შოთა ამირანაშვილი

შარადები

მორაკრაკებს მთიდან ველზე
წყაროსავით ანკარა, -
ერთ მარცვალში ჩაეტევა,
სახელია პატარა.
დასკვნისათვის კი თავთავის
სხვა სახელი გვჭირდება,
სიტყვებს შორის ბგერის ჩასმაც
თუ არ გაგიჭირდება, -
საარაკო მწერალია,
პოეზიის დიდება.

ვარსკვლავთა მთლიან სისტემას
რაც ჰქვია, გეცოდინება,
კიდური ხმოვნის შეკვეცა
თავად შარადამ ინება.
ბოლო თანხმოვნით მეხუთე
ბგერაც შეცვალო იქნება!
რაჭის წარმტაცი ქალაქი
დასკვნით ნაწილად გვჭირდება.
პასუხად დიდი პოეტის
სახელი გამობრწყინდება.

ორმოში ამოჩუხჩუხებს
წყალი ცივი და წმინდა,
მისი პატარა სახელი
პირველ ნაწილად გვინდა.
ხოლო მეორე - იგივე
იგავ-ზღაპარი გახლავს,
ოღონდ იმ ხმოვანს შეუცვლი,
რომელიც თავში ახლავს.
იქ გამოდგება ანბანის
მეოთხე ასო რიგით. -
გონივრული და სპორტული
თამაში არის იგი.

თივის პატარა ზვინია,
დასკუპებულა მინდვრად,
მითხარი მისი სახელი,
შარადისათვის გვინდა.
ყურცქვიტას შვილიც მოძებნე,
სად წაცუნცულდა ნეტავ?
ალბათ კვლავ ბოსტანს ეწვია,
უყვარს სტაფილოს კვნეტა.
ჩაუსვი პირველს შუაში
ამ სიტყვის წინა ბგერა. -
ჩიტი დაიწყებს გალობას,
სცადე, თუ არა გჯერა.

ჯერ განთიადის მეორე
სახელწოდება მითხარ,
სამმარცვლიანი სიტყვაა,
ფიქრი არ გინდა დიდხანს.
თუკი ეშმაკი ცხოველიც
ცნობილი არის შენთვის,
მისი პირველი ბგერაა,
რომელიც თავში ერთვის.
რარიგ მოხატა მთა-ბარი,
აბა, შეხედე ერთი!

უაღრესად სასარგებლო,
უწყინარი მეტად,
შინარუი ცხოველია,
რომელია, ნეტავ?
მას მეორე თანხმოვანი
მოაცილე ხელად. -
მარგალიტის მძივებივით
ყვავილებზე ელავს.

ეფინება მთა და ბარს
მოქათქათე მანდილად. -
ალბათ შუა თანხმოვანს
მოაცილებ ადვილად. -
ბოლოში კი ანბანის
ბგერა გვინდა პირველი
და შარადის პასუხი
სახელია ფრინველის.

ეგებ სადმე შესწრებიხარ
ორი რკინის ბრძოლას:
ჯმუხი ტანწვრილს თავში ურტყამს
და თანდათან ქოლავს.
გამარჯვებულს დაიტოვებ,
წინა მარცვლის გარდა. -
დიდი ვაჟას მოთხრობაა,
წაგიკითხავს ალბათ.

თეთრია და ფაფუკი,
მატყლივითაც ირთვება,
სიტყვას უკანასკნელი
ორი ბგერა სცილდება.
ბოლოში კი საყვირის
სხვა სახელი გვჭირდება. -
დამუხლული ღერო აქვს,
ტროპიკებში იზრდება.

ფირუზივით ელვარე,
სურნელებით განთქმული,
იმ ყვავილით იწყება
„დედაენა“ ქართული.
არც ყვავილთა დედოფლის
პოვნა გაგიჭირდება,
ოღონდ სიტყვას თავიდან
ორი ბგერა სცილდება.
ერთად სიგრძის საზომი
ერთეული იქნება.

ცხოველთა მეფის სახელი
კიდური მარცვლით მცირდება.
მერე თავსართად ანბანის
მესამე ასო გვჭირდება.
ნისლის მეორე სახელიც
გეცოდინება ნამდვილად
და ალბათ შუა მარცვალსაც
ჩამოაცილებ ადვილად.
ახლა არც მათი შეკრება
გაგიძნელდებათ პატარებს,
დატრიალდება და მყისვე
მსოფლიოს შემოგატარებთ.

ჩვენ ამ შარადის აკინძვას
იმის სახელით ვიწყებთ,
საამო წკრიალ-წკრიალით
სწავლისათვის რომ გიწვევთ.
შუაში ჩასამატებლად
რაცა გვჭირდება ახლა:
ის ადგილია, ბარიდან
რომ აზიდულა მაღლა.
და აჰა, უკვე პასუხად
თეთრონით მოგვეახლა.

შიგ ნაკვერჩხალი ღვივის და
ზედ შამფურები ტრიალებს, -
სამმარცვლიანი სიტყვაა,
პასუხს ნუ დააგვიანებ.
ანბანის ასო მეექვსე
სიტყვის შუაში გვჭირდება.
ბუჩქიდან მწიფე ნაყოფი
გიშრისფრად გამობრწყინდება.

თუმცა დიდი თვალები აქვს,
დღისით ცუდად ხედავს,
გარეული ფრინველია,
რომელია, ნეტავ?
შინაური ცხოველი კი
დასკვნისათვის გვინდა -
ზოგს სახელად „წაბლა“ ჰქვია,
ზოგს „ნიშა“ და „შვინდა“...
შევაერთე ორივენი,
ჩამოთვლილი რიგით
და იმწამსვე საამურად
აგუზგუზდა იგი.

ანგრევს სოფლებს და ქალაქებს,
არის სიცოცხლის მსახვრელი,
მშვიდობიან ხალხს არ უყვარს,
კრულია მისი სახელი.
თუ თავში ბგერას დაურთავ,
ღრენას დაიწყებს ცხოველი,
გულადი, მძლავრი, ზვიადი,
შმაგი და დაუცხრომელი.

ზაფხულობით დაფრინავს და
დახტის მინდორ-ველად, -
მწერის სახელს ბოლო ხმოვანს
გამოაკლებ ხელად.
თუ მისივე პირველ მარცვალს
დაუმატებ თავში,
ნუგბარი და სასარგებლო
ნაყოფია მაშინ.

იმ ციცქნა სახლში ყოველთვის
ბინადრობს დიდი ოჯახი,
ნექტარით არის აღსავსე
მისი ყოველი ოთახი.
მუსიკალური ბგერაა
მეორე სიტყვა შარადის.
შეკრებ და რასაც მიიღებ,
ფეხები აქვს და არ დადის.

დათარეშობს, ზმუის,
მაგრამ არ ჩანს თვალით,
გეჭიდება, ზოგჯერ
ქუდს წაგაძრობს ძალით.
თუკი ნარნარ ბგერას
ჩაუმატებ შიგნით,
ტკბილად მოღუღუნე
საკრავია იგი.

ცაში გაისმა ქუხილი,
გადატყდა ელვის ისარი,
ცეცხლი რომ ჩამოვარდება,
საძიებელი ის არი.
მერე თუ ბგერას ჩაურთავ,
სკოლის ავეჯად იქცევა,
იგი ყოველთვის მოწმეა,
კლასში ვინ როგორ იქცევა.

ჭიაკოკონა დავანთე,
გამოყო ოქროს ენა, -
გემრიელ ხილად რომ იქცეს,
თავში დაურთე ბგერა.
სიტყვას თავკიდურ თანხმოვანს
ისევ შეუცვლი ხელად, -
ახალი მთვარის მსგავსია,
რქოსანის ჩლიქზე ელავს.
მერე იგივე თანხმოვანს
თუ გამოუცვლი კიდევ,
ძვირფასი ქვაა, წითელი,
სახელს შენ უნდა მიხვდე.