(გაგრძელება)
სასახლეში რომ გამომიყვანეს, პირველ ხანებში ძალიან მოწყენილი ვიყავი. დედამ შემნიშნა ეს და მომიჩინა პატარა ბიჭები და მიმანება თავი. მე ამ ახალ ამხანაგებთან ერთად დილიდან საღამომდე სულ მინდორში დავრბოდი; მხოლოდ სადილად დამიძახებდნენ ხოლმე. თვითონ დედაჩემი, როგორც წინეთა ვსთქვი, მშრომელი იყო: დილიდან დაწყებული საღამომდე სულ ფეხზე იდგა; საღამოს შემობრუნდებოდა სახლში და მაშინ ჩვენც დაგვიძახებდნენ ხოლმე. დაანთებდნენ ბუხარში ცეცხლს, ბუხრის წინ გაგვიშლიდნენ შვლის ტყავს და დაგვსვამდნენ ზედ. ირგვლივ შემოგვეხვეოდნენ ბიჭები და მოგვიყვებოდნენ ხოლმე ზღაპრებს. ზღაპარი რომ მოგვწყინდებოდა, მაშინ გავშაირდებოდით ხოლმე ერთმანეთში: ან გამოცანებს ვამბობდით ან სხვებ როგორმე ვიქცევდით თავს ვახშმობამდე. დედა იქვე ტახტზე იჯდა ფეხმოკეცილი, წიგნს ჰკითხულობდა თავისთვის, მაგრამ ჩუმად კი ყურს უგდებდა: ბიჭებს ურიგო არა წასცდეს რა ყმაწვილებთანო. ჩემ ამხანაგ ბიჭებში ერთი პატარა ბიჭი ერია. დიდი გამოეშმაკებული ყოველიფერში, მაგრამ გულისყური კი არა ჰქონდა. როცა დედა დაგვასწავლიდა ხოლმე ჩვენ ყველას საზეპირო ლოცვებს, ის ბიჭი ისე გამოშტერებული იდგა, რომ სიტყვის განმეორებას ვერ ახერხებდა. დედაჩემს ეს ძალიან უკვირდა: „ისე ყოველიფერში მოხერხებული და ნიჭიერიაო, და გულისყური კი დახშული აქვსო!“
- გაიკეთე სამი თითი, - ეტყოდა ხოლმე გამოლენჩებულ ბიჭს: - დაიდევი შუბლზე! სთქვი: „სახელითა მამისათა!“ ახლა კიდევ ჭიპზე!.. სთქვი: „და ძისათა!“ ახლა მარჯვენა მხარზე: „და სულისა წმინდისათა!“ ახლა მარცხენაზე: „ამინ!“ ბიჭი იმეორებდა თუთიყუშივით, მაგრამ თავისთავად კი ვერ ამბობდა. ბოლოს, რომ ვეღარა მოუხერხა რა, სულ დაანება თავი და ერთხელ, ბუხრის წინ რომ ვთამაშობდით, დედაც ვითომ ხუმრობით მიუბრუნდა იმ ბიჭს და უთხრა: „პეტრე იყო ბელატიო“ (მელოტი) უჩვენა შუბლი და დაადებინა სამი თითი. „წვერი ჰქონდა აქამდეო“, დაადებინა თითები ჭიპზე, „ულვაშები აქედან-აქამდეო“, გაატანინა მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე ხელი. ამ სიტყვების შემდეგ, რასაკვირველია, წარმოვიდგინეთ მოხუცებული პეტრე, თავტიტველა, დიდის წვერებითა და ულვაშებით. დავიწყეთ სიცილი და ზედიზედ ვიმეორებდით ზემო სიტყვებს, ხან ერთი და ხან მეორე. შედეგი ამის ის იყო, რომ უგულისყურო ბიჭმა პირჯვრის წერა ისწავლა და მეორე დღეს „სახელითა მამისათაც“ გაიზეპირა. ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. დედაც გამხიარულდა და მკითხა: „შენ არ იცი ჯერ ლოცვებიო?“ - „როგორ არა, სოფელში მასწავლეს და თუ იმას არ მათქმევინებდნენ, ისე არ დამაძინებდნენ ხოლმე-მეთქი“ და მოვყევი ზეპირად:
დავწვები, დამეძინება,
პირჯვარი დამეწერება.
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი
თავითა დამესვენება!..
ჯვარი მწყალობს ჯვარცმული,
ვერას მავნებს მაცდური!
- „კარგი ლოცვააო, - მითხრა დედამ, - მაგრამ ეგ სოფლურია და ჩვენ კი სულ სხვა ლოცვები გვაქვს, წმინდა მამებისაგან შედგენილიო, და ის უნდა ისწავლოო“. მეც, რასაკვირველია, დავეთანხმე და ერთი თვის განმავლობაში „მრწამსი“, „მიწყალე“, „მამაო ჩვენო“, „წმინდაო ღმერთო“ და სხვანი სულ ზეპირად ვიცოდი. ისე გამიგემრიელდა საზეპიროები, რომ წერა-კითხვის სწავლაც მოვინდომე, მაგრამ დედამ მითხრა: „ჯერ ბრიყვი ხარ და არ შეგშვენის წერა-კითხვაო; როცა დაჭკვიანდები და ხასიათიც კარგი შეგექნება, მაშინ გასწავლი, თორემ ჯერ შენ რა ღირსი ხარო!“ ამ სიტყვებმა სულ ცეცხლი მომიკიდეს და ვცდილობდი დაჭკვიანებას, რომ ჩემ ძმებსავით მეც წერა-კითხვის ღირსი გავმხდარიყავი. მეხარბებოდა ესეები რომ კითხულობდნენ, და ბოლოს ჩემმა ბედმაც გასჭრა. ერთხელ ჩემი ძმა, რომელიც რამდენიმე წლით ჩემზე უფროსი იყო, მღვდელს მოეხმარა და წირვაზე მშვენივრად წაიკითხა „სამოციქულო“. ნაწირევს დიდი და პატარა ყველა მის ქებაში იყო.
მე მეხარბებოდა და გული მწყდებოდა. ერთმა გლეხმა მკითხა: „შენ როდისღა წაიკითხავო?“ ჩემ მაგიერად მეორემ მიუგო: „როდინობის კვირაშიო!“ მივხვდი, რომ დამცინოდნენ და მეწყინა. იმ დღეს ჩემ უფროს დას კალთა დავაგლიჯე ხვეწნით: „კითხვა მასწავლე-მეთქი“. იმასაც დამარიგა: „დედამ არ გაგიგოსო“, და ჩუმად დამაწყებინა კითხვა: მოკლე ხანში ანბანიც ვისწავლე და ამოსაღებიც დავიწყე. „თუ აგრე კარგად და გულმოდგნედ ისწავლი, მალე სამოციქულოსაც დაგასწავლი და საყდარში წაგაკითხვებო, - მეუბნებოდა ჩემი და, - დედას ძალიან გაუკვირდება და მოგიწონებსო“; მე ამ იმედით წახალისებულს, დღედაღამ მეტი აღარ მეფიქრებოდა რა. რა ვიცოდი, თუ ეს სულ დედიჩემის ხერხი იყო, რომ წერა-კითხვა შემყვარებოდა! ამნაირმა წინდახედულობამ ძალიან შემაყვარა წიგნის კითხვა და ერთ წელიწადსაც არ გაუვლია, რომ მე მღვდელს ვეხმარებოდი.
დედაჩემი არ გვაქალაჩუნებდა ჩვენ. „ნამეტანი ალერსი აფუჭებს ყმაწვილსო“, - იტყოდა ხოლმე და მართლაც, თუმცა გალახვა არ იცოდა ჩვენი, მაგრამ შიშით მაინც კი ძალიან გვეშინოდა მისი. არც ერთ დანაშაულობას არ შეგვარჩენდა, რომ არ გადაეხდევინებინა ჩვენთვის: მაგრამ სასჯელი კი ახირებული იცოდა! მაგალითად, წიგნის კითხვის ნებას არ მოგვცემდა: „ღირსი არა ხართ, როგორც დამნაშავეო!“ და მაშინ უნდა გენახათ ჩვენი მწუხარება!.. „იიი! იიი!“ დაგვცინოდნენ ბიჭები და გოგოები სასახლეში: „უწიგნოდ დარჩით, უწიგნოდ დარჩითო!“ და, მართლაც, ჩვენს სირცხვილსა და მწუხარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. რამდენსამე წლის განმავლობაში ხუცური ზედმიწევნით ვიცოდი; მხედრული ჩემით ვისწავლე, ანბანის წერა ბეჭზე დავიწყე. რუსული კითხვა დედაჩემმა მასწავლა, მაგრამ სიტყვები კი ბევრი არც დედას ესმოდა და არც მე. ერთი ძველი, მოსკოვში დაბეჭდილი, „რაზღოვორი“ გვქონდა და იმას მაზეპირებინებდა ხოლმე. დედაჩემი სულ იმას ჰფიქრობდა, რომ ჩვენ უსაქმოდ არც ერთ წამს არ დავრჩენილიყავით და სწორედ რომ ახირებულად გვზრდიდა. სულ ფეხშიშველა და თავშიშველა დავრბოდით მინდორში, არც გავიცების გვეშინოდა და არც შიმშილის. „კაცი ისე უნდა იყოს დაჩვეული ბავშვობოდანვე, რომ ცხოვრებაში ყოველიფერი აიტანოსო“, - იტყოდა ხოლმე დედაჩემი, და, მართლაც, რომ მისი რჩევა ბოლოს გამოგვადგა. რომ უფრო დაწვრილებით გაიგოს მკითხველმა, თუ რანაირად გვზრდიდნენ ჩვენ სოფელში, მე ავწერ წლიდან წლამდე რას ვაკეთებდით და ან დღეს როგორ ვაღამებდით!
დილას, გამოვიღვიძებდით თუ არა, ქვეშაგებშივე უნდა გვეთქვა ეს ლოცვა: „გმადლობ შენ, უფალო, ყოვლითა გულითა“ და სხვ; მერე ხელ-პირს დავიბანდით, ჩავიცვამდით, წავდგებოდით ხატების წინ, საზეპირო ლოცვებს ვიტყოდით და ზედაც დაუჯდომელს მოვაბამდით. ლოცვის შემდეგ პირს გავისველებდით, ე.ი. ცოტა რასმე ვისაუზმებდით, რომ იმ დღეს, გამოსვლის დროს, ჩვენთვის ჩიტს არ დაესწრო და არ ეჯობნა; მერე მივუჯდებოდით წიგნებს, ერთ ხანს ვკითხულობდით, ვსწავლობდით და, რომ მოვრჩებოდით, შემდეგ კი საღამომდე თავისუფალი ვიყავით. სადილად მოგვიკითხავდნენ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ, როცა „სტუმრობიას“ თამაშს მოვინდომებდით ხოლმე, გარეთ ვრჩებოდით და ერთად პატარა ფარეშებთან სუფრას ხეს ქვეშ, სადმე ჩრდილში, გავშლიდით. იქ, ჩვენ კერძს გარდა, მოსაკითხიც მოგვდიოდა. მასპინძლებად ყოველთვის ყმაწვილები ვიყავით ხოლმე და სტუმრად კი - პატარა ფარეშები. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩვენი სტუმრები ძალიან უბოდიშოდ გვექცეოდნენ და გვიბრიყვებდნენ: გვეტყოდნენ ხოლმე: „დაგვახრჩვეთო!“ დაგვიღებდნენ პირს და, რაც კი რამ გაგვაჩნდა, ვტენიდით პირში, განსაკუთრებით ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს. ისინი გააბამდნენ ყვირილს: „ვაიმე, ვიხრჩობით, ვიხრჩობით“. აიტეხდნენ განგებ ხველას და დაიწყებდნენ ფართხალს. ჩვენ სრული დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი იგონებდნენ ყოველიფერს, მაგრამ ეს თვალთმაქცობა მაინც ძალიან მოგვწონდა, გვიხაროდა. საღამოს, შინ რომ დავბრუნდებოდით, დედა გვკითხავდა ხოლმე: „რა ქენით? რა გააკეთეთ? რა ითამაშეთ რა ილაპარაკეთო?“ და სხვანი... საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ სპარტანულად გვზრდიდნენ; არ გვარიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც დარს და არც ავდარს. დილდილაობით ცვრიან ველზე ფეხშიშველას უნდა გვერბინა. პირველი თოვლი რომ მოვიდოდა, ფიფქზე რამდენჯერმე უნდა გაგვერბინ-გამოგვერბინა; დასოვლებული და სიცივისაგან დაჭარხლებული ფეხები ცეცხლზე უნდა გაგვეშრო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ამით ტანმრთელობა მოგვემატებოდა. ახალ გაზაფხულზე რომ წვიმა მოვიდოდა, ჩვენს სახლის ღარს თავს ვუშვერდით, რომ ოქროს ხუჭუჭი ამოგვსვლოდა. უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული. სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შაჭამდი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა. ნებაც არ გვეძლეოდა. ცისკარს როგორ დავაკლდებოდით? ესეები ყველა ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო და, რასაკვირველია, აღდგომას სულწასულობით მოველოდით. მას უკან ნახევარმა საუკუნემ გაიარა, მაგრამ დღესაც დიდმარხვა რომ დადგება, მე ჩემს ქერქში აღარა ვარ და ვერც მოვიხდი სიკვდილამდე სიყმაწვილიდან დარჩენილ ზაფრას. საზოგადოდ დიდ-ოჯახებში ყველგან ამაოდმორწმუნეობა იყო გავრცელებული: ყმაწვილებს ყველას სჯეროდათ, რომ ჭინკები, ქაჯები, კუდიანები და ეშმაკები ქვეყნად დადიან და ადამიანებს აშინებენო. ეს სენი ჩვენს ოჯახშიაც მოდებული იყო. ახლა, როგორც ვფიქრობ, ეს სულ მოსამსახურეების ბრალი იყო: იმათ, საზოგადოდ ბიჭსა და გოგოებს, აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და თამაშობა: დღე ვერ ბედავდნენ და, ღამ-ღამობით რომ თავისუფალი ყოფილიყვენ და ვერავის დაენახათ, ბატონიშვილებს, ყმაწვილებს განზრახ აშინებდნენ და ისინიც, დაღამდებოდა თუ არა, შიშით კარში ვეღარ გამოდიოდნენ. არ მახსოვს, ისე შევსულიყო ან საფარეშოში და ან სამოახლოში, რომ ათასი რამ უცნაური და საშიში არ ეთქვათ ჩემთვის. დედას რომ ვეტყოდი ხოლმე ამას, ის გაიღიმებდა და მიპასუხებდა ხოლმე: „არა, შვილო, ტყუილია! ვინც ცუდს არ იზამს და არც არას დააშავებს, იმას არაფერი არ მოეჩვენებაო“.
ამგვარი სიტყვებით დაიმედებულს გული საგულეს მქონდა და უშიშარიც ვიყავი, მაგრამ ორმა შემთხვევამ გამიტეხა გული და ხასიათიც გამომეცვალა: ერთხელ, დღეღამის გაყრის დროს გადავიპარე ბოსტანში და ნესვის მოპარვას ვაპირებდი; დავუწყე ძებნა, გადავწი-გადმოვწიე ბარდები და მივაგენი ერთ მწიფე ნესვს. მოწყვეტა რომ დავაპირე, გამევლო გულში: არავინ მიყურებდეს-თქო, დავანებე თავი, წამოვდექი ზეზე და მივიხედ-მოვიხედე. მეორედ რომ დავაპირე ნესვის მოწყვეტა, თურმე ხელი დავაცდინე ბარდებს და იქვე სხვა ალაგას გადავშალე ფოთლები; იქ თურმე კატა იწვა. წამოვარდა ზეზე ფრუტუნით და გაიქცა. მე მაშინვე მომაგონდა ჩვენი მოსამსახურეების სიტყვები, რომ „კუდიანები რადაც უნდათ გადაიქცევიანო“; ამას გარდა, დედის სიტყვებიც მომაგონდა: „ვისაც არაფერი დაუშავებია, იმას არაფერი მოეჩვენებაო; ვთქვი გუნებაში: „მეტი დამნაშაობა რაღა იქნება, რომ ჩუმად მინდოდა ნესვის მოწყვეტა-მეთქი? ალბათ კუდიანი იწვა ნესვად და კატად გადაიქცა-თქო“. ერთი-ორი დავიკივლე და შემიწუხდა გული. არ გაუვლია ერთ კვირეს, რომ ამას მეორე შემთხვევაც დაერთო: ტალავერში მაღლა ყურძნის მტევნები იყო ჩამოკიდებული. მე პატარა ვიყავი და ვერ ავწვდებოდი, მაგრამ ჩემი უფროსი და კი ჰკრეფდა ხოლმე; ერთხელ მთვარიან ღამეში შევნიშნე, რომ ჩემი და ტალავერ ქვეშ იდგა და ყურძენს ჰკრეფდა. მივიჭერი, შევეხვეწე: „ანა, გენაცვალე, ერთი მტევანი მეც მომიწყვიტე-თქო!“ ჯერ ხმა არ გამცა. მაგრამ რომ აღარ მოვეშვი, მომიბრუნდა, უცბად რაღაც წაიბურტყულა და დამეჭყანა. მისთანა თქვენმა მტერმა ნახოს, მე იქ სანახავი ვნახე. ჩემი დის მაგივრად ვიღაც სხვა იყო! თურმე ჩემ უფროს ძმას, დავითს, რომელსაც კუჭის სისუსტის გამო ყურძნის ჭამა აკრძალული ჰქონდა, დის ტანისამოსი ჩაეცვა და ისე წასულიყო ყურძნის მოსაპარავად. მე ესეები არ ვიცოდი, ეშმაკად მივიღე და გული შემიწუხდა. თუმცა ორივე შემთხვევაში ჩემი შეცდომა თვალდათვალ დამიმტკიცეს, მაგრამ ისე გამიფუჭდა ხასიათი, რომ ბნელაში, კარში გამოვიდოდი კი არა, ოთახშიაც ვერ ვჩერდებოდი მარტო თუმცა მერვე წელიწადში გადამდგარი კი ვიყავი.
ერთხელ, ზამთარი რომ დადგა, მე და ჩემმა პატარა ფარეშებმა შვილდ-კოდლების კეთება დავიწყეთ. ქორაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი, დავიცილე წალდი, დავიკარი კოჭში და შუა გავიპე. ტკივილს ისე არ შევუწუხებივარ, როგორც შიშს: „ვაითუ გამიწყრენ-თქო“. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრობია. ბოლოს მოვრჩი. მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მიაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისში სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისათვის ეჩვენებინა ჩემი თავი, რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდის ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფერი დამეზილა, შეკრული ძარღვი გაიხსნა, ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა, აღარც ექიმი გამჭირვებია და აღარც წამალი.
რვა წლის ვიყავი, როდესაც სოფელს მომაშორეს და ქალაქ ქუთაისში გადამიყვანეს. აქ თავდება ჩემი ბავშვობის პირველი ხანა ბედნიერი, ნაყოფიერი და დაუვიწყარი. აქედანვე იწყება მეორეც: მტანჯავი, დამჩაგვრელი და გამაუკუღმართებელი!.. მაგრამ სანამ ამ მეორე ხანაზე ვიტყოდე რასმე, დავუბრუნდები ისევ ჩვენს სოფელს და მაშინდელი ცხოვრებიდან სანიმუშოდ რამდენსამე სახასიათო შემთხვევას გავიხსენებ. ზემოთ ვთქვი, რომ სპარტანულად გვზრდიდნენ-მეთქი და, მართლაც, რაც უფრო ვიზრდებოდით, წლიდან-წლობით, უფრო და უფრო გვეტყობოდა ამგვარი აღზრდა. თითქოს ისე აღარ გვაქცევდნენ ყურადღებას, როგორც სულ პატარაობისას და უფრო თავმინებებული ვიყავით. ბევრჯერ, გაზაფხულის დამლევს, ტობობის დროს, როდესაც ღრუდოებიდან გამოსული თევზები ქარავნად აყვებოდნენ დიდ მდინარეებს, რომ მერე იქიდან პატარ-პატარა ღელეებში შესულიყვნენ ქვირითის დასაყრელად, გონჯურის პირად, სხვებთან ერთად მეც მთელი ღამე გამითევია; ფაცერსაც ბევრჯერ მოვდგომივარ და გარეთაც ბევრჯერ ვწოლილვარ, მაგრამ არავის უთქვამს, თუ ეგ საშიში, სახიფათო და ურიგო საქმეაო. ღამის თევის დროს, რომ ძილი არავის შემოგვპაროდა, მორიგად ზღაპრებს ამბობდნენ ბიჭები: ხან შაირებს, ხან ანდაზებს, ხან გამოცანებს და კიდეც ეს იყო, რომ ამგვარ ადგილებისაკენ ჩვენც მიგვიხაროდა. ბევრს აღარც ჭამა-სმას დასდევდნენ ჩვენსას: ხან მეტსაც ვჭამდით, ხან მშიერიც ვიყავით, ხან ასე და ხან ისე: ხან ძვირფასად მოგვრთავდნენ ხოლმე, ხან უბრალოდ, ხან ბუმბულში ვგორავდით და ხან ხმელეთზე ვკოტრიალობდით, თანასწორობა არ იყო, რიგსა და წესს ვინ დასდევდა? ავისაც და კარგისაც თანასწორად შეგვეძლო ატანა; ამას არც არას ჩვენ ვნაღვლობდით და არც უფროსები გვეკითხებოდნენ, მაგრამ ეს კი იყო, რომ ცუდს არაფერს გვაბედვინებდნენ. მაგალითად, თავი რომ გაგვეტეხა, გვეტყოდნენ: „აი, შეგირცხვა თავი! შენხელა ბავშვმა როგორ არ უნდა იცოდეს თავის მოვლაო! გასწი, გასწი, გაიზრდები და დაგავიწყდებაო!“ ამგვარი ცივი ნუგეშებით გაგვისტუმრებდნენ ხოლმე, მაგრამ, სხვისთვის რომ უსამართლოდ წკიპარტი გვეკრა, არ შეგვარჩენდნენ და უთუოდ გადაგვახდევინებდნენ. ერთხელ, ტყაპა-ტყუპი რომ შემომესმა, მოვირბინე სახაბაზოს კარებთან და ხაბაზს ცხელი თორნეული გამოვართვი. ჩემზე ადრე იმავ კარებს მიდგომოდა ჩვენი წუწკი წითელი ღორი და შეღრუჩუნებდა, მაგრამ ვინ გასცემდა ხმას! მე რომ დამინახა მჭადით ხელში, ამედევნა ჭყივილ-ჭყივილით, გავექეცი, გამომიდგა, წამოვკარი ქვას ფეხი და გავგორდი მიწაზე; იმანაც იხელთა დრო, მეძგერა და ზე ამაღლიტა მჭადი. მოვრთე ყვირილი და მივაშურე დედას. დედამ მომისმინა საჩივარი, შეკრა წარბები და მითხრა: „როგორ ამხელ სირცხვილით, შე ნაცარქექია, შენაო? ბაბუაშენმა გარეული ტახი დაიჭირა ყურით და შენ კი ერთი შინაური წუწკი ღორიც ვერ მოგიშორებია!.. ავიღებდი ჯოხს და დავკრავდი თავშიო! პატარა ხომ აღარა ხარ: დამდევ თიბათვეს ექვსი წლის გახდიო“. ამ სიტყვებმა ისე შემარცხვინეს, რომ მჭადიც დამავიწყდა და ტირილიც, მთელი დღე ჩემ გუნებაზე აღარ ვყოფილვარ, მით უფრო, რომ პატარა ბიჭები და გოგოები რომ ჩამივლიდნენ ხოლმე გვერდს, დაცინვით წაილაპარაკებდნენ, ვითომ თავისთვის: „ღორის წაქცეულოო“. ამ დაცინებამ ისე გამამწარა და გამაგულადა, რომ მეორე დღეს ცალ ხელში მჭადი დავიჭირე და მეორეში ჯოხი და განგებ ავუარ-ჩავუარე გვერდით ჩემს მტერს. წართმევას დაჩვეულმა ღორმა შემომიტია, მაგრამ ვაჟკაცურად დავუხვდი და ვხეთქე თავში ჯოხი. ჩემი მტერი ალბათ ამას არ მოელოდა, რომ შეჩერდა და შემომიხორხოტა. მაგრამ, რომ მივუნაცვლე მეორეცა და მესამეც, იკადრა და გაიქცა. ახლა მე დავედევნე გაგულადებული. წინ ის და უკან მე! ის მიჭყივის, რაც შეუძლია და მე კი, რაც ძალი და ღონე მაქვს, კიჟინას ვაყრი: ვერ წამიხვალ, შენ წუწკო, შე ფრთხალო-თქო! იმ დროს სწორედ ჩემი თავი პაპაჩემი მეგონა: შემოვარბენინე ღორს ორჯერ-სამჯერ სამოახლო, საფარეშო, თვითონ ჩვენი სასახლეც და აღარ მოვეშვი, სანამ საღორეში არ შემივარდა. არ იფიქროთ, რომ მე იმის მტრობა მჭირვებოდეს და შურისძიება მდომებოდეს! არა, ეს ომი იმისთვის გადავიხადე, შეეტყო სუყველას, რომ ღორის აღარ მეშინოდა.
ღორზე ამ ძლევამოსილებამ ისე გამაგულადა და გამადიდგულა, რომ, თუკი ჯოხი ხელში მექნებოდა, აღარაფრის აღარ მეშინოდა. საგმირო ზღაპრებმა, სავაჟკაცო შაირებმა და ამბებმა იმდენად გამიტაცეს თანდათან, რომ თავი გმირად დავისახე. ერთხელ პატარა შინდის ხეზე გავედი, რომელიც ზღაპრულ ალვის ხედ წარმოვიდგინე და იქით-აქეთ ყურება დავიწყე, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელმწიფეების სარაიები დამენახა, მაგრამ გადმოვვარდი, გამხდა ბრეგვა მიწაზე და ზურგის ტკივილმა მაგრძნობინა, თუ რა ზღაპრული „რვთისავარ გმირი“ ვიყავი! საკვირველია, ამგვარი მარცხები ხანდახან გამომაფხიზლებდნენ ხოლმე, მაგრამ მერე კი ისევე ოცნება მერეოდა ისევ გამანაცარქექიავებდა ხოლმე. ერთ საღამოს „კურდღლობიას“ ვთამაშობდი. ვისაც კარგი ხმა ჰქონდა და მოყეფა შეეძლო, ისინი ვითომ მეძებრები იყვნენ ხოლმე; ვისაც მუხლს ერჩოდათ - მწევრები, სხვები კი უფრო ზანტები - კურძუალები და მონადირეები, კურდღელი კი მორიგისი ვინმე. იმ დროს, თუმცა მეძებრადაც კარგი ვიყავი, მაგრამ ზოგიერთებთან მწევრობაც მერგო. დაიმალა კურდღელი, ავუშვით მეძებრები, მოედვნენ არემარეს, დასცეს კურძუალებმა კიჟინა: წაქეზებულმა მეძებრებმაც ვითომ სუნი იცეს და კვალი აიღეს, ასტეხეს ყეფა; ათი თუ თხუთმეტი ბავშვი სულ სხვადასხვა ხმაზე ყეფდა. ყურთასმენა აღარ იყო; მწევრებმა ყურები დაცქვიტეს და აიჩოქენ. ამ დროს თურმე ჩვენს ბაღში ნამდვილი კურდღელი ყოფილიყო შეპარული და გამოვარდა. ჩვენ დაგვავიწყდა თამაშობა და გავედევნეთ დიდიან-პატარიანა იმ კურდღელს. კურდღელს თვალი წაუხდა: ხან იქით ეცემოდა და ხან აქეთ, მაგრამ სუყოველი მხრიდან ჩვენი ორფეხი მეძებრები უყეფდნენ და ისე აერია გზა და კვალი, რომ ხიმეში გაეკვეტა; მივასწარი და ვტაცე ხელი უკანა ფეხებში. რომ მაგრად არ ყოფილიყო გაჭედილი, რასაკვირველია, მე იმას ვერ დავიმაგრებდი, მაგრამ მაინც გაბავი ყვირილი: „მიშველეთ, დავიჭირე-მეთქი“. მოცვივდნენ სუყველა, დიდი ბიჭებიც მოგვეხმარენ და ცოცხალი მივგვარეთ ბატონს. იმ დღეს ჩემი ვაჟკაცობის ამბავი ძალიან გაითქვა და მეც სწორედ დავრწმუნდი, რომ კურდღელს ფეხდაფეხ მოვწვდი და დავიჭირე-თქო. მას უკან, ხშირად, საღამ-საღამოობით ბოსტნის ბოლოზე ვიცდიდი ხოლმე: ეგებ კიდევ გამოვარდეს კურდღელი და დავიჭირო-მეთქი. ალბათ, ეს შემნიშნა დედამ, რომ ერთხელ მიმიხმო და მითხრა: „შენ ხომ ამისთანებში ტოლი არა გყავს და ერთ-ერთი შინაური კურდღელი დამიჭირე, სხვისთვის მინდა გასაგზავნადო“. მეც, რასაკვირველია, ვიკისრე: საყდართან, საქალებოს გვერდით საკურდღლე იყო მიშენებული და იქ შინაური თეთრი კურდღლები ბუდობდნენ. დილიდან საღამომდის ვდიე ხან ერთს და ხან მეორეს, მაგრამ ვერ დავიჭირე, და საღამოს, დედამ რომ მკითხა, თავი მითი ვიმართლე, რომ ფეხები მტკივა-თქო. დედაჩემმა სიცილი დაიწყო და მითხრა: „პატარა კი აღარა ხარ, როგორ ვერ მიხვდები, კურდღლის დაჭერა ფეხდაფეხ შენ კი არა, არა კაცს არ შეუძლიაო! შინაური რომ ვერ დაიჭირე, გარეულ კურდღელს შენ როგორ დაეწეოდი, თუ უცაბედად ხიმეში არ გაკვეტებულიყო!“ ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გულში ჩამახედეს, ვიგრძენი ჩემი ნაცარქექიაობა, შემრცხვა და გავწითლდი.
იმ დროში ჩაის არ სვამდნენ, მხოლოდ სტუმრებისათვის მოადუღებდნენ ხოლმე, მაგრამ ბავშვებს მაშინაც არ ასმევდნენ: ცხელი წყალი შიგნეულს გაუფუჭებსო და შაქარიც კბილებს წაუხდენსო. მე, რასაკვირველია, სული მიმდიოდა შაქარზე, მაგრამ ვინ მაჭმევდა? მაგიერად, როდესაც შაქარს მტვრევას დაუწყებდნენ ხოლმე, მე მივუცუცქდებოდი გვერდით შაქრის მტვრეველს და იქით-აქეთ შორს გადაბნეულ ფხვნილს ქორივით მივჩერებოდი. მაგრამ მათი აღება ხელით მოუხერხებელი იყო; დასველებული თითები მზად მქონდა, დავაწებდი ზედ და ელვასავით ვიტკუცუნებდი პირში. ეს შემნიშნა ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ და მირჩია: - „მაგას ნუ შვრები, სიწუწკეაო!“ და ჩუმად თითო კვინტ შაქარს მაძლევდა ხოლმე: მეც ეს მინდოდა და ღმერთს ვეხვეწებოდი: „ღმერთო, სტუმრებს ნუ გამოგვილევ-თქო“, რადგანაც უმისოდ, ვიცოდი, შაქარს არავინ დაამტვრევდა. ხშირად დავუხვდებოდი ხოლმე წინ ჩვენკენ მომავალ სტუმრებს და ჩუმად ვეხვეწებოდი: „თქვენი ჭირიმე, ხშირად იარეთ-მეთქი“, იმათ ეგონათ, თუ მე ეს სტუმართმოყვარეობით მომდიოდა, მიწონებდნენ და ამბობდნენ: „რა კეთილია ეს ბავშვი და რა პურადი გამოვაო!“ რა იცოდნენ, რომ მხოლოდ ჩემი „უსხის კუდი“ მაგონდებოდა, ე.ი. შაქრის კვნიტი.
პურადობის რა მოგახსენოთ, მაშინ რა პურადობა შემეტყობოდა, მაგრამ გულკეთილი კი მართლა ვიყავი: პირუტყვი რომ ჩემთან ვისმე გაელახა, ვიტირებდი. თუმცა ღორი მეც კი გავლახე ერთხელ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, მინდოდა მომეგერიებინა და ჭკუა მესწავლებინა. ერთხელ ყანაში ღორი მოკლეს და მე მთელი დღე არაფერი მიჭამია; ისე მებრალებოდა, რომ სიახლოვესაც ვერ მივეკარე, დამეხედა და ეს მით უფრო საკვირველი იყო, რომ, საკლავს რომ წამოაქცევდნენ, სიამოვნებით თავზე დავტრიალებდი და არც არაფერს სიბრალულსა ვგრძნობდი. საუფლო დღეებში, მაგალითად, შობის, აღდგომის და სხვა ამგვარ დღესასწაულების წინადღეს ძროხას რომ დაკლავდნენ, ჩემ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა! ბუშტს გამოვართმევდი ხოლმე მზარეულს, დავზელდი ნაცარში, გადავაძრობდი ზედა კანს და გავბერავდი; მერე ვინმე ქალს ან გამდელს ვაჩუქებდი საუმარულედ, რადგანაც გაგონილი მქონდა, რომ უმარულის შესანახად კარგიაო. ერთხელ მხოლოდ, შობის წინა დღეს აღარ მიყურებია ძროხის დაკვლისათვის, რადგანაც უფრო სასიხარულო შემთხვევამ გამიტაცა და ჩვეულება დამავიწყა: სწორედ იმ საღამოს ქუთაისიდან მოგვივიდა მამიჩემის გამოგზავნილი კაცი და პატარა ჩექმები მომიტანა. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე. რაღა თქმა უნდა, რომ სიხარულმა ამიტაცა, ძროხა კი არა, თავიც დამავიწყდა. მამაჩემი იწერებოდა, სხვათა შორის: „ამ ჩექმებს ვაგლახად ნუ გააფუჭებინებთ ჩემ კაკოს! სირბილის ნებას ნუ მისცემთ, რომ ქუსლი არ მოაქციოს და უბრალოდ არ მოჩორთოსო!“ ეს ბრძანება ჩვენს სახლში გადაჭარბებითაც აასრულეს: ჩამაცვეს მხოლოდ შობა-დღეს, ახალწელიწადს და შეინახეს; მე ისევ ფოსტლებზე გადამიყვანეს და აღდგომამდის აღარ მიპირებდნენ ჩაცმევას.
მომავალ აღდგომას, რასაკვირველია, ორკეცი სიხარულით მოველოდი. ცისკრის რომ დარეკეს და ჩვეულებრივად ჩაცმა-დახურვა დაიწყეს, მეც მომიტანეს ჩემი საოცნებო ჩექმები, მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩემი უბედურება: ჩექმები გამხმარიყვნენ, მეც ფეხები გამზრდოდა და შიგ აღარ ჩამეტია! ბევრი მაწვალეს, ქუსლზე კანი გადამაძვრეს, კოჭი კინაღამ ამომიგდეს, მაგრამ არა ეშველა რა. დამმწარდა აღდგომა. იმ დღეს რაღა მოესწრებოდა, მაგრამ სწორამდის კი მომიტანეს ახალი, და იმ დღიდან დაწყებული, ქუთაისს წასვლამდე, თითქმის წელიწად-ნახევარს უჩექმოდ აღარ გამივლია. უკანასკნელ წელიწადს მით უფრო კარგად შევიშვნე ჩექმები, რომ ბევრს აღარ დავრბოდი, რადგან ადრინდელი თავშესაქცევარი ყოველგვარი თამაშობა მომწყინდა და უფრო სხვა საფიქრელს გადავჰყევი. ამის მიზეზი იყო „ვეფხისტყაოსანი“. წავიკითხე თავიდან ბოლომდე და, თუმც ზღაპრული მხარის არა გამიგია რა, მაგრამ მაინც ძალიან გატაცებული ვიყავი. იმას მივაყოლე სხვა საკითხავებიც და მთელი ქრესტომათია, ჩუბინაშვილისაგან პეტერბურგში გამოცემული, რამდენჯერმე გადავიკითხე. ამას გარდა, ერთხელ ქალაქიდან ჩამოგვიტანეს ამბავი, რომ „გლუხარიჩმა“ კომედია დაწერაო და ვარანცოვის სასახლეში ითამაშესო. ამ ამბავს გულმოდგინედ ვუგდებდი მე ყურს და ბოლოს თვითონაც მოვინდომე, რომ იმგვარი რამ კითხვა-მიგებითი დამეწერა და მართლაც ავწერე ჩვენი შინაურობა, მაგალითად, როგორ აწვალებდა ჩვენი მოურავი ხალხს, მერე ბატონს აბეზღებდა; ბატონიც მოთმინებიდან გამოდიოდა და ჯავრობდა და სხვ. და სხვ. ეს ბავშვური სცენები სასახლეში სუყველას მოეწონა გარდა მოურავისა, რომელიც გულმოსული ამბობდა: „ჩემი დაცინება არაფერია, მაგრამ ვნახავ, თუ ამ ყმაწვილმა მთელი ქვეყანა არ გადიმტეროს, და ნუ აქეზებთო“. ეს ჩემი პირველი ნაწარმოები დედაჩემს თურმე შეენახა და, რუსეთიდან რომ დავბრუნდი, მიჩვენა, მე სიბრიყვემორეულმა ვიუკადრისე, გამოვართვი დედას, დავხიე და ცეცხლში ჩავყარე. დედაჩემს ეს ძალიან ეწყინა და მისაყვედურა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა, ხომ ვეღარ გავამრთელებდი!..
ამგვარი ბევრი რამ მაგონდება ჩემი სიყმაწვილიდან, მაგრამ, რომ მკითხველს თავი არ მოვაბეზრო, ამით გავათავებ.