ხალხური

არსენას ლექსი

      (გაგრძელება)

გზად სომეხი მოდიოდა,
არხეინად, ნელა-ნელა,
არსენამ რომ დაინახა,
თავქვე ცხენი დააჭენა.
წინიდან წამოუარა:
- საით მიბრძანდებით თქვენა?
ეგ ქულაჯა გაიხადეთ,
ეს თექა ჩაიცვით თქვენა.
ის ქულაჯა წამოისხა
და ბეჭები დაიმშვენა.
ცხენი გრილოში დააბა,
თავად იქვე მოისვენა.

ბრძანება შემოეთვალათ
თბილისიდან უფროსებსა:
- ერთი კაცი აგრე ჩადის,
ათასი რას შეიძლებსა?!
ასი ოქრო გაუჩინეთ,
ვინც არსენას დაიჭერსა.
კარანტინები შეუკრეს;
- ლეკში არსად გადვიდესა,
თუ რომ ეს ლეკში გადვიდეს,
ყაჩაღობას დაიწყებსა.
ყაჩაღობას ვინ დაეძებს,
თბილის-ქალაქს წაგვიხდენსა!

გაუწყრა მაღალი ღმერთი
ფარსადან ბოდბისხეველსა.
ნათლიმამად მოიკიდა,
მაგრამ ის უღალატებსა.
როცა შიქარში დაცხება,
თრიალეთს აასხამს ცხვრებსა.
თაფარავანის ტბაზედა
წინ არსენას დაუხვდესა:
- არსენავ, გეთაყვანები,
რატომ არ მოდიხარ ჩვენსა?
- მიღალატებ, ნათლიმამავ,
მიტომ არ მოვდივარ თქვენსა!
- არსენას როგორ გიღალატებ,
სამი შვილის მომნათვლელსა?
ძირს დედამიწას ჰფიცავდა
და მაღლა ზეცაში ღმერთსა.
მაშინა თქვა არსენამა: -
- მირონს როგორ დამიქცევსა!
მოატყუილეს არსენა,
ტკბილის ღვინით დაათვრესა;
დამთვრალსა და გალეშილსა
ტკბილად ძილი მოუნდესა.
იარაღი აიყარა,
ნათლიდედას აბარებსა:
- ხვალ თუ მშვიდობით გათენდა,
ადრიანად დამჭირდესა.
იალუჩი და ბალიში
საჩქაროზე მიართვესა,
ზედ ტყავები წააფარეს,
- არსენას არ შესცივდესა.
ამ მამაძაღლს ფარსადანსა
გუნებაში რა უძევსა?
შუაღამე რომ შეიქნა,
თავის ამქარში გასწევსა...
ათი-თორმეტი მეცხვარე
თავს მძინარეს დააწვესა.
არსენამ წამოიწია,
შეევედრა მეუფესა:
- ე მამაძაღლის ტიელი
რა ბუზები მასხედს ესა!
ათსა ეგრეთ წამოუდგა,
სულ დაამტვრევს მუშტით ყბებსა,
მეთერთმეტე, მეთორმეტე
არსენს გაუკრავდნენ ხელსა,
ისე მაგრა გაუჭირეს,
რო ფრჩხილებში სისხლი სწვეთსა.
- ნათლიმამავ, ნუ მღალატობ,
ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა,
ათასწილად სიკვდილი სჯობს,
იმათ ხელში განსაცდელსა!
მე მღალატობ, ნათლიმამავ,
იქ რას ეტყვი მაღალ ღმერთსა?
ჩემს მაგიერ სამართალსა
ღვთისმშობელი გაგიჩენსა!
ნუ მღალატობ, ფარსადანო,
ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა,
ორას თუმანს აქ გაჩუქებ,
სამას თუმანს - გომარეთსა.
ფარსადანს კი ეს ეგონა:
- ჩინს მომცემენ, ტემლაკებსა.
ეს არსენა ცხენზე შესვეს,
ძირს ფეხები გაუკრესა,
ბიჭი მარდია არსენა,
გზაზე არსად გადმოხტესა.
წამოიყვანეს ქალაქში,
თვალითგანა ღვრიდა ცრემლსა.
მთელი ქალაქის ბიჭები
მტრედის გუნდივით დასდევსა:
იმერლები იძახიან:
- კი, კი, კი-სა და ქვე-ქვესა!
სომხები გაიძახიან:
- ლავე ბიჭი არის ესა!
რუსები: - ოჩენ ხაროში,
ეი ბოღუ მალადეცა!
ბებრები გაიძახიან:
- ახ, ნეტავი დედაშენსა!
პატარძლები იძახიან:
- ნეტავი შენს მეუღლესა!
ნეტავი იმის სოფელსა,
ვისაც გადაუხვევ ხელსა!
მაგარი ბორკილი მიაქვს,
თორემ წვრილებს დაამტვრევსა.
ჯიღის ტოლა თვალები აქვს,
მტერი რაღას დააკლებსა.
მოუბრუნდება არსენა,
კამეჩივით შეუბღვერსა:
- რას მიპირობ, ნათლიმამავ,
თუ წაუველ ამათ ხელსა?
თრიალეთში ცხვარს გაგიწყვეტ,
გადაგიწვავ მინდვრად ძნებსა,
მირონსა აღარ დავეძებ,
ღორივით გამოგჭრი ყელსა.

(გაგრძელება)