წმინდა
მახარებელი მარკოზი, ებრაელთაგანი, ლევის შთამომავლობიდან, წმინდა სამოცდაათ
მოციქულთა რიცხვში შერაცხილი, იყო პეტრე მოციქულის მოწაფე და მუდმივი თანამგზავრი.
წმინდა პეტრეს ისე უყვარდა ეს მახარებელი, რომ მას თავის შვილს უწოდებდა. ის თავის
ეპისტოლეში* ამბობს: „მოგიკითხავს თქვენ რჩეული
ბაბილონის ეკლესია და მარკოზიც, ძე ჩემი სულიერად და არა ხორციელად“. წმინდა
მარკოზი გაჰყვა თავის მასწავლებელს რომში, სადაც მორწმუნეთა გულმოდგინე თხოვნით
დაწერა წმინდა სახარება. სანამ ჩააბარებდა რომაელ ქრისტიანებს თავის ნაწერს, პეტრე
მოციქულს აჩვენა, რომელმაც თავიდან ბოლომდე წაიკითხა იგი, ნახა, რომ ყოველივე
თქმული ჭეშმარიტია და უბრძანა ყველას მისი კითხვა და რწმუნება დაწერილისა. წმინდა
მოციქულთა თავმა პეტრემ წარგზავნა წმინდა მახარებელი ღვთის სიტყვის საქადაგებლად
პირველად აკვილიაში და შემდეგ ეგვიპტეში. ალექსანდრიაში იგი პირველი ეპისკოპოსი და
ქრისტეს მახარებელი იყო. მან ლიბია და პენტაპოლისი - კერპმსახურების მიმდევარნი -
გაანათლა იესო ქრისტეს სარწმუნოებით. ყველგან ახდენდა სასწაულებს და გაამშვენიერა
ქრისტეს ეკლესიები ეპისკოპოსებით და მღვდლებით და მრავალთ ასწავლიდა კეთილად
ცხოვრებას. ამნაირად წმინდა მარკოზმა გააშენა ეგვპტეში ქრისტეს ვენახი.
ალექსანდრიაში ჰქონდა მეტწილად ბინა და წამებით დაასრულა სიცოცხლე.
ნეტარი სვიმონ მეტაფრასტი მოგვითხრობს წმინდა მოციქულ მარკოზის ცხოვრებასა და ტანჯვაზე: იმ დროს, როდესაც წმინდა მოციქულები გაიბნენ დედამიწის ზურგზე, წმინდა მარკოზი, ღვთის ბრძანებით, წავიდა აფრიკაში და იყო პირველი მქადაგებელი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სახარებისა მთელი ეგვიპტის მხარეში, ლიბიაში, მარმარიკაში, ადემონაკსა და პენტაპოლისში. ყველა ამ მხარეში ცხოვრობდნენ კერპთაყვანისმცემლები, აღსავსე ყოველგვარი უწმინდურებით და ბოროტ სულთა მსახურნი, რადგან ყველგან - ქალაქებში, სოფლებსა და ქუჩებში - ისინი აშენებდნენ ბომონებს (კერპების ტაძრებს), გრძნეულებდნენ, თვალთმაქცობდნენ და ყველაფერში ჰქონდათ ბოროტი სულის ძალა, რომელიც შემუსრა იესო ქრისტემ თავისი მოსვლით. ქალაქ პენტაპოლისში წმინდა მარკოზი გადაგებდა სახარებას და სასწაულთმოქმედებდა: ავადმყოფებს კურნავდა, კეთროვანთ ღვთის შემწეობით განწმენდდა, ათავისუფლებდა ადამიანებს ბოროტ სულთაგან. ბევრმა, მოციქულის ქადაგებითა და სასწაულებით, ირწმუნა უფალი იესო, დაშალა ტაძრები კერპებითურთ და მოინათლა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. სულიწმიდის შემწეობით მოციქული წავიდა ალექსანდრიაში ღვთის სიტყვის - კეთილი თესლის - დასათესად. ქალაქში შესულს ფეხსაცმელი გაერღვა. ნახა ძველი წაღების მკერავი და მისცა გასაკერად თავისი ფეხსაცმელი. კერვის დროს ხარაზს მარცხენა ხელში სადგისი ეჩხვლიტა და დაიყვირა ჩვეულებისამებრ: „ოჰ, ღმერთო!“ ეს რომ გაიგონა მოციქულმა, სულით გამხიარულდა და უთხრა თავის თავს: „კეთილად წარმართა უფალმა ჩემი გზა“.
მეწაღეს ძალიან სტკიოდა ხელი, ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. მოციქულმა დაანერწყვა მიწაზე, აიღო სველი მიწა, წასცხო ნატკენზე და თქვა: „იესო ქრისტეს სახელით, მორჩი!“ და უცებ გაუმრთელდა ხელი ხარაზს. მეწაღემ რომ დაინახა ამ კაცის სიტყვის ძალა, ხოლო მის სახეზე სიწმინდე და სიკეთე, თქვა: „გთხოვ, ღვთის კაცო, მოხვიდე ჩემს სახლში, დარჩე ერთ დღეს ჩემთან და ისადილო, რადგან შენ დიდი მოწყალება მიყავი“. მოციქულს ესიამოვნა და უთხრა: „მოგცეს შენ უფალმა ზეციური პური ცხოვრებისა“. როდესაც შევიდა მეწაღის სახლში, თქვა: „კურთხევა უფლისა იყოს აქ, ვევედროთ, ძმებო, ღმერთს“. ყველამ ერთად ილოცა და დასხდნენ ჭამად და მხიარულად მუსაიფობდნენ. მეწაღემ ჰკითხა მოციქულს: „შენ ვინ ხარ, ჩემო მამაო, და რად არის შენი სიტყვა ასე ძლიერი?“ წმინდა მარკოზმა უპასუხა: „მე ვარ მონა ღვთის ძის, უფლის იესო ქრისტესი“. „კარგი კი იქნება, დავინახო ის ძე ღვთისა“, - თქვა მეწაღემ. „მე გაჩვენებ მას“, - უპასუხა წმინდა მარკოზმა და დაუწყო ქადაგება იესო ქრისტეზე და უამბო ყველაფერი, რაც კი იყო მასზე ნათქვამი წინასწარმეტყველთაგან. მეწაღემ თქვა: „გამიგონია ილიადაზე, ოდისეაზე და ბევრი ეგვიპტური კარგი წიგნის შესახებ, მაგრამ წინასწარმეტყველებითი წიგნები კი არ ვიცი“. მაშინვე წმინდა მოციქულმა უქადაგა მას ქრისტეს შესახებ. ანანია მეწაღე ერწმუნა მოციქულის სიტყვებს და რომ დაინახა მისი სასწაულები, მაშინვე მოინათლა თავისი ოჯახით. მათ შემდეგ კი მრავალი იმ ადგილის მცხოვრებიც მოინათლა. ასე დღითიდღე იზრდებოდა მორწმუნეთა რიცხვი. როდესაც იმ ქალაქის უფროსებმა შეიტყვეს, რომ მათთან მოსულა ვინმე გალილეველი, რომელიც ლანძღავს მათ ღმერთებს და ხალხს უკრძალავს მსხვერპლის შეწირვას, გადაწყვიტეს მისი მოკვლა და ცდილობდნენ მის შეპყრობას. ეს რომ გაიგო წმინდა მარკოზმა, ეპისკოპოსად დააყენა ანანია, სამი კაცი მღვდლად, შვიდი სხვა - დიაკვნად და ზოგნიც ეკლესიის მოსამსახურეებად, თვითონ კი პენტაპოლისში წავიდა.
იქ წმინდა მარკოზმა დაჰყო ორ წელიწადს და განამტკიცებდა იქ მყოფ ქრისტიანთა სარწმუნოებას. მახლობელ ქალაქებში დაადგინა ეპისკოპოსები, მღვდლები და ეკლესიის მსახურნი და ისევ დაბრუნდა ალექსანდრიაში, სადაც ნახა ჭეშმარიტი ქრისტიანები და ააშენებინა ეკლესია. როდესაც ბერძნების უფროსებმა შეიტყვეს, რომ მათ ქალაქში ცხოვრობს მარკოზი, შურითა და ბოროტებით აღივსნენ. მათ შეიტყვეს მისი სასწაულები, რომ იგი ავადმყოფებს კურნავდა, ყრუებს სმენას უბრუნებდა, ბრმებს თვალებს უხელდა და ეძებდნენ წმინდანს მოსაკლავად.
ოცდაოთხ აპრილს იყო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. ამ დღეს წარმართები დღესასწაულობდნენ თავიანთი ღმერთის - სერაპისის - უდიდეს დღესასწაულს. წმინდა მარკოზი წირავდა. ამ დროს ურწმუნონი შეცვივდნენ ეკლესიაში, შეიპყრეს იგი, მოაბეს თოკი, მოათრევდნენ და ამბობდნენ: „წავათრიოთ ეს ხარი ბოსელში“. მოციქული კი მადლობდა ქრისტე მაცხოვარს და ამბობდა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომ შენი სახელის გამო ვეღირსე წამებას და ტანჯვას“. წმინდა მოწამეს ათრევდნენ წვეტიანი ქვებით მოფენილ მიწაზე და მისი დაფლეთილი ტანიდან მომდინარე სისხლით გზა იღებებოდა. საღამოს იგი საპყრობილეში ჩააგდეს იმ დრომდე, ვიდრე მოიფიქრებდნენ, როგორი სიკვდილით დაესრულებინათ მისი სიცოცხლე. შუაღამისას მიწა იძრა, გადმოვიდა ზეციდან უფლის ანგელოზი, მივიდა მოციქულთან და უთხრა: „მარკოზ, ღვთის მონაო, ეგვიპტეში ყველა წმინდანზე უმეტესო, შენი სახელი ჩაწერილია ცხოვრების წიგნში ცათა შინა, შენ ხარ შერაცხილი წმინდა მოციქულებთან, ხსენება შენი იქნება საუკუნოდ დაუვიწყარი, შენ იხარებ ზეციურ ძალებთან, მთავარანგელოზები ზეცაში მიიღებენ შენს სულს და შენი წმინდა ნაწილები დაცული იქნება ქვეყანაზე“. ამ ჩვენებით გახარებულმა წმინდა მარკოზმა აღაპყრო ხელები და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომ არ დამტოვე, მასახელებ შენს წმინდანებთან და ნუ მომაკლებ შენს მადლს“. როგორც კი ეს თქვა, მაშინვე მივიდა მასთან უფალი იესო ქრისტე იმ სახით, როგორითაც იყო იგი თავის მოწაფეებთან ჯვარცმის წინ და უთხრა მას: „მშვიდობა შენდა, მარკოზ, ჩემო მახარებელო“. წმინდა მოციქულმა მიუგო: „მშვიდობა შენდა, უფალო იესო ქრისტე“. - და იესო უხილავი გახდა. დილით მივიდნენ საპყრობილეში მოქალაქეები, გამოიყვანეს მოციქული, ისევ მოაბეს კისერზე თოკი და ქვებზე ათრევდნენ. წმინდა მარკოზი ლოცულობდა და მადლობდა ღმერთს და შემდგომ, როგორც კი თქვა: „უფალო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, - მისი სული ამაღლდა ზეცად.
ბერძნებს უნდოდათ მოციქულის გვამის დაწვა და კიდეც დაანთეს ცეცხლი, მაგრამ იესო ქრისტეს ნებით უცებ დაბნელდა მზე, იძრა მიწა, ატყდა ქუხილი და მოვიდა საშინელი სეტყვა, საღამომდე იწვიმა და ჩააქრო ცეცხლი, მიწისძვრით კი დაიქცა მრავალი შენობა და ჩაიტანა მრავალი ადამიანი. იმ ადგილს, სადაც ეს სასწაული მოხდა, შემდეგ დაერქვა „ანგელოზთა ადგილი“. შეშინებულმა ხალხმა დატოვა წმინდანის გვამი და გაიქცა. კეთილმსახურმა მამებმა მოციქულის გვამი გადაიტანეს იმ ადგილას, სადაც ლოცულობდნენ, დაასვენეს აღმოსავლეთისკენ ქვის კუბოში და მოწიწებით იცავდნენ ამ სიწმინდეს. წმინდა მარკოზი გარდაიცვალა 25 აპრილს, ნერონის დევნულობის დროს.
გამოყენებული ლიტერატურა:
დეკანოზი რაჟდენ გიგაური „ოთხი მახარებლის ცხოვრება“
*ეპისტოლე - წერილი