არსენას ლექსი
(გაგრძელება)
იმ უფროსის კარებზედა
არსენა მიიყვანესა.
უფროსი გამობრძანდება,
აივნიდან გადმოსცქერსა.
ფარსადანს გაუჯავრდება,
თავსა და პირს დაამტვრევსა:
- შე წუწკო და მამაძაღლო,
რათ იჭერდი ე მაგ ტყვესა?
ერთი გავარდნილი კაცი
ტყეში ეფარება ხესა!
არაფერი არ აჩუქეს
ფარსადანს, იმის დამჭერსა.
ფარსადანს ასე ეგონა:
- ჯამაგირსაც გამიჩენსა.
იმტელი მამა უცხონდა,
რამტელიც იმას მისცესა,
ერთი ოთხიოდ პანღური
ამოჰკრეს და გააგდესა.
უფროსმა ნახა არსენა,
ძალიან შეიბრალაო:
- რა კარგი ვაჟკაცი იყო,
ზეზეურ ჩამომხმარაო!
რაც შენი ამბავი მომდის,
რათა ჰქმენ, ჩემო არსენა?
- მე არც ერთი არ მიქნია,
სულ ტყუილად მოგეხსენა,
მართალია, გავარდნილი
დავდიოდი მშიერ ველა,
მაგრამ მდიდარს თუ ვართმევდი
მიყვარდა ღარიბის ჭმევა,
დანაშაული ესა მაქვს,
ნება თქვენი ასრულდესა.
არსენას ხელები შეუხსნეს,
ფეხში ბორკილი მისცესა,
ნარიყალას ციხის კარი
გაუღეს და შეაგდესა,
შვიდი კვირა, შვიდი ღამე
იმ ციხეში ამყოფესა,
საციმბიროდ გაამწესეს,
ცალი წვერი მოპარსესა.
მაშინა თქვა არსენამა:
- ვაი, დედიჩემის ღმერთსა!
მე რომ ამ ციხეში მოვკვდე,
ბიჭობას ვინ დამიგდებსა?
იმ აფიცრებს შეეხვეწა:
- იმ თქვენი დედ-მამის მზესა,
აბანოში ნაჩვევი ვარ,
ტანზე ჭუჭყი მაწუხებსა,
წამიყვანეთ აბანოში,
მისი დარდი არ გამყვესა.
წაიყვანეს აბანოში,
ყარაულები მისდევსა.
ერთი საწყალი მანეთი
არსენს ჯიბეში უდევსა,
ამოიღებს, გადაუგდებს
მიკიტნებს და სირაჯებსა:
- ამის ოტკა ჩამომისხით,
მისვით მშიერ სალდათებსა!
დამიხედეთ, მიკიტნები
მეგობრადაც გაუჩნდესა,
სირაჯმა და მიკიტანმა
თვალი უყვეს ერთმანეთსა.
აბანოს კარზე მივიდა,
შევიდა და შეაღებსა,
უკან მიკიტანი მისდევს,
ქლიბს ჯიბეში ჩაუდებსა.
მაშინა თქვა არსენამა:
- ჰა, დიდება მოწყალესა!
ჩემი საქმე არის ესა!
აუზებთან რომ მივიდა,
აიწევს და გადახტესა.
მიდგა ჩვენი არსენა და
ბორკილს ხეხვას დაუწყებსა,
ყარაულებსა ჰგონიათ:
აგურითა იხეხს ფეხსა,
აქეთ-იქით შემოხეხა,
გადასწევს და დაამტვრევსა,
ფეშტამლები დაახვია,
რაჟღარუჟღს არ დაიწყებსა.
გატეხა და გადააგდო:
- ფუ, გამჭედი გაგიქრესა!
ამხანად მოდის უფროსი,
აბანოში შევიდესა,
აიყარა შინელი და
მაღლა აივანზე დებსა.
გამოვა ჩვენი არსენა,
შინელს გაუგდებდა მხრებსა:
- ვნახო, როგორ მარგებს ესა?
რუსულ ჩექმებს ჩაიცვამს და
რუსულ შლაპკას დაიდებსა.
კარებში რომ გამოვიდა,
წინ დოინჯსაც გაიგდებსა.
შემოხედა ყარაულებს:
- ხაბარდა და სტარანეცა!
სუყველა ყარაულებმა,
სუყველამ გზა დაუგდესა.
იმათ ბატონი ეგონათ,
ეს არსენა გამოძვრესა.
პატარა გამოიარა,
თან სიცილი აუტყდესა.