აკაკი წერეთელი

ჩემი თავგადასავალი

პირველი ნაწილი

თავი I

(გაგრძელება)

ჩვენი სახლის ზედა სართულს ოდა ერქვა, ქვედას - პალატი, და ორივეს საერთოდ კი - სასახლე, რომელსაც ირგვლივ, სამი კუთხით სხვადასხვა შენობა ერტყა: სამოახლო, საფარეშო, სახაბაზო, სამზარეულო, ბეღლები, საბძლები, სასიმინდეები, მარანი და სხვადასხვა ხულები. იმათზე ცოტა მოშორებით საჯალაბო იყო და იმ საჯალაბოს გარს ერტყა საჯინიბო, სათხებო, საღორე, საქათმე, საბატე, საინდოურე და სხვ. სამოახლოში ქალები იდგენ და სამ ხარისხოვნად იყოფოდნენ: გამდელებად, მოახლეებად და გოგოებად. გამდელი, როგორც ოჯახის ერთგული, ნამსახური და მოჭირნახულე, დიდ პატივში იყო, ხმა ჰქონდა საოჯახო საქმეში და ბატონიშვილების გამოზრდაც მის ხელში იყო. ეს ყოველ ოჯახში საზოგადოდ ძველთაგანვე მიღებული იყო, მაგრამ დედაჩემი კი ამ კანონს არ დასდევდა და უფრო თვითონ ზრდიდა შვილებს. მოახლე ქალბატონთან თან შეზრდილი და ნამზითევი, მისი ხელზე მოსამსახურე იყო; გოგო კი - ყველას მორჩილი და მოსამსახურე. იმათ გამდელები ადევნებდნენ თვალყურს და სწვრთნიდნენ; საქმე არ გამოელეოდათ ხოლმე: ჭრა, კერვა, ქსოვა, ქარგვა, რეცხვა, აბრეშუმის მოყვანა და სხვა ამგვარი რამ ხელსაქნარი - მათი პირდაპირი მოვალეობა იყო.

კაცებს უფრო ცოტა საქმე ჰქონდათ სასახლეში. სახაბაზეში ხაბაზები იდგნენ; დღეში ორჯერ გაახურებდნენ თორნეს, გამოაცხობდნენ საცხობს და სხვა საქმეს, რაც უნდა საჭირო ყოფილიყო, ხელს არ მოჰკიდებდნენ. სამზარეულო მზარეულებს ეჭირათ ხელში და ისინიც ხაბაზების კვალობაზე ვიდოდენ. მარან-ბეღლები ხელოსნებს ებარა, სასიმინდე და ხულებიც მათი საქმე იყო; საბძლები კი მეჯინიბეებს ჰქონდათ მიჩენილი. მოჯალაბე და მწყემსები ცალკე წრეს შეადგენდნენ, ყველას თავისი საკუთარი, ძველთაგანვე დაწესებული და გადაჭრილი საქმე ჰქონდა: სხვა საქმეს ხელს არ ჰკიდებდა, სხვების საქმეში არ გაერეოდა; იცოდა მხოლოდ ის, რაც მისი საქმე იყო და კიდეც ასრულებდა, თქმა აღარ უნდოდა. ეს ყველა ასე იყო, მაგრამ, რადგანაც ამგვარი საქმის კეთება მაინცდამაინც ბევრ დროს არ მოითხოვს, ბატონის მხლებლებიც უმეტეს ნაწილად უსაქმურად ბრძანდებოდნენ და სიზარმაცით დათენთილი იყვნენ. მხოლოდ ფარეშებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ; თუ ბატონები არ მიუთითებდნენ, ისე, თავისთავად, ხელს არაფერს ჰკიდებდნენ.

ჩვენს სახლს წინ დიდი ეზო ჰქონდა, სადაც უზარმაზარი ნიგვზები, ანუ, ზოგან უწოდებენ, კაკლის ხეები, საჩრდილებლად თავმომწონედ შლიდნენ შტოებს. სახლის წინ კარის ეკლესია იყო აგებული, უკან საქალებოთი. ძველად, საქართველოში არც ერთი ეკლესია არ აშენდებოდა ისე, თუ უკან საქალებოც არ ექნებოდა მიდგმული. წირვა-ლოცვის დროს საყდარში წინ კაცები იდგნენ და უკან საქალებოში კი, ქალები. რასაკვირველია, არავის მამაკაცთაგან ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ზურგი მიექცია ხატებისაკენ და ქალებისათვის დაეწყო ცქერა! დღეს კი, როდესაც რუსულ წესზე აშენდა ჩვენი საყდრები და საქალებოს აღარ აკეთებენ, ქალები და კაცები არეულად შედიან საყდარში, ნახევრად ტიტველი ქალები თვალს იტაცებენ კაცებისას, და მლოცველებსაც ზეციური სასოება ქვეყნიურ იმედებზე გადააქვთ, სისხლი უღელავთ და გულისთქმა ებილწებათ.

თითქმის ყოველ დიდ ოჯახს ჰყავდა ძველად საკუთარი მღვდელი; წირვა-ლოცვა გაუწყვეტელი იყო და ადრე მღვდელსაც უფრო პატივსა სცემდნენ, ვიდრე დღეს. მეფე და მთავრებიც შენდობას სთხოვდნენ მღვდელს და ხელზე ეამბორებოდნენ; მხოლოდ ბატონები თავის საკუთარ მღვდლებს, რადგანაც სულ ერთად იყვნენ, არა ჰკოცნიდნენ ხელზე. ამიტომაც დარჩენილა ჩვენში ანდაზა: „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“.

აი, ვრცელი სახე, როგორც საზოგადოდ ყველა დიდ ოჯახებისა, ისე ჩვენი მოსახლკარობისაც. ეხლა ეგებ ვინმემ იკითხოს, თუ რათ უნდოდათ მაშინდელ ბატონებს ურიცხვი ფარეში სასახლეში, მაშინ, როდესაც საქმე არა იყო რაო? ამის მიზეზი იყო მაშინდელი ბატონყმობის წესი და რიგი, ძველთაგანვე ისე რჯულად დაკანონებული, რომ მისი გატეხა ცოდვად მიაჩნდათ.

ბატონყმობა ჩვენში პირობითი იყო და არა უსაზღვრო, როგორც სხვაგან. ყმებმა იცოდნენ, რა უნდა გადაეხადათ. ბატონებმა - რა უნდა გადაეხდევინებინათ, და ორივე მხარე შეურყევლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სხვადასხვა გვარის და სხვადასხვა სოფლის გლეხები, სხვადასხვაგვარად იყვნენ დაბეგრილი, ზოგს მეტი ემართა, ზოგს ნაკლები, ზოგს სულ ამოკვეთილი ჰქონდა ბეგარა და გააზატებული იყო. ერთ ჩვენს გლეხთაგანს, სხვათა შორის, ნახევარი კვერცხიც ემართა: ყველიერის დაურწყებას ჩამოვიდოდა სასახლეში, სამზარეულოში შეწვავდა კვერცხს, გაფცქვნიდა, მერე გაჰყოფთა ძუით შუაზე და ნახევარ კვერცხს მიართმევდა ბატონს, როგორც ბეგარას. ნახევარ კვერცხის ბეგარა ისე აწუხებდა იმ გლეხს, რომ რამდენჯერმე სთხოვა ბატონს: ამომიკვეთე და ერთ ძროხას მოგართმევო. მაგრამ პასუხად ამას ეუბნებოდა: საშვილიშვილო ვალდებულება რომ მე მოვსპო ძროხის გულისათვის, ეს ღორმუცელობა იქნება, და თუ სხვებ გამოიჩენ როგორმე თავს ერთგულებით, მაშინ კი შეიძლებაო. მართლაც, ჩვენს სამოსახლოში სახადი გაჩნდა, ავადმყოფები გადახიზნეს. საორმოცომ ისე შეაშინა ყველა, რომ ავადმყოფებს არავინ ეკარებოდა; მაშინ ამ გლეხკაცმა იშოვა დრო, დაადგა თავზე ამ გადაწოლილებს და უპატრონა. ამ ერთგული სამსახურისათვის ამოუკვეთეს ნახევარი კვერცხის გადახდა.

ერთ გლეხს წელიწადში ათი კოკა ღვინო ემართა; ერთ წელიწადს ღვინო აღარ მოუვიდა და ბატონმაც კოლოტებით ათი კოკა წყალი გამოატანინა და ჩაასხმევინა ჭურში. ღვინო რომ არ მოუვიდა, ის ღვთის ნება იყოო; გლეხკაცს მუშაობა და შრომა მაინც არ დაკლებიაო და, რაც არა აქვს, რა უნდა გადავახდევინოო. მაგრამ წყალი ხომ ზედ ჩამოუდისო, და მიტომ გამოვატანინე, რომ არ იფიქროს, ბეგარა ამოკვეთილი მაქვსო. რაც მამა-პაპიდან არ მართებს, იმაზე მეტს არ ვთხოვ, მაგრამ რაც მართებს, იმას კი ვერ შევარჩენო, რადგანაც მამებს ასე გადმოუციათ ჩვენთვის და შვილებსაც ასე უნდა გადავცეთო. თვითონ გლეხებიც მტკიცედ იდგენენ თავის პირობაზე და ნამეტანის გადახდას სიკვდილს არჩევდნენ.

როგორც სოფელი შროშა ქათმით, რაჭა ხბოთი და არგვეთი ცხვრით, ისე თავასა ღორის სიკეთით იყო განთქმული. თავასელ გლეხებს ბეგარად ედვათ, რომ ყოველ წელიწადს, ნაშობევს, დაურწყების კვირაში, თითო ბურაკი გამოეტანათ სასახლეში. ჩვეულებადა ჰქონდათ, რომ მარჯვენა ფეხი უნდა მოეჭრათ გამოტანილ ბურაკისათვის და უკანვე წაეღოთ შინ. ამას ბედის დაბრუნებას ეძახოდნენ.

ერთხელ ერთ გლეხთაგანს გზაში დაგვიანებოდა და, რომ დამარხვდა, მეორე დღეს მოიტანა ბურაკი. ბატონი გაუწყრა და ის ბურაკი იქვე დაბმულ დათვს გადაუგდო. დათვმა, რასაკვირველია, მაშინვე დატორა. გამწარებულმა გლეხმა გაიმეტა თავი, შეეჭიდა დათვს, გამოგლიჯა ბურაკი, მოჭრა მარჯვენა ფეხი და დანარჩენი ისევ გადაუგდო: „არა, შენი ჭირიმე, - მიაძახა, - როგორც დამნაშავეს, რაც გინდა ის მიყავითო, მაგრამ ჩემს ბედს და მამა-პაპის ჩვეულებას დათვს ვერ შევაჭმევო!“

გრიგოლ წერეთლის შვილი, ნესტორ წერეთლის მამა, დიმიტრი, რუსეთში იყო გამოზრდილი. დაბრუნდა თუ არა, ოფშკვითელი ნიჟარაძის ქალი შეირთო, მდიდარი მემკვიდრე. ჩაესახლა იქ და მეოჯახობას მიჰყო ხელი. ერთ ღამეს ვიღაცამ თოფი ჰკრა და მძინარი მოჰკლა. მკვლელობა მიაწერეს ცოლის ნათესავებს, როგორც გარეშე მემკვიდრეებს, დაიჭირეს, ბევრი დასაჯეს, ზოგი ციხეში გამოახრჩვეს და ზოგიც ციმბირში გაგზავნეს. გაიარა ორმოცდაათმა წელიწადმა. ერთმა მოხუცებულმა სოფლელმა სიკვდილის წინ აღიარა საჯაროდ შემდეგი: „მე ვიყავი დიმიტრი წერეთლის შინაყმა, ერთხელ კამეჩები დარჩენილიყვნენ ღამე საჩეხს გარეთ; ჩვენ, რასაკვირველია, უარზე დავდექით, რომ შეგვერეკა საჩეხეში, რადგანაც მწყემსები არ ვიყავით. მაგრამ ბატონი გაგვიწყრა და გვიბრძანა: „მე ეგეები არ ვიცი, რასაც გიბრძანებთ, ის უნდა გააკეთოთ!“ ეს გვეუცხოვა ჩვენ, ფარეშებს, პირობა შევკარით, რომ მოგვეკლა. წილი ვყარეთ და მე მერგო. იმ ღამეს მივეპარე მძინარს ფანჯრიდან და თოფი ვკარიო“. ამ რამდენიმე მაგალითებიდან მკითხველი ცხადად დაინახავს, თუ რა მძიმედ იდგნენ თავის მოვალეობაზე ბატონიცა და ყმებიც. აზატ გლეხებს არაფერი გადასახადი არ ემართათ და მიდიოდნენ საბატონო აზნაურების კვალობაზე: გამოჰყავდათ სასახლეში თითო პატარა ბიჭი ხელზე მოსამსახურედ და იმით თავდებოდა მათი მოვალეობა. აი, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის გარემოება, რომ დიდ ოჯახებში ორმოც-სამოცობით ეყარნენ ფარეშები და საქმეს კი არაფერს აკეთებდნენ. ბატონყმობის დროს მხოლოდ მოჯალაბეები იყვნენ საზოგადო კანონს, რიგსა და ჩვეულებას მოკლებულნი. გლეხი, მიწაწყლის პატრონი, და მოჯალაბე უმიწაწყლო, სულ სხვადასხვა იყო. მოჯალაბედ გახდებოდა მხოლოდ ნაყიდი, ანუ ტყვედ წაყვანილი და სრული მონაც იყო მისი პატრონისა. მოახლედაც მოჯალაბის შვილები უნდა გაეყვანათ და გლეხისას ვერ შეეხებოდნენ, გინდ ობოლიც ყოფილიყო.

სიკო წერეთელს ერთი გლეხი გადაუშენდა და უპატრონო ობოლი მოსამსახურედ გამოიყვანა. სოფელმა იწყინა და მოციქული მიუგზავნა: მიწაწყალი თქვენია, საკომლოს, რაც გნებავთ, ის უყავით, მაგრამ ობოლზე კი ხელი არა გაქვთ და დაგვიბრუნეთ, რომ ჩვენვე ვუპატრონოთ და გავათხოვოთო. ბატონმა, რასაკვირველია, ყურადღება არ მიაქცია მათ თხოვნას. ერთ დღეს რაღაც უცნაური ხმაურობა მოისმა საჩხერეში. გაიხედეს და დაინახეს, რომ ყვირილის პირად ხვადაბუნები მოდებული იყო გლეხკაცებით, კალიასავით მოჰფენოდნენ ჭალებს, შემოვიდნენ საჩხერეში და შემოერტყნენ ირგვლივ წერეთლის სახლს ყვირილით: ნუ ჩადიხარ უსამართლობას, გოგო დაგვიბრუნეთო. როდესაც ბატონი გაუძალდათ, გლეხებმა შეუყარეს კეტები სახლს და სულ ჭრიჭინ-ჭრიჭინი დააწყებინეს. შეშინებულმა ბატონმა დაუბრუნა გოგო და გლეხებმაც სულ მაყრულითა და ვარხალალოთი წაიყვანეს თავის სოფლისაკენ. იმ დროს დიდი სვიმონ წერეთელი, სახუცის შვილი, მეფის სიძე, ღრმა მოხუცებული კიდეც ცოცხალი იყო; იწყინა ეს შეურაცხყოფა გლეხებისაგან, შეაკაზმვინა თავისი ლურჯი ბედაური (მთელ საწერეთლოში მისი ლურჯი ბედაური იმ დროს განთქმული იყო), შეჯდა და დაიძახა: „მდევარიო!“ მაშინ ყველა მებატონეებს ბედაურებით საჯინიბოები გავსილი ჰქონდათ. თვალის დახამხამებამდე გამოეწყვნენ, შეიკაზმენ წერეთლის შვილები, თან იახლეს დაიარაღებული აზნაურიშვილები და გამოუდგნენ გლეხებს. ხვადაბუნებში, ყვირილის პირად, მოსწვდნენ. გლეხებმა რომ დაინახეს მათზე მიმავალი ცხენოსანთა ჯარი, მობრუნდნენ, მოიმარჯვეს ხელკეტები და დაეწყვნენ რაზმებად. წამოდგნენ წინ მოხუცებული გლეხები. მიეგებნენ ბატონებს, დაუჩოქეს და მოახსენეს: ნუ იზამთ მისთანა უსამართლობას, რომელიც არც თქვენს ძველებს და არც ჩვენს ძველებს არ ჩაუდენიათო, ნურც თქვენს თავს გაგვამეტებინებთ და ნურც ჩვენ ამოგვწყვეტთ ცუდუბრალოდო. ორივე მხარე მაგრად იდგა და, ვინ იცის რით გათავდებოდა საქმე! მაგრამ ამ დროს გაჩნდა მისი ჭაკი ცხენით ოქორპირ მღვდელი, წერეთელი, და ჩამოვარდა შუაკაცად: როგორ გეკადრებათ გლეხკაცების თავის გაყადრებაო! - მიუბრუნდა წერეთლებს, - თავი დაანებეთ, მთავრობას შეატყობინეთ და ის გასცემს მაგათ თქვენ მაგიერ პასუხსო. მართლაც, გლეხკაცები ძალიან დასაჯეს, ზოგი დააპატიმრეს და ზოგიც გაგზავნეს. საკვირველი ის იყო, რომ ეს ხალხი, რომელიც ჩხუბს უპირებდა მშვენიერად შეიარაღებულ ცხენოსან ჯარს, სრულიად დაემორჩილა მხოლოდ ერთ „ზასედატელს“ და ორ ყაზახ რუსს. „რა გაეწყობაო, - ამბობდნენ, - ძალა აღმართსა ჰხნავს, მტერმა, რაც უნდა ის გვიყოს, მაგრამ შინაურობაში კი წესსა და რიგს ვერც ჩვენ გავტეხთ და ვერც სხვებს გავატეხინებთო!“ ამგვარი მაგალითები ბევრი ყოფილა, მაგრამ სანიმუშოდ ესეც კმარა.

ბატონყმობის დროს ჩვენში ცემა-ტყეპა ძალიან იშვიათი რამ იყო! თუ გალახავდნენ ხელით, ან მათრახით, ან ჯოხით, ისევ პატარა ახალგაზრდა ფარეშებს, თორემ დავაჟკაცებულს არა, ამათ შესარცხვენად საკმაო იყო პანღური და ცალი ულვაშის აწევა. „როზგი“ ამ ბოლო დროს შემოიღეს, თორემ ადრე ქართველებმა მისი სახელიც არ იცოდნენ.

აი, რა გამიგონია მამიჩემისა და ბიძაჩემისაგან: 1830 წ. ქუთაისში შეჰკრიბეს იმერეთის თავად-აზნაურობა, რომ მარშალი აერჩიათ. იმ თავად-აზნაურებში ერთი თურმე კაპიტანი მიქელაძეც ერია, რომელსაც სუყველა ერიდებოდა. ზემოურებს თურმე გაუკვირდათ ეს და ჰკითხეს ქვემოურებს: რა მიზეზია, რომ მაგ დარბაისელ კაცს პირს არიდებთო? მეტი რაღა მიზეზი უნდაო - უპასუხეს ქვემოურებმა - ეგ დალოცვილი წამოაქცევინებს გლეხკაცებს, ჩაახდევინებს და სულ ისე აროზგვინებსო! ზემოურებმა ეს რომ გაიგონეს, იმათაც ზურგი უჩვენეს ათვალწუნებულ ვაჟბატონს.

ჩვენ ოჯახში მახსოვს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, რომ კაცი დაესაჯოთ. და აი ერთი იმათგანი, ერთხელ სოფლიდან გამოვიდა მოხუცებული გლეხი და შეევერდა მამაჩემს: „შენი ჭირიმე, ეგებ მიშველოთ რამე, შვილი გამიმუტრუკდაო, ნაქართლი გახლავსო. როცა იქ მიდიოდა, გვარიანი ჭაბუკი ბავშვი გახლდათ, ახლა, იქიდან რომ დაბრუნდა, ჭკუის ნიშან-წყალიც აღარ ეტყობაო. ჩაუცვამს რაღაც ქაჯურად, იპრანჭება და სამუშაოდ ხელს აღარ ანძრევსო, ამან ყოველიფერმა კიდევ თვენი ჭირი წაიღოს, მაგრამ ერთი მისთანა საქმე ჩაიდინა, რომ ოჯახსაც თავი მოსჭრა და ჩვენ სოფელსაცო: საჯაროდ ყბაში სილა გაარტყა დედაკაცსაო... საბრალო ჩემი რძალი წყალში გადავარდნას აპირებდა, რომ ჩვენ არ დაგვეჭირაო“.

მამაჩემმა გამოაყვანინა ნაქართლი ბიჭი, რომელმაც რაღაც ახირებულად დაუწყო მუსაიფი ბატონს: „კნიაზს გაუმარჯოს“, - უთხრა ბატონს. ბატონს გაუკვირდა და ცივად უპასუხა: „შენც ღმერთმა შეგარცხვინოს და შენი კნიაზიცა! ე რას დამგვანებიხარ, რანაირად ჩაგიცვამს?“

- როგორ თუ რანაირად, კნიაზ? ჩვენი ადათი ესე გახლავს.

- როგორ თუ თქვენი? სადაური?

- ქალაქური. მე გეურქ-აღასთან ვიყავ ქარვასლაში. იქ ყველანი ასე იცმენ!

- კი, მაგრამ ეგ ქუდი რომ განზე მოგიქცევია და მარტო ნახევარზე გახურავს, ნახევარმა თავმა რაღა დაგიშავა?

- ეს ანჩისხატური გახლავს.

- ეგ კოპლებიანი ქამარიც ანჩისხატურია? წვეტიან ჩექმებზე რომ შემდგარხარ, თითო ტკაველა რიკი მიგიცია ქუსლებისათვის და, შენ საკუთარ სიმაღლეს რო აღარ სჯერდები, გინდა ცაც მოატყუო და დედამიწაც?

- ესეც ადათი გახლავს, კნიაზჯან.

- ადათი! ჰმ! მაშ, ისიც ადათი ყოფილა, რომ შენ დედაკაცი გაგილახავს?

- ვისი დედაკაცი? მე ჩემ ცოლს ვცემე.

ამ მუსაიფს მოსამსახურეები ყურს უგდებდნენ, უკვიდრათ და თავის ქნევით იღიმებოდნენ. ერთხანს ბატონსაც ეცინებოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ აიტანა მისი უზრდელი სიტყვა-პასუხი და დაიღრიალა: „სტაცეთ ამ წუწკს ხელი, ბიჭებო! მოხადეთ ქუდი, გააძვრეთ ჩოხა, შემოხსენით ეშმაკის კოთხოებიანი ქამარი, გახადეთ ფეხს და მიაკარით ხეზეო!“ მოსამსახურეები მიცვივცდნენ და სიამოვნებით აასრულეს ბატონის ბრძანება. ბოლოს ბრძანა ბატონმა, რომ სამოახლოდან გამოსულიყვნენ გოგოები, სათითაოდ მისულიყვნენ მასთან და ეთქვათ: „ფუი, შეგირცხვა წვერ-ულვაში, რომ დედაკაცსა სცემო“. ეს რომ გაათავეს, ბრძანა, რომ ხელშეკრული გაეყვანათ წყალ-გაღმა, იქ გაეხსნათ მისთვის ხელები, პანღური ეკრათ და გაეგდოთ. ეს ამბავი ძალიან ეწყინა დედაჩემს, რომ გაიგო და უსაყვედურა ქმარს: „როგორ იქნება მაგრე გაკიცხვა კაცისა და შერცხვენაო! ცხადია, რომ სულელია და მაგითი ეგ ჭკუას ვერ ისწავლისო“. ამაზე მამაჩემმა ესა სთქვა: „მაგის ჭკუას მე რას დავეძებ, მაგრამ სამაგალითოდ დავსაჯე, რომ სხვებიც არ გაბრიყვდნენ სოფელში და პრანჭიობა არ დაიწყონო“.

აი, ასეთი იყო სახე იმ ოჯახისა, სადაც მე სოფლიდან მიმიყვანეს.

(გაგრძელება)