ხალხური

არსენას ლექსი

შაირ-სიტყვითა მესტვირემ
ღმერთი მაღალი ახსენა:
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება,
ოძელაშვილო არსენა.
ქეიფი იმას უყვარდა,
გზებზე სუფრის გადაფენა,
შვიდ წელიწადს ტყვეთ იარა,
მთა და ბარი შეაჯერა.
რომ შეიქნა თექვსმეტი წლის,
ულვაშები დაიმშვენა,
შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე,
გააჭენ-გამოაჭენა.
ბარათაშვილი ზაალი
ძალიან გაგვინაწყენა.
ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს,
არსენას მოეწონება.
- გოგო მე მომე, ბატონო,
შენ კი არა წაგიხდება!
რა რომ შინიდან გავიდა,
ბარათაშვილს გადემტერა.
- ეს არსენა რა გამიხდა,
რა არის მაგისთანაო?
ბიჭო არსენავ, რა მიყავ,
ყმა იყავ მაგისთანაო!
- მოგიტან თორმეტ თუმანსა,
მოგითვლი ჩქარა-ჩქარაო.
ეს რომ ზაალმა გაიგო,
წარბი არ შეიხარაო:
- თორმეტი აღარ მიგდია,
ბიჭები შენისთანაო?!
- აბა თუ თორმეტი გყავსა,
ადექ და მამყევ თანაო!
ეს რომ ზაალმა გაიგო,
ქოში უკუღმა ჰყარაო.
კარიდან ვეღარ გაასწრო,
ფანჯრიდან გადიპარაო.
მოსტაცა ბატონს მოახლე,
ახალციხეს გაუყენა,
ჩითის კაბები გახადა,
სხვა ფარჩები შაუკერა,
იმის ქვეით შეიდიში
კოჭებამდის დაუმშვენა.
მობრუნდა ჩვენი არსენა,
ცოლ-შვილით გააცამტვერა.
ეს რომ გაიგო ზაალმა,
ორთავ თვალით შექმნა ცრემლა.
ქალაქში გამოაცხადა,
ღუბერნატორს მოახსენა:
- გამივარდა ერთი ბიჭი,
დამაქცია, დამანელა!
ერთი კარგი გოგო მყავდა,
წამართვა და გადმიყენა,
წამახდინა არსენამა...
თუ რასმე მიშველით თქვენა!
თუ თქვენ იმას ვერ დაიჭერთ,
ძნელია ჩემი დარჩენა!
ათი-თორმეტი ყაზახი
გასწევს თრიალეთისკენა.
კოდაზე რომ შემოვიდნენ,
წინ იქ დაუხვდათ არსენა:
- დრასტი, ზნაკომ, გაგიმარჯოს,
კუდა იდიოშ, საითკენა?
ჩვენ შენი ჯავრი არა გვაქვს,
მივდივართ მარაბდისკენა.
ერთი ბიჭი გამოგვექცა,
სახელად ჰქვია არსენა,
თუ ვისმე კი გაგეგონოთ, -
- გვინდა იმისი დაჭერა.
ეს რომ არსენამ გაიგო,
ჩაიცინა ნელა-ნელა,
ნაბადი გვერდზე იქცია,
თოფი ფეხზე შეაყენა;
ჯერ რომ თოფი დაახალა,
მერე ხმალი შეაშველა,
ათი-თორმეტი ყაზახი
სულ ცხვარივით გადმოდენა,
თელეთის ბოლომდის მოჰყვა,
სომხითში არ გააჩერა,
იმ საწყალსა ყაზახებსა
ზურგზე ბოლი ააყენა.
„ნას კაკოიც“ მიაძახა,
- თავად გახლავართ არსენა!
სულ უკან იხედებოდნენ,
„აღარ მოგვდევდეს არსენა“.
ქალაქში რომ ჩამოვიდნენ,
ყველამ უფროსს მოახსენა:
- უზარბაზნოდ არ იქნება
თქვენი არსენას დაჭერა,
ან არის მდევი ლომ-გმირი,
ან არის რკინის მკვნეტელა,
თუ ჩვენგან არ დაიჯერებ,
ნეტავი მარტო გაჩვენა!
რომელსაც ხელი მოგვკიდა,
ფეხზე აღარ დაგვაყენა,
ექვსაა თოფები წაგვართო
და სულ მიწით დაგვიტენა.
ეს რომ ზაალმა გაიგო,
ორთავ თვალით შექმნა ცრემლა:
- ნეტავი კაცი მაჩვენა
ამ არსენას დამჭერელა,
ოქრო და ვერცხლი ვაჩუქო,
რა ფულები ამოტელა!
ალმასის წყალზე ურიებს
აწყევლინა ბედისწერა,
გამოართვა ხახამს ადლი,
ოთხს კისერში ჩაადებსა:
- თუ კარგს ადათს არ დაიჭერთ,
გაგწყრომიათ ხვნა და თესვა.
ძალად გაჭმევთ ღორის ხორცსა,
კეფაზე დაგასხამთ წვენსა,
თუ იმას არ დამჯერდებით,
ქართულად დაგპარსავთ წვერსა.
ჩამოხვიდოდით ქალაქში,
ყიდულობდით ფარჩას ჭრელსა,
ჩამოხვიდოდით სოფლებში
ლამაზათა ჰკაზმავთ ცხენსა,
ქვრივსა და საწყალს გვიტყუებთ,
ნამეტნავად პატარძლებსა!
მათი ადლი რომა ნახა,
არსენას არ დაუჯდესა,
გატეხა და გადააგდო,
- ფუ, გამჭედი გაუწყრესა!
შინდის ჯოხი გამოუჭრა,
რომელიც რომ გრძელი თქვესა.
შვიდი მტკავლით გაუზომა:
- მისხალი არ დააკლდესა!
თუ ამითი არ გაჰყიდით,
ვაი, დედითქვენის ღმერთსა!
საცა რომ შემოგეყრებით,
სუყველას გამოგჭრით ყელსა!
იმ საწყალმა ვაჭრუკებმა
სულ კანკალი დაიწყესა:
- ჩვენ რომ ამითი გავყიდოთ,
რაღა დახლი დაგვიდგესა?
ისევე ჩვენი ფართალი
იმ ჩვენ დუქნებსა დალპესა.
არსენა რომ დაიბადა,
ჩვენი საქმენი წახდესა!
- საახალუხე მომყიდეთ,
იმ თქვენი დედ-მამის მზესა!
არა ღირდა ორ მანეთად,
ერთ თუმნად დაუფასესა.
მაშინ ჩვენი არსენაი
თითო მუშტსაც წაადებსა.
დახედე, საახალუხეს
სულ ტყუილად წაართმევსა.
კიდევ იმას ეუბნება,
- თქვენს ჯიბეში ფული ძევსა!
ურიავ, ფულები მამე,
ვიცი საგზლად მამინდესა!
ი საწყალი ურიები
დაეკითხნენ ერთმანეთსა:
- ვაჟო, ე ფულიც ვაჩუქოთ,
ეგე ცოცხალს გაგვიშვებსა.
ამოიღეს და გადუგდეს,
თხუთმეტი თუმნის ოდენა.
ხუთი თუმანი აიღო,
ათი უკან გაადევნა.
- ოღონდ დაგვეხსენ, არსენავ,
გამოვაცხობთ სეფისკვერსა,
ქართულად დავინათლებით,
კარგა დავიპარსავთ წვერსა,
ძალათი ვჭამთ ღორის ხორცსა,
ზედ თავზე დავისხამთ წვენსა!

(გაგრძელება)