ხალხური

არსენას ლექსი

      (გაგრძელება)

მეიდანზე გამოვიდა,
მოაძახა მედროშკესა:
- ფიცხლავე დროშკა მომგვარე,
თორემ ცხენებს დავჭრი ყელსა!
რომელიც კარგი დროშკაა,
არსენასა მოართვესა.
დაუჯდა ბიჭი არსენა,
გაუდგა დამოჟნის გზებსა.
კუკიის გზაზე გადადგა,
ბიჭი მოუძღვის სიდედრსა.
არსენამ რომ დაინახა,
თქვა: - დიდება მოწყალესა,
ჩემი საქმე არის ესა!
თავდაბლა მოახსენებსა:
- თუ უკაცრავად არა ვიყო,
დედი, ჩამობრძანდი ცხენსა!
მე ტყვე ვარ გამოპარული,
არც მე მატკენს ეს ფეხებსა.
დახედე, იმისი სიძე
ხანჯალზე დაიდებს ხელსა:
- გასწი იქით, გამეცალე,
როგორ მოგცემ ამ ჩემს ცხენსა?
ხელმწიფის გზაზე მიხვდები,
კაცი უნდა გაგიჟდესა!
მაშინ ჩვენი არსენაი
კამეჩივით შეუბღვერსა:
- მოგიბრუნდები, შემოგკრამ,
სულ მუშტით დაგამტვრევ ყბებსა!
რაღა ბევრი მოგახსენოთ,
ხელითა სცეს ერთმანეთსა.
არსენა ღონიერია,
იმ ბიჭს ქვეშ წამოიგდებსა,
ორი მუშტი რომ შემოჰკრა,
ყარფუზივით დააბნევსა.
დედაკაცი ეხვეწება:
- ნუ მომიკლავ ჩემ სიძესა,
მაგ ჩემ გამომცხვარ ნაზუქებს
ღმერთი ტკბილად შეგარგებსა!
ცხენიც იმას დაულოცა,
თან ხურჯინსაც გაატნებსა.
- დედავ, დედაშვილობასა,
შენ ნუ დამიწყევლი გზებსა.
ის დედაკაცი ლოცავდა:
„ღმერთმა მშვიდობა მოგცესა,
სადაც წაბრძანდ-წამობრძანდე,
არსენავ, გაგიმარჯვდესა.
მაძღარს ართმევ, მშიერს აძლევ,
ღმერთი როგორ წაგახდენსა!“
პატარაზე გაიარა,
ხურჯონს ჩხრეკას დაუწყებსა:
ცალ ხურჯინში ტიჭკორაა,
ცხრა ნაზუქი თავს აძევსა,
ცალგნით ორი ქათამია,
ინდაური თავს აძევსა.
დაჯდა ჩვენი არსენაი,
და ლამაზად ქეიფს სწევსა.
ერთი სომხითელი ბიჭი
ქალაქისკენ გამოსწევსა,
ორი მანეთი აჩუქა,
ორ სიტყვას დააბარებსა:
- ასე უთხარი ქალაქში
მიკიტნებს და სირაჯებსა:
„არსენა რომ დაიჭირეს,
ქვეით მიდიოდა დღესა!
მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს,
ღმერთი როგორ წაახდენსა?
სადაც თათარს დაინახავს,
„ბურ და ვალას“ აძახებსა,
სადაც ტიტველასა ნახავს,
თავის პერანგს ჩააცმევსა“.
ორ კვირაზე იმ ბებერსა
ისევ გაუგზავნის ცხენსა.
ერთი თუმანი აჩუქა,
- რაც რომ ნალი გაუცვდესა.
ბებერიც ამას უთვლიდა:
ღმერთმა მშვიდობა მოგცესა!
სამადლოს დუქანზე მივა,
ფილიპეს ცხენს წაართმევსა:
- თუ უკაცრავად არ ვიყო,
მაგ ცხენზე აიღებ ხელსა.
მე ტყვე ვარ გამოპარული,
და ფეხებს ქვები მატკენსა!
მეჯინიბეს ეუბნება,
- უნაგირი სადა ძევსა?
- უნაგირი და ლაგამი
ორივე თავთით უძევსა.
ცხრა მოსართავს თუ მოუჭერ,
თორემ ოთხ-ხუთს გაგიგლეჯსა,
ლიტრა აღვირს თუ ამოსდებ,
თორემ თავსაც წაგართმევსა.
- ბიჭი არსენა მოგიკვდეს,
თუ ცხენი გადმოაგდებსა!
გადაჯდა და გამოსწია,
გამოუდგება მინდვრებსა.
ყაზახში რომ გადავიდა,
ემსახურა თათრის ბეგსა.
„ამათ რჯულზე ვერ დავდგები,
მე ხომ ვერ მოვუშვებ წვერსა“,
იქიდანაც წამოვიდა
და სომხითში გამოსწევსა.
ორი თვის გამოსავალი
გამოირბინა ორ დღესა.
იქ ჩავიდა ქიზიყშია,
ნათლიმამას მიაგნებსა.
ბოდბისხევში რომ შევიდა,
სულ კარები ჩაკეტესა.
ეს ფარსადანმა შეიტყო,
იმისთანა თქვენსა მტერსა,
მეტისმეტი ჯავრისაგან
ადგილზე ვეღარ დადგესა.
ძმებსა კაცი გაუგზავნა:
- არსენა არ მამარჩენსა.
მაშინ ფარსადანის ძმები
არსენას გადასდებენ ხელსა:
- გვაპატიე ფარსადანი,
რაც რომ უნდა გაგვიხდესა.
- ვიდრე ფარსადანს არ მოვკლავ,
გული როგორ გამიძლებსა.
მაშინ ფარსადანის ძმებმა
ოსტატობა იხმარესა:
ერთ უადგილო ალაგას
დიდი ორმო ამოჭრესა,
ის საწყალი ფარსადანი
შიგ ორმოში ჩააგდესა,
ზედ ფიცრები წააფარეს
და მიწა დააყარესა:
- ვიცი, არსენამ მოგასწრო,
ცოცხალს როდი გაგიშვებსა.
ორი დღე უყარაულა,
თვალს კი ვერსად მოასწრებსა.
მესამე დილა გათენდა,
მაშინ პირჯვარს დაიწერსა:
- თხუთმეტ წელს ყაჩაღადა ვარ,
კაცის ცოდვა არ მაძევსა!
ახლა მოვკლა ნათლიმამა,
ბოლოს სული წამიწყდესა!
გამობრძანდი, ნათლიდედავ!
- ხელში მოჰკიდებდა ხელსა:
გამოუშვი ფარსადანი,
არას ვერჩი არაფერსა;
ვაპატიებ ნათლიმამას,
ჯერ მირონს და მერე ღმერთსა,
ფარსადანს მაინც არ მოვკლავ,
თუ გინდ რომ წინ დამიხვდესა!

(გაგრძელება)