გივი ჭიჭინაძე

მისარითმები

სკუპი... სკუპი ნაცარა,
ხტუნვით გადაუღლელი,
ბოსტანში რომ ჩამჯდარა,
თქვი, რა ჰქვია?..

 

ვარიებს რომ იპარავს,
აბა რა სათქმელია,
არც თაგუნებს ახარებს,
თქვი, რა ჰქვია?..

ასი ვერსი მინდორი
ასკინკილით გალია,
მტერი გახლავს ყანების,
თქვი, რა ჰქვია?..

ერთ პატარა თაგუნას
თავზე ქოლგა ახურავს,
სულ ღამ-ღამე დაფრინავს,
თქვი, რა ჰქვია?..

 

თუ უჩივი თვალისჩინს,
შენს დამხმარედ ჩათვალე.
მკურნალია თვალების,
თქვი, რა ჰქვია?..

რვეულში რომ ყოველთვის
სუფთად გქონდეს ნაშრომი,
სველ სტრიქონებს აგიშრობს,
თქვი, რა ჰქვია?..

 

შინდის ხისგან გათლილი
წელში ორად გაკეცეს,
სულ კეცებთან ტრიალებს,
თქვი, რა ჰქვია?..

 

შენგან ტყაპატყუპის მეტს
სხვა საჩუქარს არ ელის,
ძლიერ უყვარს ფქვილის ცრა,
თქვი, რა ჰქვია?..

ტკბილ მურაბებს, ხარშვის დროს,
დაჩხვლეტილი თავ-პირით,
ქაფი უნდა მოხადოს,
თქვი, რა ჰქვია?..

 

ფრიადები სკოლიდან
გიას, თამროს, ციურის,
რითი მოაქვთ ხომ იცი?
თქვი, რა ჰქვია?..