მენელსაცხებლე დედები

მენელსაცხებლე დედები არიან მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები. მათ იმდენად უყვარდათ თავიანთი მოძღვარი, რომ ჯვარცმის დროსაც არ მოსცილებიან მას, თუმცა ეს ძალიან საშიში იყო იმ დროს. იუდეველი მღვდელმთავრები ხომ ქრისტეს ყველა მიმდევარს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. მენელსაცხებლენი კი არ შეუშინდნენ სინედრიონის რისხვას და ბოლომდე იდგნენ მაცხოვრის ჯვართან, ესწრებოდნენ მის გარდამოხსნას და საფლავად დადებას. და მხოლოდ მაშინ დატოვეს, როცა მღვდელმთავრებმა საფლავის შესასვლელი დიდი ლოდით ჩაკეტეს.

დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისათვის და ებრაული ჩვეულების მიხედვით ნელსაცხებელი ეცხოთ მისი ცხედრისათვის (სწორედ ამიტომ უწოდა ეკლესიამ მათ მენელსაცხებლე დედები). და აი, კვირა დილით, გარიჟრაჟზე, გასწიეს იოსებ არიმათიელის ბაღში, სადაც იესოს საფლავი იყო. მათ წინ მარიამ მაგდალინელი მიუძღოდა. გზაში დედები წუხდნენ, რომ საფლავზე მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. არ იცოდნენ, რომ ქრისტე უკვე აღსდგა მკვდრეთით. ცარიელი საფლავის ხილვამ დედები შეაძრწუნა, მათ ეგონათ, მაცხოვრის ცხედარი ვიღაცამ გადამალა. ატირებული მარიამ მაგდალინელი ქალაქისაკენ გაიქცა, რომ ეს ამბავი მოციქულებისთვი შეეტყობინებინა და მალე პეტრესა და იოანესთან ერთად დაბრუნდა უკან. მოციქულების წასვლის შემდეგ კი სამარხში შევიდა. სწორედ ამ დროს გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და იესო ქრისტეს აღდგომა ახარა. ამის შემდეგ მარიამს თვითონ უფალი ეჩვენა, გაამხნევა და უბრძანა, მისი აღდგომის შესახებ სხვებისთვისაც ემცნო.

სულთმოფენობის შემდეგ მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა, მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით და ტრაიანე კეისრის კარამდეც მიაღწია. ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ქრისტეს აღდგომა ახარა. სწორედ მარიამ მაგდალინელისაგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხის მირთმევის ტრადიცია. ასევე მარიამ მაგდალინელი იყო პირველი, ვინც წარმოთქვა სიტყვები, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველი აღდგომის დღესასწაულზე ახარებს ერთმანეთს: „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!“

გადმოცემის თანახმად, მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. იგი მშვენიერი და მომხიბლავი გარეგნობისა იყო, თუმცა დიდად სნეული. სახარება მოგვითხრობს, რომ მისგან იესო ქრისტემ შვიდი ეშმაკი განდევნა. ამ დღიდან მარიამი აღარ მოშორებია თავის მკურნალსა და მოძღვარს. თან დაჰყვებოდა ქალაქებსა და დაბებში და მოციქულებთან ერთად ქადაგებდა.

მარიამ მაგდალინელი გარდაიცვალა ეფესოში და იქვე დაასაფლავეს. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს კი ეს სიწმინდე რომში წაასვენეს და იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს, ნაწილი კი საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარშია დასვენებული.

მენელსაცხებლე დედათა შორის იხსენიება მარიამ კლეოპასი. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარიამი წმინდა იოსებ დამწინდველის ასული იყო პირველი ქორწინებიდან. როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოსებზე დაწინდეს, ოჯახში მას დახვდა ყმაწვილი მარიამი, რომელმაც ძალიან შეიყვარა ღვთისმშობელი. ეგიპტიდან დაბრუნებულმა იოსებმა ქალიშვილი კლეოპას მიათხოვა, ამიტომ ჰქვია მას კლეოპასი. მარიამისა და კლეობას ძე იყო წმინდა მოციქული სვიმონი (სამოცდაათ მოციქულთა შორის შერაცხული), იერუსალიმის მეორე ეპისკოპოსი.

ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათ ძმას ლაზარეს. სახარებაში მოთხრობილია, როგორ გატეხა მარიამმა ნელსაცხებელი და სცხო იესოს ფეხებზე. ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ იუდეველმა მღვდელმთავრებმა ქრისტეს მიმდევრებს სასტიკი დევნა დაუწყეს. მათ წმინდა ქალაქიდან განდევნეს ლაზარეც. ძმას გაჰყვნენ მართა და მარიამი და სხვდასხვა ქვეყნებში ეხმარებოდნენ მოციქულებრივ ღვაწლში. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, სად არიან ისინი დაკრძალულნი ეს მენელსაცხებლე დედები.

წმინდა იოანა ჰეროდეს სახლისუფლის მეუღლე იყო. ისიც, სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად, ყოველთვის თან ახლდა მაცხოვარს და ემსახურებოდა. უფლის ჯვარცმის შემდეგ იოანაც მივიდა საფლავთან და მასაც ეხარა ანგელოზთაგან ქრისტეს აღდგომის შესახებ.

მენელსაცხებლე დედათა ხსენება აღინიშნება აღდგომიდან მეორე კვირას და მთელ კვირას, მათ პატივად, მენელსაცხებლე დედათა კვირა ეწოდება.

გამოყენებული ლიტერატურა:
„წმინდანთა ცხოვრება“
თბილისი, 2001