გიორგი წერეთელი

ანბანურა, II

საჭირო და საშიშარი
წკირი არის პაწაწინა,
თავზე ცეცხლი ეკიდება
ნათესავის გასაწირად.

ყელში სარი ჩამარჭვეს და
ღამე გარეთ მათევინეს,
მხარზე ფეხი დამაჭირეს,
პირით მიწა მათხრევინეს.

სახლი მიდის,
გზად აქვს წყალი,
თითონ მიაქვს ცხრა ბაწარი,
სადაც მივა, მიაბღავლებს
და ხარივით მიაბამენ.

გამბაწრეს,
გადამაბრუნეს,
გადმომაბრუნეს,
მცემეს,
მე რომ მირტყამენ,
ბიჭები
ცეკვით იმტვრევენ ცერებს.

რომ უადგილოდ არ დასცდეს
სიტყვა მწარე და მწველი,
დილეგში წევს და უდგია
ოცდათორმეტი მცველი.

ტანდაბალმა,
ხმამაღალმა,
თუ ისურვა,
გაჭენდება,
თუ შემოგწყრა,
წინ ვერ დაძრავ,
ერთ ადგილზე გაჩერდება.

ენარკინა,
ხმასაყვირა,
ძელს ჰკიდია
თავდაყირა.

ანადგურებს
ფესვის
მავნე მწერთა ურდოს,
ქვებუდანი მუდამ
ბოსტნის კვალქვეშ ბუდობს,
იმერეთში ამ ბრმას
ეძახიან მუდოს.

წყალში ცურავს ყვინთვითა,
არ სველდება ყვიტყვიტა.

რკინა - ფრჩხილი
არის ჩხირის,
ლაპარაკობს
კვალი ფრჩხილის.

ვმარხეთ ლუწი,
ვმარხეთ კენტი,
ამოვიდა...
დავცხეთ კეტი.

აგარაკიდან დაბრუნდა,
ტანთ შავი ფრაკი აცვია,
სახლი ჩემს სახლზე მოადგა,
თითქოს-და სახლიკაცია.

ტანი - მინა,
ქუდი - რკინა,
გამინათა
შუქით ბინა.

ბუჩქებს ქსელი გადაფინა
გასაშრობი ბადესავით,
თვითონ იქვე გაილურსა,
შიგ გააბა ნათესავი.

წითელი ტომარა,
ყვითელი მარცვლები,
შიგ ენა ჩავაწე,
დამწვა და ავცრემლდი.

უკბილოა და ხრავს რკინას,
ჭამს კბილანებს ათასკბილას,
გაუპოხავს სადაც ნახავს,
ხერხსაც დახრავს,
ხმალსაც დახრავს.

ღორების საკნატუნოს,
ყავაც არ აქვს ცუდი,
ქუდზე ციცქნა კუდი აქვს,
ხეს კიდია კუდით,
ხის ქვეშ წვანან უქუდოდ,
ბევრიც გდია ქუდით.

ცხვირის კეხზე ზის მხედარი,
ყურები უზანგებია,
მხედარი დახმარებია,
წერილს კითხულობს ბებია.

ჩვენში
ოცდაცამეტი
ჯიში ხარობს
ამ ხის,
წყალს სვამს, -
უყვარს ნაპირი
მდინარის და არხის.
ზოგი ჯიში
ამ ხის
ტოტებს
დაბლა დახრის,
თმაჩამოშლილ მოტირალს
მოგაგონებს მნახველს,
ამიტომაც მტირალას
ეძახიან ამ ხეს.

ეს ორთავა
დევია,
ქურას აყუდებია,
ნათესავებს
დაუვლის
და აბრტყელებს
თავურით.

წვერმახვილი ჩხირი არის
მოსწავლეთა იარაღი,
რა ვუყოთ რომ გულშავია,
უყვარს თეთრი იალაღი.

ჭურჭელია
ამ მიწის,
ცეცხლზე დგას და
არ იწვის.

დამსხდარან კარისკაცები,
დაუკეტიათ კარები,
კარების ჭუჭრუტანებში
გამოუყვიათ თავები.

ცალფეხზე დგას ხშირ-ხშირად,
თევზებს მისი შიში აქვთ.
წყალში ბაყაყს თუ ნახავს,
თავს ნისკარტით უნაყავს.

გადის, გამოდის სახნისი,
გააკრიალა ფიცარი,
გულში ამოდის ქოჩორი,
რა არის, გამოიცანი!

თხილის მძივი ავაცვი,
ტკბილი ჩოხა ჩავაცვი.

ზაფხულში მინდვრად ალმასობს,
სხვა დროს დირეზე ჰკიდია.
ტარით რომ მიწას დავასობ,
ჰგავს ვეებერთელა შვიდიანს.

პაწაწინა ბუკი არის,
დუდუკივით არ უკრავს,
ლიტრიანის ავსებაში
ეხმარება მამუკას.

წყალზე - ხიდი,
სახლი ხიდზე,
ქვა გარბის და
წყალი მისდევს.

ჩანს ღრმა ხვრელი
თავსარქველით,
სარქველს ზემოთ
აქვს სარკმელი,
ორმარცვალა აქვს სახელი,
სოფელს ასმევს წყალსა ხვრელი.

ზაფხულში ყრიან ბეღელში,
შემოდგომაზე - ხნულზედა...
მიწაში ათევს მთელ ზამთარს,
ამოდის გაზაფხულზედა.

საქმე წელში მართავს,
უსაქმობა ხრის.
სხვას რომ არ აწყენინოს,
მკერდში მალავს პირს.

ხეებზე ბადე ბამბულა,
ბადეში კაცი გაბმულა.