ცისფერი და თეთრი ყვავილები

ეს ყვავილები შეგვიძლია ცისფერი ან თეთრი ქაღალდისაგან გავაკეთოთ. ქაღალდი უნდა იყოს რაც შეიძლება თხელი. რამდენიმე ფურცელი მოკეცეთ ისე, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები. გამოჭერით და რამოდენიმე ფურცელი  შეაერთეთ ადვილად მოსაღუნი მავთულით, გვირგვინი გაასწორეთ.

 

ფანფარა ყვავილები

ფანფარა ყვავილების დასამზადებლად საჭიროა იისფერი ქაღალდისაგან გააკეთოთ სხვადასხვა ზომის პატარა კონუსები, რომლის განიერი ფუძე მსხვილ კუნწებად უნდა დაჭრათ. ადვილად მოსაღუნ მავთულს ერთი ბოლო მოუმრგვალეთ, ზემოდან სავარცხლისებურად, წვრილად დაჭრილი ქაღალდი შემოახვიეთ და წებოთი დაამაგრეთ. ეს იქნება ყვავილის გული. მავთულის ღერო გაატარეთ კონუსის წვერში და წებოთო დაამაგრეთ. ღეროზე შემოახვიეთ მწვანე კრეპის ქაღალდის წვრილი ზოლი. ორად მოკეცილი ქაღალდისაგან გამოჭერით ფოთლები და ღეროზე მიაწებეთ.

 

ვარდი

აიღეთ კრეპის ქაღალდი. გამოჭერით გრძელი ზოლი და დაახვიეთ მავთულზე ისე, რომ მისი ქვედა ნაწილი არ გაჭიმოთ, პირიქით, ოდნავ მოანაოჭეთ, თან წებოს წასმა არ დაგავიწყდეთ. სიმაგრისათვის ზემოდან დაახვიეთ ძაფი.

ახლა მწვანე კრეპის ქაღალდს მოაჭერით გრძელი წვრილი ნაჭერი, ვარდის გვირგვინის ქვედა ბოლოს წაუსვით წებო, შემოახვიეთ გარშემო მწვანე კრეპის ქაღალდი და მავთულის ღეროს ტრიალ-ტრიალით ქვემოთ ჩამოჰყევით ისე, რომ ქაღალდი ღეროს ირიბად დაეხვიოს. ქაღალდის დარჩენილი ბოლო დააწებეთ.

შემდეგ გამოჭერით ვარდის ფოთოლი და მიაწებეთ ღეროზე.

როდესაც წებო გაშრება, ვარდის გვირგვინის ნაპირები ბლაგვი დანით გარეთ გადმოაბრუნეთ.

 

ყაყაჩო

კრეპის წითელი ქაღალდისაგან გამოჭერით ხუთი ერთნაირი ფურცელი, ძირი შავი აკვარელით ისე შეღებეთ, რომ ქაღალდი გაიჟღინთოს. მავთულის ღეროზე შემოახვიეთ წვრილად დაჭრილი შავი ქაღალდის გული. ყვავილის ფურცლები მავთულის ღეროზე წებოთი დაამაგრეთ, შავი ძაფით შეკარით. ღეროს შემოახვიეთ მწვანე კრეპის ქაღალდი და მიაწებეთ ფოთლები.

 

რელიეფური ყვავილი

ეს მეტად ორიგინალური ფორმის ყვავილია. ასეთი ყვავილებითა და ფოთლებით გაკეთებული თაიგული ძალიან ლამაზია. ნახატზე მოცემული წესით გამოჭერით ყვავილის გვირგვინი და ფოთლები და შემდეგ სასურველი ფერის მუყაოს ფონზე ისე დააწებეთ, რომ ყვავილი ამობურცული დარჩეს.

მასალა ამოღებულია ნელი ოქროპირიძის წიგნიდან „ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.