთხელ, იმ ხუთიოდ წლის წინათ გამოვცადე სამსუნ ქალაქის ახლო. თუ ეს ზენაქარი არ ჩადგა, შენი მტერი, დღესაც უარესი მოგვივიდეს. საძაგელი ზღვა კი არის ეს პონტის ზღვა.

- შენ ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია, ზაიდოლ! გინდა ერთი გადაგიყარო სევდა და დარდი? მოდი, ვითამაშოთ ნარდი.

- ყაბული მაქვს, - მიუგო ზაიდოლამ. - რაზე ვითამაშოთ?

- რაზედაც გინდა.

- თითო ყურუში?

- ვა, ყურუში რაღაა! გლახაკები ხომ არა ვართ?

- მა რა გინდა?

- თუ ვითამაშებთ, რამე რიგიანზე ვითამაშოთ.

- მაინც?

- თუ მოგიგე... მხარბეჭა ვაჟკაცი რომ გირევია ტყვეებში, ახალციხელი, ის ჩემი იყოს.

- ვა! გაგიჟდი? რას ამბობ, გონზე მოდი! ის ერთადერთი მიმყავს თვალსაჩინო და ისიც ნარდში წავაგო?

- ჯერ გაიგე, და! არ გესმის, რას გეუბნები? თუ მოგიგე-მეთქი. განა არ შეიძლება შენ მომიგო?

- მე თუ მოგიგე, რას მომცემ?

- ჩემი გრძელთმიანი ცირა შენი იყოს.

- პახ, პახ, პახ, - წამოიძახა ჩოფურამ და თვალები გაუღვივდა.

- ჰა? მოგწონს განა? არ არის ბარი-ბარი შენს ახალციხელთან?

- ე... იფ, თუ თვალები დაგთხარე, მოგიგე და ხელში ჩავიგდე! შენი გულისა, როგორც კაცი, არ გავყიდი. მე თვითონ ჩემ ჰარამხანაში წავიყვან, - აღტაცებით ამბობდა ჩოფურა ზაიდოლა, - მაგრამ თუ წავაგე? ვაი, მაშინ ხომ ფუჭად წამივიდა ეს მოგზაურობა... ცუდი საქმე მომივა რჯულის მადლმა, ზარალ, ზარალ - საორჭოფოდ თავს აქნევდა ზაიდოლა.

- შენმა მზემ, ერთი ჩემი ზარალიც იკითხე და, თუ წავაგე! ვითომ შენზე ნაკლებ ვიზარალებ? ამ სიძვირეში ცირას ფასი უკანასკნელი ათასი ყურუშია.

- ეეხ, მოდი, რაც იყოს, იყოს! დავხუჭო თვალები და გავბედო? ახ, ბედო, თუ სადმე... აალლაჰ! - ხელებ ზეაპყრობით წამოიძახა ჩოფურამ.

- ალლაჰ! -- შეევედრა იბრაჰიმიც და კამათლები ხელში აიღო.

- ვინ უნდა დაიწყოს?

- ვისაც ნაკლები მოუვიდეს, - იბრაჰიმმა კამათლები გადააგდო. - აჰ! დუ!- დაიძახა მან.

- ჰოჰ! შაში! - ამბობდა ზაიდოლა. - შენ ნაკლები მოგივიდა. დაწყება შენია.

- კარგი, მოდის! - სთქვა იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა, - ჩარუ-ფანჯი, ოო... ეს ჩარუ, ეს ფანჯი.

- შაშ-ბეშ! - იძახდა ზაიდოლა. - ეს შაში, ეს ბეშ!

- დუ-ბარა! ვა, ეს რა ნავსი კამათლები მოდის! - უკმაყოფილოდ სთქვა იბრაჰიმმა.

- დუ-შაში? ერთი მოდი და, შე გიაურების სათრევო! - წახალისდა ზაიდოლა და კამათლები გააჩხაკუნა, - ე... ეხ! ფანჯუ-იაქე მომივიდა, ნავსად დასარჩენი, - იმედგაცრუებულად დაუმატა მან.

- ჰაჰ! ერთი შეხედე და, - წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა იბრაჰიმმა. - დუ-შაში! შენ კი გენაცვალე, მაჰმად, სულში!

- ვაჰ, არ უყურებ მაგ ყურუმსაღსა! - შურით წარმოსთქვა ჩოფურამ, როცა დარწმუნდა, რომ იბრაჰიმს მართლა დუ-შაში მოსვლოდა.

- მოდი შე ოხერო რაღა? ჰა! შაშ-ჩარი! ჰო, ამასაც არა უშავს რა, - გული დაიიმედა ზაიდოლამ.

- ვითომ ჩემ ცირაზე ხელი ამაღებინო გინდა რაღა?

- წინასწარმეტყველის იმედით,- სასოებით ამბობდა ჩოფურა.

- წმინდაო ალია, თუ შენ შემეწევი და იმ ახალციხელს ხელში ჩამიგდებ... - აღთქმას სდებდა იბრაჰიმი.

- ჰა, კარგი, ითამაშე, - აჩქარებდა ზაიდოლა.

- დამაცადე ერთი, არც შენა გაქვს დაკვანწული საქმე, - მშვიდად მიუგო იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა.

- შაში-ფანჯი! ეს შაში, ეს... იქ... მოიცა, საშიშია... დამიკეტავს მაგ პირძაღლი... არა, ასე იყოს... აჰა, ესეც ფანჯი!

- ახლა, თუ დუ-შაში მომივიდა, ხომ გამოგიბრიცე თვალები! აღიზიანებდა ზაიდოლა. - სე-დუ, ღმერთიც გასწყრომია. ვაჰ, მართლაც და, არ მომიგოს მაგ გიაურების სათრევმა!

- მაშ, რა გგონია! თავის ქება ბრძოლის შემდეგ უნდა! ჰა, იფ! ერთი შეხედე და, დუ-შაში, ალია, შენ კი გენაცვალე სულში, - სიხარულით წამოიძახა იბრაჰიმმა, - ახლა როგორ გინდა? დავ!

- მოვიდეს. შეგიშინდები გგონია, თუ? - მიუგო ზაიდოლამ.

- რამდენი მოვიდეს?

- რამდენიც გინდა.

- ორმოცი ყურუში!

- ყაბული მაქვს... სე-დუ, ფუ შენს გამომთლელს!

- შაში-ჩარი!

- დუ-შაში? ვააჰ, ალლაჰ, ალლაჰ! - ისე მძლავრად წამოიძახა ჩოფურამ, რომ მძინარე ალი-უსუფი შეინძრა და რაღაც ჩაიწმუკუნა.

- დავბა-სე, გინდა? - დაეკითხა ჩოფურა.

- ზაიდოლ! ძლიერაც ნუ თავხედობ! - გაჭიანურებით შენიშნა იბრაჰიმმა.

- დავბა-სე-მეთქი, - განიმეორა ზაიდოლამ.

- კარ...გი, თამაშობა ხომ ჩემია. ესეც ჩარი-სე.

- ფანჯუ-სე.

- დუ-შაში.

- ჰოი, შე შეჩვენებულო! - წყენით წამოიძახა ჩოფურამ, ერთ-ერთი კამათელი აიღო და ნარდის ფიცარზე დაანარცხა...

- ჯერ რას ცხარობ, ბოლო ვნახოთ, და! - მშვიდად ამბობდა იბრაჰიმი.

- ალი-უსუფ! ზაიდოლ! იბრაჰიმ! - ყვირილით შემოიჭრა ამ დროს გემის უფროსი. - ტყვეები ჩხუბობენ. შენ რომ სქელ-სქელი კაცი მოგყავს, რა ჰქვიან ახალციხელია, თუ რა ჯანდაბაა, დიდი შფოთის მოყვარე ვინმე ყოფილა. რატომ მაგისთანებს ხუნდს არ ადებთ, კაცნო!

ყველანი წამოიშალნენ.

- რა მოხდა? რა ამბავია? ესენი ხომ... - ბუტბუტებდა ალი-უსუფი და თვალებს იფშვნეტდა.

- ალი-უსუფ! მიშველე... ტყვეები აჯანყდნენ, - აღელვებით ამბობდა გემის უფროსი.

ყველანი საჩქაროდ გემის ბაქანისაკენ გაემართნენ.

- რა დროს შემიშალეს ხელი მაგ წყეულებმა, უეჭველია მოვიგებდი, - ფიქრობდა იბრაჰიმი და უკმაყოფილოდ თავს აქნევდა.

- ალლაჰ! ალლაჰ! რანაირად შესცდება კაცი? როგორ ავყევი მაგ ცხოველ ეშმაკს და კინაღამ არ ვიზარალე? სწორედ ბეწვზე ეკიდა ჩემი საქმე, ერთი ორი თამაში და მოიგებდა მაგ პირძაღლი, - ფიქრობდა ჩოფურა ზაიდოლა.  - ყოჩაღ ჩემო, ახალციხელო! რა კაი დროს აუტეხია აურზაური! მე შენ დაგაფასებ, თუ ბიჭი ვარ. ორ-ორ პურს ზედმეტს მოგცემ ყოველდღე.

X

გემის ფართე ბაქანზე ტყვეები უთავბოლოდ ეყარნენ. მათში რამდენიმე ჭაღარაც ერია. უმრავლესობა კი, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდობა იყო, ათიდან ოცდაათ წლამდე. ზოგს ფეხზე სრულებით არაფერი ეცვა. ზოგს რაღაც ჭინქებში ჰქონდა ფეხები შეხვეული, ზოგს ზედატანიც რაღაც ნაფლეთებით ძლივ-ძლივობით ჰქონდა დაფარული. აქა-იქ, ტყვეებს შორის, წითელქუდიანი ოსმალებიც მოსჩანდნენ, უშველებელი შოლტით ხელში. ესენი ტყვეთა მეთვალყურენი იყვნენ. თავიანთ შოლტებს ისინი ხშირად ძლიერ მარჯვედ ხმარობდნენ. სულ მცირე რამ მიზეზისათვის, ზოგჯერ ისე, თავშესაქცევად გადაუტყლაშუნებდნენ ხოლმე უბედურ ტყვეებს ტიტველ მხარ-ბეჭზე.

სიცივისა, შიმშილისა და ხმელ იატაკზე პირუტყვივით გდებით არაქათგამოლეულნი და ბევრი ტირილისაგან თვალებჩალურჯებულნი ეყარნენ თავისთვის, ვინც სად მოხვედრილიყო. დაღვრემილნი, გულმოკლულნი და სასომიხდილნი, დამფრთხალი ნადირივით აქეთ-იქით იყურებოდნენ, თითქოს თავიანთი მდგომარეობა თვითონაც არა სჯერათო... ხანდისხან ზოგიერთთა თვალებში იმედის ნაპერწკალიც ანათებდა, ალბათ, ეს იყო ნაყოფი ან მხურვალე ლოცვისა, ან ტკბილი ოცნებისა. მაგრამ დრო მიდიოდა, შველა კი არსაიდან სჩანდა და მოსალოდნელიც არსაიდან იყო. ირგვლივ პირქუში, მოუსვენარი, წამდაუწუმ ამავალ-დამავალი ზღვა სჩანდა. წინ წყალი, უკან წყალი, მარჯვნივ წყალი და მარცხნივ წყალი...

მაღალი ანძის ძირს ახალგაზრდა ტყვე ქალი იჯდა. ტანთ ეცვა შედარებით სუფთა, შინ მოქსოვილი ბამბის კაბა. თვალებზე ლეჩაქი ჩამოეფარა და თითქმის სულ ტიროდა.

ტიროდნენ და მოსთქვამდნენ სხვებიც. ოხერი კაცის გული ყოველგვარ მდგომარეობას, ყოველგვარ უბედურებას შეეგუებ-შეეთვისება. ზოგმა უკვე გამოიტირა თავისი თავი. ინაღვლა, იტირა, თავი ქვას ახალა... ბოლოს ხელი ჩაიქნია და მომავალს გულგრილად დაუწყო ყურება.

განსაკუთრებით ჩქარა შეეჩვივნენ თავიანთ ახალ მდგომარეობას ახალგაზრდები. თავდაპირველად ისინი სხვებზე მეტს სწუხდნენ. ბღაოდნენ, ხელებსა და ფეხებს აქნევდნენ, მაგრამ ისევ ჩქარა დამშვიდდნენ და ჩქარა სიცილ-თამაშიც დაიწყეს, თუმცა ხანდისხან გადაეკვროდა ბინდი მათ პირისახეს, გაახსენდებოდათ მშობლები, სახლ-კარი, სამშობლოს ველ-მინდვრები, აუტოკდებოდათ ახალგაზრდა გული, აემღვრეოდათ თვალები და ცრემლი, ცრემლი, ერთადერთი მათი ნუგეში, კამკამით ჩამოვარდებოდა იმათ ლოყა-ნიკაპზე.

- ჰასან, რა ვუყოთ, სულ ტირის და ტირის ის წყეული ქალი? მესამე დღეა, რაც ფოთი დავტოვეთ, და კიდევ არა ცხრება ის გიაურის შვილი, - სიცილით უთხრა ერთმა მეთვალყურემ მეორეს, - რჯულის მადლმა, ყურთასმენა წაიღო მაგის მოთქმა-წუწუნმა.

- გინდა, დავამშვიდო? მაგის ვაი-ვუი მეც არ მაძლევს მოსვენებას. წუხელ ისეთ დროს გამომაღვიძა მაგის გოდებამ, ისეთი კარგი სიზმარი გამაწყვეტინა, რომ კინაღამ მივედი და გადავუჭირე ეს ჩემი მათრახი.

- ალბათ, ქმარი თუ აგონდება. ო... ხო, ხო, ხო!.. - უშნოდ დაიღრიჯა ოსმალო.

- ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაჟკაცი იქნებოდა მისი ქმარი? მართლმორწმუნე პირისახით რაც გინდ უშნო იყოს, გიაურს მაინც სჯობიან, - ამაყად წარმოსთქვა ჰასან მეთვალყურემ და მტირალ ქალს მიუახლოვდა.

- ეი, შენ, ჰაანუმ! ა, ჰაანუმ! თირილი რა თირილი, გაჩუმდა, გაჩუმდა... შენი არ... ესმის? - დამტვრეული ქართულით მიუბრუნდა ოსმალო მტირალ ქალს.

გაოცებულმა ქალმა პირისახეზე მიფარებულ ლეჩაქს გადასწია და შავგვრემანი, ცრემლით დანამული თვალებით ოსმალოს შემოხედა...

ვნებათა ღელვით გაბრუებულმა ჰასანმა ერთი ხელი ქალს მხარზე უბოდიშოდ დაადო და მეორე ძუძუებისაკენ წაიღო.

ქალმა შეჰკივლა, მოძალადეს ხელი ხელში სტაცა და ასადგომად წამოიწია, ოსმალომ კი ხელი კისერზე მაგრად შემოჰხვია და საკოცნელად მიიწია, მაგრამ ამ დროს ვიღაცას ხელი ისე მძლავრად მოხვდა ბეჭზე, რომ საჩქაროდ ქალს ხელი უშვა და გაცოფებულმა უკან მოიხედა. მის გვერდით ტყვე იდგა - ასე ოცდაათი წლის კარგა ჩასკვნილი ვაჟკაცი. ტანზე დახეული ჩოხა ეცვა, თავზე ნაბდის პატარა ქუდი ეხურა.

- შე ურჯულოვ, შენა! მაგას თავისი მწუხარება და დამცირება არ ეყოფა, რომ შენც ნამუსი არ ახადო? მაგის ლეჩაქი შენთვის დამიხურავს ემაგისთანა ვაჟკაცობისათვის, - დასჭყივლა თვალებანთებულმა ტყვემ.

- ოჰ, გიაურ! ვის უბედავ ხელის მიკარებას, - წამოიძახა ოსმალომ და ქამარში გარჭობილ შოლტისაკენ ხელი წაიღო, მაგრამ ტარზე ხელის მოკიდება და მომარჯვება ვერ მოასწრო, რომ გემის ბაქანზე პირაღმა გაშხლართული იწვა.

შეიქმნა ერთი ალიაქოთი. ტყვე ქალებმა წივილ-კივილი ასტეხეს. საჩქაროდ მოცვივდნენ მეთვალყურეები და უწყალოდ მოურთეს შოლტი მოჩხუბარ ტყვეს. გამწარებულმა ხელი გაიქნია. სწვდა ერთ-ერთ მეთვალყურეს, წაართვა შოლტი და თვითონაც გადუჭირა მარჯვნივ და მარცხნივ. რა თქმა უნდა, ტყვესაც ბევრი მოხვდა, ნახევრად ტიტველი ზურგი ბევრგან ლურჯად აებურთა, მაგრამ ორი-სამი მეთვალყურე მაინც კიდევ მიაწვინა. ამის შემყურე დანარჩენმა ტყვეებმაც ვერ მოითმინეს, წამოიშალნენ, დაავლეს ხელი რაც მოხვდათ...

ჩქარა გემის უფროსი, ვაჭრები და სხვა შეიარაღებული ბიჭებიც გამოჩნდნენ.

- რა ამბავია? რა მოხდა? დაწყნარდით, დაშოშმინდით! - იძახოდა ალი-უსუფი.

მათ დანახვაზე ტყვეები ცოტ-ცოტად დამშვიდდნენ.

- აი ამან, აი ამან, ეფენდი! - უთითებდა ერთი მეზღვაური ოფლში გაწურულ ზურგ გასისხლიანებულ ტყვეზე, - ამან ასტეხა ჩხუბი, მეთვალყურე ჰასანს სულ ცხვირიდან ძმარი ადინა.

- ეს ხომ ზაიდოლას ახალციხელია! - გაისმა რამდენიმე ხმა.

- უეჭველია, მაგი იქნება ამბოხების თავი... - ყვიროდა იბრაჰიმ. - დაჰკათ მაგას ასი შოლტი!..

- მოიცა, ნუ ჩქარობ, გავიგოთ, რაშია საქმე, - აუჩქარებლად წარმოსთქვა ალი-უსუფმა.

- ასი კი არა ორასი უკვე დაურტყამთ... მიზეზი უნდა ვიცოდეთ, - უკმაყოფილოდ ამბობდა ზაიდოლა.

- რაც გინდა იყოს, ასეთი მოვლენა გემზე მოსათმენი არაა! ერთი ორი ჩემი მეზღვაურთაგანიც ნაცემია, - ყვიროდა გემის უფროსი...

- შფოთის ამტეხს და უნამუსოს რატომ ორასიც არ ერგება? - დაიყვირა მოთმინებისაგან გამოსულმა ერთმა ჭაღარა ტყვემ. - ოსმალებო, თავს ნუ ირცხვენთ! უსამართლოდ ნუ ირჯებით! გვაკმარეთ ამდენი დამცირება, თორემ იცოდეთ, ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულში! სულერთია, რაღა დაგვრჩენია ამის მეტი! მაინც დაღუპულნი არა ვართ? ღვთისა და კაცისაგან განწირულნი და მოძულებულნი!

ჭაღარას სხვებიც მიჰყვნენ. ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ, ყველამ თავი წამოჰყო.

- დაე ყველას სათითაოდ ყელი გამოგვჭრან. რა დაგვკარგვია, ამ ქვეყნისა მაინც ხომ აღარა ვართ! - ყვიროდნენ ტყვეები.

- დაჩუმდით! დაწყნარდით! გამაგებინეთ, რაშია საქმე? იძახოდა ალი-უსუფი, მაგრამ არც ისე ადვილი იყო მოთმინებიდან გამოსულ, გააფთრებულ ტყვეთა დაცხრობა. როგორც იყო, ცოტ-ცოტად გამოირკვა შფოთის ატეხის ნამდვილი მიზეზი.

- არც ასე შეიძლება, ალლაჰს ვფიცავ, - დინჯად ამბობდა ალი-უსუფი, - ყოველნაირ საქციელს საზღვარი უნდა ჰქონდეს... ამ შემთხვევაში ჰასანი შემცდარია. დედაკაცს ისე აშკარად, ისიც დღისით, ამგვარად არ უნდა მოპყრობოდა.

- მოპყრობოდა კი არა, ხელითაც არ უნდა მიჰკარებოდა! ცხარობდა ჩოფურა. - ჰასან ხომ ჩემი მეთვალყურე არ არის! რა უფლების ძალით ერეოდა სხვის საქმეში? მაგრამ ვიცი, ეს

სულ იბრაჰიმის ოინებია!

- ერთი ჭკუაზე მოდი, და! - წამოჭარხლდა იბრაჰიმი - ჩემი კი არა, თუ მათქმევინებ, შენი ოინებია. ორი წუთი კიდევ რომ დამცლოდა, შენს ახალციხელს ნარდში მოგიგებდი...

- მე მითხოვნია, შენმა მეთვალყურეებმა ჩემს ტყვეებს ხელი არ ახლონ, - ყვიროდა ზაიდოლა და ქამარში ჩარჭობილ ფიშტოს მალ-მალ სინჯავდა.

- გაგონილა? იწამეთ ალლაჰი! - ცხარობდა თავის მხრივ იბრაჰიმი. - კაცნო, ვერ გამიგია, რა ოინებს მწამებს ეს ადამიანი. ჩვენ ნარდს აი, იქ, გემის დარბაზში ვთამაშობდით, ფეხი იქიდან არ მომიცვლია...

- ერთი ახლა თქვენცა... როგორ გეკადრებათ, სოვდაგრებო! - ჩაერია გემის უფროსი. - პირველად მეც ტყუილად ავჩქარდი. სრულებით დამავიწყდა, რომ ეს გურჯები დაუცხრომელი ხალხია და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ღვთის გულისთვის, დაარიგეთ მეთვალყურეები, თორემ ხუმრობა იქით იყოს და ნუ გავაღიზიანებთ, თორემ საშიშია. როგორ გგონიათ? არ ყოფილა მაგალითი, რომ ტყვეებს გემი დაეღუპოთ?

- აი ჭკუა! მაშინ რად არ გახსოვდა, როცა ხალხს ტყვეების საცემრად იწვევდი? - დინჯად შენიშნა ეფენდი ალი-უსუფმა. შენც ფიცხი კაცი ხარ. იცოდე, არავითარ საქმეში აჩქარება და აღელვება არ ვარგა. რამდენს მეტს იყვირებ და იშფოთებ, იმდენს უფრო გააფუჭებ საქმეს. მეთვალყურეებს სასტიკი ბრძანება უნდა მივცეთ, დედაკაცებთან განსაკუთრებით ძლიერ თავდაჭერილად იყვნენ. მივიდეთ, ბატონო, სტამბოლში, ფეხი დავდგათ დედამიწაზე და მერე, ვისაც როგორ მოესურვოს, შენს ტყვეს, თუ გინდ სცემე, თუ გინდ ტყავი გააძრე, ვინ გიშლის? იქ ქე მაინც, შენ მიერ ჩადენილ საქმეზე შენვე აგებ მარტო პასუხს. აქ კი, შე ოხერო, რას ამბობ, ერთი მრუდედ გადადგმული ნაბიჯით შეიძლება თავიც დაიღუპო და ამოდენა ხალხიც დაღუპო.

ალი-უსუფმა გემის უფროსთან ერთად ტყვეები დაიარა, ზოგს უსაყვედურა, ზოგს მოეფერა, ზოგს დაემუქრა და ერთი-ორი საათის განმავლობაში ყველანი დაამშვიდა.

(გაგრძელება)