წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი

ალბათ ხშირად გსმენიათ წმიდა ნიკოლოზის სახელი. ბევრ თქვენგანს სახლშიც ექნება მისი ხატი, რომელსაც სასოებით ევედრებიან თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები. მინდა, ამ წმიდანის ბავშვობის შესახებ გიამბოთ.

წმიდა ნიკოლოზი წარმოშობით ლუკიიდან იყო. მისი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი ებოძებინა. მათ აღთმა დადეს, რომ თუ ძე შეეძინებოდათ, ბავშვს უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. მართლაც, უფალმა შეისმინა მორწმუნე მშობლების თხოვნა და მათ ვაჟი შეეძინათ. ჩვილს სახელად ნიკოლოზი დაარქვეს, რაც მძლეველს ნიშნავს.

დედამისი დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობით იტანჯებოდა, მაგრამ ბავშვის დაბადებისთანავე განიკურნა. ნათლობის დროს ახალშობილი, ღვთის შეწევნით, სამი საათის განმავლობაში წმიდა ემბაზში ფეხზე იდგა. წმიდანმა მარცვა ყრმობიდანვე დაიწყო; ჯერ კიდევ ჩვილი ნიკოლოზი ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ იღებდა. ბავშვობიდანვე გულმოდგინედ სწავლობდა საღმრთო წერილს, მთელ დღეებს ტაძარში ატარებდა. ასეთი გულმოდგინებით მოიპოვა მან უფლის რწმენა და სიყვარული და ქალაქ პათარის ეპისკოპოსიც გახდა. მთელი ცხოვრება ემსახურა მართლმადიდებელ ეკლესიას.

იგი სიცოცხლეში ბევრ სასწაულს ახდენდა: კურნავდა სნეულებს, ანუგეშებდა მწუხარე ავადმყოფებს, აპურებდა ქვრივ-ობლებს, ადამიანთა შორის ბოროტებასა და შუღლს ამარცხებდა, ყველა კეთილ თხოვნას აღასრულებდა. წმიდა ნიკოლოზი დღესაც შეგვეწევა, თუ მთელი გულით ვთხოვთ დახმარებას. წმიდა ნიკოლოზის დღესასწაული ყოველი წლის 19 დეკემბერსა და 21 მაისს აღინიშნება.

თამუნა ასათიანი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№16. 2003წ. 18 დეკემბერი