ალექსანდრე საჩინოელი

გამოცანები მწერებზე

ტანმორჩილი მწერი არის,
ფრთიანი და ბანჯგვლიანი,
მტრებისაგან დასაცავად
ნესტარი აქვს შხამიანი.
გაზაფხულზე უყვარს მეტად
ყვავილები ტურფად შლილი,
იშვიათი მშრომელია
და ნაყოფიც მოაქვს ტკბილი.
 

ნაზი არის და ჭრელფრთება,
ვარდ-ყვავილებს თავს ევლება.

ჭაობების მწერი არის,
ბზუილა და ფეხებგრძელი,
შხამიანი ისარი აქვს -
კაცის სისხლის მომწამვლელი.

ელითა, მელითა,
ბუზებს იჭერს ქსელითა.

არის მწერი უცნაური,
ფეხებზე აქვს იმას ყური.

ერთი ციცქნა მწერი არის,
არც ბუზია და არც რწყილი,
ფაციფუცით მიდი-მოდის
და ღონე აქვს ერთობ დიდი;
ოთხჯერ მეტი ტვირთი მიაქვს,
ვიდრე არის თვითონ იგი.

პაწაწინა მწერია,
შალეულის მტერია.

მარდი მწერია მიწისა მთხრელი,
მცენარეების ფესვების მღრღნელი.

იგი ხტუნია მწერია,
მწვანე ჯეჯილის მტერია.
 

ღამის მწერია პატარა,
ხან გაანათებს, ხან არა.


ფრთების ფარფატით ცეცხლს თავს ევლება,
თუ დაიწვება, იგი ვერ ხვდება.

არც ძაღლია და არც მგელი,
არც კბილი აქვს და არც ენა,
არც ბუზივით ფრთიანია
და არ ძალუძს მაღლა ფრენა;
ხტუნიამ და აბეზარმა
საშინელი იცის კბენა.