გივი ჭიჭინაძე

ტყუილი თუ მართალი?

სახუმარო მინდა გითხრა,
ადანდალი, დანდალი,
უპასუხე ჩემს შეკითხვას,
ტყუილი თუ მართალი.

გაზაფხული მიილია,
დადგა ცივი ზამთარი,
ტყუილი თუ მართალი?

ძლიერ უყვარს ფისუნიას
მსხლის და ვაშლის ნათალი.
ტყუილი თუ მართალი?

იანვარში თოვლი იდო,
თეთრად ჩანდა ჭადარი.
ტყუილი თუ მართალი?

შუაღამით მინდორ-მინდორ
სეირნობდა ქათამი,
ტყუილი თუ მართალი?

დაძუნძულებს ტყეში დათვი
თაფლის ჭამით დამთვრალი.
ტყუილი თუ მართალი?

ცხვრის ბეწვისგან დავამზადეთ
აბრეშუმის ფართალი.
ტყუილი თუ მართალი?

ჯორმა კვიცი გააჩინა
მეტისმეტად გამხდარი.
ტყუილი თუ მართალი?

ლოკოკინას ტანად ჩიას
მხრებით დააქვს სახლ-კარი.
ტყუილი თუ მართალი?

საბუდარში კატა იწვა
სახლს იკლებდა კაკანით.
ტყუილი თუ მართალი?

ერთ დღეს ჭამა მამლაყინწამ
ერთი ტონა თავთავი.
ტყუილი თუ მართალი?

მტაცებელი ცხოველია
ვეფხვი, ლომი, აფთარი.
ტყუილი თუ მართალი?

გამოცანა გითხარ ლექსად,
სულ ეს არის, რაც არის.
კარგ მთქმელსა და გამგონესა
ენის წვერზე შაქარი.