წმინდა მოციქული და მახარებელი მათე

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ქვეყნად ცხოვრების დროს, გალილეაში რომ ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კაპერნაუმიდან გამოსვლისას დაინახა კაცი, სახელად მათე, მჯდომარე საბაჟოზე, ბაჟის შესაკრებად, მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემომიდეგ მე“ (ე.ი. „წამოდი ჩემთან“). მეზვერემ*, ბაჟის ამკრეფმა, რაწამს გაიგონა ღვთიური მოწოდება, მაშინვე ყოველივე დატოვა და დიდი სიხარულით წაჰყვა მას.

უფალმა მიიღო მეზვერე და ის პატივიც დასდო, რომ შევიდა მის სახლში, სადაც მეზვერე, აღვსებული და აღტაცებული სიხარულითა და მადლობით, გაუმასპინძლდა და დაუპატიჟა მეგობარნი და ნაცნობნი. მრავალი მეზვერე და ცოდვილი სადილობდა იესოსთან და იგი არ თაკილობდა ამას. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა რომ დაინახეს უფალი, უთხრეს მის მოწაფეებს: „თქვენი მასწავლებელი და მოძღვარი რადა სჭამს და სვამს მეზვრეებსა და ცოდვილებთან?“ ეს რომ გაიგონა უფალმა, თქვა: „კარგად მყოფთათვის კი არ არის ექიმი საჭირო, არამედ ავადმყოფებისათვის. მე მოვედი ცოდვილთათვის, რომ მათ შეინანონ, და არა მართალთათვის“. ამ დროიდან წმინდა მათე გახდა ქრისტეს მოწაფე და მოციქული.

წმინდა მათე და მისი ძმა იაკობ მოციქული იყვნენ ალფეს შვილები. სხვა მახარებლები თავის სახარებებში უწოდებენ მას „ლევი ალფეს“. ეს სახელი ბევრმა არ იცოდა; ეს მოხდა მისი მოციქულობის პატივსაცემად და მისი უწინდელი მეზვერეობის დასაფარად. წმინდა მათე თავის სახარებაში არ ფარავს თავის სახელს და უწოდებს თავს მათეს, რადგან საქვეყნოდ აღიარებს უწინდელ ცოდვილ ცხოვრებას და ცოდვილებს უჩვენებს სინანულის მაგალითს, რომ მათ არ შერცხვეთ ცოდვების აღიარება და მიიქცენ უფლისადმი.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მერვე წელს წმინდა მათემ დაწერა სახარება ებრაულ ენაზე გაქრისტიანებული ებრაელებისათვის და ქადაგებდა მას მრავალ მხარეში. მან გააქრისტიანა ეთიოპია, რომელიც წილად ერგო მას საქადაგებლად; გააქრისტიანა პართელები და მიდიელები, და ბოლოს, სულიწმიდის შეგონებით, წავიდა ანთროპოფაგების (კაციჭამიათა) ქვეყანაში, სადაც შავი სახის და მხეცური ზნის ხალხი ცხოვრობდა. მივიდა მათ ქალაქში, გააქრისტიანა რამდენიმე კაცი, დააყენა ეპისკოპოსად თავისი მოწაფე პლატონი, ააშენა პატარა ეკლესია და თვითონ წავიდა მახლობლად მთაში, სადაც მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს ახლად მონათლულთათვის. ერთხელ მშვენიერი ჭაბუკის სახით მას გამოეცხადა უფალი, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა, მიესალმა მოციქულს და ჩააბარა თავისი ჯოხი, უბრძანა მთიდან ჩამოსვლა და ჯოხის დარგვა მის მიერ აშენებული ეკლესიის კარებთან. „ის გაიხარებს, - ბრძანა უფალმა, - და გაიზრდება დიდი ხე. ეს ხე, ჩემი ძალით, გამოიღებს მრავალ ნაყოფს, რომელიც სიდიდითა და სიტკბოებით ემჯობინება სხვა ხილს, ხოლო მის ძირას გამოვა მშვენიერი წმინდა წყარო, რომელშიაც თუ დაიბანენ ანტროპოფაგები, მაშინვე გალამაზდებიან და თუ ჭამენ იმ ხილის ნაყოფს, მაშინვე ნაცვლად მხეცური ხასიათისა, კეთილნი და მშვენიერნი გახდებიან“.

ღმერთმა მათეს მარჯვენა ხელით მისცა ჯოხი. ჩავიდა მათე მთიდან და წავიდა ქალაქში ბრძანების აღსასრულებლად.

მორმენის ქალაქის მთავრის ფულვიანეს ცოლი და ძე ავი სულით იყვნენ გაწვალებულნი. ისინი შემოხვდნენ მოციქულს გზაზე და დაუწყეს მხეცური ხმით ყვირილი: „შენ აქ ვინ გამოგგზავნა მაგ ჯოხით ჩვენს დასაღუპად?“ მათე განურისხდა არაწმიდა სულებს და გამოდევნა ისინი, ხოლო განკურნებულბემა დიდი სიხარულითა და მადლობით თაყვანის სცეს მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ მას. როდესაც პლატონ ეპისკოპოსმა შეიტყო წმინდა მახარებლის მოსვლა, მაშინვე გამოეგება სრული კრებულით. წმიდა მათემ ქალაქში შესვლისთანავე აღასრულა ღვთის ბრძანება: დარგო ეკლესიასთან ჯოხი, რომელიც ხალხის თვალწინ იქცა დიდ ხედ, გამოისხა ხშირი ტოტები და დიდი, ტკბილი ნაყოფი, ხოლო მისი ფესვებიდან გამოვიდა წმინდა წყალი. მთელი ქალაქი შეიკრიბა, ყველას უკვირდა ეს სასწაული.

ისინი იმ წყაროს წყალს სვამდნენ და ჭამდნენ იმ ხის ტკბილ ნაყოფს. წმინდა მათე იდგა მაღალ ადგილზე და შეკრებილ ხალხს უქადაგებდა, ასწავლიდა მათ ენაზე ღვთის სიტყვას. ყველა მსმენელმა ირწმუნა უფალი და მოციქულმა მონათლა ისინი ამ სასწაულთმოქმედ წყაროში. ყველაზე ადრე მან მონათლა ბოროტ სულთაგან განკურნებული ცოლ-შვილი მთავრისა და შემდგომ დანარჩენები. სიტყვისაებრ უფლისა, ყველანი, წყლიდან გამოსულნი, გამშვენიერდნენ და განათლდნენ როგორც ხორციელად, ისე სულიერად. ეს რომ მთავარმა შეიტყო, პირველად ძალიან გაუხარდა ცოლისა და შვილის მორჩენა, მაგრამ ბოროტი სულის შეგონებით განრისხდა მოციქულზე იმის გამო, რომ ხალხმა დატოვა თავიანთი ღმერთები, და განიზრახა მისი მოკვლა. იმავე ღამეს მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულს, უბრძანა გამხნევებულიყო და უთხრა, რომ იგი არ დატოვებდა მას მწუხარებაში.

დილით, როდესაც მოციქული ეკლესიაში იყო და სხვა ქრისტიანებთან ერთად ადიდებდა ღმერთს, მთავარმა გაგზავნა ოთხი მონა მის მოსაყვანად. მაგრამ როცა ტაძრამდე მივიდნენ, ისინი ისეთმა სიბნელემ შეიპყრო, რომ ძლივსღა შესძლეს უკან მობრუნება და კითხვაზე, რატომ არ მოიყვანეს მათე, მიუგეს: „ჩვენ კი გვესმოდა ლაპარაკი, მაგრამ დანახვა და წამოყვანა მისი ვერ შევძელით“.

მთავარი ძალიან განრისხდა, გაგზავნა შეიარაღებული მხედრები და უბრძანა წმინდა მათეს ძალით წამოყვანა, მაგრამ მათაც ვერა გააწყეს რა. როდესაც ისინი ტაძარს მიუახლოვდნენ, ზეციური ნათელი შემოეხვია მოციქულს ისე, რომ მათ არ შეეძლოთ წმინდანის დანახვა. შეშინებულებმა იაღარი დაყარეს და მთავართან გაიქცნენ იმის სათქმელად, რაც იხილეს. მთავარი უფრო განრისხდა. შეაგროვა ყევლა თავისი მსახური და უნდოდა მოციქულის მოყვანა, მაგრამ უფალმა იქამდე არ მიუშვა. როდესაც მიუახლოვდა ტაძარს, მთავარი დაბრმავდა და მაშინ დაუწყო მოციქულს ხვეწნა, მიეტევებინა მისი დანაშაული და მიენიჭებინა მხედველობა. მოციქულმა მთავარს თვალებზე ჯვარი გადასახა და მას მხედველობა დაუბრუნდა. მაგრამ მას ხორციელად აეხილა თვალი, სულიერად კი ისევ დაბრმავებული იყო. მთავარი ამ სასწაულთმოქმედებას ღვთისა ძალას კი არა, გრძნეულებას მიაწერდა და ამისთვის მიიპატიჟა წმინდა მათე მდინარის გაღმა, თავის სახლში, ვითომც პატივსაცემად, გულში კი ბოროტი ზრახვა ჰქონდა: სურდა, დაეწვა ქრისტეს მოციქული, როგორც გრძნეული. წმინდა მათე მიუხვდა მთავარს გულისზრახვას, ამხილა იგი და უთხრა: „პირმოთნე მწვალებელო, მალე შეასრულებ ჩემზე განზრახულ საქმეს, ჰქმენ, რაც სატანამ ჩაგიდო გულში. მე მზად ვარ, ჩემი ღმერთის გულისთვის ყოველივე დავითმინო“. მაშინ მთავარმა ბრძანა მოციქულის პირქვე დაწვენა, ხელების და ფეხების გაჭიმვა და მაგრად დალურსმვა. შემდეგ მოატანინა წალამი, გამხმარი ფიჩხი, გოგირდი და კუპრი დააყრევინა თავზე და მოაკიდებინა ცეცხლი. ცეცხლი აბრიალდა და ყველა ფიქრობდა, რომ დაიწვებოდა მოციქული, მაგრამ ალი მაშინვე შეიცვალა ვარდად. წმინდა მათე ნახეს ცოცხალი და უვნებელი, და მისი ასეთი გადარჩენის გამო ადიდებდნენ ღმერთს. ხალხმა რომ დაინახა ეს სასწაული, შეშინდა და იწყო მოციქულის ღმერთის დიდება. მთავარს არ სურდა, მოციქულის გადარჩენა ღვთის ძალისთვის მიეწერა, აყვედრიდა წმინდა მოციქულს და ამბობდა, რომ იგი ცოცხალი დარჩა თავისი გრძნეულებით და ბრძანა ისევ დაწყობა მის ზურგზე ფიჩხისა, გოგირდისა და ცეცხლის მოკიდება, ხოლო ზევიდან კუპრის დასხმა. მის გარშემო დააყენა თავისი თორმეტი ოქროთი ჩამოსხმული კერპი და ფიქრობდა, რომ მათი ძალით წმინდა მათე ფერფლად იქცეოდა.

ალში გახვეული მოციქული ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა თავისი უძლეველი ძალა, წარმართთა კერპების უღონოება და უძლურება და შეერცხვინა მათი მსასოებელნი. წმინდა ლოცვის ძალით ალი მიიქცა კერპებისაკენ, რომლებიც იმავე წამს დადნენ, როგორც სანთელი. და მრავალი იქ მდგომი ურჯულო შეიჯურა ალით. დამდნარი კერპებისაგან უცებ გამოხტა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მთავარმა ნახა, რომ ვეღარ შეძლებდა გაქცეოდა მას და წრფელი გულით შეეხვეწა მოციქულს, დაეხსნა იგი სიკვდილისაგან. წმინდა მათე განურისხდა ცეცხლს, ჩაქრა ალი და გველიც გაუჩინარდა.

მაშინ მთავარმა მოინდომა მოციქულის ცეცხლიდან გამოყვანა დიდი პატივით, მაგრამ წმინდა მათემ დაასრულა ლოცვა და წმინდა სული მიაბარა უფალს.

მთავარმა შემოსა პატიოსანი და ცეცხლისგან უვნებელი გვამი მოციქულისა ძვირფასი შესამოსლით, დაასვენა ოქროს ცხედარზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში.

რადგან ჯერ სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოება არა ჰქონდა მთავარს, მოინდომა გამოცდა: წმინდანის გვამი ჩადო რკინის კიდობანში, ამოავსებინა ყოველი მხრით კალით, ჩააგდო ზღვაში და უთხრა თავის დაახლოებულ პირებს: „თუ უფალი, ცეცხლისგან დამხსნელი ამა წმიდისა, მას დანთქმისგანაც დაიცავს, მაშინ დავიჯერებ, რომ ჭეშმარიტად ღმერთი არს ერთი. მაშინ ჩვენ დავტოვებთ ჩვენს ღმერთებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩვენი დახსნა ცეცხლისაგან და მას მხოლოს თაყვანს ვსცემთ“.

როდესაც კიდობანი წმინდა ნაწილებით ჩააგდეს ზღვაში, მაშინ წმინდა მათე ღამე გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა: „ხვალ წადი ზღვის პირას მთავრის კარვიდან აღმოსავლეთისაკენ და წამოიღე ნაპირზე გამოტანილი ჩემი ნაწილები“.

პლატონი ქრისტიანებთან ერთად წავიდა ზღვისკენ და სიზმარში აღნიშნულ ადგილზე იპოვა კიდობანი ქრისტეს მოციქულის მათეს წმინდა ნაწილებით. მთავარმა შეიტყო ეს ამბავი, შეკრიბა წარჩინებული პირნი, მივიდა, ჭეშმარიტად ერწმუნა უფალსა იესოს და აღიარა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. იგი დაეცა კიდობნის წინ, გულმოდგინედ ეხვეწებოდა წმინდა მოციქულს ცოდვის მიტევებას და მოინდომა მონათვლა. როდესაც ეპისკოპოსმა დაინახა მისი სარწმუნოება და გულით ლოცვა, იწყო მისი სწავლება და უბრძანა წყალში შესვლა. ეპისკოპოსმა თავზე დაადო ხელი და უნდოდა სახელი წოდება, მაშინ ზეციდან მოისმა ხმა: „ფულვიანე კი არა, მათე იყოს მაგისი სახელი“.

ნათლისღების დროს მთავარს ეწოდა მოციქულის სახელი და იგი გახდა მისი საქმეების მიმბაძველი. მთავარმა მაშინვე სხვას გადასცა თავისი თანამდებობა, მთავრობა, განშორდა ქვეყნიურ ამაოებას, დღე და ღამ ლოცულობდა და ღირსი გახდა ეპისკოპოსისგან მღვდლობის ხარისხისა. სამი წლის შემდეგ ეპისკოპოსი გარდაიცვალა. მღვდელ მათეს ეჩვენა ძილში წმინდა მოციქული მათე, რომელმაც უბრძანა, რომ პლატონის შემდგომ იგი ყოფილიყო ეპისკოპოსი.

ახალი მათე ეპისკოპოსი გახდა. დაიწყო გულმოდგინედ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება და მრავალი წარმართი გააქრისტიანა. იგი გარდაიცვალა და წმინდა მახარებელთან ერთად წარდგა ღვთის წინაშე. ისინი ევედრებიან უფალს, რომ ჩვენც, მათი მადიდებელნი, ღვთის სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ უკუნისამდე, ამინ.

გამოყენებული ლიტერატურა:
დეკანოზი რაჟდენ გიგაური „ოთხი მახარებლის ცხოვრება“

*მეზვერე - იგივე მებაჟე, მოხელე, რომელიც საბაჟო გადასახადს კრეფს. ებრაელებს მეზვერეები ძალზედ სძულდათ, რადგან ისინი გაცილებით მეტს ახდევინებდნენ მოსახლეობას, ვიდრე ხელისუფლებისგან იყო დაწესებული და ამგვარად მდიდრდებოდნენ. ამ მიზეზით მეზვერეები ყველაზე ცოდვილებად ითვლებოდნენ ისრაელში და მათთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა.