ხალხური

არსენას ლექსი

      (გაგრძელება)

ღვთაების მადლი გწყალობდეთ,
მარტყოფის თავში სვენია,
იქ იყო მისი დღეობა,
თვითონაც გიახელია.
სუმბათოვიც იქ მობრძანდა,
ის ჩვენი ქალაქელია.
სუმბათოვსა და მაკაროვს,
თან შეეკაზმათ ცხენია;
კნეინებიც იქა ჰყავდათ,
ზედ გადეხვიათ ხელია,
როცა წირვა გამოვიდა, -
იმისი მადლი შენია, -
რო დაინახა არსენამ,
პირჯვარი დაუწერია,
იმ სუმბათოვს ეუბნება:
- ა, გამარჯვება შენია,
ქალაქში რო შარს მიგდებდი,
ახლა ხო მოგასწვერია!
მაგ შენს აპელატებზედა
შენით აიღე ხელია!
კნეინა ეუბნებოდა:
- შენი ჭირიმე, შენია!
აიღე და გადაუგდე
ეგ ოხრად დასარჩენია,
თორემ ეგ არსენა არის,
ვიცი, გამოგვჭრა ყელია;
სუყველა ოხრად დაგრჩება
დროშკა და შენი ცხენია,
მე ხომ არსენა წამიყვანს,
შენ დარჩი ცარიელია!
შინლიანად გადმოუგდო
აპელატები სქელია.
წამოიფინა არსენამ,
გამორბის, როგორც შველია,
მაკაროვს თავის ხმალზედა
ააღებინა ხელია.
ორი კვირა თონეთშია
და ქეიფსაც ბევრსა სწევსა,
გამვლელსა და გამომვლელსა
სუყველას ღვინოს ასმევსა.
მეორე კვირა გათავდა,
ქალაქისკენ გამოსწევსა,
მთელი ქალაქის ბიჭები
მტრედის გუნდივით დასდევსა,
ღმერთს უშველია არსენი,
ამიერით განსაცდელსა,
საცა მივა მიკიტნებთან
ყველა დაუქნევდა ხელსა,
ამოიღებს იმ ფულებსა,
ტოლ-ამხანაგებს აძლევსა:
- შესანდობელი დალიეთ,
როცა არსენა მოკვდესა.
რაც იმას საქმე ეამბა,
იმისთანა თქვენსა მტერსა:
- ვნახე წუხელი სიზმარი,
სისხლში ვიღებამდი წვერსა,
წრეულ მე ხომ არ მოვრჩები,
რაც რომ უნდა გადაწყდესა,
ან თათარი მიღალატებს,
ქართველი არ მომარჩენსა,
ვერ დავესწრები აღდგომას,
ვერ დავიჭერ წითელ კვერცხსა.
თუ ძალით არავინ მომკლა,
ნებით გამოვიჭრი ყელსა.
რას ამბობს ბიჭი არსენა!
როდი ემეტება ღმერთსა!
თხუთმეტ წელს ყაჩაღად დადის,
კაცის ცოდვა არ აძევსა,
სადაც ტიტველასა ნახავს,
ჩოხას იხდის და აცმევსა.
მაშინ ი ჩვენი არსენა
ზემო ქართლისკენ გასწევსა.
დიღმის სწორად რომ მოვიდა,
მიკიტნებმა დაათვრესა,
იქ ბევრი დაალევინეს,
ტიკშიც ბევრი ჩაუსხესა.
მცხეთის პირდაპირ მოვიდა,
მუხათგვერდში ქეიფს სწევსა.
ის რომ პურის ჭამათ დაჯდა,
ცხენს ბალახში გაუშვებსა,
იმ გიორგი კუჭანტელსა,
გამჩენელი გაუწყრესა,
წამოსული კახეთიდგან,
იმერეთში გამოსწევსა,
ამოუარა არსენას,
გამარჯვებას ეტყვის ერთსა:
- „გამარჯობა“, - „გაგიმარჯოს“,
სალმად მარტო ეს იყვესა.
- გიორგი, ღვინო მიირთვი,
იმ შენი დედ-მამის მზესა!
გიორგი შემოაგინებს
დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა,
რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ,
წითელი პარასკევია.
თუ ეგრე ღვინო მინდოდეს,
ჯიბეში ფული ბევრია.
ეს რომ არსენამ შეიტყო,
მუხლზე დაიკრა ხელია:
- კაცად როდიღა ჩამაგდო,
რაღა ბიჭობა ჩემია,
ბიჭი არსენა მოგიკვდეს,
ვერ შეგიცვალო ფერია! -
გაჯავრებული არსენა
პირიდანა ყრიდა ცეცხლსა.
წამოვიდა ის არსენა,
იმ გიორგის დაუხვდესა.
- გიორგი, საით მიდიხარ,
არსენა ვერ გაგიშვებსა?
ან უნდა მამცე ფულები,
ან შენი ცხენი დამრჩესა!
გიორგიც ეუბნებოდა:
- ნუ გგონივარ ზოგ-ზოგები,
შენ რომ მოჰკიდებდი ხელსა;
ლეკის პირდაპირ ვიყავი,
ოცი ტყვია მომარტყესა,
ორმოცი ტყვია მომარტყეს,
ვერაფერი დამაკლესა! -
მაშინ გაჯავრდა არსენა,
ხმალზე მოისვამდა ხელსა.
პირით რომ ვერ გაიმეტა,
ყუით გადაუკრა ცხენსა,
ხმალი ვადაში გადუტყდა,
ის ცარიელი დარჩესა.
მაშინა თქვა არსენამა,
- დღეს დღე დაბნელდა ჩემია!
ვაი, რა დროს მიღალატე,
გაგიწყრეს გამჭედელია!
შემოუქნია გიორგიმ,
მოსჭრა მარჯვენა ხელია.
დაღონებული არსენა
ცხენიდან გადმოვარდესა.
ცაცია ხელით ხანჯალსა
არსენა მოისვამს ხელსა.
ცოტას კიდევ მიაწვდენდა
ბარძაყზედაც ხანჯლის წვერსა,
ცალი ყური ჩამოთალა,
ლოყაზედაც მიჰყოფს ხელსა:
- ეგეც გეყოფა, გიორგი,
აქიმი ვერ მოგარჩენსა.
ვერ გაგიმეტე, გიორგი,
ვაი დედაჩემის ღმერთსა!
ერთი ლეკის ბიჭი ჰყავდა
იმ გიორგი კუჭანტელსა.
ბეჭებში დამბაჩა დასცა,
პირში ბოლი გავარდესა.
დაღონებული არსენა
აიწევს და ვერ ადგესა.
- რახან მომკალი, გიორგი,
სიტყვა მაინც დამცალდესა:
ჩემი შვიდასი თუმანი
კასპში ერთ დიდ ქვაში დევსა,
ღარიბსა, არას მქონესა,
მიეცეს და მოხმარდესა.
ამ სიტყვას რომ გაათავებს,
არსენა ძირს დაეცესა.
მცხეთელებმა რომ გაიგეს,
თვალთაგან ცრემლი ჰყარესა,
ზოგი წყალში გამოვიდა,
ზოგი ხიდზე მოირბენსა.
ოძელაშვილი არსენა
ზედ ბორანზე დაუდვესა,
გაიყვანეს მცხეთაშია
და ანდერძი აუგესა.
მარმარილოს ქვა დასწერეს,
დასწერეს და დაადვესა:
„აქაც კაი კაცი იყო,
იქ ნათელი დაადგესა!“