წმინდა
მახარებელი ლუკა წარმოშობით ებრაელია, სირიის ანტიოქიიდან. იგი ადრიდანვე დაეწაფა
მეცნიერული წიგნების შესწავლას, ისწავლა ეგვიპტური და ბერძნული ენები, იყო
გამოცდილი ექიმი და დახელოვნებული მხატვარი. წმინდა ლუკა მივიდა იერუსალიმში იმ
დროს, როდესაც უფალი ქვეყნად იყო და თესდა მაცხოვარებითი სიტყვის თესლს, ეს თესლი,
ვითარცა პოხიერ მიწზე, დაეცა ლუკას გულზე და გამოიღო უხვი ნაყოფი. წმინდა
მახარებელი ისმენდა ღვთის სწავლებას და მიიღო მისგან სიბრძნე. მან შეიცნო ჭეშმარიტი
ღმერთი და მისი სარწმუნოება. შემდგომ კი სხვებსაც ასწავლიდა. წმინდა ლუკა თავის
სახარებაში ამბობს: „უფალმა ამოარჩია სამოცდაათი მოწაფე და გაგზავნა ისინი ყოველ
ქალაქსა და ადგილას“. მათ რიცხვში იყო თვით ლუკა მახარებელიც. ქადაგებდა უფლის
სახარებას და არწმუნებდა კაცთა მოდგმას, რომ მესია, რომელსაც ელოდნენ, უკვე მოსულია
ქვეყანაზე. მაცხოვრის ტანჯვისა და ვნების დროს, როდესაც „მწყემსი დაეცა და
განიფანტენენ ცხოვარნი“, ნეტარი ლუკა თავის უფალზე, ნებსით ვნებულზე, სუხდა და
ტიროდა, მაგრამ მაცხოვარმა შეაშრო მას ცრემლი საფლავიდან თავისი დიდებული აღდგომის
შემდეგ გამოცხადებით. თვით აღდგომის დღეს, საღამოს, ლუკა და კლეოპა მიდიოდნენ ემაუს
სოფელში, მათი გული მწუხარებას შეეპყრო, საყვარელი მოძღვრის ვნება და სიკვდილი იყო
მათი საუბრის საგანი. მაშინ თვით უფალი იესო ქრისტე მიუახლოვდა მათ და დაუწყო
ლაპარაკი. მოწაფეებმა ვერ იცნეს იგი, მაგრამ გამოუთქმელი სიამოვნებით ისმენდნენ მის
მოძღვრებას. როცა მან შეატყობინა, რომ უნდა განშორებოდა, ლუკამ და კლეოპამ სთხოვეს
შესვლა მათ სახლში ღამის გასათევად. უფალმა რომ ვახშამი უკურთხა და გატეხა პური,
მხოლოდ მაშინ აეხილათ თვალები მოციქულებს და იცნეს იესო, მაგრამ იგი უხილავი გახდა
მათთვის.
წმინდა ლუკას გულში დაფარული ღვთაებრივი სიყვარულის ალი გამოთქმულია მის სიტყვებში: „განა არ იწვოდა ჩვენი გული ჩვენს გვამში, როდესაც იგი გზაზე გველაპარაკებოდა და გვიხსნიდა წერილს?“ და რომ საუკუნოდ დაუვიწყარი ყოფილიყო ხსენება მისი, ვისდამიც მინდობილი იყო წმინდა ლუკას სული, მან მეთხუტმეტე წელს უფლის ამაღლდებიდან დაწერა წმინდა სახარება. მან დაწერა არა მარტო ნახული და გაგონილი, აღბეჭდილი მის გულში, არამედ ისიც, რაც გაიგონა იესოს შესახებ მისი პირველი მოციქულებისაგან, როგორც ამბობს იგი თავისი სახარების დასაწყისშივე. წმინდა ლუკა იყო პავლე მოციქულის თანამგზავრი, მონაწილე მისი ტანჯვისა და შრომისა და თანამშრომელი ქრისტეს სახარების ქადაგებისა. მან უქადაგა ქრისტე არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ წარმართებსაც და იყო რომში პავლესთან ერთად. წმინდა პავლეს ძალიან უყვარდა წმინდა ლუკა. ასე წერს იგი თავის ეპისტოლეში კოლასელთა მიმართ: „მოგიკითხავთ თქვენ ლუკა, ჩემი საყვარელი მკურნალი“. ხოლო კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ასე ამბობს: „ამასთანავე გამოვგზავნეთ ძმა, ქებული ყოველთა ეკ;ლესიათა მიერ, სახარებისათვის არჩეული ამ კეთილი საქმისათვის ჩვენს თანამშრომლად“.
წმინდა ლუკა წავიდა რომიდან აღმოსავლეთისკენ ქრისტეს საქადაგებლად, სადაც მან იესოს გულისათვის ბევრი ტანჯვა გადაიტანა და შრომა გასწია. გაიარა ლიბია, გაანათლა ისინი სარწმუნოებით და მივიდა ეგვიპტეში. ბეოტიის თებეში იქადაგა ქრისტე, ააშენა ეკლესიები, დაადგინა მღვდლები და დიაკვნები; განკურნა სულითა და ხორცით ტანჯულნი და ტანჯვით აღესრულა შობიდან ოთხმოც წელს გადაცილებული. იმ ადგილას, სადაც დასვენებული იყო მისი წმინდა გვამი, ამ წმინდა მოციქულის ლოცვით მრავალი სნეული განიკურნა. წმინდა ნაწილების ეს საკურნებელი ძალა რომ შეიტყო დიდი კონსტანტინეს ძემ კონსტანტიმ, გაგზავნა იქ ეგვიპტელი არტემი, რომელმააც დიდი სიხარულით გადმოასვენა სამეფო ქალაქში წმინდა ლუკას ნაწილები. უფალმა იქაც ადიდა სასწაულით თავისი სათნომყოფელი: ერთმა დავრდომილმა, სახელად ანატოლემ, დიდხანს ტანჯულმა, დაინახა, რომ გალობით მოჰქონდათ კუბო წმინდა ნაწილებით, წამოიწია თავისი საწოლიდან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და გულით შეეხვეწა მოციქულს, რომ განეკურნა. ითხოვა, მიეყვანათ წმინდა ნაწილებთან, თაყვანი სცა სიწმინდეს, სარწმუნოებით ემთხვია და მაშინვე განიკურნა. იგი მხრით შეუდგა კუბოს და სხვებთან ერთად მიიტანა მოციქულთა ეკლესიაში, სადაც წმინდა ნაწილები ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს.
პირველად წმინდა ლუკამ დახატა მარიამ ღვთისმშობლის სახე ხელში ღვთაებრივი ყრმით - უფალი იესოთი. შემდგომ დახატა კიდევ ორი ხატი ღვთისმშობლისა და უჩვენა მასვე - ყოვლადწმიდა ქალწულს. როდესაც მან დაინახა თავისი პირისახის ხატი, უწმინდესი ბაგეებით წარმოთქვა: „ჩემგან შობილისა და ჩემი მადლი იყოს ამ ხატებთან“. აგრეთვე წმინდა ლუკამ დახატა ფიცრებზე მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახეები, და მისგან იწყეს ხატების ხატვა ღვთის, ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებლად, შესამკობელად ეკლესიათა და საცხოვნებელად მორწმუნეთა, ამინ.
გამოყენებული ლიტერატურა:
დეკანოზი რაჟდენ გიგაური „ოთხი მახარებლის ცხოვრება“