შოთა ამირანაშვილი

რიცხვთა მარულა

სახალისო ამოცანების კრებული

ოქროსფერი ჭუჭულები
ახვევია დედას,
ოთხი ფრთებქვეშ შეყუჟულა,
ორსაც ზურგზე ვხედავ;
მაგრამ ბატი მდინარისკენ
რატომ იშვერს კისერს?
თურმე ერთი ნაბოლარა
ჭყუმპალაობს ისევ.
ჭუჭულების ოდენობას
გამოიცნობ მყისვე.

თეფშზე ეწყო მანდარინი
ოცდაორი ცალი,
ერთი ზეზვამ აიღო და
ერთით მეტი - დალიმ;
მამუკამ და ხათუნამაც
გაფცქვნეს თითო-თითო.
რამდენიღა დარჩენილა,
ვერ ამოხსნი ვითომ?!

შეფოთლილ ხეს შესცქეროდნენ
ჩიტუნები გუნდად,
ახლოს მიველ და ავხედე,
მათი დათვლა მსურდა.
თითო ტოტზე სამი იჯდა,
ტოტი იყო ხუთი,
მაგრამ ოთხი გამიფრინდა
არ გაჩერდნენ წუთით.
დანარჩენნი საამურად
ჭიკჭიკებდნენ დიდხანს,
მაშ, რამდენი დარჩენილა,
აბა, ერთი მითხარ?

ხელში კენჭები მიჭირავს,
ლუწი არის თუ კენტი,
გახლავს თერთმეტზე ნაკლები,
მაგრამ ცხრაზე კი მეტი.
დანარჩენს თვითონ მიხვდები,
მე აღარაფერს გეტყვი.

საღამოთი გოგონებმა
ნაირამ და ნათელამ
გზის ნაპირას დაიჭირეს
ათი ციცინათელა.
მაგრამ დახე, ორი ისევ
გაუფრინდა ყმაწვილებს,
რამდენიღა შეხვდა თითოს,
როცა გაინაწილეს?

თუკი თითო ფანჯარას
უნდა ოთხი მინა,
ხუთს რამდენი სჭირდება,
ჩემო პაწაწინა?

ბიჭუნებმა გრძელი ჯოხით
ჩამობერტყეს კაკლები.
ოთარს ათი ცალი შეხვდა,
ნოდარს - ერთით ნაკლები;
ორ რეზოს კი ორივეზე
ორით მეტი ექნება,
სულ რამდენი კაკალია,
დაითვალო ეგება.

სათიბიდან მწყერთა გუნდი
ამოფრინდა უცბად,
დათვლა მაინც მოვასწარი,
ბევრი იყო თუმცა.
ოთხმა მარჯვნივ გაუხვია,
მარცხნივ - ორით მეტმა,
ხოლო ერთი დიდი მწყერი
წინ გაიჭრა კენტად.
გამოიცან, რამდენია
აბა, ყველა ერთად?

თოჯინებით მეწვია
მზობელი ცისია,
- ეს ამდენი თოჯინა -
ვეკითხები, - ვისია?
- ვისია და, ჩემია, -
მეუბნება ამაყად, -
გუშინწინაც მიყიდეს,
მაგრამ ის თან არა მყავს.
სამი დედამ მიყიდა,
ორი - კეკე ბებიამ,
ერთიც მამიდაჩემი
ცაგოს ნაჩუქებია.
ეს კი - თვალებს რომ ხუჭავს,
მომცა თაყა ბიძიამ.
ალბათ, მიხვდი, რამდენი
თოჯინა ჰყავს ცისიას.
 

ალმური ასდის მთა და ბარს,
შუა ზაფხული ხვატია,
მინდორში დანავარდობენ
ბაადური და ხატია.
ყველგან პეპლების გუნდია,
რა წარმტაცია, რა კარგი,
ზოგს თეთრი კაბა აცვია,
ზოგს - ნარიფერად ნაქარგი.
ერთ გუნდში ხუთი თეთრია,
ორი იმდენი ჭრელია.
იმ ყმაწვილებმა დათვალეს,
ახლა კი შენი ჯერია.

გულთეთრა მერცხლებს კედელზე
რომ აქვთ თერთმეტი ბუდე,
ბარტყების გამოსაჩეკად
ხუთ-ხუთი კვერცხი უდევთ.
თუკი არ გაულაყდებათ
არცერთი კვერცხი ჩიტებს,
რამდენი კუდმაკრატელა
შეემატებათ კიდევ?

ციყვუნებმა ზამთრისათვის
მოაგროვეს თხილი:
მესამედი წვრილი არის,
დანარჩენი - მსხვილი.
ერთად მათი რიცხვი გახლავს
ორას ოცდაორი,
მაშ ცალ-ცალკე რამდენია,
პასუხი თქვი სწორი.

ოქროსთვალა გვირილების
თეთრ წამწამებს ვთვლიდი:
ერთზე იყო ხუთი ცალი,
მეორეზე - შვიდი;
მესამეზე იმ ორივეს
ნახევარი გახლდათ,
მაშ რამდენი დამითვლია,
ის გავიგოთ ახლა.

უჩამ დარგო ორი ნერგი,
ჭადარი და რცხილა,
მზრუნველობით რწყავდა ყოველ
საღამოს და დილას.
თავის მარჯვე თანაკლასელს
არ ჩამორჩა გელა,
იმან ერთით მეტი დარგო,
დაუმატა თელა;
პაატამაც ამხანაგებს
არ დაუდო ტოლი,
მანაც დარგო ნეკერჩხალი,
ტირიფი და წნორი.
თითო-თითო ნაძვი ჩარგეს
შორენამ და ნანამ.
სულ რამდენი ხე დაურგავთ,
ვერ დაითვლი, განა?!

დედიკომ რომ შეუკერა
სამი კაბა ლილის,
გოგომ თავად დაიკერა
ათი კოხტა ღილი.
ერთს დასჭირდა ხუთი ცალი,
მეორეს კი ორი.
მესამეზე რამდენია,
უკვე მიხვდი, მგონი.

ჩიტოს პაწია ჩანთაში
ჩხრიალი გააქვს კაკალს,
თუ რვა ცალს მისცემს პაპუნას,
ერთით ნაკლებს კი მაკას;
მაშინ თავისთვის დარჩება
მაკაზე ორით მეტი,
სულ კი რამდენი ჰქონია,
რომელი უმალ მეტყვის?