აკაკი წერეთელი

ჩემი თავგადასავალი

პირველი ნაწილი

თავი I

(გაგრძელება)

ერთხელ მოცლილი ფარეშები წასულიყვნენ შეშის მოსატანად. ტყე იქვე ახლოს იყო; თითო კონის შეკვრას, რასაკვირველია, დიდხანს არ მოუნდებოდნენ, მაგრამ დაღამებამდე მაინც რად დაბრუნდებოდნენ სასახლეში? დარჩენილიყვნენ სათამაშოდ და, სხვათა შორის, „ტირილობია“ ეთამაშნათ: გადააფარებდნენ თურმე ჩოხას შეშის კონას, დახურავდნენ ქუდს, ერთი მიუჩოქებდა, ორი იქით-აქეთ ხელს მოჰკიდებდა და სხვები ზარს ააყოლებდნენ მოთქმით ტირილს, ვითომდა მკვდარიაო; ხან ერთმანეთს ტიროდნენ, ხან თურმე მოურავს, ხან ხელოსნებს, ხან მზარეულებს, ხან ვის და ხან ვის. ამ ხანად თურმე რიგი მოურავზე მიმდგარიყო. იმასაც გაეგო, გული მოსვლოდა და ბატონს დააბეზღა: „თქვენ გტიროდენო“. მამაჩემს გული მოუვიდა; მიაყვანია მომტირალები და მათი საქმე ცუდად იყო, რომ დედაჩემი არ გამოსარჩლებოდა: „როგორ გეკადრება ასე გამოუკვლეველად გარისხებაო? ტირილიც არის და ტირილიც არისო. ვინ იცის, რა სიტყვებს ამბობდენო? ეგებ მართლა წარმოიდგინეს, რომ ბატონი აღარა გვყავდეს, რა დღეში ჩავცვივდებოდითო და იმას მოსთქვამდენო!“ ამის გამგონე ბიჭებმა გული მოიცეს და შეჰფიცეს: „შენი ხატი ნუ გაგვიწყრება, ჩვენ თქვენი ხსენება არ გაგვებედოს, და ღმერთმა ნუ მოგვასწროს მაგ დღესაო. ჩვენ მხოლოდ მოურავი ვიტირეთო“. მამაჩემს გაეცინა და ბრძანა: „კარგი, აღარ დაგსჯით, გაიმეორეთ კი ახლავე, როგორ იტირეთ მოურავიო“. იმათაც, რასაკვირველია, შემოიტანეს შეშის კონა, გადააფარეს ჩოხა და შეჰქმნეს ღრიალი: „ვაიმე, მოურავო“ და შეიქნა კომედია. სათითაოდ იტირეს სუყველამ, დიდმა, პატარამ, ვინც კი ოჯახში იყო, თავი მოიყარა, შეიქნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გაშინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. ცუდ გუნებაზე იყო მხოლოდ მოურავი, და მეორე დღეს მოციქულიც მოუგზავნა მამაჩემს: „თუ შეიძლებოდეს, რამდენიმე დღე დამითხოვეთ, რომ სახლში წავიდეო“.

ეგებ ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი საქმეების ჩამდენი და საქმეში აჩქარებული მამაჩემი მჩატე ჭკუის ყოფილიყოს. სრულიადაც არა, ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენამჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ, დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დახურდავებული ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქნებოდა. მაგრამ ნამეტან გულკეთილობასთან შეერთებულ გულფიცხელობას სულ სხვა ბეჭედი დაესვა, და, თუ დედაჩემი არ ყოფილიყო, ოჯახში ყოველიფერი არეულ-დარეული იქნებოდა. ამას თვითონ მამაჩემიც გრძნობდა და დამშვიდების დროს, დიდი პატივისმცემელიც იყო ცოლის ნება-სურვილისა. მიუხედავად მისი ახირებულობისა, გარეშეებსაც ძალიან უყვარდათ მამაჩემი და მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა და სიმართლისა და პირდაპირობისათვის, ბევრ რამესაც უთმობდა. ერთხელ გენერალ-გუბერნატორმა გაგარინმა დაიბარა: „მოდი ახლავე ჩემთან, უნდა მოგილოცო ხელმწიფის წყალობაო“. ბზობა დღე იყო. მივიდა მამაჩემი. გაგარინმა მიულოცა და უთხრა, რომ ხელმწიფის „ბლაღოვოლენიე“ მოგივიდაო. მამაჩემს იამა და დაჯდა, დაუწყო ცდა, როდის ჩამაბარებენ „ბლაღოვოლენიესო“: იცადა, იცადა, სადილობა გადავიდა, მამაჩემმაც მოთმინება დაჰკარგა და მიაძახა: „თუ მიბოძებთ, მიბოძეთ, ეგ რაღაც „ბლაღოვოლენიე“ არისო!“ გუბერნიის მმართველს გაეცინა და უთხრა თარჯიმნის პირით: „ბლაღოვილენიე“ უმაღლესი მადლობა არისო“. მოთმინებიდან გამოსული მამაჩემი წამოვარდა ზეზე და მიაყვირა: „ღმერთმა უმადური გამყოფოს, უსადილოდ დამტოვეთ! დღეს ბზობაა, მაგას ერთი კარგი ზურგიელი მერჩიაო!“ - სთქვა და გამოვარდა გარეთ. არ გაუვლია ნახევარ საათს, რომ ჩვენსა თარჯიმანი მოვიდა, გაგარინის გამოგზავნილი, თანაც ერთი წყვილი დიდრონი ზურგიელი მოიტანა: „ეს მიახლებია შენთვისო - შემოეთვალა გუბერნატორს, - და „ბლაღოვოლენიეც“ კიდევ სხვა იყოს ზედმეტადო“. რასაკვირველია, სრულიად დაკმაყოფილებულმა მამაჩემმაც დიდი მადლობა შესწირა.

მამაჩემის ახირებული ხასიათის ასახსნელად ბევრი რამ სასაცილო შემთხვევა მახსოვს.

ფოტოგრაფია რუსეთში ახალი შემოღებული იყო. ჩემ ძმას გადაეღო თავისი სახე და გამოეგზავნა. უწყება მოგვივიდა. მე გიმნაზიაში მიმეჩქარებოდა და დავიბარე შინ: რომ დავბრუნდები, ფოსტიდან გამოვიტან-თქო. მამაჩემს სულმა აღარ მოუთმინა და თურმე თვითონ წავიდა ფოსტაში. შევიდა, ნახა, რომ ყურადღება არავინ მიაქცია, მიიხედ-მოიხედა, სკამიც ვერსად დაინახა, რომ დამჯდარიყო: დგას ფეხზე სხვებთან ერთად და ჰფიქრობს გუნებაში: ეს რას ნიშნავს! სადაც შევდივარ, ყველგან დაბრძანდის მეუბნებიან და სკამს მიდგმენ, და ეს კი, ვიღაც არის, ბუზადაც არ მაგდებსო! ფოსტის უფროსი ახალი დანიშნული იყო და მამაჩემს არ იცნობდა. მამაჩემმა ერთხანს იხადა და ბოლოს, რომ მოთმინება დაჰკარგა, მივიდა და უთხრა:

- კიდევ კარგა ხანს გინდა, რომ მაცდევინო? მომეცი ჩემი ილიკოს გამოგზავნილი, თუ რამე იყოს და გამისტუმრე.

- ილიკო ვინ არის? - ეკითხება გაკვირვებული ფოსტის უფროსი.

- ილიკო ვინ არის? ვინ არის და ჩემი შვილი, ხელმწიფე იმპერატორის მოსამსახურე - კანვოი.

- მე ვერ ვიცნობ.

- ოხ, შენ თუ არ იცნობ, მაშ პური ვეღარ უჭამია! იმ კაცს სასახლეში იცნობენ და შენ აქ, გინდ იცანი და გინდ არა!

- ყოველიფერი კარგი, მაგრამ თქვენ თვითონ ვინღა ბრძანდებით?

- მე? თავადი როსტომ წერეთელი.

- ვერც თქვენ გიცნობთ.

- ახლა ხომ გეუბნები, ვინცა ვარ!

- ეგ არა კმარა.

- მაშ, ხატზე არ გინდა, რომ შემოგფიცო?

- ფიცი რა საჭიროა, წადით და მოწმობა მოიტანეთ.

- მოწმობა? რისი მოწმობა?

- მისი, რომ სწორედ თავადი როსტომ წერეთელი ხართ.

- მერე-და ვის უნდა გამოვართვა ეგ მოწმობა?

- პოლიციაში, კვარტალს.

აქ მამაჩემმა მეტი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სტაცა კისერში ხელი... შეურაცხყოფილი ფოსტის უფროსი გაიქცა საჩივლელად პირდაპირ გუბერნატორთან. დაიბარეს მამაჩემი. შევიდა თუ არა ზალაში, მაშინვე საყვედურით მიმართა გუბერნატორს: მთელი ხმელეთი ხელში გიჭირავთ და კაცებს ვეღარ შოულობთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე, რომ ვიღაც გიჟებს და მასხრებს ნიშნავთ?

- როგორ! რა ამბავი იყო? რა ჩაგიდენიათ? - ეკითხება გუბერნატორი.

- როგორ თუ რა ჩამიდენია! დიდმა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დამამტკიცა თავად როსტომ წერეთლად, ინკოლოზმა ხელი მოაწერა, ალექსანდრე მეორემ ბეჭედი დაუსვა, და ახლა, ეს ვიღაც ოხერია, სამი დიდი ხელმწიფის მონიჭებულ წყალობას ისე მართმევს და მხდის, თითქო მაგისი შეკერილი ჩოხა-ნაბადი იყოს! მეუბნება, რომ ეგ ყოველიფერი ჩალადაც არ ღირს, თუ პოლიციაში არ წახვედი და იქ ხელახლა კვარტალმა, მაქსიმე მგალობლიშვილმა, არ დაგამტკიცაო.

- ეგ ყოველიფერი კარგი, მაგრამ თქვენ რაღა უპასუხეთ?

- საპასუხო რა მქონდა?! რისიც ღირსი იყო, კიდეც მივანიჭე.

- მაშ, აღიარებ, რომ შეურაცხყოფა მიაყენე?

- რას ამბობთ? როგორ თუ შეურაცხყოფა?! ჩემი საცინლად აგდება რომ კიდეც ამეტანა, რა ნება მქონდა, რომ მთავრობის შეურაცხყოფა დამეთმო მაგისთვის?

- ხელი შეახეთ?

- არა, ისე, კისერში წავავლე.

- მეტი არაფერი?

- როგორ არაფერი. გადმოვღუნე და სამიოდე ჯოხი ვზუზღე, ერთი ჩემი გაკიცხვისათვის და ორიც - მთავრობის შეურაცხყოფისთვისო. - ამას ისეთი გულმოდგინებით ამბობდა, რომ ვერც თვითონ გუბერნატორმა და ვერც მისმა ჩინოვნიკებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. ბოლოს, როდესაც აუსხნეს მამაჩემს მისი შეცდომა, შეწუხდა, მიუბრუნდა იქვე მდგარ ფოსტის უფროსს და უთხრა: - „შე ცუდო კაცო, მე რა ვიცი ახალი რიგისა და წესებისა? რომ მნახე, შემოვედი ერთი უსწავლელი, ადამის ხნის კაცი, აგეხსნა ჩემთვის, რასაც ახალი კანონები გეუბნებიან, თვარა: მე შემოვდივარ ზრდილობიანად, შენ კი ისე მიბღვერ, თითქოს შენი მოსისხლე მტერი ვყოფილიყო! სხვა რომ არა იყოს რა, ყმაწვილი ხარ, ჩემი ჭაღარისათვის მაინც უნდა გეცა პატივიო“. ეს საქმე ბოდიშითა და მორიგებით გათავდა. შემდეგ დიდი მეგობრებიც იყვნენ მამაჩემი და ის მისი მონათლული ჩინოვნიკი: ყოველ დღესასწაულების წინ, საშბაოდ, საახალწლოდ, სააღდგომოდ, დიდ მოსაკითხებს, როგორც მეგობარს, უგზავნიდა ხოლმე მამაჩემი და ისიც დიდი მადლიერი იყო: მოუვიდოდა თუ არა მამაჩემს მისი შვილების წიგნები რუსეთიდან, თვითონ ფოსტის უფროსი მოარბენინებდა ხოლმე მამაჩემთან და აღარც კითხულობდა: „ქტო ტაკოი როსტომ წერეთელიო?“

კულებიაკინი ჭკვიანი და კეთილი კაცი იყო და ხალხსაც ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთი წუნი ჰქონდა: უცბად რაღაც მოუვლიდა და აყვირდებოდა ხოლმე. მაშინ მის მრისხანებას საზღვარი აღარა ჰქონდა. ამ გუბერნატორს ჩვეულებად ჰქონდა, რომ სადმე წავიდოდა სოფლად, ამალას იახლებდა და წინ ბაირაღს გაიძღოლებდა. ერთხელ საჩხერეშიც ამგვარად მოვიდა. თითქმის მთელი საწერეთლო, დიდი და პატარა, თავად-აზნაურთაგანი, შუაგზაზე მიეგება და თან წამოჰყვა. კულებიაკინმა თავმომწონედ თავისი ბედაური შეათამაშა. ცხენს რაღაცა წასცდა. ერთმა ახალგაზრდათაგანმა თ. ა. მ. სიცილი აიტეხა. გუბერნატორმა შეჰყვირა თავისებურად. ახალგაზრდა უადგილო მხიარულებისათვის გაქაჩეს და სატუსაღოში ქუთაისისაკენ უპირებდნენ გაგზავნას. ეს ყველას ეწყინა, მაგრამ კრინტი ვერავინ დასძრა. თავჩაღუნული მიჰყვებოდნენ დიდხანს. ბოლოს შენიშნეს, შორს ერთი დონის ყაზახი რუსი მოდიოდა ცხენით. მამაჩემი დაწინაურდა და რომ დაუახლოვდა ყაზახ რუსს, ჩამოხტა ცხენიდან და მძიმედ თაყვანი სცა. ეს სუყველამ დაინახა. კულებიაკინმა წარბი შეიკრა და გამოიკითხა: თუ რად ჩაიდინა როსტომმა მაგისთანა უსაქციელობაო. მამაჩემმა უპასუხა:

- რუსი გახლდათ და პატივი არ მეცაო?

- კი, მაგრამ თავადიშვილს როგორ გეკადრება დონის ყაზახის წინ თავის მოხრაო. განა ვერ შეატყვე, რომ უბრალო ვინმე იყოო?

- როგორ არაო, მაგრამ შეიძლება ერთი ათი წლის იქით დიდი კაცი გახდეს და მეც მომადლიერებული მეყოლებაო, ხომ მოგეხსენებათ, წინწაძღოლილი საქმე, ხანდახან კაცს კეთილად გამოადგებაო.

კულებიაკინი დაფიქრდა, გაიცინა და ბრძანა, რომ სატუსაღოში გასაგზავნი უკანვე დაებრუნებინათ.

მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო, ვერავინ უგებდა. განსაკუთრებით ღენერლის შტაბის აფიცრები იყვნენ მონდომებული, რომ როგორმე მოეგოთ, მაგრამ ვერას აწყობდნენ. ერთხელ ღენერალ-გუბერნატორს, გ. ერისთავს, შემოეთვალა თბილისიდან: „ერთი შესანიშნავი მოჭადრაკე პოლკოვნიკი გვეწვია, შენთან თამაში სურს და, თუ დრო გაქვს, მოდი, ჩემთან არისო. აბა, შენ იცი, თუ შენებურად გვასახელებ ქართველებსო!“ მამაჩემიც წავიდა და გაიმართა თამაშობა. პოლკოვნიკმა დაინახა, რომ მოთამაშე ახირებულად ეთამაშებოდა და ჰკითხა: თქვენ, როგორც პირველსავე გამოსვლაზე გეტყობათ, თეორია არ უნდა იცოდეთო: კუთხის პაიკი რა ხელმოსაკიდებელი იყოო?

- თეორია რა არის? - ეკითხება მამაჩემი.

- სხვადასხვა სათამაშო კანონები.

- ჩვენ, ქართველებმა, ერთი კანონის მეტი არ ვიცით: ისე უნდა ეთამაშო, რომ მოპირდაპირეს მოუგო.

- ეგ მართალია, მაგრამ უთეორიოდ არ შეიძლება.

- არ ამიხსნით მაინც, რა არის თეორია?

- სხვადასხვა გამოჩენილ მოჭადრაკეთა ნათამაშევი, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო კანონად დარჩენილა.

- ჰო, ისემც კარგი დაგემართოს! ისინიც ხომ ჩემისთანა მიწიშვილები იქნებოდნენ, ციდან ხომ ვერ ჩამოფრინდებოდნენ? ახლა ჩემ თამაშსაც უგდეთ ყური და, თუ მოგეწონოთ, ჩაწერეთ და თეორია იქნებაო.

პოლკოვნიკმა დაიწყო თამაში და არ გაუვლია დიდხანს, რომ კიდეც წააგო. შეწუხდა და თქვა: „აშიბკაო“. ითამაშეს მეორე, კიდევ წააგო და სთქვა: „აშიბკაო“; მესამე, მეოთხე, მეხუთე... გაცხარებული პოლკოვნიკი აგებს და თან იძახის: „აშიბკა, აშიბკაო“. მამაჩემს გაეცინა და უთხრა: „პოლკოვნიკო, ტყუილად ნუ ფიქრობ, რომ მოიგო! სანამ ეგ ვიღაც „აშიბკა“ გადაგკიდებია, მაგას თავიდან არ მოიშორებო!“ ეს ხუმრობა მის მოპირდაპირეს ეწყინა, შეურაცხყოფად მიიღო და ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო. მამაჩემმა დამშვიდებით უპასუხა: „ნარდი, ჭადრაკი და სათამაშოები სასიამოვნოდ და დროის გასატარებლად გამიგონია ჩვენშიო. ხუმრობაც შეშვენის და მეც ჩემი ქვეყნის ჩვეულებაზე ვადგივარო, და თქვენში თუ საწყენი და გასაჯავრებელი ყოფილა, ჩემთან რა გინდა, ისევ თქვენებთან გეთამაშნაო?“ გაჯავრებულმა დაავლო ქუდს ხელი და გამოვარდა გარეთ.

აი, ამისთანა ხასიათის კაცი, რომელიც გარეთ, სხვაგანაც არ იშლიდა თავის ახირებულობას, რა უნდა ყოფილიყო შინაურობაში, სადაც დამოუკიდებელი ბატონი იყო? მართლაც, ბევრს ახირებულობას ჩადიოდა, ხელს უშლიდა დედაჩემის ყოველთვის წინდაწინ მოფიქრებულ და გონივრულ განკარგულებას.

მახსოვს, ერთი გლეხი გადაგვიშენდა და ოჯახში არავინ დარჩენილა, გარდა ერთი ოთხმოცდაათი წლის მოხუცისა, რომელსაც აღარც მამულის მოვლა შეეძლო და აღარც თავის საკუთარი თავის რჩენა. რომ საგლეხო ადგილ-მამული არ გამცდარიყო, მამაჩემმა მოინდომა იმ ბერიკაცის სასახლეში გადმოყვანა. მოხუცმა, რასაკვირველია, შორს დაიჭირა თავის სახლ-კარის თავის დანებება; იმას უნდოდა, რომ თავის სიცოცხლეში არ ენახა მის ქოხში გამქრალი ცეცხლი, იქვე მომკვდარიყო, სადაც მისიანები ცხოვრობნენ და ბოლოს იმათვე საფლავს ამოწოლოდა გვერდით. ნებით რომ ვეღარ დაიყოლიეს, ბატონმა ბრძანა, რომ ძალით გამოეყვანათ და კიდეც გაუგზავნა კაცები. ეს ამბავი არ მოსწონდათ სასახლეში: მოსამსახურეები, ბიჭები, გოგოები, ყველანი ჩურჩულებდნენ: ნამსახური კაცი თავისი სახლიდან რა გასაგდებიაო? ნაერთგულარს და ნამსახურს კაცი ძაღლსაც არ გაიმეტებსო. ამას მოვკარი მე ყური და გავიქეცი მამაჩემთან. ის ნიგოზ ქვეშ ჩეროში იყო მხარ-თეძოზე წამოწოლილი; მივედი და ვკითხე: მამა-ბატონო, ჩვენი მურა რომ დაბერდეს, აღარაფერი არ შეეძლოს, აღარც ყეფა და აღარც ღრენა, მაშინ რაღა ვუყოთ-მეთქი?

- რაში გეკითხება, შვილო? თუ მაგრე დაბერდება, მჭადს აჭმევენ და იქნება თავისთვის, სანამ არ მოკვდებაო.

- მაშ, თუ მაგრეა, კაცი უკეთესი არ არის ძაღლზე-მეთქი? ბერიკაცს რომ თავის სახლ-კარს აშორებ და გამოგყავს, ის კი არ გეცოდება-მეთქი?

ამ სიტყვებმა ისე დააფიქრეს მამაჩემი, რომ ხელახალი განკარგულება მოახდინა: „თავი დაანებეთ იმ ბერიკაცს, დარჩეს თავის სახლში და საზრდოც მიუჩინეთო“. მასუკან ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემი დაუფიქრებლობით კინაღამ ცოდვაში ჩავვარდიო, მაგრამ ანგელოზმა მამხილა ბავშვის პირით, ვენაცვალე იმის ძლიერებასაო!

ხშირად მამაჩემს სახარების კითხვა უყვარდა, მაგრამ იმ კილოთი, რა კილოთიც წირვაზე კითხულობდნენ ხოლმე, და ისე გაიტაცებდა ხოლმე კითხვა, რომ სახარებაში გამოხატულ პირებს ემუსაიფებოდა. მაგალითად: „ჰაი, შენს მადლს“, „ვენაცვალე შენს სახელს“, „იცის ბიჭმა“ სხვანი და სხვანი. ამგვარ სიტყვებს ჩაურთავდა ხოლმე, მოსაწონ აზრს მოიწონებდა და საგმობელს ჰგმობდა. ერთხელ, სახარების წაკითხვის დროს, როდესაც მივიდა იმ ადგილამდი, სადაც ფარისევლები შეცდენას უპირებდნენ ქრისტეს და ქრისტე უბრძანებდა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო“, მამაჩემმა ჩვეულებრივად წამოიძახა: „დაგესხათ თავს ლაფი, გინდოდათ, რომ მოგეტყუებიათო? ჰოი, ახლა ნეტავი თქვენი თავი მომცა ხელში, რომ ეგ წვერები სულ ღერ-ღერად დაგაგლიჯოთო!“ - ამ სიტყვებს დედაჩემმა მოჰკრა ყური, გამოვიდა მეორე ოთახიდან და ჰკითხა: „ბატონო, ვის უჯავრდები მაგრე გულითაო?“, „ვისა და შეჩვენებულ ფარისევლებსაო“, - გულმოსულად უპასუხა მამაჩემმა.

- შე დალოცვილო, მაგ სიშორეს რომ არ წაეპოტინო, - მიუგო დედაჩემმა, - შინ რომ საკუთარი ფარისეველი გყავს, რატომ იმას კი არაფერს ეუბნებიო? შენმა მოურავმა მთელი ოჯახი აურ-დაურია, მაგის თავგასულობას საზღვარი აღარა აქვს. რამდენი ხანია გეხვეწები, რომ ამ ოჯახს ეგ როგორმე მოაშორო, მაგრამ ის ფარისევლობით თვალებს გიხვევს და ჩემი აღარა გჯერა რაო! ამის თქმა და მამაჩემის ზეზე წამოვარდნა ერთი იყო: მომგვარეთ მოურავიო, - დაიყვირა. მოიყვანეს ნამძინარევი მოურავი, მაგრამ, სანამდი ის რასმე იტყოდა, მიაძახა ბატონმა ბიჭებს: „მე ფარისეველი სახლში აღარ მინდა, დააყოლეთ ეგ შეჩვენებული თავდაღმართზე და მიაყოლეთ პანღური, რომ სასახლისკენ პირი აღარა ქნასო!“

ეს მოურავი მართლა საძაგელი რამ იყო. მაგრამ მამაჩემი მაინც არ ელეოდა და დედაჩემმა, რომ იცოდა მამაჩემის ხასიათი, სახარების კითხვაში შეურჩია დრო და ძლივს გადაარჩინა ოჯახი იმ ცუდი მოურავისაგან.

ამით ვათავებ მამაჩემზე საუბარს, თუმცა ბევრი რამ შემეძლო, რომ კიდევ მეთქვა.

(გაგრძელება)