ალექსანდრე საჩინოელი

გამოცანები ცხოველებზე

კუდბუთქუნა ნადირია,
უცნაური რამე, ცქვიტი,
მაღალი ხის გრძელ ტოტებზე
დანავარდობს, როგორც ჩიტი.
ზამთრისათვის ზაფხულშივე
იმარაგებს თხილს და კაკალს,
და მგელივით თოვლ-ყინვაში
ის არ იწყებს ტყე-ტყე წანწალს.

ოთხფეხია ტანად დიდი,
რქებიანი, წნარი, მშვიდი,
იგი თავის მზრუნველ პატრონს
აძლევს კარაქს, ყველს და მაწონს.

შინაური ცხოველია,
არც ცხენია და არც ვირი,
უჯიშო და უმემკვიდრო,
ჯიუტია გასაკვირი.

გრძელულვაშა, ჭრელთვალება,
მოქნილი და ბასრბრჭყალება.

ცხელ ქვეყნების ბინადარი,
ტანად უზარმაზარი,
გრძელცხვირა და კისერმოკლე,
ეშვები აქვს მაგარი.

საქათმეში მძრომელია,
ყველამ იცის რომელია.

მანჭიასა და მიმბაძველს
მხიარული აქვს გუნება,
ზოოპარკში რომ მივდივართ,
გვიყვარს იმისი ყურება.

არის ცხოველი-ქაცვია,
ტანზე ეკალი აცვია.

ეთნაირი ცხოველია,
სიარული იცის ნელი,
მტრისგან თავის დასაცავად
ჯავშანი აქვს ზურგზე სქელი.

ჩვენს შინაურ თხას წააგავს,
ბინადარია მთისა,
მაღალ კლდეებზე ნავარდობს,
ბარში შიში აქვს მტრისა.

წყლის პატარა ცხოველია,
ხარბად სისხლის მწოველია.
 

იგი მუდამ წყალში ცხოვრობს,
იქ ჩნდება და იქ მრავლდება,
მშრალზე უწყლოდ დარჩენილი,
რამდენიმე წუთში კვდება.

წყალში ცურავს თავისუფლად,
ხმელეთზეა უკუმსვლელი,
მაკრატელა ფეხები აქვს
და მაგარი საფარველი.
მისი გრძელი ულვაშები
ფისოსაც კი შეშურდება,
შეწვისას, ან მოხარშვისას
ჭარხალივით გაწითლდება.

თბილი წყლების ცხოველია,
ჯავშნიანი და კუდგრძელი,
თევზებსა და წვრილ ცხოველებს
სულ მუსრს ავლებს საძაგელი.