(გაგრძელება)
დედაჩემი დიდი ძველებური ოჯახის ასული იყო. 1820-ში, თეოფილაქტეს დროს, ქუთათელი და გაენათელი რომ დააპატიმრეს და აჯანყება მოხდა, იმ აჯანყებულების მეთაურად ითვლებოდა დიდი ივანე აბაშიძე, ახალციხეს მოკლული. ეს ივანე დარეჯან ბატონიშვილის, პირველი სოლომონ მეფის ასულის შვილი იყო და დედიჩემის მამა. აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს (უნდა მოგახსენოთ, მისთანა აჯანყება არყოფილა, რომ ხალხს რამე ძალადობა ეხმაროს, მხოლოდ უკმაყოფილებას აცხადებდნენ პირდაპირ, დაუფარავად), აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმისი ცოლ-შვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები, გარდა დარეჯან ბატონიშვილის ერთი უფროსი ვაჟისა, უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა. აბაშიძის სახლობა დაბრუნდა, მაგრამ ყმა და მამული ჩამორთმეული დაუხვდა, ოჯახი აკლებული და განადგურებული. საზრდო რომ აღარ ჰქონდათ და პატრონიც აღარავინ ჰყავდათ, გურიის მთავარმა გადაიყვანა თავის ოჯახში და ცდილობდა, რომ მათი მწუხარება მომავალის იმედებით როგორმე გაექარვებინა. ყველაზე უფრო დასევდიანდა თურმე დედაჩემი: ამას თურმე დარეჯან ბატონიშვილი აგონდებოდა, რომელიც შვილსავითა ზრდიდა და ანებივრებდა, როგორც შესანიშნავ ბავშვს. დარეჯან ბატონიშვილისა არ იყოს, გურიელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დედაჩემს. იმ დროს, როგორც სხვა ყოველ ქართველ დიდ-ოჯახებში, გურიელის სასახლეშიაც თითქმის შინაკაცებად ითვლებოდნენ ფრანგის პატრები და დიდი გავლენაცა ჰქონდათ ოჯახებზე.
ამ ევროპულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულმა მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა. რაც კი იმ დროში ქართველ-ქალის ხელიდან გამოვიდოდა, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა: იყო კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, მოხელსაქნარე და მასთან კარგი აღმზრდელი. ცნობისმოყვარეობასთან შრომისმოყვარეობაც შეთვისებული ჰქონდა: დილას მამლის ყივილზე რომ წამოდგებოდა, დაღამებამდე ფეხზე იდგა და უსაქმურად კაცი ვერ ნახავდა. „სიზარმაცე და უსაქმურობა დედა არის ყოველგვარ ბოროტებისაო“, იტყოდა ხოლმე: „და კეთილი საქმე კი იგივე ლოცვა, ვედრებააო“. მოსამსახურეებს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა, რომ ცუდი არა ჩაედინათ რა. უსაქმოდ არავის გააჩერებდა, ყოველგვარ ხელობას ასწავლიდა მათ და ზოგს წიგნსაც აკითხებდა. მაშინ, ბატონყმობის დროს, ამგვარი ქცევა საარაკო იყო და დედაჩემის მოქმედებაც ბევრს თვალში ეჩხირებოდა. მკაცრობისა და მრისხანების სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგანაც თავი მძიმედ ეჭირა. „თუ თავი გაუყადრე ბრბოს, პირს შეგაჩვევს, აღარად ჩაგაგდებს და, რაც უნდა ურჩიო, აღარ დაიჯერებსო“, - ამბობდა. სასახლეში მისი ყველას ეშინოდა და დიდი ხათრიცა ჰქონდათ. მაშინ მეც ისე მეგონა, როგორც სხვებს, რომ დედაჩემი ცივგული და მრისხანე იყო, მაგრამ გონებაში რომ ჩავხვდი, მაშინ კი გამოვიკვლიე სიმართლე: ის იყო ნამეტანი ჩვილი გულის მექონი და მოყვარული, მაგრამ დიდ-ოჯახში ნამყოფი, დარეჯან ბატონიშვილის გაზრდილი და პატრების ნამოწაფარი, განგებ პირბადეს იფარებდა, მხოლოდ კეთილის განზრახვით. უნდა გენახათ მაშინ, როდესაც სასახლეში ავად ვინმე გახდებოდა, გინდ უკანასკნელთაგანიცა!.. დღე და ღამ მოსვენება აღარა ჰქონდა და თავის ხელით უვლიდა, როგორც შვილს. გაჭივებულის დახმარება რჯულად ჰქონდა დადგენილი, სულ სხვებზე ჰფიქრობდა და სხვებისთვის, თითქოს თავის საკუთარ პირადობაზე ხელაღებული ყოფილიყოს, მუდამ მწუხარებაში იყო, და ყოველ ფერიცვალობა დღეს მტირალი იჯდა ხოლმე. ამბობდნენ: ამ დღეს რაღაც ძველებური ამბავი აგონდებაო.
სულ სხვა ბუნების, მიმართულებისა და ხასიათის იყო მამაჩემი. უკანასკნელ დროში წერეთლები მძლავრობდნენ და სახუცის ოჯახი კი, მთავრობისაგან ზურგმომაგრებული, ყველაზე ბატონობდა. იმ დროს მამაჩემი დედისერთა მცირეწლოვანი ობოლი ყოფილა; ბიძებიც გადავარდნილი ყოფილან, მეფე სოლომონს ხლებიან თან. ქვრივ-ობოლს ვინ არა სჩაგრავს, და, რასაკვირველია, შეძენის სურვილით გატაცებული სახუცესიც არ დააკლებდა ხელს. ერთხელ სახუცის მოურავი მოსულა ბებიაჩემთან და მოუხსენებია: „თქვენ რომ ეზოში ძელქვის პატარა სახლი გიდგათ, სახუცესს სურს, რომ დაუთმოთო“. პატრონს, რასაკვირველია, შორს დაუჭერია ეს ამბავი, მაგრამ მოურავს მაინც მიუყვანია მუშები, დაუნგრევია სახლი და გადაუტანია. გამწარებულ ბებიაჩემს სახუცისათვის წიგნი მიუწერია: „დიდო ზურაბ წერეთელო! გრცხვენოდეს უკადრისი საქციელისო. დაგვიმარტოხელე ქვრივ-ობოლი და სახლს თავზე გვანგრევო. ვინ იცის, დრო რას მოიტანს, თუ ღმერთმა ინება და ჩემი მაზლი შინ მშვიდობით დაბრუნდა, მაშინ დრო გადაბრუნდება და შენც ესევე საქმე მოგივაო“. პასუხად ზურაბ წერეთელს აი, რა მოეწერა: „აბაშიძის ქალო, ენა დაიმოკლე, თორემ ხომ იცი, დროც ჩემ ხელთ არის და გასავალიცო. ჩაგწერ სიაში და შენი ობლიანა მოზდოკში ამოგაყოფინებ თავსო!“ ამ მუქარით შეშინებული ქვრივი გაჩუმებულიყო, მეტი რა გზა ჰქონდა, და შვილსაც ისე უფრთხილდებოდა, რომ მუდამ გვერდში უჯდა და აღარსად უშვებდა. ამის ბრალი იყო, რომ მამაჩემი შინაკაცად იყო გაზრდილი და მხოლოდ ის იცოდა, რაც დედამისს ესწავლებია. მუდამ დედის კალთაში თავის დებას ისეთი ზეგავლენა ჰქონდა მამაჩემზე, რომ იმას მთელ მის სიცოცხლეში თვითნებობა და ახირებულობა ზნედ ჰქონდა გადაქცეული: სძულდა ნადირობა, რაც იმ დროში მებატონეების ჩვეულება იყო, ეჯავრებოდა აქეთ-იქით სიარული და სულ სახლში იჯდა; შინაც არას აკეთებდა, ამბობდა: „კაცი სიმშვიდისა და მოსვენებისათვის არის გაჩენილიო“. არც თვითონ შრომობდა და არც სხვას აწუხებდა. უყვარდა ძილი, აგრეთვე არ სწინდა, როცა ხედავდა, რომ უსაქმური მოსამსახურეები მთელი დღე მხარ-თეძოზე წამოწოლილი კოტრიალებდნენ სახლში. პირის გემო იცოდა, უყვარდა კარგად ჭამა და სულ იმას იძახოდა: „არიქა, მშიერი არავინ დარჩეს სახლში, დიდსა და პატარას, ყველას საყოფად აჭამეთო“. ბუნებითაც ნამეტანი გულკეთილი იყო, შური და ბოროტება არ ესმოდა რა იყო; მაგრამ ერთ უბრალო რამეზე უცბად იცოდა გულის მოსვლა, და მაშინ აღარ დაზოგავდა გინდ შორებელი ყოფილიყო და გინდ ახლობელი.
ეს ზნე მოუვლიდა უფრო ხშირად მაშინ, როდესაც უნებურად გამოაღვიძებდა ვინმე, მაგრამ სიფიცხე დიდხანს არ გასტანდა. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: ჩვენში, როგორც შობის წინ ალილოზე, ისე სააღდგომოდ ჭონაზე დადიოდნენ ხოლმე მომღერლები. ერთხელ იმ დროს მოვიდნენ ჩვენსა მეჭონეები და დაიწყეს „ჭონა“, როცა მამაჩენს ეძინა. „ალათასა, ბალათასა, ხელი ჩაჰკარ კალათასაო“, რომ შემოსძახეს, მაშინ გამოეღვიძა მამაჩემს და მიაშურა. მომღერლებმაც რომ დაინახეს ლომივით კაცი, პერანგის ამარა, თავშიშველა, ფეხშიშველა, მათკენ მუქარით მიმართული, დაფრთხნენ; გადაცვივდნენ ზოგი აქეთ, ზოგი იქით ყორეზე, თავს უშველეს, მაგრამ თითო-ოროლა აქა-იქ მოგროვებული კვერცხები კი სულ დაემტვრათ. მამაჩემი გამობრუნდა და უბრძანა მოურავს: „შემიტყვე ვინ იყვნენ ეგ მეჭონეები, რომ ცოცხალი არ გადავარჩინოო“. ამაზე დიდი ფიციც დასდვა, მაგრამ, რომ გამოიძინა და კაი გუნებაზე დადგა, ბევრი იცინა და თავის ბრძანებაც გამოსცვალა: „შეიტყვეთ ვინ იყვნენ ის საცოდავები, რაც დამტვრევიათ კვერცხები, სასახლიდან უზღევით და, ამას გარდა, კარგადაც დაასაჩუქრეთო“. ეს ხასიათი რომ იცოდნენ მისი, მძინარის ყველას ეშინოდა და ფხიზელს კი არავინ ერიდებოდა. ოჯახის საქმეში არ ერეოდა. სულ დედაჩემის ხელში იყო; მაგრამ მამაჩემის ახირებულობა ბევრჯერ ხელს უშლიდა და ამ ორს, სრულიად ერთმანეთის წინააღმდეგი ბუნების მქონ ადამიანთ, ხშირად ჰქონდათ ერთმანეთში საყვედური. დედაჩემს არ მოსწონდა მამიჩემის ყოფაქცევა, მაგრამ ბევრს უთმობდა. როგორც კი შეიქნებოდა შუადღე და გუგული თორმეტჯერ დაიძახებდა „გუგუს“, მამაჩენი მაშინვე სადილად დაჯდებოდა. ადრე რომ მონდომებოდა სადილი, მაინც არა სჭამდა. უცდიდა გუგულს და მოთმინებიდან გამოსული ყვიროდა: „რა არის ეს რჯულძაღლი, რო ასე აგვიანებს და სასადილოს არ დაუკრავსო?“ ესეები ყველა, დედას არ მოსწონდა და ხშირად ეტყოდა ხოლმე: „შენი ცოდვა მიეცეს, ვინც შენ აგრე გამოგზარდაო“. ამგვარი ახირებული ხასიათი ოჯახში მოსაწონი არ არის, როგორც წესისა და რიგის ამრევი, მაგრამ სასახლეში კი ყველას ვაჟბატონი უფრო უყვარდა, ვიდრე ქალბატონი. რასაკვირველია, მრისხანე დედაჩემს არ უყვარდა არავის დასჯა, მხოლოდ სიტყვითა და შეხედულობით იყო საშიში. ხშირად იპატივებდა ხოლმე მამაჩემისაგან გულმოსულობით გაწირულს, მაგრამ მაინც ყველა მრისხანედა თვლიდა.