კონდრატე თათარაშვილი (უიარაღო)

მამელუკი

XIII

ალი-ბიი, მამელუკთა სახელოვანი სარდალი, ოქროთ მოვარაყებულ და ლალ-ფირუზით მორთულ ტახტზე ფეხმოკეცით იჯდა, ყალიონის ტარი პირში ჩაედო და ნელ-ნელა აბოლებდა. ღრმა ფიქრებში იყო გართული ალი-ბიი, და, ღვთის წინაშე, საფიქრებელიც ბევრი ჰქონდა. მთელი ეგვიპტის უმთავრესი გამგე ახლა ის იყო. მან მიიყოლია მამელუკთა დანარჩენი ოცდასამი ბიი ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეთა მმართველ-გამგებელნი, და სტამბოლის სულთანისა და მის მიერ ეგვიპტის უფროსად დაყენებულ ფაშისაგან თავისი თავი სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძლიერ საწყენად დაურჩა სტამბოლის სულთანს და მით უფრო ეგვიპტის ფაშას, რადგან მისი უფლება არარაობამდე ჩამოვიდა, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერა გააწყო რა. ძალა მამელუკთა ხელში იყო და ძალა ხომ აღმართსა ხნავს.

მამელუკთა რიცხვი იმ დროს* ათი-თორმეტი ათასი იქნებოდა. ისინი გაფანტულნი იყვნენ მთელ ეგვიპტეში, სათავეში უდგნენ მხედრობას, ეჭირათ თანამდებობის ადგილები, ერთი სიტყვით, მთელი ქვეყნის განუსაზღვრელი ბატონ-პატრონნი იყვნენ.

„მამელუკი“ არაბულად ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. მეცამეტე საუკუნეში ეგვიპტის სულთანმა მალეკ-სალეჰმა მონგოლებისაგან რამდენიმე ათასი ტყვე თურანელები და კავკასიელები იყიდა და იმათგან თავისი მცველი გვარდია ისე გააძლიერა, რომ თვით სულთანისათვის საშიში შეიქმნა. როცა 1250 წელს, ქრისტეს დაბადების შემდეგ, ეგვიპტის სულთანმა თურმან-შაჰმა მათ დაუკითხავად ზავი დასდო ჯვაროსანთა წინამძღოლ ლუდოვიკ მეცხრესთან, მამელუკები საშინლად გაბრაზდნენ, მოჰკლეს თვით თურან-შაჰი, იმის ნაცვლად თვის შორის ამოირჩიეს ვინმე ჰეი-ბეკი და გააბატონეს. ამ დროიდან დაიწყო მამელუკთა ბატონობა ეგვიპტეში. 1517 წელს თუმცა სულთანმა სელიმ პირველმა დაიპყრო ეგვიპტე და ქვეყნის მთავარ გამგედ ფაშა დაუყენა, მაგრამ იძულებული შეიქნა პროვინციების გამგედ მამელუკთაგან არჩეული ოცდაოთხი ბიი დაენიშნა. ბიიებმა მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობა ჩქარა ხელთ იგდეს. ალი-ბიის მეთაურობით ხომ სულთან ფაშისაგან სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადეს თავისი თავი და იმდენად გრძნობდნენ ძალას, რომ არავისი შიში და რიდი არა ჰქონდათ.

თავიანთ მხედრობის შესავსებათ ისინი ახლაც სიამით ყიდულობდნენ ახალგაზრდა ჯანსაღ ბიჭებს, ზრდიდნენ და მეომრებად წვრთნიდნენ. უპირატესობას ამ მხრივ კავკასიელებს აძლევდნენ.

შემოვიდა კარისკაცი და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.

- მბრძანებელო, - მოწიწებით მოახსენა მან, - სოვდაგარი გეახლათ.

ალი-ბიიმ ყალიონის ტარი ტუჩს აუჩქარებლად მოაშორა.

- ჰუსეინ-აღა? ოხ, ჩქარა, აქ დამიძახე! - ბრძანა ალი-ბიიმ. ის, ალბათ, სტამბოლიდან ჩამოვიდა... ერთი რა ამბები ჩამოიტანა? - ოდნავ გაიღიმა ალი-ბიიმ და ყალიონი განზე გადასდო.

- სალამ ალეიქ, დიდებულო მბრძანებელო! - შემოილაპარაკა ჰუსეინ-აღამ, ხელი გულზე და შუბლზე მიიდო და მძიმედ დაუკრა თავი.

- ოოჰ, მობრძანდი, ჩემო ჰუსეინ, ჩემო ძველო მეგობარო! ამ ბოლო დროს რა იშვიათი და სანატრელი გამიხდა შენი ნახვა, აქეთ, ჩემო აღა, ამ ბალიშზე ჩამობრძანდი, - მხიარულად უთხრა ალი-ბიიმ და ძვირფას ხალიჩაზე დაგებულ, ოქრომკერდით მოქარგულ ბალიშზე მიუთითა.

ჰუსეინ-აღა ჩამოჯდა.

- სხვა, მეგობარო, სტამბოლში იყავ?

- ეს არის იქიდან გიახელ, მბრძანებელო!

ალი-ბიიმ კოპი ოდნავ შეიკრა.

- რა ამბებია, ჩემო ჰუსეინ? ფადი-შაჰი როგორ ბრძანდება? ალბათ, ძლიერ გაჯავრებულია ჩემზე!

ჰუსეინმა თავი საორჭოფოდ ჩააქნია და ჩაიცინა.

- რასაკვირველია, მადლობელი არ იქნება. აქ დასამალი რა არის, ქვეყანამ კიდით კიდე იცის.

- რა ვქნათ, აღა, რა ვქნათ! - დინჯად გააგრძელა ალი-ბიიმ. - დრონი მეფობენო, ნათქვამია. ჩვენ ყველანი დროებით ვართ ამ ქვეყანაზე. ჩემი აზრი ასეთია - ან უნდა ვიყვნეთ, როგორც რიგია, ან სულ არ უნდა ვიყვნეთ. თუ ეგვიპტის ბატონ-პატრონი ჩვენა ვართ, ჩვენ უნდა ვიყვნეთ, უგამდლოთ, უხელმძღვანელოთ. მადლობა ალლაჰს, ჰასაკით სრულნი ვართ. თუ ბატონი ფადი-შაჰი და მისი ფაშაა, ისინი უნდა ბრძანდებოდნენ, მამელუკები რაღა საჭიროა? შენ კარგად იცი, ჩემო ჰუსეინ, რომ მამელუკს საბოდიშო, პირმოსაფერებელი არავისთან არაფერი აქვს: მისი უტყუარი მეგობარი მისი ბასრი ხმალია, რომელსაც მუდამ თან ატარებს და სწორედ ნამდვილი მამელუკი ისაა, ვინც სისხლით შეღებილი ხმლით ხელში სულს განუტევებს. ამიტომ ჩვენ არავისთან და არც ფადი-შაჰთან საბოდიშო არა გვაქვს რა, ვცოცხლობთ, - ვცოცხლობთ, მოვკვდებით, - მოვკვდებით. მე აგერ სამოცდაათის წლის მოხუცი ვარ, თხუთმეტი წლიდან ბრძოლის ველზე ხმალს ვატრიალებ, ახლაც ნაღარის ხმას რომ გავიგონებ, ამიფართხალდება მოხუცი გული. გაქრება ჯან-ღონის სისუსტე, მინდა ტაიჭს მოვახტე და ხმალამოწვდილს მწადიან ჩემ ძმებთან, უშიშარ მამელუკებთან შევანავარდო მკვეთრი მახვილი და, თუ საჭიროა, მათთან სულიც დავლიო, - თანდათან აღტაცებით სთქვა მოხუცმა. - სხვა, მეგობარო, როგორი ვაჭრობაა, როგორ იმოგზაურე? - ტკბილად დაეკითხა ალი-ბიი.

- კარგად, მბრძანებელო! უბედურობა არა შეგვხვედრია რა. ზღვა მშვიდობით გავცურეთ. ვაჭრობა კი ძლიერ ნაკლებია. საქონელი არ არის, ბატონო! გურჯისტანიდან ტყვეთა დენა ძლიერ შემცირდა, - მოწყენით დაუმატა ჰუსეინ-აღამ.

- რათაო? - გაიოცა ალი-ბიიმ.

- მოგახსენებენ, მბრძანებელო, რომ გურჯთა მეფეები გაძლიერებულან. არც სპარსელებს აძლევენ თურმე ახლა ხარკს და არც ოსმალებს. შაჰ-აბაზის გალაშქრების შემდეგ გურჯისტანი საუკუნოდ დამარხული ეგონა ყველას და, დახე მათ ბედსა, დამარხვა კი არა, განახლების გზას დასდგომიან. ყიზილბაშები ზედი-ზედ სასტიკად დაუმარცხებიათ და... ჰოი, ალლაჰ! ოსმალთა მართლმორწმუნე მხედრობაც... - ვერ დაათავა ჰუსეინ-აღამ.

- ძლიერ სამწუხაროა, - წარმოსთქვა ალი-ბიიმ და წყენის ნიშნად შუბლზე ხელი დაიკრა. - რა თქმა უნდა, თუ მომჯობინდნენ, ტყვეებს არ გაიმეტებენ. ტყვეების გაყიდვა, ჩემო ჰუსეინ, როგორც შენც კარგად მოგეხსენება, ერის შინაური გახრწნილების, უწესრიგობისა და უმეთაურობის ბრალია, თორემ საცა ხალხს ცოტაოდენი ძალა შესწევს, ერთი მეორეს უჯერებს და საერთო კეთილდღეობის საჭიროების გემო აქვს გაგებული, ის ერი განა ტყვეს მოგვყიდის? რომელი დედა ნახე შვილის გამყიდველი, თუ არ სრულებით ზნეობით დაცემულ-გათახსირებული?.. მაგრამ ჩვენთვის კი სამწუხაროა, ძლიერ სამწუხაროა, სჯულის მადლმა, აუჩქარებლად დაუმატა ალი-ბიიმ და ყალიონის ტარს ხელი წაატანა.

- მაგრამ მე შენთან, მბრძანებელო, შენ ამომავალ მზეებრ გაბრწყინვებულ სახესთან, რაც გინდა იყოს, მაინც ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი: ერთი გურჯის ბიჭი მოგიყვანე.

- პატარა ბიჭი? - მხიარულად დაეკითხა ალი-ბიი და თვალები გაუბრწყინდა.

- დიახ, მბრძანებელო, პატარა ბიჭი, ცხრა-ათი წლისა.

- აბა, სადაა? ყოჩაღ, ჩემო ჰუსეინ, ვიცოდი, რომ ხელცარიელი არ მოხვიდოდი...

- თქვენ საფარეშოში გახლავს...

- ბიჭი საჩქაროდ მომგვარონ აქ, ახლად მოყვანილი ბიჭი, - მოუთმენლად ამბობდა ალი-ბიი.

ცოტა ხნის შემდეგ მდიდრულად მორთულ ოთახის კარებში ჩვენი მახმუტად მონათლული ხვიჩა გამოჩნდა. ბავშვი დაბანილ-დავარცხნილი იყო, ტანზე ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. რიგიანი მოვლის მეოხებით სახითაც შევსებულ-შელამაზებულიყო და ამ კარგ ტანისამოსში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა.

შემოჰყო თუ არ თავი ოთახში ბავშვმა, ორივე ხელი გულზე დაიჭდო და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.

- ოო, ჩემო პატარა გურჯო! ყოჩაღ, ყოჩაღ! - დაიძახა ალი-ბიიმ. - გმადლობ, სოვდაგარო, ძვირფასი ძღვნისათვის, გმადლობთ იმისათვისაც, რომ ახლავე ჩვენი ზნე-წესები შეგითვისებინებია. ან რა კარგად გამოგიწყვია! სახელი რა ჰქვიან ჩემს პატარა ბიჭს?

- მახმუტ, მბრძანებელო, - მიუგო ჰუსეინ-აღამ.

- მახმუტ! - დაუძახა ალი-ბიიმ.

ბავშვმა ხელები ისევ გულზე დაიჭდო და მძიმედ თავი დაუკრა.

ალი-ბიის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა.

- ერთი შეხედეთ, რა ჩქარა შეუთვისებია ჩვენი წესრიგი! - კვირობდა მოხუცი.

- ეს სულ გზაში ვასწავლე, - მოახსენა ჰუსეინ-აღამ. - მაინც ეს გურჯები, მბრძანებელო, ნიჭიერი ხალხია. ერთს რომ ეტყვი, განმეორება არა სჭირია. ოთხი-ხუთი თვე არ იქნება, რაც ეს ბავშვი თავის ქვეყანას მოშორებია და უკვე კარგად ესმის ჩვენი ენა...

- გმადლობ, გმადლობ, ჩემო აღა, - კმაყოფილებით ამბობდა ალი-ბიი, - შენ სოვდაგარი კი არა, ოსტატი ხარ, ალლაჰის მადლმა! შენ სადმე სასწავლებლის გამგე უნდა იყო... აბა, ჩემო ბიჭიკო, ახლო მოიწი ჩემთან, - ალერსიანად მიმართა ალი-ბიიმ მახმუტს.

ბიჭმა ფეხი მოკრძალებით წინ წადგა. ასე მდიდრულად მორთულ-მოვარაყებული ოთახი თავის დღეში არ ენახა და, ცოტა არ იყოს, ფეხის თამამად გადადგმას ვერა ბედავდა.

ალი-ბიიმ ბავშვი გასინჯა, თავზე ხელი გადაუსვა, შეანჯღრ-შემოანჯღრია. ბავშვი თავისი მიმინოსებური თვალებით პირდაპირ შეჰყურებდა.

- ჰა, სოვდაგარო, მეომარია რაღა, მეომარი! წმინდა მამელუკადაა დაბადებული, - მხიარულად ამბობდა მოხუცი და ბავშვს მკლავებს უსინჯავდა.

- მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, დიდებულო, რომ ბავშვი ძლიერ გალახულია, ბევრი ნათრევ-ნაწამებია. ჩემ ხელში მომჯობინდა ცოტა, თორემ ძვალი და ტყავი იყო. არ იცის, მბრძანებელო, ზოგიერთმა ვაჭარმა ტყვეთა მოვლა. განსაკუთრებით ბავშვებს დიდი ყურადღებით მოპყრობა სჭირია... უკმეხად ექცევიან, სცემენ, რიგიანად არ აჭმევენ, არ აცმევენ. რაც გინდა იყოს, კაცის შვილი ძროხის შვილისაგან უნდა გაარჩიო, ესეც არ იყოს, პირდაპირ ანგარიში ი¬თხოვს ვაჭარმა საქონელი მუშტარს რიგიანი სახით უჩვენოს. ჩვენს ვაჭრებს ესეც არ ესმით!

- სწორია, სწორია, ალლაჰის მადლმა! მე ხომ გითხარი, ოსტატი ხარ-მეთქი, - კმაყოფილებით მიუგო ალი-ბიიმ.

- ცხენზე ჯდომა იცი, ჩემო ბიჭიკო? - დაეკითხა მახმუტს ალი-ბიი.

- ვიცი, - თამამად მიუგო ბავშვმა.

- ისეთ ცხენზე შეგსვა, რომ იმის ბადალი ქვეყანაზე არ იყოს. ძვირფას ხალათს ჩაგაცმევ, საჭმელ-სასმელი ხომ ულევი გექნება. შენ მხოლოდ ჭკვიანი ბიჭი იყავ. დიდად გმადლობთ, სოვდაგარო, სასიამოვნო ძღვენისათვის, - მიუბრუნდა აღას ალი-ბიი. - ბიჭი ძლიერ მომწონს. ამას უეჭველად ჩემ სახელობაზე გავზრდი. მამელუკთა მხედრობას ერთი მეომარიც მიემატება. არც შენ დაგრჩები უმადური, მეგობარო, კარგი ძღვნისათვის, კარგ საჩუქარსაც მოგართმევ. ბიჭო, მოლარეთუხუცესი დამიძახე! ახლა როგორ მირჩევ, აღა? არ სჯობია, რომ ამთავითვე მოლა-აღაფიჯის მივაბარო, რომ მაჰმადის წმიდა მოძღვრებაში გაწვრთნას?

- ჩინებული აზრია, დიდებულო! სამხედრო ვარჯიშობასაც ამთავითვე შეაჩვიოთ, ემჯობინება.

- ეს ხომ ჩვენი ხელობაა, ოსტატო! ხვალვე ჩემს ჯაბადარბაშს ვუბრძანებ, შესაფერი იარაღი მოუმზადონ და მის ტარებასა და ხმარებას შეაჩვიონ. შენ კი, მახმუტ, ძლიერ ფრთხილად უნდა იყო. აქ უშველებელი მდინარე რომ მიდის, ის თქვენებური პატარა მოჩუხჩუხე წყაროები არ გეგონოს. იქ ისეთი ბასრკბილა ნიანგები ბუდობენ, რომ ა... ჰა, ჰა, თუ კბილი დაგავლეს, ჩაგახრამუნებენ.

მოჩუხჩუხე წყაროს გაგონებაზე ბავშვს მდინარე ტეხური გაახსენდა... გაახსენდა იქაურობა. – „ნეტავ სად არიან ახლა ჩვენი თხები“, - გაუელვა ბავშვს თავში. – „ნეტავ ვინ ერეკება მათ ახლა?... ნანა და ბაბა როგორ არიან? მე ვახსოვართ თუ არა? მარკოზ ხუცესი ცოცხალი გადარჩა თუ არა?... მარიკა... ლერწამისა“... ბავშვს თვალწინ წარმოუდგა სამშობლო ქვეყნის მთები, ველ-მინდვრები, ტყეები... გაახსენდა პატარა ნამყენი მსხალი მარკოზ ხუცის სახლში. ეს მსხალი ძლიერ უყვარდა. ყოველ დილით მივიდოდა ნორჩ ხეხილთან და ადამიანივით ემუსაიფებოდა, მიესალმებოდა, გამოეთხოვებოდა ხოლმე. გაახსენდა გემით მოგზაურობაც, სალომე და რეზო, შვილივით ეფერებოდნენ, უკანასკნელ ლუკმას მას უყოფდნენ... რა მწარე იყო მათთან გაშორება... უჰ, რამდენი იტირა მაშინ!.. ისეთი სიმწარე, პირველად როცა მოიტაცეს, მაშინაც არ უგრძვნია... წარმოუდგა ბავშვს თვალწინ ყველა ეს და თვალები ცრემლებით აევსო. ალი-ბიიმ ეს შეამჩნია... თითქოს მის სახეზე აღმოიკითხა მისი გულისწუხილიო. ნაზად მიეალერსა და თავზე ხელი გადაუსვა.

ბავშვი კი მწარედ აქვითინდა.

XIV

ქალაქ ქაირის განაპირას, აღმოსავლეთით, მოკატტამის ხრიოკ მთის კალთაზე ამაყად ამართულა სალადინის ციხე თავისი მაღალი კოშკებით და სქელი გალავნებით. გავიდა ოცდაათი წელიწადი ზემოთ მოთხრობილი ამბის შემდეგ. ერთ დღეს სალადინის ციხის გარშემო ფართე მოედანი ხალხით გაივსო. ეგვიპტის ყოველი მხრიდან მოგროვდნენ აქ მამელუკთა საუკეთესო წარმომადგენელნი. იყვნენ ბიიები, ათასისთავები, ასისთავები და რჩეული მხედრობა. შეკრებილნი მოედანზე მიდი-მოდიოდნენ, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, ზოგი ცხარობდა, ზოგი დინჯად მუსაიფობდა... ეტყობოდა, რაღაც მძიმე საქმე ჰქონდათ გადასაწყვეტი.

ციხის ერთ-ერთ კოშკზე მამელუკთა სათაყვანებელი დროშა აიმართა. ამ დროშას იშვიათ შემთხვევის დროს გამოიტანდნენ ხოლმე. დროშის დანახვაზე მთელმა საზოგადოებამ, ნიშნად სიხარულისა, ერთი დაუსრულებელი კიჟინა დასცა. მსჯელობა-კამათი ცოტ-ცოტად მისწყდა და ხალხმა მოედანზე გალავანთან რაზმებად დამწკრივება დაიწყო. შუაგულ ქვეითები დარაზმდნენ, იქით-აქეთ ცხენოსნები... რა თქმა უნდა, ყველანი შეიარაღებულნი იყვნენ.

ბევრი ხანი არ გასულა, რომ ციხის გალავანზე ძვირფას ტანისამოსში გამოწყობილი ბიიები გამოჩნდნენ და მხედრობას მიესალმნენ. ჯარმა აღტაცებული ყიჟინა დასცა.

მაგრამ აგერ გამოჩნდა მოოქრული ტახტრევანი. ხალხმა სული განაბა. ტახტრევანი გალავანზე მოწიწებით დაასვენეს და ფრთხილად კარი გააღეს. იქიდან აუჩქარებლივ გამოვიდა თეთრწვერა ხმელ-ხმელი მოხუცი. ტანზე სადათ შეკერილი ჭრელი ხალათი ეცვა, თავზე თეთრი ჩალმა ეხურა და წელზე ოქროთ შეჭედილი, ჩვეულებრივ, მოღუნული ხმალი ერტყა. ეს გახლდათ მოლა ომერ-ბი-საიდი, მამელუკთა მეთაური, მთავარი ბიი, ერთხმად არჩეული ალი-ბიის სიკვდილის შემდეგ. ომერ-ბიიმ ხელით ანიშნა მოსამსახურეებს ტახტრევანი წაეღოთ, წელზე ხმალი გაისწორა, გალავანზე გადმოდგა და მხედრობას მხიარულად მიესალმა.

- გაუმარჯოს მოლა-საიდს! გაუმარჯოს მამელუკთა უძლეველ მხედრობას! - გრიალებდა ჯარი.

ომერ-ბიის აქეთ-იქით დანარჩენი ბიიები მოუდგნენ. ომერს თვალები გაუბრწყინდა და ღიმილით გახედა მის წინ დარაზმულ რამდენიმე ათას ცხენოსან ქვეით მხედრობას. ჭრელ ხალათებში და წითელ ქუდებში გამოწყობილი ჯარი რაღაც საარაკო სანახავი იყო.

- დიდება ალლაჰს, შემოქმედსა და მოწყალესა. - სასოებით წარმოსთქვა ომერ-ბიიმ და ხელები მაღლა აღაპყრო. საკმაო მკაფიო და საამო მოსასმენი ხმა ჰქონდა.

- დიდება ალლაჰს! - ბანი მისცა ჯარმაც.

- გაუმარჯოს მამელუკთა მძლეთა-მძლე მხედრობას, - დაიძახა ომერ-ბიი-საიდმა და კისერი ამაყად მოიღერა.

ჯარის აღტაცებული ყიჟინა წუთს არ შეწყვეტილა.

ომერ-ბიი მოთმინებით აღიჭურვა და, როცა ყველანი ცოტა-ცოტა დამშვიდდნენ, აუჩქარებლად, რაც შეეძლო, ხმამაღლა წარმოსთქვა:

- მამელუკნო! - ხალხმა ხმა გაკმინდა, თითქმის ცხენების ფრუტუნიც აღარ ისმოდა. - დიდებულის წინასწარმეტყველის დროშის ქვეშ შეკრებილა მისი უძლეველი მხედრობა. ბევრს გულს უმღვრევს და სულს უშფოთებს მისი გმირობა და მამაცობა. ბევრი მტრობს, არ მეგობრობს... ფადი-შაჰიდან მოყოლებული ხართუმის ველურ თემთა მთავრამდე, ყველანი ბრაზით კბილებს აკრაჭუნებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავის არ ეპუება, შესაფერ პასუხს აძლევს ყველას. მისი დროშა თამამად ფრიალებს და, უეჭველია, კვლავ იფრიალებს, თუ არ მოაკლდა ერთსულოვნება, სიმამაცე და ბრძოლის ველზე თავგანწირულება, რაც დღემდე გვჩვევია, ძმანო, საყვარელნო მამელუკნო.

- გაუმარჯოს ომერ-საიდს! გაუმარჯოს მამელუკთა მხედრობას! - დაიგრიალა ჯარმა.

- მამელუკნო! - განაგრძო ომერ-ბიი-საიდმა. - ყველამ ვიცით, საყვარელნო, რომ ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება ალლაჰისა და წინასწარმეტყველის შემდეგ, ჩვენი მარჯვენა და ჩვენი ხმალია. ისიც გამოცდილებით ვიცით, რომ მაგარი მკლავი და ბასრი ხმალი, მრავალთა უმრავლესიც რომ იყოს, უღონოა და სუსტია, თუ ღირსეული მეთაური წინ არ მიუძღვის და გზას არ უჩვენებს. მამელუკნო, სხვათა შორის, ჩვენს საერთო ღირსებას ის შეადგენდა, რომ ვიცოდით ღირსეული წინამძღოლის არჩევა... ჩვენ სრულებით არა გვჭირია ანგარიში ან ხათრი გავუწიოთ ვინმეს ჩამომავლობას და გვარიშვილობას! პირადი ღირსება: ჭკუა, სიმამაცე და მამელუკთა ერთგულება - აი რას ვეძებთ ჩვენ მეთაურში. მოგეხსენებათ, დღეს გლოვობს მამელუკთა მხედრობა. წინასწარმეტყველმა ინება და სახელოვან სარდალს, თავდადებულ მამელუკს, ფიბის მაზრის გამგეს, ბაგირ-ბიის ზეცად მოუწოდა. ახლა მისი სული იმქვეყნიურ სიტკბოებაშია. მარად ქალწულ გურიებთათანა განიხარებს მისი განახლებული არსება. ჩვენ კი, აქ დარჩენილთ, დიახ გვესაჭიროება მისი მაგიერი სარდალი. მამელუკნო, უნდა ავირჩიოთ განსვენებულის ბაგირ-ბიის მოადგილე. დაასახელეთ, ძმანო, ღირსეული კაცი. იყოსმცა მფარველი ჩვენი დიდებული ალლაჰი და მისი წინასწარმეტყველი, სანამ ეს მუდამ ფირუზისფერი უღრუბლო ცა ეგვიპტეს დაჰყურებს და სიგრძე-სიგანე განუზომელი ნილოსი მასაზრდოებელ ტალღებს უძირო ზღვისაკენ მიაქანებს! დიდება ალლაჰს, მოწყალესა და შემწყალებელსა ჩვენსა! - ისევ ხელების მაღლა აღპყრობით დაათავა ომერ-ბიი-საიდმა.

- დიდება ალლაჰს! - დაიგრიალა მხედრობამაც.

ცოტა ხანს ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა. „სულ-ერთია... იმან... კარგია... სთქვას...“ - ისმოდა კანტიკუნტად ხალხში.

- მამელუკნო! - გაისმა მჭექავი ხმა და ერთი შავტაიჭოსანი მაღარა მხედარი დაწინაურდა.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

- მამელუკნო, ოცი წელიწადი გავიდა მას აქეთ... მაშინ... ეხ! მეც ჯეილი ვიყავ. სეუტელებმა ხარკის მოცემა მოგვისპეს. გამარები და სხვა შავკანიანთა თემები მოიწვიეს და ჩვენი გამკლავება განიზრახეს. მათ წინააღმდეგ ორი ათასი მხედრობა გაიგზავნა. მეც მათში ვერიე. სეუტის ალყა შემოვარტყით, გვინდოდა ერთი დაკვრით აგვეღო, მაგრამ ეს არც ისე ადვილი შესასრულებელი შეიქმნა, როგორც გვეგონა. ურჯულომ ჩირან-ბეიმ, შუბოსანთა წინამძღოლმა, ჩვენ მარცხენა ფრთას შემოუარა და სეუტის გალავანსა და ოღრო-ჩოღრო კლდეებს შუა მოგვამწყვდია. ჩვენმა ცხენებმა ფეხი ვერ მოიკიდეს, გალავნიდან კი ცეცხლსა და ქვას წვიმასავით გვაყრიდნენ. მწარე გასაჭირი გვადგა. მამელუკნო, ვინ შეახტა მაშინ მარჯვედ მტრის გალავანს, მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი? გმირს სხვებიც უკან მიჰყვნენ, ციხეში შეიჭრნენ, კარი გაგვიღეს და გაგვამარჯვებინეს. იმ მამელუკმა მაშინ ასისთაობა მიიღო. ის ვინ იყო?

- მახ... მუტ! მახ.. მუტ! - დაიგრიალა ჯარმა.

- მამელუკნო! - გაისმა ხმა ცხენოსანთა მეორე მხრიდან და ვიღაც წითური, შესაზარი შესახედაობის კაცი დაიძრა. უშველებელი ულაყი ცხენი მხედრის ქვეშ ბორგავდა, თავს აკანტურებდა და საჯირითოდ მიიწევდა. ჯარმა გზა უტია და მხედარი წინ წარსდგა.

- იმედია, ძმებო და თანამოაბჯრენო, მეც მომისმენთ. ეს მშვენიერი, ვიწროდ და გრძლად გაჭიმული წალკოტი ამ ვერან და ხრიოკ უდაბნოს შორის, ვით მწვანე ფირუზი კლდის ნაპრალში გდებული, ეს ძველთა-ძველი ჩარდახებით, ტაძარ-გალავნებით, უზარმაზარ წოწლოკინა სასაფლაოებით, ეს ვაზით, ფინიკით და ხორბლით გალაღებულ-გაპოხიერებული ქვეყანა - ეგვიპტე, დიდებულმა წინასწარმეტყველმა, ჰოი, მამელუკნო, ჩვენს ხმალს და ჩვენს დროშას დაუმორჩილა! ზლაზვნით მიგორავს ნილოსი, მიაქვს ქვეით ჩვენი ამბები, რომ განუზომელ ზღვას და იქიდან მთელ ქვეყანას ამცნოს და გააგებინოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ერთობა და ჩვენი შეუდრეკელი გამბედაობა. სხვა რაღა უნდა მიქოს ნილოსმა? პაპას ვერ მიქებს დიდებულს და პაპის პაპას ჩინებულს! მე არც კი ვიცი, ვინა ვარ, სადაური ვარ, მხოლოდ ვიცი, რომ მამელუკი ვარ! ხმალი ჩემი - დედ-მამაა ჩემი, მკლავი ჩემი - სიმტკიცეა ჩემი, თქვენთან, ძმებო, შეურყეველი კავშირი - გამარჯვებაა ჩემი...

- ვაშა, ვაშა! - გრიალებდა ჯარი.

- სრულებით ვეთანხმები ჩვენს მბრძანებელს, მეთაურს და მასწავლებელს ომერ-ბიის, - გააგრძელა წითურმა კაცმა, - რომ კარგ მეომარს, კარგი მეთაური სჭირია. უშიშარი და გამბედავი მეთაური ტოლია მთელი მხედრობისა! მახსოვს და ბევრს თქვენთაგანსაც ახსოვს, სულ ათი წლის საქმეა, ასუანთან მოგვიხდა ბრძოლა. ზანგები ყიჟინით და კბილის კრაჭუნით წამოიშალნენ ჩვენზე. ჩვენც მედიდურად ვეკვეთეთ. ჩვენი ხმალთა ელვა-კაშკაში მზის სხივებს ეცილებოდა. ხელჩართული დიდხანს გაგრძელდა. უთვალავი მტერი, კალიასავით მოზღვავებული, წინ მოდიოდა. ათასი ვძლიეთ, ორი სხვა აღმოჩნდა, ისიც გავანადგურეთ, ხუთი კიდევ მოზღვავდა. დაიქანცა, შედრკა ჩვენი მხედრობა. თითქოს გვღალატობს ბედიო, ოდნავ განზე გადიხარა ჩვენი ამაყად მოფრიალე დროშა. მკლავში ტკივილი ვიგრძენ, ხმლის ტარს ხელი ვერ მოვუჭირე.. ხელის გულზე დავიხედე, წითელი ზოლები შევამჩნიე... ჩვენიანების გულზვიადი ურთიერთის გამხნევება ყურთასმენას არ მიტკბობდა. შევიხედე, ჰოი, თვალები დამიდგეს! მამელუკთა მხედრობის სიამაყე, სწორუპოვარი სარდალი ბათირ-ბიი ზანგის შუბით განგმირული ცხენიდან ჩამოეშვა... შევკრთით, დავძაბუნდით. ერთი წამი და მტრისთვის ზურგი უნდა გვეჩვენებინა. მამელუკნო, გახსოვთ ასისთავი, ხმამაღლა რომ შეჰკივლა? ისეთ ხმას, მხოლოდ მაღალი მთის მწვერვალზე მობინადრე არწივები გამოსცემენ ხოლმე. ხმალი შეათამაშა და, ვით შავარდენი მტრედთა გუნდში, მტრის რაზმში შეიჭრა. ჩვენები გამხნევდნენ, შურდულივით უკან დაედევნენ, მტრის ჯარი შუა გააპეს, სძლიეს და ჩვენი დროშა კვლავ ამაყად ააფრიალეს. ვინ იყო ის ასისთავი?

- მახ... მუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.

- მამელუკნო!-გაისმა მესამე ხმა,- ფიბის ნანგრევების ქველოდ ჩვენი რაზმი იდგა. გარს მტერი ერტყა, ატბართა და ჰოტენტოტთა თემები შოას ნეგუსის, ჩვენი დაუძინებელი მტრის იმედით ზურგგამაგრებულნი, ჩვენზე თავხედურ იერიშს ლამობდნენ. ჩვენდა სამარცხვინოდ, აწ უკვე განსვენებულმა საღირ-ბიიმ (ალლაჰ, იქ მაინც ნუ მოაკლებ სახელსა და ნეტარებას), ვერც ერთი მხრივ შეტევა ვერ გაბედა. მტერმა თითქოს იგრძნო ჩვენი გაზურგება, რკალივით შემოგვერტყა და ისე შეგვავიწროვა, რომ გასაქანი არა გვქონდა. ორში ერთი: ან იარაღი უნდა დაგვეყარა, ან მტერი გაგვერღვია. მაშინ ვინ იყო, მამელუკნო, რომ დაიძახა: ჩემთან, ძმებოო! ტაიჭი გააქანა და ჰოტენტოტთა მეთაურს, გუთხარ-ხათუს ხმალდახმალ ეძგერა და ერთი დაკვრით თავი გააგდებინა?..

- მახმუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.

მოხუცი ომერ-ბიი-საიდი კვლავ გალავნის მოაჯირზე გადმოდგა. თან სხვა ბიიები ახლდნენ.

- დიდება ალლაჰსა, გამჩენსა და მწყალობელსა ჩვენსა, - ხელაპყრობით წარმოსთქვა მან, - საქმე გამორკვეულია. ხმა ერისა და ხმა ღვთისა! სურს შენზე მონდობილს მამელუკთა მხედრობას და იქმნას ასე:

გვყავს მახმუტ-ბიი, ძმა და თანამოაბჯრე ჩვენი.

ჯარის მხიარულ კიჟინს დასასრული არ უჩანდა. ომერ-საიდმა მოოქრული ხმალი მოიხსნა და ხელში დაიჭირა, დააცადა, სანამ ჯარი დაწყნარდებოდა, და მერე ხმამაღლა დაიძახა:

- მახმუტ-ბიი!

ჯარში ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა.

ცოტა ხნის შემდეგ რაზმმა გაიწ-გამოიწია, გზა უტია და გამოჩნდა ერთი ახოვანი, კარგა აჭაღარავებული ვაჟკაცი. ის ოქროსფერ ბედაურზე იჯდა, აბრეშუმის ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. ტიპიური, ოდნავ ხუჭუჭა წვერ-ულვაში, მოგრძო ცხვირი, ზომიერი თვალები და თეთრი პირის კანი ეჭვში თუ შეიყვანდა კაცს, რომ მაღალ ხარისხზე არჩეული მამელუკი შთამომავლობით არც ოსმალი იყო და არც არაბი, თორემ სხვაფრივ წმინდა წყლის მაჰმადიანსა ჰგავდა.

მახმუტს სახეზე აღელვება ეტყობოდა. მან კოხტად მოახტუნა ცხენი და გალავნის ძირს შეჩერდა. ბედაური კი არ ისვენებდა, კიშმიშზე დგებოდა.

- ჰა! - დაიძახა ომერ-საიდმა და ხმალი ისროლა. ყვითლად შეიკაშკაშა მზის სხივებზე ოქროთი მოჭედილმა მრუდე ქარქაშმა.

მახმუტ-ბიიმ ხმალი დაიჭირა.

კვლავ იგრიალა ჯარმა და მახმუტ-ბიის ფუტკარივით გარს შემოეხვია.

* მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი

(გაგრძელება)