ქაირის ფირუზის სასახლეში ყველა ოცდაოთხივე ბიი შეკრებილიყო.
ომერ-ბიი-საიდმა, მეთაურთ-მეთაურმა, დიდად აღელვებულმა და აღშფოთებულმა, კრება გახსნა.
- წარჩინებულნო, წინამძღოლნო! - მიმართა მან ბიიებს - უკვე გაგონილი გექნებათ, რა მოულოდნელი და არასასიამოვნო ამბავი მოგვივიდა. ალექსანდრიაში უკვე გადმოუსხამს თავისი ლაშქარი ფრანგთა ფაშათ-ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტეს და გაჩქარებით მოდის თურმე ჩვენკენ საომრად. გვიახლოვდება მტერი ძლიერი, მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოწვრთნილი, მტერი ბრწყინვალე გამარჯვებით გულ-გაზვიადებული და გაამაყებული. რა უნდა გითხრათ, მამელუკნო, სიყრმიდანვე ბრძოლას ჩვეულნო? ძლიერი მტერი მოდის. პასუხი ერთადერთია: გალესილი მახვილი უნდა დავახვედროთ. მამელუკნო! დასამალი რა არის, შინაც არა გვაქვს მტკიცედ საქმე. ფელახებში დიდი მოძრაობაა, თურმე. ზოგნი ფრანგთა ტანმოკლე ფაშათ-ფაშას ჩვენზე გამარჯვებას წინდაწინვე დღესასწაულობენ - იქნებ გვეშველოს და მამელუკთა ბატონობას ბოლო მოეღოსო, ამბობენ, თურმე. მაშ, მსწრაფლი მზადება, მამელუკნო, ჭკვიანი თადარიგი, მედგარი დახვედრა, სახელოვანი სიკვდილი...
ბიიებმა სულგანაბულად მოისმინეს თავიანთი წინამძღოლის სიტყვები. ყველანი გრძნობდნენ საქმის არაჩვეულებრივ სირთულეს.
- ვერ გამიგია, - დაარღვია სიჩუმე ყველაზე უფრო ახალგაზრდა ასლან-ბიიმ, - რისთვის მოდის ტანმოკლე ფაშათ-ფაშა ჩვენზე? რა უნდა ჩვენგან? რა დაგვიშავებია მისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი. მასთან და მის ჯართან თავის დღეში შეტაკება არ მოგვსვლია. საიდან მოგვწვდა ამ სიშორეზე?
- ადვილი ასახსნელია, ჩემო ასლან, - მიუგო სალეკ-ბიიმ, გრძელწვერა, ჭაღარა კაცმა, - ფაშათ-ფაშას ახლო-მახლო უ¬ცხო ტომთა ჯარები დაუძლევია და ახლა უკვე მოხვეჭილი სახელის შარავანდედის მოსაფენად ჩვენკენ გამოილაშქრა. ეს ხომ ყველა გულადი მეომრის თვისებაა.
- რა ვუყოთ, მობრძანდეს, აგერა ვართ - სთქვა ხაირ-ბიიმ, პირმოპარსულმა, შავ-შავმა კაცმა.
- ეს ხომ ასეა, აბა, სად უნდა გავექცეთ? მამელუკს სიკვდილის როდის შეშინებია, მაგრამ საქმე ისაა, ყოველ გალაშქრებას და, მით უფრო, გალაშქრებას ასეთ შორეულ ქვეყანაზე, რამე პატივსადები მიზეზი უნდა ჰქონდეს. მე მგონია, უმიზეზოდ არც ეს გალაშქრება უნდა იყოს. ხომ მოდიოდა ამბები, მამელუკნო, ნაპოლეონ ფაშათ-ფაშა ინგლისელებზე აპირებს გალაშქრებასაო, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს მძიმე საქმე იმასაც ვერ გაუბედნია. ინგლისელებს შინ რომ ვერა დააკლეს რა, გარედან სურთ უკბინონ, ჩვენსკენ გამოლაშქრებით უნდათ ვნება მიაყენონ ინგლისელთა ვაჭრობას... მისი, ასე ვთქვათ... აღებ-მიცემობა შეაფერხონ, - ჩაერია ლაპარაკში ქილმა-ბიი, შუახნის თვალ-ტანადი კაცი.
- ადვილი შესაძლებელია, ასეც იყოს, მხოლოდ ამ მიზეზთა გამოკვლევა ჩვენ ბევრს ვერაფერს შეგვძენს. წარმოვიდგინოთ, ამ წუთში გაჩნდა აქ თვით ტანმოკლე ფაშათ-ფაშა და თავისი პირით დაწვრილებით აგვიხსნა და განგვიმარტა, თუ რამ აიძულა, ჩვენსკენ გამოელაშქრა. მე მგონია, ამით საქმის მდგომარეობა ნამცეცისოდენად არ შეიცვლება, ჩვენი მდგომარეობა ამ მიზეზის ცოდნით სრულებით არ გაუმჯობესდება. თავი და თავი მიზეზი, რაც ყველამ უკვე ვიცით, მაინც უცვლელი დარჩება - ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო, გვეუბნება ის კაცი, - სთქვა მახმუტ-ბიიმ.
- დავხვდებით, - წამოიძახეს ბიიებმა და ოქროთი მოჭედილ ხმლებზე ხელი იტაცეს.
ელვის სისწრაფით მოედო მთელ ეგვიპტეს ფრანგთა შემოსევის ამბავი. ყოველი მამელუკი, ვისაც ტანის განძრევა შეეძლო, საბრძოლველად მოემზადა. რაც ჯარი ჰყავდათ, სულ საბრძოლველად გაიწვიეს. მამელუკები კარგად გრძნობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ არა იმ ნახევრად ველურ აფრიკელებთან, ვინც უთანასწორო ბრძლაშიც არა ერთხელ სახელოვნად დაუმარცხებიათ, მათ წინააღმდეგ მოდიოდა მთელ ქვეყანაზე განთქმული, იმ დროის მიხედვით საუკეთესო თოფებით და ზარბაზნებით შეიარაღებული, ევროპის შიშის ზარის დამცემი დიდებული ნაპოლეონ ბონაპარტე. მამელუკებს კი ზარბაზნები თითქმის არ ჰქონდათ. ისინი ნაქები იყვნენ, როგორც ცხენდაცხენ ხმლით მეომრები. სიკვდილის არ ეშინოდათ და ბრძოლაში შეუდარებელ სიმამაცეს იჩენდნენ, მაგრამ ხმალი ზარბაზნის წინააღმდეგ, რაც გინდა მამაც კაცს ეჭიროს ხელში, მაინც სუსტი იარაღია. მამელუკები ძლიერ კარგად გრძნობდნენ, რომ ახლანდელს გამარჯვება-დამარცხებაზე იყო დამოკიდებული მათი ბატონობა ეგვიპტეში და შეიძლება მთლად მათი არსებობაც, ამიტომ გადაწყვიტეს მთელი თავიანთი ძალ-ღონით დახვედროდნენ მოულოდნელ საშიშ მტერს.
ბონაპარტემ გადმოსხა თუ არა ჯარი გემებიდან ქალაქ ალექსანდრიაში, პირდაპირ ქაირისკენ გაემართა. ქალაქი ქაირი დედა ქალაქია ეგვიპტისა. არაბულად მისი სახელია მაზ-ულ-კახირა, რაც ნიშნავს ძლევამოსილს. გაშენებულია მდინარე ნილოსის მარჯვენა ნაპირზე. ქაირი დაარსებულია მეშვიდე საუკუნეში ქრისტეს შემდეგ არაბთა სარდლის ამრუ ფოსტატის მიერ. შემდეგ მეათე საუკუნეში სარდალმა გოჰარმა ძველი ქალაქის მახლობლად ახალი ქალაქი გააშენა. შემდეგ ორივე ქალაქი - ძველი და ახალი - შეერთდა. ქაირის ირგვლივ ძველ ეგვიპტელთა ოდესმე დიდებული და აწ უკვე დამარხული კულტურის ნაშთები ახვევია. ქალაქიდან სამხრეთით ათი-თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე მოსჩანს ძველ ეგვიპტელთა სატახტო ქალაქის მემფისის ნანგრევები, ჩრდილოეთით კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ძველ ქალაქის ჰელიპოლისის ნანგრევებია, ხოლო დასავლეთით, მდინარე ნილოსის გაღმა ათი-თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით, ხრიოკ უდაბნოთა მიჯნაზე, ამართულია სამი უზარმაზარი, თავ-წოწლოკინა შენობა, ეგრეთ წოდებული პირამიდები, აშენებული ორი ათასხუთასი წლის წინათ ქრისტეს დაბადებამდე. ამ შენობებს თავისი სიდიადით დღემდე განცვიფრებაში მოჰყავს კაცობრიობა. ყველაზე უფრო დიდს ქეოპსის პირამიდის, მაგალითად საძირკველთან, სიგრძე აქვს 337 მეტრი, ამდენივე სიგანე, ხოლო სიმაღლე 137 მეტრი.
სწორედ ამ პირამიდების ცოტა ჩრდილოეთით, პირამიდებისა და მდინარე ნილოსის შუა, დარაზმდნენ საბრძოლველად განმზადებული მამელუკები. ჭრელი ხალათები ჩაიცვეს, ბედაურებზე შესხდნენ, მრუდე ხმლები გალესეს და, გამოჩნდა თუ არა ფრანგთა ჯარი, თავგანწირულად ეკვეთნენ.
მახმუტ-ბიის განკარგულებაში იყო ხუთი ათასი მეომარი, ის სარდლობდა ჯარის მარცხენა ფრთას და ეჭირა ადგილი მდინარე ნილოსის ახლო. მას წილად ხვდა შეტაკება ფრანგთა ცხენოსან ჯართან. ფრანგთა კავალერია პირველად, ცოტა არ იყოს, მოუხეშავად იქცეოდა. მამელუკთა ჭრელი ტანისამოსის დანახვაზე ფრანგთა ცხენები დაფრთხნენ და აირივნენ. ამით ისარგებლა მახმუტ-ბიიმ, ბედაური წინ გააგდო, იშიშვლა ხმალი და ათასი მეომრით ფრანგთა კავალერიის შუაგულში შეიჭრა. მახმუტს განზრახვა ჰქონდა ფრანგები შუა გაერღვია, ერთი ნაწილი როდას კუნძულის ბოლოს, მდინარის მოსახვევთან მოემწყვდია, ახალი ძალები მიესია მათთვის და გაენადგურებინა. ნილოსის ლერწმოვან და ჭაობიან ნაპირებზე ფრანგთა ცხენები, ადგილმდებარეობას უჩვეულო, ფეხს ვერ მოიმაგრებდნენ და საჭირო სიმარდეს ვერ გამოიჩენდნენ. ამ მოსაზრებით შეუტია ასე ცხარედ მახმუტმა.
ფრანგები თითქოს მიუხვდნენ მახმუტ-ბიის განზრახვასაო, ცხარე შეტევაზე ცხარედვე არ უპასუხეს, პირიქით, უკან დაიწიეს: იმავ დროს შეეცადნენ არ არეულიყვნენ, შემტკიცდნენ და თავიანთი მთავარი ჯარისაკენ ალმაცერად გაიწიეს. ფრანგთა შუაგულ ჯარში კი ზარბაზნები ქუხდა და გრგვინავდა.
მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოჯეჯკილმა მახმუტ-ბიიმ პირველ შეტაკებისთანავე შენიშნა, რომ საქმე ჰქონდა ჯერ მისთვის უნახავ და უცნობ წესრიგთან. ფრანგების ყოველ მოძრაობას, ყოველ ფეხის გადადგმას ეტყობოდა მოფიქრება, მდგომარეობის წინდაწინ აწონ-დაწონა, აუჩქარებლობა და სასტიკი დისციპლინა. მამელუკთა ყოველ შეტაკებაზე ისინი მწყობრად უკან იხევდნენ და მსწრაფლ მოქნეულ ხმლებს აუჩქარებლად, მაგრამ საოცარის ოსტატობით იგერიებდნენ.
- ხასან! - დაუძახა მახმუტ-ბიიმ მის გვერდით მებრძოლს ერთ-ერთს ასისთავს. - ხომ ჰხედავ შვილო, რომ ჩვენ წინ ზანგები, ან კორდოფანელები არ არიან! ხომ ჰხედავ, რა ოსტატურად იგერიებენ ჩვენ შეტევას, როგორ ცოტ-ცოტად გვიტყუებენ თავიანთ მთავარი ძალებისაკენ? აბა, ჩქარა გაიქე ასლან-აღასთან. ათასი კაცით საჩქაროდ ნახიდარისაკენ გავარდეს, გიზეხის ქვემოთ ლერწმოვანთან ჩასაფრდეს და ელოდეს ჩემს განკარგულებას. მე მახმუტი არა ვყოფილვარ, თუ ფრანგებს მათი ეშმაკობა თავზე არ დავატეხე.
ხასანმა ცხენი მოაბრუნა, მათრახი შემოჰკრა და გავარდა.
მახმუტ-ბიიმ ჯარს უკან დახევა უბრძანა. დაიხიეს. ახლა კი ფრანგებმა შემოუტიეს. მათი ცხენებიც მიეჩვივნენ მამელუკთა ჭრელ ტანისამოსს, იმ ზომამდე არ ფრთხებოდნენ, კიშმიშზე აღარ დგებოდნენ. მახმუტმა ჯარს კიდევ უკან დახევა უბრძანა. ფრანგები სქლად მოაწვნენ. მახმუტმა პირი იბრუნა და ჭენებ-ჭენებით უკან დაიხია. ფრანგები დაედევნენ. ორას ნაბიჯამდე გაირბინა მახმუტმა და მერე სწრაფად მოტრიალდა და შეუტია. ფრანგები ამას აღარ მოელოდნენ, თავი ვეღარ შეიმაგრეს და დაიქსაქსნენ. მახმუტმა მედგარი იერიში მიიტანა, ფრანგთა კავალერია გაარღვია, რამდენიმე ასი კაცი დანარჩენ ჯარს მოჰგლიჯა და ნილოსის ნაპირისაკენ გაირეკა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ტრიალი მინდორი მოსჩანდა, მაგრამ ფრანგები იქით გაქცევას მოერიდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ბუჩქნარი და ლერწმოვანი იყო. რაღაც მოსაზრებით აქით უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს ფრანგებმა თავის შეფარება და კიდევაც გაქუსლეს ცხენები.
მახმუტ-ბიისაც ეს უნდოდა. სწორედ აქ იყო ჩასაფრებული ასლან-აღა. ასლან-აღა საფარიდან გამოვიდა, ათასი ახალი ჯარით გაქცეულ ფრანგებს გზა გადაუღობა, უკან კი ფეხდაფეხ მახმუტი მისდევდა.
სწორედ ორ ცეცხლს შუა ჩავარდა ფრანგების რაზმი, მაგრამ არ შედრკა, არ დაიბნა, ორად გაიყო. ერთმა პირი უკან იბრუნა და მახმუტის რაზმს შეუტია, ხოლო მეორე ასლანის რაზმს შეებრძოლა. შეიქმნა საზარელი უთანასწორო ჟლეტა. ფრანგთა მომწყვდეული რაზმი ყოველ წუთობით თხელდებოდა, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იდგნენ და თამამად იბრძოდნენ. მახმუტმა ახლა მთელი თავისი ძალა შემოიკრიბა და ფრანგთა მთავარ კავალერიას მიუსია, რომ მომწყვდეულებთან კვლავ შეერთებისათვის ხელი შეეშალა.
თქმა არ უნდა, ნახევარ საათს მაინც თუ გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა, ფრანგთა რაზმი უკანასკნელ ჯარისკაცამდე ბრძოლის ველზე დაწვებოდა. მაგრამ აი იგრიალა ზარბაზანმა. უშველებელი ყუმბარა მახმუტ-ბიის შორი-ახლო გასკდა და რამდენიმე მამელუკი იქვე გააგორა.
ტანმოკლე ფაშათ-ფაშას, თურმე, არ ეძინა. მისი არწივისებური თვალები ყველაფერს ხედავდა, მისი გამჭრიახი, არაჩვეულებრივი გონება ყოველგან იყო. კავალერიის ზიანი რომ შეამჩნია, საჩქაროდ ზარბაზნები და ქვეითა ჯარი მიაშველა.
ზედიზედ გაიქუხა ზარბაზანმა და ოციოდ ახალი მსხვერპლი შეიწირა. „რა ყოჩაღად უმიზნებენ ეგ სახე-ძაღლები“, - გაიფიქრა მახმუტ-ბიიმ და თავის მხრივაც შეუტია.
მაგრამ, აი, გაისმა ბარაბნის ხმა და მომწყვდეულთა საშველად წამოსული ხიშტიანი თოფებით შეიარაღებული ქვეითი ჯარიც გამოჩნდა.
ახლა კი მამელუკთა რაზმი შეიქმნა მომწყვდეული, სწორედ ის რაზმი, სადაც თვითონ მახმუტ-ბიი იმყოფებოდა.
- ხასან, ეს ქვეითა ჯარი რა ჯურის ხალხია, მწვანე მაუდის, ყვითელ გრეხილშემოვლებული მოკლე ტანისამოსი რომ აცვიათ, წმინდა წყლის ფრანგებს როგორღაც არ ჰგვანან? - დაეკითხა მახმუტ-ბიი თავის ასისთავს.
- ესენი ვენეციელები უნდა იყვნენ. ვითომ მივსცეთ გზა და მერე მათ მარჯვენა ფრთას შევუტიოთ?
- რას ამბობ! ალლაჰმა დაგვიფაროს, ჯერ-ჯერობით, რაც უნდა მოგვივიდეს უნდა გავმაგრდეთ და მერე ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ახლა ყოველი ღონე უნდა ვიღონოთ, რომ ქვეითა ჯარი მომწყვდეულ ცხენოსნებს არ შეუერთდეს, თორემ ხომ ტყუილ-უბრალოდ დაიკარგა ჩვენი შრომა. გავუძლოთ როგორმე, მივსცეთ ასლან-აღას შეძლება ის რაზმი გაანადგუროს... სახსოვრად მაინც დარჩება... ყოჩაღ, ასლან-აღა! ჩინებულად იბრძვის! მეოთხედი საათი თუ დასცალდა, იმ პირმოპარსულ, ქუდზე ცხენის ძუა გარჭობილ ფრანგებს სათითაოდ ამ ველზე გამოსჭიმავს. ეს თუ მოხერხდა, მერე ასლან-აღაც ჩვენ შემოგვიერთდება და თავგანწირვა... სიკვდილი... ჩემო ხასან!..
ქვეითა ჯარს აქა-იქ ცხენოსნები მოსდევდნენ. ტანსაცმელზე ეტყობოდათ, რომ ისინი ასისთავები უნდა ყოფილიყვნენ. ერთმა მათგანმა, შუახნის ლამაზმა კაცმა, ზურგს უკან გადაკიდებული თოფი საჩქაროდ მოიმარჯვა და მახმუტ-ბიის თვალწინ ერთი მამელუკი მიწაზე უსულოდ გააგორა. თოფი საჩქაროდ ისევ ზურგს უკან გადიგდო, მარჯვედ ხმალი იშიშვლა, რაღაც დაიყვირა და საიერიშოდ წამოვიდა.
- ახ, გიაურ, არ შეგარჩენ, იცოდე! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ, მიზანში ეს ასისთავი ამოიღო და პირდაპირ მისკენ მიიწია.
მახმუტ-ბიის ერთი პატარა მათრახი ჰქონდა. ამ მათრახს ხელიდან არ იშორებდა, მუდამ ხმლის ქარქაშზე ეკიდა. ეს მათრახი ხართუმის თემთა ერთ-ერთ მთავარმა უფეშქაშა. ტარი წმინდა სპილოს ძვლისა ჰქონდა, ხელმოსაკიდი კი ოქროთი მოჭედილი. რასაკვირველია, მახმუტ-ბიი ისეთ ბედაურზე იჯდა, რომ მათრახის დაკვრა არ ესაჭიროებოდა. მათრახს ატარებდა მხოლოდ როგორც სახსოვარს, მეგობრისგან მიძღვნილს. ცხენზე გაქნევ-გამოქნევის დროს, რაღაც მიზეზით, ეს მათრახი ქარქაშს მოშორდა და მიწაზე დავარდა. მახმუტმა ამას თვალი შეასწრო და ძლიერ ეწყინა. „ჯანდაბას, რაღა დროს მათრახზე დარდიაო“, გაუელვა თავში, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა, საჩქაროდ ჩამოიწია ცხენიდან, მათრახს დააფრინდა, აიღო და ისევ უნაგირს ზედ მოექცა. აღშფოთებული მამელუკები გარს შემოერტყნენ.
- ვაიმე, მოგკლეს?.. განგგმირეს მაგ...- იძახდნენ მამელუკები...
- რა მოხდა? - გულგრილად დაეკითხა მახმუტ-ბიი.
- განა ტყვია არ მოგხვედრია ახლა? - ხმის კანკალით დაეკითხა ხასანი.
- ჯერ არაფერსა ვგრძნობ.
- როგორ? აქვე შენ უნაგირზე მტრის ტყვიამ გაიზუზუნა, შუა გახვრიტა და ჩამოგაგდო, გვეგონა.
- ჰაიტ! - დაიჭყივლა მახმუტ-ბიიმ, - ბედი ამასა ჰქვიან! ტყუილად კი არ მიყვარს ჩემი მათრახი! ჯერ-ჯერობით ხომ სიკვდილს ამაცდინა... თუმცა სულერთია... საბედისწეროა დღევანდელი დღე... მამელუკნო, წინ... მომყევით! - დაიძახა მან და ვენეციელთა რაზმში ხმალამოწვდილი შეიჭრა. მოხდა საშინელი ხელჩართული შეტაკება. ორი მხარე მშიერი მგლებივით ეძგერნენ ერთმანეთს. ცხენი, ხმალი, ხიშტი, კაცი - დომხალივით ერთმანეთში აირია. მახმუტი თავგანწირვით იქნევდა ხმალს მარჯვნივ და მარცხნივ. მისი გამოცდილი ხელი ერთხელაც არ მოცდენილა.
ამ სასიცოცხლო შეტევის დროს მახმუტ-ბიის ისევ ის ვენეციელი ასისთავი მოელანდა. მახმუტმა დამბაჩას ხელი იტაცა, ვენეციელი მიზანში ამოიღო და მისკენ გაექანა. იმანაც შეამჩნია, ცხენი შეაყენა და უკან, თოფისაკენ ხელი წაივლო, მაგრამ საჩქაროდ ისევ უშვა, ალბათ, გატენილი არ ჰქონდა* ცხენი მიაბრუნა და გაჰქუსლა. მახმუტ-ბიი გამოუდგა.
- თითქოს მეცნობება! სადღაც მინახავს ეს კაცი! - ფიქრობდა მახმუტი, მაგრამ ვერ მოეგონა, თუ სად ენახა.
- მოითმინე, ყმაწვილო! შენ ბრძანდებოდი, რომ ჩემ თვალწინ ჯარისკაცი მომიკალ, მე მოგიკვდი, თუ სამაგიერო არ გადაგიხადე! - წაიბუტბუტა მახმუტ-ბიიმ, დამბაჩა გასინჯა და მარჯვე წამს ეძებდა, რომ ვენეციელი ასისთავი ნიშანში ამოეღო, მაგრამ ამ დროს მის ცხვირწინ ხიშტიანი ჯარისკაცი აიტუზა. ხიშტი აიქნია და მახმუტისათვის ბარძაყში უნდა ეთხლიშა. სხვა რა გზა იყო! მახმუტის უკვე ფეხზე შეყენებული დამბაჩა გავარდა და ჯარისკაცი იქვე უსულოდ ჩაიკეცა.
ასისთავმა ეს შენიშნა, საჩქაროდ ცხენი მოაბრუნა, ხმალი იშიშვლა და პირდაპირ მახმუტ-ბიისაკენ წამოვიდა. ორთავემ ანთებული თვალებით გაზომეს ერთმანეთი.
- ჰაიტ, გიაურ! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და, სანამ ვენეციელი ხმალს მოიმარჯვებდა, ელვის სისწრაფით მოქნეული ხმლით მკერდი გაუპო.
- ვაი, ნანა! - გარკვევით წამოიძახა მწარე კვნესით, ვენეციელს ხმალი ხელიდან გავარდა და ხის მოჭრილი ტოტივით ნელ-ნელა ცხენიდან ჩამოეშვა. ალისფერი სისხლით შეიღება მისი მწვანე მაუდის კოხტად შეკერილი და ყვითელ გრეხილებით მორთულ-მოქარგული ტანისამოსი.
მახმუტ-ბიი გაფითრდა, მთელი ტანი აუცახცახდა. არც კი ახსოვდა, თუ რამდენი კაცი მოეკლა ბრძოლის ველზე ამ ორმოცი წლის განმავლობაში, ხოცვა-ჟლეტა ჩვეულებრივ უბრალო მოვლენად გადაექცა, მაგრამ ასეთი სულიერი აღშფოთება ჯერ არ განეცადა.
ვაი, ნანა! ჩასძახოდა მას ყურში რაღაც ხმა და ეს ხმა გულის სიღრმემდე სწვდებოდა და აშფოთებდა. შეირყა მთლად მისი არსება. იგი თითქოს უცბად მოსწყდა იმ სინამდვილეს, რაც მის გარშემო ხდებოდა. ირგვლივ თოფების ტკაცა-ტკუცი, ხმლების ჩახა-ჩუხი, ზარბაზანთა გრიალი დედამიწას აზანზარებდა, მახმუტ-ბიის კი არაფერი არ ესმოდა. ის უძრავად, გარინდებული იჯდა ცხენზე და სულგანაბული, სულთმომბრძავ ვენეციელს თვალს ვეღარ აშორებდა.
ახლა კი გაახსენდა მახმუტ-ბიის, თუ სად ენახა ასეთი კაცი. ეს თვალები, ეს ცხვირი, ეს შუბლი... ეს ხომ სალომეა! ეს წვერ-ულვაში, ეს ტუჩები ხომ რეზოსია!.. სწორედ ამნაირად, როგორც ახლა ეს მომაკვდავი, კრეჭდა რეზო კბილებს, როცა მას ოსმალები უწყალოდ მათრახს უშენდნენ... „ვაიმე! . ვითომ ეს მათი შვილია?“ - გაუელვა თავში საშინელმა აზრმა. „შეუძლებელი რა არის?.. ღმერთო, რა საშინელებაა!..“ მახმუტ-ბიის გონებაში ელვის სისწრაფით გადაირბინა მისმა განვლილმა ცხოვრებამ, მოჩუხჩუხე, მუდამ ამწვანებული ტეხურის ნაპირიდან, ფართე, უზარმაზარი ნილოსის ნაპირამდე გაახსენდა ბავშვობა, გაახსენდა სახლ-კარი, დედ-მამა, ძმები, მარკოზ ხუცესი, სალომე, რეზო.... ნუთუ ეს ყოველისფერი ცხადი იყო? „ცხადია! ცხადია! - ეფუჩუნებოდა ყურში რაღაც ხმა. - დიახ, ცხადია! სულ ყოველისფერი ცხადია!“ - პასუხს აძლევდა მეორე ხმა. „განა არ გახსოვს, ამ შორეულ ქვეყანაშიაც ბევრჯერ მოგგონებია ისინი! ბევრი ცხარე ცრემლი დაგიღვრია ცხადლივ თუ იდუმალ მათ გახსენებაზე. არ გახსოვს, ერთხელ ვიღაცამ, შენსავით მოტაცებულ-გაყიდულმა, ხელით გიჩვენა, თუ საითკენ უნდა ყოფილიყო შენი საყვარელი, ის შენთვის და შენ მისთვის სამუდამოდ ცოცხლადვე დამარხული სამშობლო. შემდეგში ხომ გულდამწვარი და თვალებაცრემლებული ბევრჯერ იყურებოდი იქით, გულმოდგინედ ათვალიერებდი ნილოსის გაღმა გაჭიმულ, თვალუწვდენელ ხრიოკ უდაბნოს? თითქო გსურდა, ოდნავ მაინც გაგერჩია იმ უდაბნოს იქით ტყით შემოსილი სერები და მათ შორის შხუილით ჩამომდინარე ანკარა ტეხური. მაგრამ ამაოდ! ხრიოკი, კვლავ ხრიოკი! უდაბნო, კვლავ უდაბნო, ერთფეროვანი და უსიცოცხლო გხვდებოდა თვალებში! ხომ ბევრჯერ მოგსვლია ჭაბუკობაშიაც ფიქრი: ახ, ნეტავ როგორ ცხოვრობენ იქ, ცოცხალნი არიან თუ არა? სულ ყველანი როგორ დაიხოცებოდნენ... მე ვახსოვართ თუ არა?.. შენ კი გახსოვდა ყველა, გახსოვდა... ადამიანი კი არა, რამდენჯერ გაგხსენებია თქვენი ცხარედ მოყეფარი ძაღლი აშგერია და რქამოღუნული ვაცი ოჩაგა, რომელიც ყველა თხებს ურქენდა და ეჭიდებოდა... მაგრამ მიდიოდა დრო, წელიწადი წელიწადს მისდევდა... შენ შეეჩვიე ახალ ცხოვრებას... ბედმა გაგიღიმა... საუცხოვო პირობებში ჩავარდი... არაფერი არ გაკლდა - კარგი გარეგნობა, სიმდიდრე, სახელი, სიამოვნება... ყველანი გაქებდნენ, პატივით გეპყრობოდნენ. ჩაგითრია ცხოვრების ახალმა პირობამ... განვლო ბევრმა დრომ და ამ ხნის განმავლობაში ახალი ცხოვრების ტალღის დანალექმა დაჰფარა შენი გული, თუმცა გულის სიღრმეში ერთი ბეწო რამ მაინც დარჩენილიყო. რაც ვერავითარმა დრომ, ვერავითარმა დანალექმა ვერ დაჰფარა და ვერ გააქვავა. ის „რაღაცა“ ხანდისხან მოულოდნელად ამოძრავდებოდა, გაგახსენებდა ძველს, დამალულს, დავიწყებულს, საგრძნობლად გიკბენდა და სევდით მოცულს დაგაფიქრებდა.
„ვაი ნანა!“ ალბათ, ჩურჩულებდა მომაკვდავის ოდნავ მოძრავი ტუჩები. ეს ხომ პირწავარდნილი რეზოა?.. ნუთუ ღმერთო, რად დამსაჯე ამ ზომამდე! განა ჩემი ბრალია!.. ნამდვილი მაინც ვიცოდე... ვითომ ყურმა მომატყუა? შეუძლებელია! „ვაი ნანა!..“ - არ ცხრებოდა ხმა.
ვენეციელმა ერთიც გაიწ-გამოიწია, კბილები დააკრაჭუნა და გაშეშდა.
მახმუტ-ბიის თმა აებურძგნა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თავის გასისხლიანებულ ხმალს თვალი მოავლო, ტარს ხელი მოუჭირა და ნელა გადააბრუნ-გადმოაბრუნა. ბასრი რკინა მზის სხივებზე ელვარებდა: სისხლის ერთი პატარა ნაკადული ხმლის ყუის ტარს გაჰყოლოდა და ერთ ალაგას შემდგარიყო.
- მახმუტ-ბიი! ალლაჰ! ცოცხალი ხარ? - დაიყვირა ვიღაცამ.
მახმუტი გამოერკვა. მის წინ სისხლში ამოსვრილი, ტანისამოსშემოგლეჯილი მამელუკი იდგა. მისი აქაფებული ცხენი საცოდავად ქშინავდა. ველზე უთავბოლოდ ეყარნენ მკვდარი ცხენები, მამელუკები, ფრანგები. ხმაურობა და ტკაცა-ტკუცი პირამიდების მხრიდან ისმოდა. მახმუტმა ახალ მოსულს შეხედა, იცნო - ეს ათასისთავი ახმეტი იყო, მაგრამ თავისი თავი კი ვეღარ იცნო. ორმოცი წლის დანალექი მისი გულიდან თითქოს ამ ერთ წამს გადაირეცხა, გასუფთავდა. ის უკვე მამელუკი აღარ იყო.
- მახმუტ-ბიი! - ათრთოლებით განიმეორა მამელუკმა, - რა ვქნა, მოჩვენებაა, თუ სიცხადე? კაცო, ცოცხალი ხარ? აქ ასე გაქვავებული რამ გაგაჩერა? ვერა ჰხედავ, გვძლევენ ფრანგები! ასლან-აღას რაზმი განადგურდა. შენი რაზმი სადღაა? ომერ-საიდმა შენ საძებნელად გამომგზავნა, საჩქაროდ გვიბარებს, - მოუთმენლად ამბობდა ათასისთავი.
მახმუტი-ბიი თითქოს დამუნჯდაო, გარინდებული იყურებოდა. ათასისთავს უაზროდ შემოხედა და მერე ისევ ვენეციელის გაციებულ გვამს დააჩერდა.
მოისმა ცხენების თქარა-თქური და ათიოდ მამელუკი მოიჭრა. ზოგი მათგანი ათისთავი იყო, ზოგი ათასისთავი.
- მახმუტ... აქა ხარ?.. ეს რა ამბავია? ახმეტ, აქ რას უდგახარ?.. დავიღუპეთ! ტანმომცრო ფაშათ-ფაშამ ჩვენი გვარდია გაანადგურა... ომერ-საიდმა გმირულად თავი შესწირა მამელუკთა სახელს! მახმუტ, კაცო, ბიიები შენ გეძებენ, არ იციან, რა ქნან, როგორ მოიქცნენ! ფრანგები გარს გვერტყმიან, ყოველ წუთს უბედურობაა მოსალოდნელი! - სხაპასხუპით აყრიდნენ მამელუკები.
მახმუტი სდუმდა. ბიის გონებაში სულ სხვა სახეები, სულ სხვა პირები იხატებოდნენ.
- იქნებ დაჭრილია? - შენიშნა ერთმა.
- კაცო, რას გაჩერებულხარ? - მედგრად დაეკითხა ახმეტი. - ვერ გამიგია, რას დასჩერებიხარ ამ გიაურის ლეშს! ახლა ნახე? ვენეციელი ასისთავია, ვიღაც ძაღლი ძაღლურათ ჩაძაღლებულა!
- ვინ არის ვენეციელი? - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და თვალები კაკლის სისხო გაუხდა. მამელუკებმა ერთ-ორი ნაბიჯი უკან დაიხიეს.
- ალლაჰ! ალლაჰ! რა ამბავია, მახმუტ, შენ თავს? - გაოცებით წამოიძახეს მამელუკებმა.
- ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე არაბი! - ხმას აუწია მახმუტ-ბიიმ.
- ალ...ლაჰ! ალლაჰ! წინასწარმეტყველო, შენ დაგვიფარე! ხომ არ შეშლილა ნეტავ? - ჩაილაპარაკა ერთმა.
- შენს წინასწარმეტყველსაც და შენს ალლაჰსაც... სად არის ან ერთი, ან მეორე?! უსამართლობაა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრეობა მისი წინასწარმეტყველი! - დაიჭექა მახმუტ-ბიიმ.
შეშფოთებულმა მამელუკებმა კიდევ უკან დაიხიეს.
- მახ... მუტ?! - შეჰყვირა თავის მხრივ ათასისთავმა ახმეტმა, - ეს რა გვესმის? შენი რჯული დაჰგმე?.. მამელუკთა ფიცს უღალატე?!
- თქვენს რჯულსაც და თქვენს ფიცსაც...
- მახ... მუტ?! ეს რა ამბავია... იქნებ ფრანგების მოსყიდულია? შე მოღალატევ, შენა! - დაიძახა ერთმა ათასისთავმა ისმაილმა.
- ადვილი შესაძლებელია, - კვერი დაუკრეს სხვებმა.
- არა ჰგავს თუ? ამისი რაზმი დაიქსაქსა, ეს კი სრულებით უვნებელი აქ გამოჭიმულა...
- მაგრამ, გიაურ, არ შეგარჩენ იცოდე! - დაიყვირა ახმეტ ათასისთავმა და ხმალზე ხელი დაიდო.
მახმუტ-ბიი, თითქოს ამას ელოდებოდაო, ცქვიტად შეტრიალ-შემოტრიალდა უნაგირზე.
- არ იკადრო, ყმაწვილო, - მწარე სიცილით წარმოსთქვა და სანამ ახმეტ ხმალს ქარქაშიდან ამოიღებდა, უკვე შიგ კისერში უთავაზა ბასრი რკინა.
- ჰა, გიაურ! ჰა, მოღალატე! - წამოიძახეს მამელუკებმა და ხმლებზე ხელი მოისვეს.
ერთ ხანს ელავდა მზის სხივებზე სწრაფად მოქნეული ხმლები.
- ვაი ნანა! - გაისმა მწარე კვნესა და სასიკვდილოდ დაჭრილი მახმუტ-ბიი ვენეციელ ასისთავის გვამს ზედ დაეცა.
ზარბაზნების გრიალი და თოფების ტკაცა-ტკუცი ცოტ-ცოტად მიწყდა, სამაგიეროდ ბარაბანის და საყვირის ხმას დასასრული არ უჩანდა.
ფრანგთა ჯარი უზარმაზარ პირამიდის ირგვლივ მოგროვდა და გამარჯვებას დღესასწაულობდა.
საზარელ ბრძოლის ველზე, ურიცხვ გვამთა შორის, ორი ერთმანეთს გადაჭდობილი გვამიც ეგდო, ერთს ძვირფასი არაბული ხალათი ეცვა, მეორეს ვენეციელ გვარდიელის მუნდირი.
ღმერთმა ხომ იცოდა, რომ არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი.
ორთავენი ბედკრულ საქართველოს შვილები იყვნენ.
* მაშინ კაჟიანი თოფებით ომობდნენ.