მკვახეს ძუძუდან რძე მოსდის,
მწიფე პირს აღებს უკბილოს,
მწიფეს უკბენენ,
მკვახეს კითვით შეუძლია უკბინოს.

ამ ხილს თავი ქუდში აქვს,
ხეზე ზის და არ ჩანს,
ისკუპა და ჩამოხტა,
ქუდი ხეზე დარჩა.

პაწაწინა მწერია,
დიდ მტერს არ ეჩოქება,
სანადიროდ დადიან
გუნდებად და ჯოგებად,
ძროხებიც ჰყავთ,
მწყემსებიც,
შვილებს უზრდით გადია,
მტერიცა ჰყავთ,
მოყვარეც,
ჯარიცა ჰყავთ, ცხადია.

თვალში სინათლე უნთია.
ისე ზღაპრული ყუთია,
ყველა ყუთებში ირჩევა: -
ცხრა მთის გადაღმა რაც ნახა,
ცხრა მთის გადმოღმა მიჩვენა.

დასუნსულებს კუდიანი
და სასუსნავს დაეძებს,
ჩამოივლის ოთახ-ოთახ,
სანსლავს მტვერს და ნამცეცებს.

ეკიდება ხეზე კუდით,
შვილი დაჰყავს აჩიკუდით.


 

თივის ზვინში ცეცხლი ღვივის
და არ იწვის ღერი თივის
 

ადრე ფრინველის ფრთა იყო,
ჩიტის ნისკარტს ჰგავს დღესაც,
თავის ჭკუაზე ბანაობს,
კაცის ჭკუაზე თესავს.
 

გაძვრა-გამოძვრა ფარჩაში
და გრძელი კუდი დარჩა შიგ.
 

წყალში ცურავს თევზივით,
ველზე დადის კაცივით,
კლდეზე ცოცავს ხვლიკივით,
კვერცხებზე ზის ბატივით.
 

კედელზე ბაწრით მივაბი,
თუმცა დგას ფეხმოუცვლელი,
სასმელ-საჭმელი მივართვი,
გაყინული აქვს მუცელი.
 

სასმელ-საჭმელის გუდა
ზურგზე ჰკიდია მუდამ.
 

ცეცხლში ჩააგდებ,
გასკდება,
წყალში ჩააგდებ,
გაქრება.
 

იმ ფერს იღებს,
რა ფერშიც დგას,
ვერ შეამჩნევ მართლაც,
ერთი თვალით
ალთას უცქერს,
მეორეთი – ბალთას.
 

თხილის მძივები ავაცვი
და ტკბილი ფაფა ჩავაცვი.
 

კბილები აქვს,
არავის კბენს,
თავს ევლება
თავის საქმეს,
ხშირად გვერდით
უდევს სარკეს.
 

მიხატული,
მოხატული,
უჯრა არის პაწია,
მთელ ქვეყანას გადაწვავს,
შიგ რომ შეშა აწყვია.
 

ერთმანეთზე გადაბმული
გზაში გარბის ათი სახლი,
გზა წაქცეულ დიდ კიბეს ჰგავს
სახლი სავსე არის ხალხით.
 

მუცელმორგვა,
ცალფეხამ,
ეს რა ცეკვა ატეხა, -
დაუარა დავლურით
ცერულ თითისტარული.
 

გრძელკუდიანი, პატარა
თავის გასაძრომს აკეთებს –
და რაშიც გავა-გამოვა,
კუდით ერთმანეთს აერთებს.
 

მთა-გორების მკვიდრი
გზა-გზა გახდა დიდი,
ფეხი არ აქვს,
მიდის,
ენა არ აქვს,
ყვირის,
ცეცხლი არ აქვს,
ანთებს,
ქვეყანას ჰფენს ნათელს.
 

შარა-შარა შარში მიდგას,
იკბინება ძაღლივითა,
გაშავდება შაშვივითა,
გატკბილდება თაფლივითა.
 

კუდით მკბენს, ისე ავია,
ნაკბენი მომწამლავია.
 

ვარცლში – კაცი,
ზღვაში – ვარცლი,
ნიჩბებს უსვამს
წყალში კაცი.
 

მოვჭერი, შანთით დავხვრიტე
ერთი პატარა ღერი,
ენა ჩავუდგი უენოს,
სულს ჩავბერავ და მღერის.