წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა

(+315)

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები  და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ქალაქიდან გაიხიზნა. ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავის სამი წლის ძით ხელში მმართველ ალექსანდრესთან გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მოაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: ტიროდა, ყვიროდა, ფართხალებდა, სახეს უკაწრავდა საძულველ ხელისუფალს, სიყვარულით იწევდა მშობლისკენ და თან იძახდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი საფეხურების კიბეებიდან თავის ხეთქებით ჩაგორდა კიბეზე, გასისხლიანებული დაასკდა ფილაქანს და სული განუტევა.

ივლიტას კი რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამღვალ ფისს ასხამდნენ.

„შეიბრალე თავი, ივლიტა, - ეუბნებოდა ალექსანდრე, - დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი კერპებს!“

- „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს  ვეთაყვანები!“ - პასუხობდა ივლიტა.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისათვის, მუხლი მოიყარა და ილოცა.

ამ შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს. მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

წმინდანთა კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა სწრაფად განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოშია დაბრძანებული, იგი ამჟამად ზუგდიდის მუზეუმშია დაცული. წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი არის რაჭაში, სადაც ყოველ წელს იდღესასწაულება კვირიკობის დღესასწაული, ასევე ზემო სვანეთში, სოფელ კალაში, სადაც 28 ივლისს კვირიკობის დიდი დღესასწაული იმართება.

გამოყენებული ლიტერატურა:

„წმიდათა ცხოვრება“, ტომი III
თბილისი, 2001 წ.