კონდრატე თათარაშვილი (უიარაღო)

მამელუკი

V

ნიგოითის ერთ-ერთ ზამთარ-ზაფხულ ამწვანებულ სერზე, თავადი გიორგი ჭორიშვილის სამოსახლო იყო გამოჭიმული. თავადის ეზოს ორასამდე ქცევა ადგილი ეჭირა. ეზოს ერთ მხრივ, საუკეთესო, სწორე და ამაღლებულ ალაგას იდგა ყავრით დახურული დიდი ოდა - ბატონების საცხოვრებელი და მახლობელი სტუმრების მისაღები. იქვე მახლობლად იდგა მეორე პატარა ოდა, საზოგადო სასტუმრო. იქვე ცოტა მოშორებით სხვადასხვა ზომის, - ზოგი ფიცრული და ზოგიც დაფარცხული: ისლით დახურული შენობა სამზარეულო, საჯინიბო, საბაზიერო და სხვ. ეზოს მეორე მხრივ დაბლობზე, წყაროს პირას, ოციოდ პატარა სახლები და ფაცხები იყო გაფანტული. იქ მოჯალაბეთა მოსახლეობა იდგა.

მზე უკვე ჩადიოდა, როცა მღვდელი მარკოზი თედორიკას თანხლებით თავადის ეზოში შევიდა. მას მოეგება თავადის შვილი ალექსანდრე და თავაზიანად სახლში შეიპატიჟა, მაგრამ მღვდელმა მარკოზმა ერთი შეხედვითვე შეატყო, რომ მისი მოსვლა ბატონიშვილს არა თუ არ ესიამოვნა, ძლიერაც ეწყინა.

მღვდელმა მარკოზმა თავადიშვილს პირდაპირ თვალებში შეხედა და თითქოს ანიშნა: რა ვქნათ, შვილო, ეტყობა არა გსურდა ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ მე მაინც, ეს არის გეახელიო.

- რა დაემართა, ნეტავი ქალბატონს? ძლიერ საწყენად დამირჩა, - მიებოდიშა მღვდელი მარკოზი თავად ალექსანდრეს, - ქრისტე მეუფეს ვთხოვ მის ჩქარა განკურნებას.

- გმადლობთ, მამაო, - ზრდილობიანად მიუგო თავადიშვილმა, - რაღაც უქეიფოდ გახდა დღეს, არ ვიცი, აწყინა რამემ, თუ გაცივდა.

გაუბედავი კილო თავადიშვილისა ძალაუნებურად ეჭვს უბადებდა მღვდელს, რომ არც ერთი მიზეზი სწორი არ იყო.

- რა აწყენდა, ბატონიშვილო, ან სად გაცივდებოდა? - სიცილით მიუგო ხუცესმა, - მე შენ გეტყვი და ცივი ღომით საუზმობს, ან კოკით წყალს ეზიდება.

თავად ალექსანდრეს ბრაზით ფერი ეცვალა, მაგრამ თავი შეიკავა, იცოდა მღვდელი მარკოზის მოურიდებლობა ლაპარაკის დროს და ღიმილითვე მიუგო:

- ეხ, მამაო, ცივი ღომის მჭამელი და კოკით წყლის მზიდავი ხშირად უფრო ჯანსაღია, ვიდრე ფუფუნებაში გაზრდილი...

- ეს სწორედ ჭეშმარიტი ბრძანებაა, - კმაყოფილებით მოისწრო ხუცესმა, - ღმერთი წონა-სამართალია! ღარიბი და დაჩაგრული კაცის ერთადერთი ნუგეში მისი ჯანმრთელობაა, შრომა-გარჯით და ზომიერი ცხოვრებით მოპოებული. გამჩენს ასე განუწესებია.

- სიმართლე რომ ვსთქვათ, მამაო, დედაჩემი, თუმცა ფუფუნებით გაზრდილი ადამიანია, მაგრამ ძლიერ გამრჯელია. დილიდან საღამომდე არ ისვენებს და ხშირად ისეთ საქმეებში ერევა, რაც მას სრულებით არ შეეხება...

- ვიცი, ვიცი, შვილო! განა არ ვიცი! ვიხუმრე, თორემ ქალბატონ როდამს მარტო დღეს ვიცნობ? შენ ქვეყანაზე არც კი არსებობდი, როცა მე მას ვიცნობდი. ჯვარი მე არ დავწერე?.. როგორ მიბრძანებთ, პირდაპირ შეიძლება შევიდეთ?

- უკაცრავად, მამაო, მაგრამ ცოტა უნდა დავიცადოთ, მგონი, ახლახან ჩაეძინა...

- რა საბოდიშოა, შვილო! - გააწყვეტინა ხუცესმა, - იყოსმცა მისთვის ძილი განმკურნებელი. მე მანამდე აქ დერეფანში ჩამოვჯდები. ჯდომას და აქედან ყურებას რა ჯობია. იფ, რა მშვენიერებაა! მთელი რიონის დავაკება, გაღმა-გამოღმა და თითქმის მთელი ოდიში ხელისგულივით მოსჩანს. ახ, ცხონებულ ბაბუაშენმა ქაიხოსრომ აირჩია ეს ადგილი სამოსახლოდ... რა წყალი, რა ჰავა! გურიაში ამის ბადალი ადგილი მეორე არ მოიძებნება.

მღვდელი დერეფანში გრძელ სკამზე ჩამოჯდა, თავადი ალექსანდრეც შორიახლოს მიუჯდა.

ცოტა ხანს სიჩუმე სუფევდა.

ორთავენი ცოტა უხერხულად გრძნობდნენ თავს. მღვდელი ატყობდა, რომ თავადიშვილს მასთან დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ ზრდილობის გულისათვის არ მიდიოდა და თვითონ ხუცესს კი - წადი, მომშორდი, ვერ ეთქვა...

ბოლოს სიჩუმე ისევ თავადმა ალექსანდრემ დაარღვია.

- რას ამბობს, მამაო, შენი ეფუთი? როგორი წელიწადი იქნებაო, როგორი მოსავალი, როგორი სიმრთელე?

- ჰო! - ჩაახველა ხუცესმა, - ეფუთი რაღათ გვინდა, შვილო, - აუჩქარებლად, მაგრამ ჩვეულბრივ მტკიცედ მიუგო მღვდელმა მარკოზმა, - როცა უეფუთ-უკარაბადინოდაც ჩვენი ცხოვრება და მისი ბედ-იღბალი დღესავით ნათელია! თვალით ვხედავთ, ყურით გვესმის, რაც ხდება ირგვლივ. გული კი სწუხს და შფოთავს. მოსავალი კარგი საიდან იქნება, თავადიშვილო, როცა მხვნელ-მთესველი შიშით თავისუფლად ვერ გამოსულა სამუშაოდ. სიმრთელეს ვინ მიანიჭებს შიმშილით კუჭ-გამხმარ ხალხს. ან ეს მიბრძანეთ, თვით ხალხი სად არის? სად არის ხალხი? ან სად იქნება, როცა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ძენი და ასულნი ასობით და ათასობით, შავ ზღვას გაღმა ბატკანივით და თიკნებივით იყიდებიან. ჭეშმარიტად დიდია სულგრძელება უფლისა, თორემ, საკვირველია, რატომ ამდენხანს არ მოგვივლინა, როგორც საღმრთო წერილში წერია: „ცეცხლი და წუმწუბა და სული ნიავქარისა“ და სრულებით არ აღგავა პირისაგან ქვეყანისა ჩვენი ცოდვილი კუთხე. მე მიკვირს, რატომ ზღვად და პალეასტომად არ გადიქცევა მთლად ჩვენი ქვეყანა, საცა ამდენი შესაზარი უსამართლობა მომხდარა და კიდეც ხდება, საცა... მაგრამ, ჰოი, უფალო, შეგცოდე! მაშინათვე ადამიანური სულმოკლეობა მომიტაცებს ხოლმე და სრულებით მავიწყდება, რომ შენ სულგრძელი ხარ და მრავალმოწყალე. არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებ და არცა საქმეთა ჩვენთაებრ გვასწავლი ჩვენ. შენ უკეთ უწყი უმჯობესი... ახლა მგონია არ გაგვწირავ სრულიად, რადგან მოავლინენ ჩვენდა შემწე წმიდით შენით და სიონით გამო ხელი აღგვიპყარ ჩვენ... რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლო. არა, თავადიშვილო, - ხმას დაუშვა ხუცესმა, - ჩემი ეფუთ-კარაბადინი ხელისგულივით ჩვენს წინ გადაშლილი ჩვენი ცხოვრებაა, თუმცა სახარბიელო არაა, მაგრამ არც სულ უნუგეშოა. აწ გულის ხმა ვყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმა ცხებული თვისი... უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდეთ შენ... ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა ვხადოდეთ. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩვენ აღვსდეგით და აღვემართენით.

თავად ალექსანდრეს პირისახეზე ალმური აედინა. ის ძლიერ კარგად მიუხვდა, თუ რა ქარაგმებით უბნობდა მარკოზ ხუცესი. საქმე იმაში იყო, რომ თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს, - გურულს, იმერელს თუ მეგრელს, თავადის სახლში მყუდრო ბინა ჰქონდა, რადგან თავადი დიდი გავლენიანი კაცი იყო და მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას უბრალო ვინმე კი არა, თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა. თავადი ცნობილი იყო ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან. ისინი თავად გიორგის დიდად აფასებდნენ და პატივს სცემდნენ. ერთი სიტყვით, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე თავადმა ძლიერ კარგად იცოდა და ამით კაიძალ ქონებასაც იძენდა.

ვინ იცის, რამდენჯერ მოსვლია უსიამოვნება მარკოზ ხუცესს თავად გიორგისთან ტყვეთა გაყიდვისა გამო. ბევრი უქადაგნია ხუცესს თავადისთვის, ბევრი უხვეწნია, ბევრი უმხილებია აღეკვეთა ეს საზიზღარი საქმე, მაგრამ ვერა გაეწყო რა. თავის მხრივ თავადს მღვდელი მარკოზი, რასაკვირველია, სძულდა, უნდოდა მასთან ყოველივე კავშირი გაეწყვიტა და სახლშიაც არ შემოეშვა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა, რადგან ქალბატონი როდამი დიდი პატივისმცემელი იყო მარკოზ ხუცესისა და სხვა მოძღვრის არჩევაზე არასგზით არ თანხმდებოდა. თავდი გიორგიც გულის სიღრმეში, უეჭველია, გრძნობდა ხუცესის პირად ღირსებას და, თუმცა არ ესიამოვნებოდა მუდამ მამხილებელი კაცი, მაინც, ვიგინდარა ყურმოჭრილ ყმა-მღვდელს მაინც ერჩივნა. „რას დავეძენ, ილაპარაკოს რამდენიც უნდაო, მე მაინც ჩემსას ვიზამო“, - ფიქრობდა თავადი, მაგრამ როცა მარკოზ ხუცესი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო თავად მეფე სოლომონმა, საქმე შესამჩნევად შეიცვალა. მღვდელი მარკოზი ახლა ტყვეთა გამყიდველთათვის საშიში კაცი შეიქნა. ხუცესს შეეძლო თავის მომხრენი, რომელთა რიცხვი, განსაკუთრებით დაბალ ხალხში მრავალი იყო, აემხედრებინა, მეფისთვის მიემართნა, ისიც ძალას მოაშველებდა და ტყვეთა გაყიდვის საქმეში მხილებული სასტიკად დაისჯებოდა. თუმცა ხუცესი ჯერჯერობით ჩვეულებრივ ტკბილ სიტყვებს და იგავების თქმას სჯერდებოდა, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო სხვა ღონისათვის მიემართნა და თავადი გიორგისთვის საგრძნობელი უსიამოვნება მიეყენებინა. ამიტომ თავადმა ბოლო დროს ხუცესს მოფერება და უფრო პატივით მოპყრობა დაუწყო, თანაც ეფიცებოდა, რომ ახლა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმეში ჩარევას სრულებით თავი დავანებეო. ერთი მხრივ ეს ტყუილიც არ იყო. აშკარად მოყვანა ტყვეებისა თავადის სახლში, რაც წინეთ ჩვეულებრივი მოვლენა იყო და რისთვისაც თავდი გიორგი არავის ერიდებოდა, შესამჩნევად შემცირდა.

სხვა დროს თავად ალექსანდრესაც მღვდლის იგავებზე შეიძლება პასუხიც გაეცა, მაგრამ დღეს საუკეთესოდ სცნო გაჩუმებულიყო, ხუცესისადმი უკმაყოფილებას მხოლოდ თვალებით გამოსთქვამდა და მით კმაყოფილდებოდა. მღვდელმა კი ძლიერ კარგად შენიშნა, რომ თავადიშვილს მისი სიტყვები არ ესიამოვნა, მაგრამ თითქოს არ შეუჩნევიაო, კვლავ განაგრძო ლაპარაკი.

- იცოდე, თავადიშვილო, ჩვენ აღვსდგებით და აღვიმართებით! სძლევს სიკეთე ბოროტებას, მაგრამ შურს არ იძიებს. ქრისტიანულ სიკეთეს შურისძიება არ უყვარს. რაც იყო, შვილო, იყო! - უკვე პირდაპირ სთქვა ხუცესმა, - მას ნუღარ გავისხენებთ. ყოვლად მოწყალეს ვსთხოვოთ შენდობა და დავადგეთ ახალ გზას. მაშინ ნახავ, რომ ცაც დროზე წვიმას მოგვცემს და ქვეყანაც უხვად აღმოაცენებს ნაყოფსა თვისსა, მოსავალიც კარგი იქნება და სიმრთელეც ხალხში სანატრელი.

- ღმერთმა ქნას! ღმერთმა ქნას! - ამბობდა თავდი, მაგრამ ზედვე ეტყობოდა, გულწრფელი არ იყო ეს მისი სურვილი.

- დროა, გონს მოვიდეთ, სიტყვით ნათქვამი საქმითაც შევასრულოთ, ხელი ხელს მივცეთ და წარმოვსთქვათ სიტყვა იგი მეზვერისა, - მტკიცედ სთქვა მღვდელმა მარკოზმა, მაგრამ სიტყვა ვეღარ დაათავა, ოდნავ შეკრთა და ეზოში რაღაცას დააკვირდა.

ეზოშჲ საჯინიბო სახლისაკენ ვიღაც შავწვერა, ჩასქელებული, ყაბალახით თავშეხევული კაცი მიდიოდა, უკან ქამარში განდაგან დამბაჩა ერჭო და რაღაცნაირად რცევა-ზნექით მიდიოდა. გამოცდილ მღვდელს ეს კაცი მაშინათვე თვალში ჩაუვარდა.

- ეს კაცი ვერ ვიცანი, ბატონიშვილო! - მიუთითა ხუცესმა ეზოში მიმავალ კაცზე.

თავადმა ალექსანდრემ გაკვირვებით აიხედა, სახე ცოტა გაუფითრდა, მაგრამ შეეცადა სრულებით დამშვიდებული სახე მიეღო.

- ესა? ჰო, ჩვენი მოკეთე კაცია.

- აქაური არ უნდა იყოს.

- ...არა, ოდიშელია, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ ცოტა სიჩუმის შემდეგ.

- ოო!.. - მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა ხუცესმა და სასტიკი თვალით თავადს შეხედა.

- მამაო, დედას უკვე გაეღვიძა, - მოიბოდიშა თავადიშვილმა, საჩქაროდ წამოდგა და სახლში შევიდა. სხვა გზა არ იყო, ხუცესის მრისხანე თვალს თვალი ვერ გაუსწორა.

- ოო... ახლა კი მივხვდი! აქ რაღაც საქმეა, - გაიფიქრა მღვდელმა და თეთრ წვერზე ხელი მაგრად მოისვა. - სახეზე ვატყობ იმ შავ-შავ ყაზახს, კეთილი სული არ უნდა იყოს. ვითომ ახლაც გაბედეს და ვინმე უბედური მოიყვანეს? მოიცა, ვნახო ქალბატონი, ყოველისფერს გამოვააშკარავებ. მაშინ გაუხმეს ხელი მარკოზ ხუცესს, თუ მან ვისმე ზიარება მიაწოდოს, სანამ დაწვრილებით არ შეიტყობს, თუ რაშია საქმე. თავადიშვილს მე არასოდეს გულზე არ ვეხატე. მამის შვილი არაა! მაგრამ დღეს კი რაღაც განსაკუთრებული არეულობა შევატყვე. ღმერთო, მწეო ჩემო და მფარველო ჩემო, განმისწავლენ გზანი ჩემნი! - ლოცულობდა გულში ხუცესი. მის ყურამდე სამზარეულო სახლიდანაც კანტი-კუნტად საგულისხმიერო სიტყვებმა მოაღწია. მღვდელს ესეც არ გამოეპარა.

- ვაი, ვაი, დედაი სულო! უღმერთოები, უღმერთოები, - ამბობდა მოხუცი გადია. - მისი ცოდო... კაცის გული... და...

რამდენიმე ქალი ერთად ლაპარაკობდა. სამზარეულო სახლიც კარგა მოშორებით იყო და მღვდელმა მარკოზმა დალაგებით ვერ გაიგონა მოხუცი გადიას ნათქვამი, მაგრამ რაც გაიგონა, ისიც საკმარისი იყო, ეჭვი აეღო, რომ ამ სახლში რაღაც საიდუმლო საქმე იმალებოდა, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო იმ შავწვერა მეგრელის მოსვლასთან.

- ვითომ, რაც თავადმა შემომფიცა, მაგისთანები აღმოვკვეთეო, კიდევ გაბედეს? - თავისთვის წარმოსთქვა ხუცესმა. - დამაცადეთ, განკითხვის დღე მოახლოებულია, - იმუქრებოდა მღვდელი მარკოზი.

VI

ქალბატონს გამოეღვიძა. ალექსანდრე არსად სჩანდა. გამოვიდა მოახლე ქალი და მღვდელი სახლში შეიპატიჟა. მღვდელი მარკოზი შევიდა.

ოთახი, სადაც იწვა ქალბატონი, დიდი არ იყო. კედელში გამოჭრილი პატარა ფანჯარა სახლს საკმაოდ ვერ ანათებდა. ერთ-ერთ კედელთან, ტახტზე, ძვირფას აბრეშუმეულობა გადაკრულ ქვეშაგებში იწვა ქალბატონი როდამი. ტახტის წინ ძვირფასი, სტამბოლიდან მოტანილი ხალიჩა ეგო. ავადმყოფის სარეცელთან მაღალი სამფეხა სკამი იდგა, რომელზედაც მხედრულად დაწერილი პატარა დაუჯდომელი და ვერცხლის პატარა შანდალი იდგა. შანდალში შინ ჩამოქნილი ყვითელი სანთელი ერჭო. ოთახში, ავადმყოფს გარდა, არავინ იყო.

მღვდელმა მარკოზმა ოთახში ფეხი შესდგა თუ არა, მცირე ლოცვა წარმოსთქვა და მერე ავადმყოფს აუჩქარებლდა მიესალმა.

- იაგუნდისა, - მილეული ხმით დაიძახა ქალბატონმა, - მოძღვარს სკამი მიართვი.

მოახლემ სკამი შემოიტანა. ხუცესი ჩამოჯდა. ოთახს თვალი მოავლო, ერთიც დაუჯდომელს გადახედა და ავადმყოფს თანაგრძნობით დაეკითხა:

- რა დაგმართნია, ქალბატონო? ძლიერ ვწუხვარ, სასო მღვთისმშობელს შევთხოვ შენს ჩქარა განკურნებას.

- გმადლობ, მოძღვარო! ძლიერ ცუდად ვიგრძენი თავი და შეგაწუხე. ვინ იცის, სიკვდილ-სიცოცხლე ხომ ერთი წუთის საქმეა, - ნელ-ნელა წარმოსთქვა როდამმა.

მღვდელმა თავისი გამომცდელი თვალებით ახედ-დახედა ავადმყოფს და ტკბილად მიუგო:

- კეთილი, ქალბატონო! მოხარული ვარ, რომ გაჭირვების დროს ღმერთს მიმართავ ხოლმე. და ხმა ჰყოს ჩემდამი და მე ვისმინო მისიო, ბრძანებს უფალი. უეჭველია, შენც გისმენს იგი, თუ კი გულწრფელად მიმართავ მას.

- მოძღვარო, ძლიერ სუსტადა ვარ.

- უფალი გამამტკიცებს უძლურთა და დაამხობს ძლიერთა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი, - თვალების ზეაპყრობით ამბობდა მღვდელი მარკოზი.

- ეხ! მოძღვარო, უფალსაც მოსწყინდა, ალბათ, ჩვენი ცოდვები... ჩვენი...

- ჩვენი ცოდვები, ქალბატონო, რაღა საკითხავია... დასამალი არაა, აშკარაა, - გააწყვეტინა ხუცესმა, - მთანი და ბორცვნი, მდინარენი და ველნი, ზღვა და ხმელეთი, უსჯულოთა ბანაკი და ქვრივ-ოხერთა თავშესაფარი ქოხი სულ ჩვენ ცოდვებზე არ ღაღადებენ?

- მოძღვარო, მე ხომ მიცნობ? მრავალჯერ მითქვამს ხომ გულწრფელი აღსარება შენთვის... ჩემი სულიერი ტანჯვა, ჩემი წუხილი... უფალმა ხომ უწყის... - ქალბატონს ტირილი მოერია და სიტყვა ვეღარ დაათავა.

- მგონი, მეც მიცნობ, ქალბატონო! ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ჯვარი დაგწერე. კარგად იცი, რამდენი უსიამოვნება შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში, თვით შენ ოჯახშიაც რამდენჯერ ყოფილა ჩემ დასაღუპად შეთქმულობა, მაგრამ პირადად შენი ყოველთვის მადლობელი ვიყავი, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ არ შენ, ბევრი ხნით ადრე ცოცხალთა რიცხვში აღარ ვიქნებოდი. უფალმა მოგაგოს მაგიერი. მრწამს ისიც, რომ გულწრფელად იტანჯებოდი, როცა ჰხედავდი აშკარა უღმრთოებას შენ ოჯახშივე შენს დაახლოებულთა მიერ. მართლაც და დიდი უნდა იყოს ის მწუხარება, რაც უნდა განეცადა პატიოსან ცოლსა და დედას, როცა ხედავდა, რომ მისი ქმარი და შვილი ძმათა მტაცებელს და უსჯულოში გამყოდველს თავშესაფარს აძლევდნენ. მაგრამ დაგვიდგა სხვა დრო. ღმერთმან ზეცით გარდმოიხედა, მოგვივლინა მხსნელი. ხომ შეიტყე, რა სასტიკი ბრძანება გაუცია მეფეს ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს ბრძანება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. კიდევაც ახლავე დაეტყო ამ ხმის ძლიერი გავლენა ჩვენ ქვეყანას. ახლა მტესველი უკვე მხიარულად გამოდის თესვად, ხოლო მტაცებელი თავზარდაცემული იმალება. მე იმედი მქონდა, ასე სანატრელად დროების შეცვლა შენ გაგახარებდა და, აი, საუბედუროდ, ვხედავ, რომ, პირიქით, დაუძლურებულხარ, ტირი და გოდებ. გატყობ, რომ შენი ავადმყოფობა რაღაც სხვანაირია, ასოთა ტკივილისაგან არ არის გამოწვეული. მითხარ, რაშია საქმე, ნუ დამიმალავ!

ქალბატონი მწარედ ქვითინებდა.

- პასუხის მოცემა გეძნელება, ცრემლი ნებას არ გაძლევს? - გულდამშვიდებით გააგრძელა ხუცესმა. - არა უშავს-რა, ცრემლი დიდი ნუგეშია, მწუხარე გულის დამამშვიდებელია. შეიძლება, ჩემ შეკითხვას პასუხიც მე მივცე? კარგი, შენ არ შეგაწუხებ, მე თვითონ გიპასუხებ. ხომ იცი, ქალბატონო, ჩემ გამოცდილ თვალებს არაფერი არ გამოეპარება, მაგრამ ერთი მაინც უნდა მიბრძანოთ: ვინა ბრძანდება ის შავწვერა მეგრელი, თქვენს სახლში დღეს სტუმრად რომ არის? უეჭველია, კეთილი სული არ უნდა იყოს!

ქალბატონი ცრემლით სავსე თვალებით მღვდელს დააშტერდა.

- ნუ გიკვირს, ქალბატონო, მე ის უკვე ვნახე! თუმცა შორიდან, მაგრამ მაინც ვნახე და ჩემთვის ესეც საკმარისია. დანარჩენი ხომ ცხადია, მე და შენ მაინც განმარტება აღარ გვჭირია.

- მოძღვარო, ვფიცავ იესო მაცხოვარს, - წამოიძახა ქალბატონმა...

- აბა, შენი ფიცი მე რაღათ მინდა... განა არ ვიცი, რომ მისი სტუმრობა შენც ისე გაგიხარდებოდა, როგორც მე დღეს მისი ნახვა? რას ვამბობ, მე თუმცა არ მესიამოვნა მისი ნახვა, მაგრამ ავად არ გავუხდივარ და იმედი მაქვს, არც გამხდის, შენ კი, აი, სარეცელში წევხარ.

- მოძღვარო, გულთმისანი ხომ არა ხარ? - ისევ წამოიძახა ქალბატონმა.

- გულთმისნობა რაღა საჭიროა! ისედაც მივხვდებით, სირცხვილიცაა მარკოზ ხუცესისთვის, მაგისთანეები გამოეპაროს.

- რა ვქნა, მოძღვარო, ორ ცეცხლშუა ვარ ჩავარდნილი, - საცოდავად წარმოსთქვა როდამმა და ცრემლი მოიწნინდა. - ერთხელ დაჩვეულის ერთი მოსმით გადაგდება ძნელი ყოფილა. შენც ხომ იცი, რომ ჩემმა ქმარმა და შვილმა გურიელთან ერთად მეფეს შეფიცეს, რომ ფაშისთვის ტყვეები არ მიეწოდებინათ და, მართალი უნდა ვსთქვა, სხვა დროსთან შედარებით, ძლიერაც შეამცირეს ეს საძაგელი ხელობა, ეს შენც იცი, მაგრამ სრულებით მაინც ვერ აღმოიკვეთეს. მე ცალკე ქმარს ვეჩხუბე, ცალკე შვილს და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ აქ, ამ ჩემს ოჯახში, ჩემ თვალწინ მაინც არ უნდა მომხდარიყო ეს საზიზღრობა. ორთავემ პატიოსანი სიტყვა მომცეს და, მართლაც, სამი თვე გავიდა, რაც ჩემ ეზოში ტყვე არ შემოუყვანიათ; მოწმე იყოს თვით ქალწული უბიწო! დღეს დილით კი მოეთრია ის ავაზაკი, ის იუდა გამცემლის თანაზიარი, ის დაუნდობელი და ერთი პატარა ყმაწვილი მოიყვანა... ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი, რომ... ვაი დედამისს გამწარებულს, ცეცხლ-გენია მოკიდებულს! მე მაშინათვე ყვირილი მოვრთე, თავი მოვიკალი... ბატონი შინ არ იყო, არც ახლა გახლავთ... ჩემმა შვილმა კი ჩვეულებრივ მანუგეშა, ეს უკანასკნელიაო. დანაპირი ვართ ფოთის ფაშასთან, სასყიდელი წინდაწინ გვაქვს მიღებულიო. მე ეს არ დავიჯერე, გავცოფდი, დავირიე. ბავშვი გამოვტაცე და ჩემს ერთგულს გადიას და მოსამსახურეებს ჩავაბარე... მერე საშინელი თავის ტკივილი ამივარდა... გონებაც დავკარგე...

- მესმის, მესმის, ქალბატონო, ყოველისფერი მესმის, დამშვიდდი! შენი სათნოებით და სიყვარულით სავსე გული მეოხ ეყავნ შენ ქმარ-შვილს დღესა მას განკითხვისასა. - თანაგრძნობით მიუგო მოძღვარმა. - არ დაგიმალავ, მე ამას მაშინათვე მივხვდი. თავადიშვილს ალექსანდრეს თვალებში შევატყე, რომ ჩემი ნახვა არ ესიამოვნა. რა ვქნა! მე მაინც ღვთისადმი ვითხოვ მის კეთილ გზაზე დაყენებას. დრო კი არის, ქალბატონო, შენმა ქმარ-შვილმა აღმოკვეთონ ეს საზარელი საქმე. ნუ თუ არ კმარა, რაც მდუღარე ცრემლი დაიღვარა უბედურ ჩვენი ქვეყნის დედათაგან მთელი საუკუნის განმავლობაში! დაე, ჩვენი ქვეყნის ტურფა ძენი და ასულნი ჩვენ ქვეყანაშივე დარჩნენ. აქვე დაიზარდნენ, აქვე იშრომონ. აქვე განვლონ დღენი ცხოვრებისა, მოიხადონ მოვალეობა სამშობლოს წინაშე და აქვე მიწას მიებარონ. გარდაეცი ბატონს ჩემ მაგივრად, რომ ფიცი მტკიცედ შეინახოს. ნუ ჰკადრებს თავის ჭაღარას არასაკადრისს, თორემ მოახლოებულია დღე განკითხვისა. ხომ იცის, ისმინა უფალმა ტირილი და გოდება ხალხისა და მოუვლინა მას მფარველი. ეკრძალოს. მე გამიფრთხილებია.

- ახლა როგორ მოვიქცე, მოძღვარო, ბავშვს რა ვუყოთ? - დაეკითხა როდამი.

- ბავშვი ჯერ-ჯერობით მე მომეცი, გავზრდი. შევასწავლი რასმე და მერე პატრონი მოვძებნოთ და ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, უკეთესია ამ საქმეში ხმა არავინ ამოიღოს. არც შენ და არც ჩემ წინააღმდეგ, თორემ ბოლოს სასინანულოდ დაურჩება. მარკოზ ხუცესი თავმდაბალია, მაგრამ, თუ გაჭირდა, ქუდმაღალზე უარესს იზამს. შენ კი, ღირსო ადამიანო, უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიგრძე. დამშვიდდი, ზიარება არ გეჭირვება.

(გაგრძელება)