უღრან ტყეში, უზარმაზარ ფუღურომ მუხის გვერდით მდელოზედ, ნაბადი იყო გაშლილი. ზედ წამოწოლილიყო თავით ფეხებამდე შეიარაღებული კაცი. ფეხებ შუა თოფის ლულა დაემალა, ხოლო კონდახი მკერდში ჩაეხუტებინა. წელზე შავი რქისტარიანი ხმალი ერტყა, ხელში დამბაჩა ეჭირა. იქვე ახლო ხის ტოტზე მიბმული იყო გიშერივით შავი ბედაური ცხენი. ერთი შეხედვით ნაბადზე მწოლი თითქოს სთვლემდა, მაგრამ ყოველ ფოთლის შრიალზე, ან სხვა რამე გახმაურებაზე ტყეში, ფრთხილად, გველივით თავს მაღლა აიშვერდა, დამბაჩას მოიმარჯვებდა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავდა.
კაცი იყო ტანად - ჩასკვნილი, პირად - სახე ოდნავ დანაოჭებულს, მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. ნიკაპს უფარავდა ნახშირივით შავი, მოკლე, აქა-იქ ჭაღარაშერეული, ქოსა წვერი. მრისხანე გამომეტყველების დიდრონ შავ თვალებს აქეთ-იქით მოუსვენრად აბრიალებდა.
- ფიტ, ფიტ, ფიტ! - გაისმა ტყეში ლარჭების ხმა. ნაბადზე მწოლი საჩქაროდ წამოდგა, თოფსა და დამბაჩას ფალია გაუსინჯა და სმენად გადაიქცა.
- ფიტ, ფიტ, ფიტ! - ახლა უფრო გარკვევით მოისმა ხმა.
ნაბადზე მჯდომი ზეზე წამოდგა.
- ფიი...ტ, - გაისმა ტყეში ერთხელ კიდევ, მაგრამ გრძლად, - ფიიი...ტ, - გაისმა კვლავ ცოტა სიჩუმის შემდეგ.
კაცმა თოფი ზურგზედ გადიკიდა, ახალუხის ჯიბეში ხელი ჩაიყო, ლერწმის პატარა ნაჭერი ამოიღო, პირზე მიიდო და დაუსტვინა.
„ფიტ!“ მოკლედ და მკაფიოდ გაისმა უღრან ტყეში.
გავიდა დრო. მახლობელი ბუჩქნარი მძლავრად შეიძრა და ტოტების შრიალი მოისმა.
- ქუჩუია! - დაიძახა ხის ქვეშ მდგომმა, მუხას ოდნავ მოეფარა და დამბაჩა წინ გამოიშვირა.
- მე ვარ, ფიქრი ნუ გაქვს, - მოისმა ნაცნობი ხმა.
- სანგარო, რამდენი სიფრთხილეა საჭირო, - ჩაილაპარაკა შავ-შავმა კაცმა. თავისუფლად ამოისუნთქა, დამბაჩა ქამარში ჩაირჭო და მოლოდინში ერთ ალაგას გაჩერდა.
ცოტა ხნის შემდეგ თხილის ბუჩქებში ვიღაც დაბალ-დაბალი, ჩასქელებული, წითური კაცი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იმასაც ხელში თოფი ეჭირა.
- თენგიზ, მარტო ხარ? - ფრთხილად დაიძახა მან და ხელი რაღაცნაირად გააქნია.
თენგიზმა მარცხენა ხელი პირზე მიიდო და მარჯვენა ხელის სალოკით მუხის ფუღურო უჩვენა.
ახალმოსული ფეხაკრეფით მივიდა და ფუღუროში შეხედა. ფუღურო დიდი იყო. ავდრის დროს სამი-ოთხი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა შიგ.
- ეჰე! - ჩუმად სთქვა ახალმოსულმა და თავი კმაყოფილებით გააქნია:
- სუ, სუ! ძინავს, ძინავს! - ფრთხილად ჩაულაპარაკა თენგიზმა.
ორთავენი მუხის ცოტა მოშორებით ჩამოსხდნენ.
- ნელა ვილაპარაკოთ. ჯერ არ მინდა გაიღვიძოს. საშინლად დაღლილია, - სთქვა თენგიზმა...
- წარმომიდგენია, - მიუგო ქუჩუიამ, - კაი ბიჭსა ჰგავს, აი! რამდენი წლისაა, ნეტავ?
- აბა რა ვიცი, მის დაბადებას არ დავსწრებივარ და ნათლობას. გარეგანი შეხედულებით ასე შვიდი-რვა წლისა უნდა იყოს.
- ბიჭო, ბიჭო, შე ღმერთგამწყრალო, როგორ მოახერხე?! სწორედ რომ ეშმაკი ხარ, ეშმაკი!
- ეხ! ნუ გამახსენებ ქე მაინც! ეშმაკი კი არა, კინაღამ ანგელოზიც დამავიწყდა. მოხერხება კი არა, კინაღამ თავიც ზედ გადავაგე. რასაც ერთხელ დაეჩვევა კაცი, რაშიაც ერთხელ ხელს გაისვრის, მერე მისი მოშლა შეუძლებელი ყოფილა, კაცო, თორემ ამისთანა სახიფათო და აშკარა საშიშ საქმეს კაცი როგორ უნდა სჩადიოდეს. ეს შემთხვევა მაინც სულ სხვა იყო. ჩემ ცხოვრებაში, ქუჩუია, შენც ხომ იცი, რამდენი ბავშვი მე მომიტაცნია. რაღა ბავშვი გინდა, რამდენი გასათხოვარი ქალი! ხომ გახსოვს, ამ ათი წლის წინად რას ჩავდიოდით, მაგრამ ამდენი შიში და ზაფრა, რაც ახლა გამოვცადე, არ გამომიცდია. მე თვითონ მიკვირს, აქამდე ცოცხალი როგორ მოვაღწიე.
- ვახ! ვახ! - ამბობდა ქუჩუია. - მოტაცებით კი ადვილად მოიტაცე?
- კაცო, უცაბედად შემეჩეხა... მე, მართალი გითხრათ, საგანგებოდ სხვაგან მივდიოდი. შევიხედე ერთ ალაგას, საისლეს გვერდიღ, დაღმართზე, მაღლა ანწლიანში თხების ფრუტუნი მომესმა. იქვე სკვინჩასავით პატარა ბავშვი შევამჩნიე, ხელში პატარა ჯოხი ეჭირა და რაღაცას თამაშობდა. საისლეს გვერდით, დაღმართშივე კვამლი ამოდიოდა. ეტყობოდა, ვიღაცა ესახლა. დედაკაცის ხმაც მომესმა: იქით მიაბრუნეო. ჩემ დანახვაზე ბავშვი სრულებით არ შეშინდა, გამიღიმა კიდეც, ალბათ, ვისმე მიმამსგავსა. მე მაშინვე მარჩილით სავსე ქისა ამოვიღე, დავაჟღარუნე და ვუჩვენე, ა, ჯიჯი, შენ გქონდეს-მეთქი. მაშინათვე მოირბინა. მეც, ხომ იცი, პირველი შემთხვევა არაა ჩემთვის ამისთანები, ხელი ვტაცე, ბურთიც პირში მარჯვედ ჩავჩარე და ბაწრით ნაბდის ქვეშ ზურგზედ შემოვიკარ. მერე მოვკურცხლე, მაგრამ შენს მტერს, რაც დღე მე დამადგა...
- შეგიტყვეს ჩქარა, ა?..
- რის შეტყობა! შეტყობით გვიანამდე არ შეუტყვიათ. შეტყობა კი არა, ბავშვმა გამიჭირა, კაცო, საქმე. ცხვანტივით დაიწყო ტრიალი! კინაღამ ბაწრიანად გამიძვრა. საცა ხელი დამავლო, ამ მუშტისტოლა ბავშვმა, ისე მაგრა ჩამჭიდა, რომ ახლაც მტკივა. იმ ზომამდე მივედი, ქუჩუია, რომ, ეხ, ჯანი გავარდეს, დავსცხებ ამ დამბაჩას შუბლში ამ ლაწირაკს და მოვრჩები და მოვისვენებ-მეთქი. არ იქნა, ვაჟო, მისი საშველი! სანამ ღონე სრულებით არ გამოელია, არ მოისვენა. აღმართ-დაღმართი რომ გავიარე და როსთოს ჭალას მოვატანე, თოფის ხმა და კიჟინა მაშინ მომესმა. ისეთი ამბავი იყო, რომ მეგონა, დიდი და პატარა ერთად მომდევს-მეთქი. რომ მომწეოდნენ, შენი მტერი, ბოლოკივით ამთლიდნენ, მაგრამ რას გეტყვი, იცი, ქუჩუია, ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო... ინატრე მხოლოდ კარგი ცხენი. კარგი ცხენის ფასს, იცოდე, ენა ვერ გამოსთქვამს. ღმერთმან აკურთხოს ამის გამზრდელი. ეს ის ცხენია, გურიიდან რომ მოვიყვანე შარშან. ეს ცხენი არა მყოლოდა, ახლა ლუკმა-ლუკმა დაკეპილი ვეგდებოდი სადმე. აბაშაში ისე გამოვედი, არ შეუსვენია, მერე ღამემაც მომასწრო და, როგორც არის, ჯერ-ჯერობით სული კბილით გადავარჩინე.
- ახლა როგორ ვქნათ? - დაეკითხა ქუჩუია.
- ორპირთან ნავი არის?
- ვითომ ორპირით წახვალ?
- საით ჯობია?
- ორპირისკენ არ გირჩევ, ძლიერ საშიშია. ყოველ სანაოზე და შარაგზაზე მეფის ყარაულები დგანან. თუ შეგამჩნიეს რამე მაგგვარი და ხელში ჩაგიგდეს?! ავა ვაია... არავითარ წირვა-ლოცვას არ მოგაშველიებენ. მოკვლით, მართალია, არ მოგკლავენ, მაგრამ სიკვდილი ათას წილად მირჩევნია მაგნაირ სიცოცხლეს: თვალებს დაგთხრიან და გაგიშვებენ. იარე, რამდენიც გინდა და საითკენაც გინდა...
- ოჰ! მაგას ცხრაჯერ სიკვდილი მირჩევნია... მაშ საით ჯობია წავიდე? ვითომ სუჯუნისკენ?
- აპაპა! იქ უკვე, ალბათ, მარაგად იქნებიან, გზები ახლა ყველგან შეკრული იქნება. შენ გგონია ჩვენ ჭკუიანები ვართ და სხვები ტუტუცები?
- მაშ, როგორ?
- მომითმინე, - აუჩქარებლად მიუგო ქუჩუიამ და შუბლზედ ხელი მიიდო... - იცი რა გითხრა?
- ჰო!
- ფართე ჩქონი ცი?
- ვიცი.
- აი იმის პირდაპირ, ახლო, გამოღმა შავი ღელე ერთვის რიონს; მიუვალი ადგილია. ცხენით, ტყულია, იქ ვერ მივადგებით. ისეთი ჭაობები და პაპანწყვლია, რომ თუ ფეხითაც გავედით, ღმერთს ათჯერ თავი დაუკარი. მე წავალ, სადმე პატარა ნავს მოვიპარავ და ასე შუაღამისთვის იქ დაგხვდები. თუ ამაღამ ნავი ვერ ვიშოვნე, სხვა რა ჩარაა, ხვალ საღამომდეც ტყეში უნდა შევინახოთ თავი.
- მაშ, აბა, შენ იცი, ქუჩუია! როგორმე იშოვნე ნავი. თუ რიონს გავედი, მერე არა მიჭირს რა... ცხენი კი, ქუჩუ... შენი ხელით ყელი არ გამომჭრა და თვალიდან არ მოიშორო ჩემს მოსვლამდე. კაი საბალახოებზე დააბი, ომბალე არ შეყვეს... შენ იცი, აბა, ჩემი საკუთარი თავივით ჩამიბარებია.
- შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ქუჩუს მაგისთანების დარიგება არა სჭირია. შენ კი, იცი, რომ მიუახლოვდე ფართე ჩქონს, ორჯერ ზედიზედ დაისტვინე. ხანი გამოუშვი და კიდევ ორჯერ დაისტვინე. თუ პასუხი მიიღო, იცოდე, საქმე გაჩარხულია, თამამად მომიახლოვდი. ახლა კი - ჰა, ეს ცოტა რაღაც მოგიტანე, ჯერ-ჯერობით ეს წაისაუზმე, - სთქვა ქუჩუიამ და ჩოხის აკეცილი კალთიდან კვახის ფოთლებში გახვეული რაღაც ამოიღო და თენგიზს გადასცა. - რომ შებინდდება, ერთ დოქ ღვინოსაც მოგიტან და ცხენსაც მაშჲნ წავიყვან, - დაუმატა მან, ფრთხილად გზას გაუდგა და ხშირ ფოთლებში მიიმალა.
მღვდელმა მარკოზ დაბაძემ ბოსტანში მუშაობა გაათავა. ხელ-პირი დაიბანა და თავის პატარა, მაგრამ კოპქია ფიცრული სახლის დერეფანში, გრძელ და ფართე სკამზე ჩამოჯდა. ხვალ კვირა იყო და წირვისათვის მომზადებას დღეს საღამოდავნე უნდა შესდგომოდა.
მღვდელი მარკოზი მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც ღრმად მორწმუნე, სიმართლის მოყვარული, პირში მთქმელი, კადნიერი, ჩინებული მწიგნობარი და ტკბილი მგალობელი. ორი ვაჟი მღვდელი ჰყავდა სხვადასხვა სოფელში, სამი ქალიშვილი გათხოვილი და, ახლა უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი, სახლში მარტო დარჩენილიყო თავის მეუღლესთან, ყველასაგან პატივცემულ, მისი ჭირის და ლხინის გამყოფ მოხუც მარიკასთან.
მღვდელი მარკოზი აზნაურთაგანი იყო. მამისაგან რამდენიმე მეკომური ყმა ერგო მემკვიდრეობით, მაგრამ იმან ადრიდანვე ცოტაოდენი სასყიდელი აიღო მათგან და ყოველგვარი გადასახადებისა და სამსახურისაგან გაანთავისუფლა. სახლში ჰყავდა მხოლოდ ერთი ნაყმევის ასული ლერწამისა, აწ უკვე ხანში შესული დედაკაცი. ლერწამისა პატარაობითვე მათ ოჯახში იყო აღზრდილი, მერე გათხოვილიყო, მაგრამ ქმარ-შვილი დახოცოდა და სამუდამოდ მღვდელ მარზოკთან დაბინავებულიყო.
მღვდელი მარკოზისთანა კაცი იმ ჩვენი ქვეყნისათვის ავად სახსენებელ დროს (მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი) მართლაც და სანუგეშო მოვლენა იყო. იმ დროს მთელი საქართველო, ამერ-იმერი შინარუ და გარეულ მტრების მიერ აწიოკებულ-აოხრებული, საზარელ სურათს წარმოადგენდა. მაშინდელი ქართლ-კახეთის მდგომარეობის დასასაბუთებლად საჭიროა მხოლოდ გავიხსენოთ სახელოვანი მგოსნის დავ. გურამიშვილის სიტყვები:
„ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენა მჭევრი.
იფქლი ღვარძლად გადაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმა მტერმა ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან განაწევრი“.
უარეს მდგომარეობაში იყო იმერეთის მხარეც. იმერეთის მეფე და მთავრები: გურიისა, ოდიშისა და აფხაზეთისა და მათი მიმყოლი დიდებულები ერთმანეთის მტრობაში, მიხტომ-მოხტომაში და სისხლის ღვრაში ლევდნენ სულს. ეს ვაჟბატონები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ სისაძაგლეს ჩაიდენდა ერთმანეთის დარბევა-აწიოკების საქმეში. მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარი ამ ხანაში იყო ტყვეების მოტაცება და ოსმალეთში გაყიდვა. გაქვთ ღვთის წყალობა, მშიერი მგელივით მღრინავი ოსმალეთი ჩინებულად სარგებლობდა ჩვენ მაშინდელ მესვეურთა გრძნობა-გონების დაბნელებით. თითქმის ყველა, ასე თუ ისე გამოსადეგი ციხეები, როგორც ქუთაისი, ფოთი, შორაპანი, ოსმალებს ეჭირათ. ათასობით გზავნიდნენ სტამბოლში ტყვე ქალს ოსმალთა დიდკაცების ჰარამ-ხანების დასამშვენებლად და ტყვე კაცებს მათი სხვადასხვა ჯარების გასაძლიერებლად.
ასეთ შემთხვევაში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე შიში, უნდობლობა, ორპირობა... ამდენი უბედურება ყველაზე მეტად თავს ატყდებოდა საწყალ დაბალ ხალხს, გლეხკაცობას, ამიტომ იგი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ყველა მას წიწკნიდა, ყველა მას სთლიდა, ხოლო შემწე და შემბრალე არავინ იყო.
ასეთ საშინელ პირობებში მღვდელი მარკოზი გამოვიდა უსამართლობის მამხილებლად, ჩაგრულის მფარველად, შურისა და მტრობის ნაცვლად ძმობისა და ერთობის მქადაგებლად. ის არავის ერიდებოდა, არც თავადიშვილებს, არც თვით გურიელს... სასტიკად გმობდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ტყვეთა გამყიდველებს. ვინ იცის, რამდენი ტყვე დაუხსნია, სტამბოლში გასაგზავნად გამზადებული! დაბალი ხალხი „მარკოზ ხუცესს“ აღმერთებდა. დიდებულებს, თუმცა არ უყვარდათ, მაგრამ მის უანგარობას, კაცთმოყვარეობას და სიმტკიცეს ძალაუნებურად პატივსა სცემდნენ. ამასთანავე მარკოზ ხუცესი იშვიათი მუშაკაცი იყო და ქონებითაც შეძლებულ კაცად ითვლებოდა, მარკოზ ხუცესს არა თუ გურიაში, იმერეთ-სამეგრელოშიაც ქება-დიდებით იხსენიებდნენ.
მაგრამ აი, თითქოს ბედმა გაუღიმა ბედკრულ საქართველოს, როგორც საშინელი ჭექა-ქუხილის და წამლეკ ნიაღვრის შემდეგ გამოიდარებს ხოლმე, ბრწყინვალე მზე მოღიამარ სხივებს ისვრის და მილეკილ-მოლეკილ მიდამოს ხელახლა აღორძინების იმედს ჩაუსახავს, ისე გაოხრებულ-დაუძლურებულ აღმოსავლეთ საქართველოს ამ დროს მოევლინა იმედი, სახელოვანი გმირი, პატარა კახი, მეფე ერეკლე. ერეკლეს „ელვარე ხმალი“ ისე საგრძნობლად გაუმასპინძლდა სულ მტრად გარს მომდგარ თურქ-სპარს-ლეკ-ყიზილბაშებს, რომ ისინი არათუ გარეკა საქართველოდან, თავიანთ სახლშიაც შიშისაგან ააძაგძაგა. 1752 წ. მეფე ერეკლემ ათას-ხუთასი კაცით საშინლად დაამარცხა ერევნის ახლო მის წინააღმდეგ ათჯერ უფრო მეტი ჯარით და ზარბაზნებით გამოსული სპარსეთის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანი. ამ გამარჯვებით თავისი ხმალი და ჯარი ახალი შარავანდედით შემოსა და მთელ აზიას დაანახვა, რომ შაჰ-აბაზისაგან აოხრებული და სასიკვდილოდ განმზადებული საქართველო უკვე მოღონიერებული და წელში გამაგრებული, კვლავ აპირებს სიცოცხლის განგრძობასაო.
ამავე დროს ბედმა თითქოს დასავლეთ საქართველოსაც გაუღიმა. სწორედ იმავე წელს, რა წელსაც მეფე ერეკლემ აზატ-ხანზე ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა, იმერეთში სოლომონ პირველი, მრავალგვარი სიკეთით და სათნოებით აღჭურვილი. ის დაემოყვრა სამეგრელოს მთავარს ოტია დადიანს, დაიმორჩილა ურჩი და თავგასული თავადები. ზოგი მათგანი დასაჯა, ზოგი გააძევა, ზოგს მოეფერა, სასტიკი ბრძანება გასცა ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. ბრძოლაში რამდენჯერმე საგრძნობლად დაამარცხა ოსმალები და თუმცა სრულებით მათი გაძევება ყველა ციხე-სიმაგრეებიდან ვერ მოახერხა, მაგრამ მათი პარპაში და ბატონობა ძლიერ შეამცირა. საერთოდ მთელი იმერეთის მხარე გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და განახლების გზაზე დააყენა.
საქმის ასე მოგვარება ვის უნდა გახარებოდა, თუ არა მღვდელ მარკოზ დაბაძეს. ჯერ როცა ერეკლე მეფის გმირობის სახელი გავარდა, მღვდელი მარკოზი სიხარულით ცას ეწია, უსურვა მტრებზე გამარჯვება და დღედაღამ მის საკეთილდღეოდ ლოცულობდა. მაგრამ, როცა იმერეთის მხარესაც მოევლინა ღირსეული მეფე სოლომონი, მღვდელ დაბაძეს გულმა ვერ მოუთმინა და სიხარულით აღსავსემ თვით მეფეს გუმანი მიართვა; მიულოცა მეფობა, აუწერა იმერეთის საშინელი მდგომარეობა და იმედი გამოსთქვა, რომ აღმოსავლეთით ერეკლე და დასავლეთით სოლომონი ერთმანეთს მხარიმხარს მისცემენ და ამჟამად დაუძლურებული საქართველოს ისევ ძველ ღირსებას და სახელს აღუდგენენო.
მეფე სოლომონს წინედაც გაგონილი ჰქონდა მღვდელი დაბაძის ამბავი და ახლა მის მიერ გამოგზავნილმა გუმანმა ძლიერ ასიამოვნა, მით უფრო, რომ, საუბედუროდ, მაშინდელი სამღვდელოება გონებრივადაც და ზნეობრივადაც სახარბიელო არ იყო. თვით მღდელ-მთავრებიც ერივნენ სტამბოლში ტყვეთა გაყიდვის საქმეში და ადვილი წარმოსადგენია დაბალი სამღვდელოება რაღა იქნებოდა.
მეფემ სახლთხუცესს უბრძანა, მადლობის ბარათი მიეწერა მღვდელ მარკოზ დაბაძისათვის, გაემხნევებინა, აღეთქვა მფარველობა და საჩუქრად გაეგზავნა ერთი კაი მაუდის კაბა და ქალაქიდან მოტანილი თბილი ყელიანი ჩუსტები.
ამ ამბავმა მღვდელი მარკოზი და მისი მომხრე საწყალი, გაჭირვებული ხალხი ძლიერ გაამხნევა და გაახარა, მაგრამ მისი მტრები, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის მოტრფიალე თავადები და მათი დამქაშები ძლიერ შეაშფოთა და მარკოზ ხუცესის წინააღმდეგ შურითა და მტრობით აღავსო. პირადად შეხვედრის დროს ძალაუნებურად ანგარიშს უწევდნენ მაღალი მფარველობის ქვეშ მყოფ ხუცესს, პატივით ეპყრობოდნენ, ეფერებოდნენ და თითქოს თანაუგრძნობდნენ. მღვდელი მარკოზი კარგად იცნობდა ყველას და თავის არჩეულ გზას მტკიცედ ადგა. არც არავის ქება-დიდება ასხამდა თავბრუს და არც არავისი მტრობა-მუქარის ეშინოდა.
- მარიკა! - დაუძახა მღვდელმა მარკოზმა ცოლს.
- რა გინდა, - მოისმა სახლიდან ხმა.
- ე მანდ რას აკეთებ?
- ბეჩა, როდის მნახე უსაქმოდ მჯდარი. საჩოხე მატყლს ვწეწავ. განა ვერ დაინახე, რომ პაჭიჭები სულ მთლად გაგცვეთია?
მღვდელმა პაჭიჭებზე დაიხედა. მართლაც, ერთიც და მეორეც რამდენიმე ალაგას ამოგლეჯილიყო. მარკოზს სრულებით არ შეუმჩნევია პაჭიჭების გაცვეთა და თუ შეამჩნია, ყურადღება არ მიუქცევია. მუდამ სხვა და სხვა ფიქრებში და მუშაობაში გართულ მღვდელს სად ეცალა პაჭიჭებისათვის.
- კაი დაგემართოს, კაი ფიქრი შენ მოგსვლია, - კმაყოფილებით მიუგო მღვდელმა, - მაშ სამარიობოდ ახალი პაჭიჭები მექნება! ლერწამისა სად არის?
- წყალზე წავიდა.
- ჰო, კარგი! მაშ იცი, რა გითხრა, ერთი გაისარჯე და ეფუთი მომიძებნე, მინდა შევიტყო რა ხნისაა დღეს მთვარე, ამ დღეებში ხეხილის დამყნობას ვაპირებ.
რამდენიმე ხნის შემდეგ კარებში გამოჩნდა სანდომიანი სახის ტანდაბალი მოხუცი დედაკაცი. ერთ ხელში მატყლის ფანტელი ეჭირა, ხოლო მეორეში კარგა მოზრდილი, შავ ყდაში ჩასმული წიგნი. წიგნი მღვდელს მიაწოდა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
მღვდელმა წიგნი გადაშალ-გადმოშალა:
- იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი... - წარმოსთქვა მან, - ნიადაგი და თვის თავი, ზედნადები ოცდასამი... ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი...
- შენდობა მოძღვარს, - გაისმა ამ დროს ხმა და მის წინაშე მხარზე მოკლე, თოფგადაკიდებული გლეხი გამოჩნდა.
- თედორიკა, რა ამბავია, შვილო, ხომ არა გიჭირს რა? - ჩვეულებრივ ტკბილად მიეგება მღვდელი.
ახალმოსულმა მღვდლისაგან ლოცვა-კურთხევა აიღო.
- არა, მამაო! - ცოტა არეულად მიუგო თედორიკამ. - სასახლიდან გამომგზავნეს, ქალბატონი როდამი უქეიფოდ გახლავთ და გთხოვეს... საზიარებლად მობრძანდითო.
- ჰა, ბიჭო, ქალბატონს რა დამართნია? იქით კვირას წირვაზე ბრძანდებოდა და ისე ყოჩაღად იყო, რომ...
- იქით კვირას კი არა, დღეს დილითაც კარგად გახლდათ და მერე უცბად ცუდი გული შეექმნა.
- ბატონი გიორგი შინა ბრძანდება?
- არ გახლავთ, მამაო, ჯუმათში წაბრძანდა.
- ოო... - გაჭიანურებით წარმოსთქვა ხუცესმა და თოვლივით თეთრ და გრძელ წვერზე ხელი მოისვა.
- კარგი, კარგი, შვილო! წავიდეთ, წავიდეთ! - მიუგო მღვდელმა, წიგნი დაკეცა და წასასვლელად მზადებას შეუდგა.
- ჯორი მოგიძებნო, მამაო? - დაეკითხა თედორიკა.
- არა, შვილო, არა, ფეხითაც ავირბენ, მაგის მოძებნა-შეკაზმვაში ბევრი დრო წავა, ხვალ კვირაა, წირვა-ლოცვა მიჭირს, - აუჩქარებლად მიუგო მღვდელმა მარკოზმა, სიწმინდის კოლოფი გულზე გადიკიდა და თედორიკას გაჰყვა.