თავნი მოციქულთა - პეტრე და პავლე

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს და მათ მოციქულთა თავნი ანუ მეთაურები ეწოდებათ. ალბათ გაინტერესებთ, რით გამოირჩეოდა ეს ორი მოციქული, რომ ესოდენ საპატიო სახელი მიიღეს.

პეტრე მოციქული სხვა მოციქულების მსგავსად უფალმა თავად გამოირჩია. იგი უბრალო მეთევზე იყო, მაგრამ უფალთან სიახლოვით უდიდეს სიბრძნეს ეზიარა და მან პირველმა აღიარა იესო ქრისტე ღვთის ძედ. ამისათვის უფალი მას დაპირდა, რომ სასუფევლის კლიტეს ჩააბარებდა. პეტრე მოციქული მუდამ თან სდევდა უფალს, ხოლო როდესაც იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მისი სიტყვის მხურვალე მქადაგებელი გახდა. მისმა მადლმოსილმა ქადაგებამ ერთ დღეს სამი ათასი კაცი გააქრისტიანა. როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, პეტრე მოციქულმა სიმდაბლით ითხოვა ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ, ვინაიდან თავი არ მიიჩნია ღირსად, რომ უფლის მსგავსად ეწამებინათ.

წმიდა პავლე მოციქული კი თავიდან ქრისტიანთა მოძულე და დაუძინებელი მტერი იყო. ადრე მას სავლე ერქვა. ერთხელ, როდესაც ქრისტიანების დასატყვევებლად მიდიოდა, გზად ზეციდან გარდამომავალი ნათელი იხილა და მიწაზე დაცემულს ხმა ჩაესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?“ „ვინ ხარ შენ, უფალო?“ - ჰკითხა შეძრწუნებულმა სავლემ და პასუხად მიიღო: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი“. სავლე დაბრმავდა და მხოლოდ მაშინ აეხილა თვალი, როცა მოინათლა და პავლე ეწოდა. ამის შემდეგ ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი ქრისტეს მტკიცე აღმსარებელი გახდა. იგი წარმართებში ავრცელებდა ქრისტიანობას. ქრისტეს არცერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ტანჯვა-წამება, რაც პავლე მოციქულმა დაითმინა. საბოლოოდ, ქრისტიანთა მტრებმა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს. როდესაც ჯალათმა ხმალი მოუღერა, ქრისტეს მოციქულს სისხლის მაგივრად რძე გადმოუვიდა, ამ სასწაულის მხილველმა ადამიანებმა ადიდეს უფალი.

„საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№14(30). 2004წ. 9 ივლისი