სურათები ფოთლებისაგან
შემოდგომაზე, როცა ფოთლები სხვადასხვაფრად შეფერადდება, შეგიძლიათ შეაგროვოთ, გაახმოთ და შემდეგ მათგან ლამაზი სურათები ან მისალოცი ბარათები შექმნათ. ამისთვის აიღეთ სქელი ქაღალდი, გადაკეცეთ, ჩადეთ შიგ ფოთლები და შემდეგ წიგნში შეინახეთ. რამოდენიმე ხნის შემდეგ ფოთლები გახმება. ასევე შეგიძლიათ გაახმოთ ყვავილები ზაფხულში. განსაკუთრებით პატარა გვირგვინიანი ყვავილები. ასე მიიღებთ მდიდარ ჰერბარიუმს*.

სურათის დასამზადებლად შეარჩიეთ შესაფერისი ფონი, ზედ დაალაგეთ სხვადასხვა ფერისა და ზომის ფოთლები ისე, რომ ლამაზი ორნამენტი, სურათი ან საგანი გამოვიდეს. მაგალითად, ასეთები:

ყვავილების ჰერბარიუმისაგან სურათების გასაკეთებლად აიღეთ ნებისმიერი ფორმის ფერადი ქაღალდი, უმჯობესია მუქი ფერის ხავერდი. ფონზე დაალაგეთ გამხმარი ყვავილები და ფოთლები. როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ, აწყობილი თაიგული მიაწებეთ ფონს. სურათს პატარა მუყაოს ჩარჩო გაუკეთეთ.

ასეთი სურათები შეგიძლიათ მისალოც ბარათებადაც გამოიყენოთ.
*ჰერბარიუმი - სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექცია.
მასალა აღებულია ნელი ოქროპირიძის წიგნიდან
„ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.