ტროპარიმოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ. |
ქრისტეს მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან წმინდა პეტრე და წმინდა პავლე. ისინი ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას აღემატნენ ანგელოსებს.
წმინდა მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ერქვა. `შენ ხარ სვიმონ, ძე იონასი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე~ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ. რამოდენიმე ხნის შემდეგ, როცა ქრისტემ გალილეის ტბის ნაპირთან ჩაიარა, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. `მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა~ უბრალო მეთევზეებისადმი მიმართულმა ამ სიტყვებმა გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე გაჰყვა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და სიცხისაგან განკურნა მისი სიდედრი.
პეტრეს უდიდესი რწმენა და ერთგულება ჰქონდა, რამაც გააბედვინა მას, ეთხოვა ქრისტესთვის: `უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა~. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დაიწყო ჩაძირვა. `უფალო, მიხსენ მე!~ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად გაუწოდა ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა.
თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ~, პეტრემ განიხარა და წამოიძახა `კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაB~. ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი.
როცა მოახლოვდა ჯვარცმის ჟამი, იესო ქრისტე დაეკითხა თავის მოწაფეებს: `რას ფიქრობთ, ვინ ვარ მე?~ პეტრემ დაასწრო ყველა მოციქულს და უპასუხა: `შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა~, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: `ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა~ (`იონა~ ქართულად მტრედს ნიშნავს, `ბარ~ კი `ძე~-ს, ხოლო ტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... `შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაB ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~.
საიდუმლო სერობის წინ მაცხოვარმა ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. პეტრე შეეწინააღმდეგა. მაშინ უფალმა უპასუხა: `უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა~. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, წამოიძახა: `უფალო არა მხოლოდ ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი~. ასე უყვარდა მას თავისი მოძღვარი, რომ განუშორებლად მასთან სურდა ყოფნა.
მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. იხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდე, მასთან ერთად შევიდა ეზოში, იდგა იქ და ცეცხლთან თბებოდა. მაგრამ როცა მასაც დაადეს ხელი, როგორც ქრისტეს მოწაფეს, შეშინებულმა პეტრემ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი: `არა ვიცი კაცი ესე~; და როდესაც მესამედ უარჰყოფდა, დაინახა რომ უფალი უმზერდა მას. შეწუხებული და შერცხვენილი პეტრე განვიდა ეზოდან და მწარედ ატირდა. ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.
მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ პატიობს ადამიანს, თუ ის გულწრფელად შეინანებს. პეტრეს სინანული კი იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი მოწაფეთა შორის პირველად მას ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა იგი პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ამგვარად აღადგინა იესო ქრისტემ იგი მოციქულის ღირსებაში.
პეტრეს რჩევისაებრ, უფლის ამაღლების შემდეგ თორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (იუდა ისკარიოტელის მაგიერ). ამის შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. მისი ქადაგებები იმდენად ცოცხალი და გულშიჩამწვდომი იყო, რომ ათასობით ადამიანი ხდებოდა ქრისტეს მიმდევარი. პეტრე მოციქულის ქადაგებებს უამრავი სასწაული ახლდა: მკვდრები აღსდგებოდნენ, კოჭლნი და დავრდომილნი იკურნებოდნენ, დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ.
წმინდა პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე. მეორე ეპისტოლეში იგი წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულზე. მართლაც, იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ თავი ღირსად არ ჩათვალა, ისე აღსრულებულიყო, როგორც მისი მოძღვარი, ამიტომ ჯალათებს თხოვა, თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის. ასე აღესრულა წმინდა პეტრე მოციქული. მისი საფლავი მდებარეობს იტალიაში, ქალაქ რომში.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და მოციქულად შერაცხვამდე სავლე ერქვა. იგი კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და უბადლო განათლება მიიღო. სავლე მოშურნე იუდეველი იყო და ზედმიწევნით აღასრულებდა რჯულს. თავიდან იგი ქრისტეს თავისი ღმერთის მტრად თვლიდა და ამიტომ ქრისტიანებს დევნიდა. სავლე იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი დარაჯობდა. 34 წელს მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქალაქ დამასკოში გაემგზავრა, რომ იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ისეთი რამ შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.
დამასკოს რომ მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი ცხენებიდან ჩამოცვივდა, სავლეს კი ესმა ხმა, რომელიც ამბობდა: `საულ, საულ, რად მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაB დეზისა~. სავლე დაეკითხა: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ხმამ უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. არამედ ადექი, რადგან იმისათვის გეჩვენე შენ, რომ დაგადგინო მოწმედ და მქადაგებლად იმისა, რაც იხილე და რასაც მომავალში გაჩვენებ“.
სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, ანანია, ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს გამოცხადებით ემცნო: ადექი და მიდი იმ უბანში, რომელსაც ქვია მართალი, და მოძებნე იუდეველთა ტაძარში კაცი, სახელად სავლე, რომელიც არის წარმოშობით ტარსელი. ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული, სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე.
პავლემ, უფლის ბრძანებისაებრ, იწყო ქრისტიანობის ქადაგება იუდეველებსა და წარმართებში, რის გამოც მას გამუდმებით უწევდა ხანგრძლივი მგზავრობა, იგი ასევე წერდა და თავის სამწყსოს უგზავნიდა ეპისტოლეებს, რომლებიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა.
დაახლოებით 51 წელს პავლე მონაწილეობდა იერუსალიმში გამართულ მოციქულთა კრებაში. მან შეკრებილთ ამცნო: `რამდენი ნიში და სასწაული ქმნა ღმერთმა წარმართთა შორის მოციქულთა მიერ~.
განუწყვეტელ ღვაწლში მყოფ პავლე მოციქულს მრავალი ჭირის დათმენა უწევდა: `ჰურიათაგან ხუთ ჯერ ორმცდაერთი ცემაÁ მოვიღე. სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ქვით ჩამქოლეს, სამჯერ ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ~.
ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას წმინდა პავლე შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას. შუაღამემ რომ მოატანა, მიწა იძრა, კარნი გაიხსნა და ტყვექმნილს ბორკილები დასცვივდა. შეშინებულმა ციხის უფროსმა პავლეს შენდობა სთხოვა და გაათავისუფლა.
ამის შემდეგ პავლე მოციქული ათენში ჩავიდა და იქ ქადაგებდა ქრისტეს. ამ ქადაგებამ არეოპაგში მრავალი ქრისტიანი შესძინა ეკლესიას, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი.
როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, შეიკრა ხელნი და ფერხნი და თქვა: „ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისაც არის ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმში~. ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა პავლეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.
აქ, რომში წმინდა პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით, მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა. ეს მოხდა 67 წელს. პავლე, პეტრე მოციქულის მსგავსად, დაკრძალულია რომში.
ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ, სხვა გადმოცემით, პავლეს პეტრეს ჯვარცმიდან ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს თავი. წმინდა მოციქულების ხსენება ერთ დღეს აღესრულება, 12 ივლისს (ახ. სტ.).
IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსატატინეპოლში აღმართა ტაძრები წმინდანთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
„დაუჯდომელი საგალობელი
წმინდათა თავთა მოციქულთა
პეტრესი და პავლესი“
2000 წ.