(გაგრძელება)
სასახლეში ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რომ გამომიყვანეს, მაინც ბევრი რამ მეუცხოვა. ჩვენებს თითქმის ყველას ვიცნობდი, და სტუმრებმა კი სწორედ გამაცეცეს. ხან ერთთან მივყავდით, ხან მეორესთან. მეალერსებოდნენ და მკოცნიდნენ. ისე მეხვეოდნენ გარს, როგორც ჩხიკვები ბუს. „ეი, სოფლის ბიჭო! - დაიძახა მამაჩემმა, - შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო; რაც გითხრან, დაიჯერე, თორემ, თუ ურჩობა დაიწყე, წაგიყვან და დაგამწყვდევ ისე, როგორც ის პატარა ბიჭი მყავს დამწყვდეულიო“; მომკიდა ხელი, მიმიყვანა და გამაჩერა სარკის წინ, სადაც თავიდან ფეხებამდე ნათლად გამოვჩნდი და სიცილი დავიწყე.
- ხომ ხედავ? - მკითხა მამაჩემმა.
- რატომ არა!.. ბრმა ხომ არა ვარ?
- იცნობ? - მეკითხება მამა.
- რა დიდი ცნობა უნდა?
- ხომ არ გინდა, რომ დაეჭიდო?
- ვისა?
- ამ პატარა ბიჭს?
- ბიჭი კი არა, ის არ გინდა კიდე! ჩემი ლანდია!
- რა იცი, რომ ლანდია?
- რატომ არ ვიცი!.. განა ცოტა მინახავს წყალში?
ამ სიტყვებზე სუყველამ სიცილი ასტეხა და გაიკვირვა. - „შენი რისხვა ნუ მომეცემა, - წამოიძახა მოურავმა: - შენი რისხვა ნუ მომეცემა, რო იტყვიან: კვიცი გვარზე წავაო, სწორედ მართალი ყოფილა. სოფლის ბავშვი რომ ყოფილიყო, რას მიხვდებოდა!.. მე რომ პირველად სარკეში ჩავიხედე, ჭაღარა მერია, მაგრამ მაინც კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიკვირდა!“ ეტყობოდა, მოურავს კიდევ ბევრი რამ უნდა ეთქვა, მაგრამ დედაჩემმა გააწყვეტინა სიტყვა, დამიძახა და მკითხა: წყალში? როგორ თუ წყალში?
- ისე, როცა სათევზაოდ დავდიოდი ხოლმე ან ყვირილაში, ან იზვარაში, წმინდა წყალში ყოველთვის გამოვჩნდებოდი ხოლმე.
- მარტო შენ?
- მარტო მე რათა? წყალში ყოველიფერი გამოჩნდება: ხარი, ძროხა, ცხენი, დღე ყოველიფერი გამოჩნდება, ღამე კი მარტო ვარსკვლავები და მთვარე გამოჩნდება ხოლმე.
- თევზს როგორღა იჭერდი?
- პატარებს ჩქიფით და დიდებს კი ხელაობით. შევყოფდი ხოლმე ხელს ჯილეში, ქვებში, და, თუ შევხვდებოდი თევზს, დავიჭერდი და გამოვიყვანდი.
- გველი რომ შეგხვედროდა?
- რა ვუყოთ მერე? განა არ შემხვედრია? შევყოფ ჯილეში ხელს, იქ ბევრი ღორჯო გგონია ერთად თავმოყრილი, გამოგაქ და თურმე გველია დახვეული. გაიშლება და შემოგეხვევა მკლავზე.
- მერე... არ გეშინოდა? - შემომკივლა დედამ.
- არა! დავასხერტებდი ხოლმე რიყეზე.
- რომ ეკბინა?
- ნწუ! ამპა! წყალში როდი იკბინება, შხამი როდი აქ თან. წყალში ჩასვლას რომ დააპირებს, გველი მწვანე შხამს იქავე ქვაზე წამოანთხევს. წყლიდან რო ამოვა, მერე ისევე ალოკავს და გაუდგება გზას. მაშინ თუ ვინმეს შეხვდა და უკბინა, ძნელია: მზის ამოსვლისას თუ უკბინა, მზის ჩასვლამდის ვეღარ გაატანს, და მზის ჩასვლისას თუ უკბინა, მზის ვეღარ მოესწრება კაცი, მოკვდება.
- რი ვეღარ მიაგნოს თავისი შხამი?
- თუ ვინმემ დაუმალა ან შხამიანი ქვა გადაუგდო, მაშინ წყლის პირზე დაიწყებს ძებნას გველი, ირბენს, ირბენს და, რომ ვეღარ ნახავს, ჯავრით დაუშენს თავს ქვაზე და მოკვდება.
- შენ რა იცი ეგა?
- შარშან ყვირილას პირზე ვნახეთ მაგრე მკვდარი გველი. არც თავი ჰქონდა გაჭეჭყილი და არც წელი მოწყვეტილი, ისე იყო მკვდარი და მეთევზეებმა სთქვეს: შხამი დაეკარგებოდა და თვითონ მოიკლავდა თავსაო.
- რაზე იჭირვებს საქმეს, რატომ თან არ ჩაიტანს იმ შხამს წყალში?
- დაწყევლილია!.. მერედა შხამი რო ჩაიტანოს წყალში, წყალს ხომ მთელი სოფელი სვამს და დიდი და პატარა სულ არ მოიწამლებოდნენ ერთიანად? - ჩემს სიტყვა-პასუხზე დედას ეცინებოდა და თავზე მისვამდა ხელს და მეც რაკიღა კი სოფლის ამბავი მომაყოლეს, მზად ვიყავი, რომ საღამომდის მეტიტინა, მაგრამ სხვებმა გაგვაწყვეტინეს საუბარი. „დასწყევლოს წმინდა გიორგიმო, - დაიძახეს აქეთ-იქით. - ტფუ! ტფუ! ვიღაც სწორედ ჩვენს ძვირში არისო“ და გადავიდნენ სხვა საუბარზე. ამასობაში სადილობამაც მოატანა და გადასძახეს ბიჭებს აივანზე, რომ სადილი მოეტანათ.
უცბად ოცი-ოცდაათი მეტი ფარეში შემოიჭრნენ და გაჩერდნენ შუა ოთახში. ბატონები მივიდნენ, ჩამომწკრივდნენ ტახტზე: პირდაპირ, მეორე ტახტზე აზნაურიშვილები დასხდნენ და თავში მღვდელი დაუჯდათ. კიბეზე ვიღაცამ დაახველა, სთქვეს - მოურავიაო და მართლაც ის იყო, მოუძღოდა წინ სადილს, შემოვიდა და მიეყუდა სვეტს. იმას შემოჰყვნენ სხვებიც. ხელოსნებს პური მოჰქონდათ ხელკალათებით, მზარეულებს კი ქოთნებით სხვადასხვა დაჭმელები. მიდგეს კუთხეში და გაჩერდნენ. „აბა, ჰე, ხელი დაგვაბანიეთო“, ბრძანეს ბატონებმა. ერთმა ფარეშმა ტაშტს დაავლო ხელი, მეორემ თუნგს და მესამემ ხელსაწმენდს. ჩამოუარეს რიგით და ყველას ხელი დააბანინეს. მერე ორმა ბიჭმა შემოიტანა გრძელი და ვიწრო ხის სუფრა ოთხფეხიანი, რომელსაც ერთი ფეხი გავარდნილი ჰქონდა. „შეუყენეთ ფეხიო“ - უბრძანა ბატონმა. ბიჭები სულ ერთიანად გაცვივდნენ გარეთ და თვალის დახამხამებამდე ერთმა შემოარბენინა ქვა, სხვებიც ისევ უკან მოსდევდნენ; გადააბრუნეს სუფრა და შეიქნა ერთი კაკა-კუკი. გაუმაგრეს ფეხი, მაგრამ ცოტა მეტი მოუვიდათ, ფეხი დამოკლდა და სუფრამ ყანყალი დაიწყო. „შეუყენეთ ნაფოტი“-ო ბრძამა ბატონმა. გაცვივდნენ ბიჭები ნაფოტის მოსატანად. კიდევ ისევ ერთმა მოიტანა ნაფოტი და სხვები უკან მოსდევდნენ; შეუყენეს სუფრას და გაამაგრეს. როგორც იქნა, ამ ჭირს გადარჩენ, მაგრამ მწუხარება ამით მაინც არ გათავებულა. დამშეულს ძაღლებს რომ სადილის სუნი ეცათ, დრო იხელთეს, შემოცვივდნენ ოთახში, შეძვრნენ სუფრის ქვეშ და წამოწვენ. - „არიქა, დაგვიხსენით ამ ძაღლებისგანაო“, დაიყვირა ბატონმა. ბიჭებმა დაავლეს ჯოხებს ხელი და დაუწყეს სუფრის ქვეშ ძაღლებს ცემა. ძაღლები იღრინებოდნენ, იკბინებოდნენ, დიდხანს არ უნდოდათ, რომ გამოსულიყვნენ სუფრის ქვეშიდან, მაგრამ ბოლოს, ძალა რო დაატანეს, იკადრეს და გაცვივდნენ გარეთ. ერთი-ორი ძაღლი აზნაურების სუფრის ქვეშაც შემძვრალიყო. ბიჭებმა რომ იმათ ჯოხით ცემა დაუწყეს, ერთმა აზნაურმა იყვირა: „ვაიმე, წვივი, წვივი მომტეხე, შე ოჯახდაქცეულოო! ბატონი-ჩემის რისხვა ნუ მომეცემა, ჩემი ჯინი სჭირს და განგებ მიყო ეს საქმეო!“ - მაგრამ ბიჭი დიდ უარზე იდგა და იძახოდა: „ღვთისა და ბატონის რისხვა მქონდეს, თუ უცაბედად არ მომსვლოდესო“. ამ შემთხვევამ დიდი სიცილი და ხარხარი გამოიწვია და ის აზნაურიშვილიც განგებ აზვიადებდა ტკივილს, ისვამდა წვივზე ხელს და იჭყანებოდა. ძაღლები რომ გარეკეს, რამდენიმე ბიჭი კარზე დააყენეს ჯოხით, რომ აღარ შემოსულიყვნენ. ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა და უკანასკნელი. არათუ ჩვენ ოჯახში, სხვის ოჯახებშიაც ამგვარივე შემთხვევა იყო ხოლმე; თითქმის ყოველ იჯრაზე, ყოველ სადილ-ვახშამზე ამ სუფრის ფეხების ცოდვილი იყო და ძაღლების მოგერება, და აზრად არავის მოსდიოდა, რომ ერთხელვე გაემაგრებინათ სუფრის ფეხები, და ან ბიჭები სადილობამდე კარებზე დაეყენებინათ, რომ ძაღლები არ შემოსულიყვნენ ხოლმე. ამ ახირებულობას ისე იყვნენ მიჩვეულნი დიდი და პატარა, რომ უამისოდ ვერც კი შეეძლოთ წარმოედგინათ სადილ-ვახშმის ჭამა; თითქოს ეს ყველა აუცილებელი საჭიროება ყოფილიყოს, ისე, როგორც მღვდლისაგან სუფრის კურთხევა. ყოველიფერს რომ მორჩნენ და დაალაგეს საჭმელები სუფრაზე, უცბად დედაჩემმა შეჰკივლა მამაჩემს: „რას შვრები მაგას!“ - თურმე მამაჩემს კარგი მოზრდილი ლუკმა ჩაედვა პირში ისე, რომ ჯერ მღვდელს „მამაო ჩვენო“ არ ეთქვა და სუფრა არ ეკურთხებინა. ახლა კი გაახსენდა, წამოვარდა ზეზე და ხელით ანიშნა მღვდელს. მღვდელმაც სისწრაფით „მამაო ჩვენო“ გადიკითხა, აკურთხა სუფრა, და მაშინ კი მამაჩემმაც გადაყლაპა ლუკმა და მიუბრუნდა მღვდელსა: „მამაო, კინაღამ არ დამახრჩვე, შიშით ვერ გადავყლაპე, სირცხვილით ვერ გადმოვაგდე და შენ კი ლოცვა გააჭიანურეო“. - „შენი რისხვა ნუ მომეცემა, ორჯერ გადავხტი, რამდენიც შევიძელი, ჩავაფუჩეჩე“. ამ სიტყვებზე დედაჩემი გაბრაზდა და უსაყვედურა მამაჩემს: „სულ შენი სულწასულობის ბრალია, რომ მღვდელსაც ცოდვაში აგდებ და გმობას ალაპარაკებ. ვის გაუგონია ლოცვის გადაფუჩეჩება და ღვთის მოტყუებაო?“ მღვდელი გაწითლდა და თავის გასამართლებლად წაილუღლუღა: „არა, უშავს რა, პური და ღვინო ისეც ნაკურთხია ღვთისაგანო; ცოტა რამ დააკლდეს, რა უშავსო!“ „რას ამბობ, მღვდელო, - სთქვა დედაჩემმა, - რაც კი არსებობს ქვეყანაზე, ღმერთს უკურთხებია, რო გაუჩენია; და მაშ რა საჭიროა კურთხევანი რო ყოველდღე ხელში გიჭირავს?“ ეს ბაასი ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და რითი გათავდებოდა, რომ მამაჩემს არ დაეყვირა: „კარგია, ახლა რა დროს ეგ არის, მშიაო“. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეს და შეუდგენ გულმოდგინედ ჭამას.
სუფრა სხვადასხვა თავი საჭმელებით აივსო, თავ-თავისი კერძი ყველას საყოფი ედვა წინ, მაგრამ მაინც მამაჩემს მოართვეს ხელგობით და დაუდგეს წინ ასო-ასოდ აქნილი რაჭული ხბო, რომელსაც მოსაკითხად უგზავნიდა ხან ერთსა და ხან მეორეს. ისინიც თაყვანისცემით მოახსენებდნენ ხოლმე „ღმერთმა ნუ მოგვაკლოს თქვენი მოწყალებაო!“ ამ დროს გავიხედე, და შუა ოთახში რომ გამწკრივებული ბიჭები თავზე გვადგნენ და ჩვენ ჭამას რომ უყურებდნენ და ტუჩებს აცმაცუნებდნენ, მათ რიცხვში ჩემი ძიძიშვილიც იდგა, თვალი მიქნა, მივხვდი, რაც უნდოდა, გავაპარე ხელი, ვტაცე შუაძვალს და ელვასავით გადავუგდე. ბურთში გაჩვეულმა ბიჭმაც, რასაკვირველია, მამინოსავით დაიჭირა და იგდო უბეში. ბევრმა თვალიც ვერ მოასწრო ამ ჩვენს ხორცით გაბურთავებას, მაგრამ დედაჩემმა შენიშნა და სიცილით მითხრა: „შვილო, მარტო მაგას რომ მოუკითხე, სხვებს ხომ გული დაწყდებათო! მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არისო! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო! მოუკითხე იმათაცო!“ მე დიდი სიამოვნებით ავასრულე დედის ბრძანება, და თითო ნაჭერი გადავუგდე სამივეს. ეტყობოდათ, რომ ბურთაობაში ისინიც გაწაფულნი იყვნენ. ორმა მათგანმა თითები ისე გამოჰკრეს ჰაერში მოტრიალე ხორცს, როგორც მიმინომ ბრჭყალები მწყერს; მხოლოდ ერთ მათგანს, რომელიც უფრო მოზრდილი იყო, გაუვარდა ძირს. „აი, დაგესხა თავს ლაფიო!“ - მიაძახეს აქეთ-იქიდან, „ვერ ყოფილხარ ბატონის ერთგულიო!“ შერცხვა ბიჭს, მაგრამ ხორცის ნაჭერი მარჯვედ მომუჭნა. „პანღური მაგასო!“ - ბრძანა ბატონმა; მისცვივდნენ პატარა ბიჭები და ჰკრეს პანღური. საკვირველია! ეს პანღური არც მეპანღურეებს და არც საპანღურეს არა სწყენიათ. შეიქნა ერთი საზოგადო სიცილი და ხარხარი. პატარა ბიჭებს პურიც გადაუგდეს და ისინიც სიამოვნებით გაცვივდნენ გარეთ, რომ პირი ჩაეგემრიელებინათ. სუფრაზე ღვინოს არავის არ აძლევდნენ, მხოლოდ მერიქიფეებს ეჭირათ ხელში ღვინით სავსე დოქები და, დაიცლებოდა თუ არა ვისიმე ჭიქა, მაშინვე აავსებდნენ. სადღეგრძელოები არ იცოდნენ. პირველს ჭიქას რომ აიღებდნენ, მაშინ კი პირჯვარს გამოისახავდნენ და იტყოდნენ: „დიდება ღმერთსა! მოწყალეს ერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ბატონსა და ყმებსა, აქა მბრძანებელსა! შენდობა, მამაო!“ - ეტყოდნენ მღვდელოსაც და გადაჰკრავდნენ ღვინოს. მერე კი იმდენსა სვამდნენ, რამდენიც უნდოდათ. სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ.
სადილი რაც უფრო გრძელდებოდა, უფრო და უფრო ეტყობოდა მხიარულება ყველას. იცინოდნენ, ხუმრობდნენ და სასაცილო ამბებს ამბობდნენ, სიცილსა და მუსაიფში ხანდახან ფარეშებიც გამოერეოდნენ, მაგრამ თავი კი ზრდილობიანად ეჭირათ.
გათავდა სადილი, სუფრა აალაგეს, ფარეშებმა ხელი დააბანინეს ისევ ყველას და წავიდ-წამოვიდნენ. სახლში დარჩნენ მხოლოდ ბატონები. იმ დროში ნასადილევს ძილი ყველასათვის აუცილებელი საჭირო იყო და ამიტომ დედ-მამა საწოლ ოთახში დარჩა. მე კი სასტუმრო ოთახში შემიყვანეს და იქ დამტოვეს: „იყავი მანდო და, როცა ძილი მოგინდეს, წამოწევი ტახტზე, მუთაქა მანდერ არიო, მიიდევი და დაიძინეო. სანამდის არ აგრილდება, კარში არ გაგიშვებთ, ხომ ხედავ, რომ სიცხით დედამიწას არმური ასდისო. ყოველი ცხოველი გაბოროტებულია: ან ბრაზიანმა ძაღლმა არ დაგგლიჯოს, ან გველმა არ დაგკბინოსო. რო აგრილდება, მაშინ კი პატარა ბიჭებიც გამოიღვიძებენ და იხტუნეთ ერთად ეზოში, რამდენიც გინდოდეთო“.
მომიკეტეს კარები და დამტოვეს მარტო. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს სიცოცხლეში, რომ მარტო დავრჩენილიყავი, და ისიც კარდაკეტილ ოთახში, დავღონდი და დავიწყე ფიქრი. მე გული ისევ ჩემი სოფლისაკენ მქონდა. „მართალია, ამისთანა სიცხეში, - ვიფიქრე გუნებაში, - მზეში ყოფნა და წანწალი არ ვარგა, მაგრამ მაგიერად სჯობია იმას, რომ ხის ქვეშ ჩეროში იჯდე და დანასობიას ან კენჭობიას თამაშობდე! და აქ კი, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო? ძილიო, რომ მეუბნებიან, განა ძილისგუდა ვარ, რომ დღეც ვიკოტრიალო?“ ამგვარი ფიქრები სევდასავით მომაწვენ გულზე და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩრა. უცბად რაღაცამ გრიალი დაიწყო, მივიხედე კედლისკენ და შევნიშნე (თურმე კედლის საათი იყო), თითქოს კოლოფის მზგავსი შეიძრაო, გაიღო კარები, გამოხტა გუგული, სამჯერ დაიძახა „გუგუ, გუგუ“-ო და შეჰყო ისევ თავი, დაიმალა. წამოვვარდი ზეზე, დამავიწყდა ჯავრიც, მწუხარებაც, ვიფიქრე: „ეს გუგული სად შემოფრენილა-მეთქი“, ის სოფელშიაც ვიცოდი, რომ გუგული ბუდეს არ იკეთებდა და სხვის ბუდეში სდებდა კვერცხებს. ვსთქვი: „სწორედ მერცხლის ბუდეა აქა და იქ ზის-მეთქი“. მოვინდომე, რომ მივპარვოდი და ქუდი დამეხურა ზედ. მივეპარე ფეხაკრეფით, ნელ-ნელა, დავდგი სკამი და შევდექი ზედ, მაგრამ მაინც ვერ ავწვდი. საათი მაღლა იყო ჩამოკიდებული, სკამი სკამზე დავდგი და ისე ვაპირებდი მიპარვას, შევპოტინდი. მაგრამ ამ დროს გამომისხლტა სკამი, გადმოვვარდი და გამხდა ბრეგვა იატაკზე. ხმაურობაზე გამოცვივდნენ მეორე ოთახიდან და, გაშხვართული რომ მნახეს იატაკზე, ჯერ შეეშინდათ, მაგრამ მერე კი, რომ მნახეს არა მჭირდა რა, სიცილი აიტეხეს. მე შემრცხვა და მოვრთე ტირილი. გული ამომიჯდა და ვეღარაფრით ვეღარ გამაჩერეს, სანამ ჩემმა უფროსმა დამ არ მომკიდა ხელი და არ წამიყვანა სამოახლოში, სადაც ჩემი ძიძაც სტუმრად იყო.