წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი

წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი იყო შვილი ზებედესი და სალომესი. იესო ქრისტემ ქვეყნად ცხოვრების დროს მას სახარების საქადაგებლად მოუწიდა. იესო ქრისტე რომ დაიარებოდა გალილეის ზღვის პირას, ერთხელ დაინახა ნავში იაკობი და იოანე მათ მამასთან, ზებედესთან ერთად. ისინი აკერებდნენ ბადეებს, რადგან მეთევზეები იყვნენ. ქრისტემ ორივე ძმას დაუძახა. მათ მაშინვე დატოვეს მამა და გაჰყვნენ მას. იმ დროიდან წმინდა იოანე დაჰყვებოდა ყველგან ზეციურ მოძღვარსა და მასწავლებელს და სწავლობდა მის ნაგეთაგან გამოსულ სიბრძნეს.

წმინდა იოანე მაგალითი იყო სიმშვიდისა და უბიწოებისა, გულში ენთო იესოს სიყვარული და ამიტომ იესოსაც უყვარდა იგი გამორჩეულად. ის იყო სამ მოციქულთა რიცხვში, რომელნიც დაესწრნენ იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლებას, უფლის ფერიცვალებას თაბორის მთაზე, ვნების წინ, გეთსიმანიის ბაღშიც ისინი წაიყვანა უფალმა, რათა მასთან ერთად ელოცათ.

საიდუმლო სერობისას წმინდა იოანე ყველაზე ახლოს იჯდა იესოსთან. იგი მიეყრდნო იესოს მკერდზე და ჰკითხა: „უფალო, შენ ვინ გაგცემს?“ ჯვარცმის დროს წმინდა იოანემ არ დატოვა უფალი, იგი ბოლომდე იდგა ჯვართან ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამთან ერთად. იესომ დაინახა სიყვარული და ერთგულება თავისი მოწაფისა და აშვილა იგი თავის ყოვლადწმიდა დედას: „აი, ძე შენი“. შემდგომ მიუბრუნდა იოანეს, ჩააბარა მას ყოვლადწმინდა მარიამი და უთხრა: „აი, დედა შენი“. იმ დროიდან იოანემ წაიყვანა ღვთისმშობელი თავის სახლში, უყვარდა და პატივს სცემდა მას, როგორც დედას, იყო მისი მორჩილი და არასოდეს წავიდოდა სახლიდან, რომ არ აეღო ლოცვა-კურთხევა მისგან. როდესაც მიძინების შემდგომ ღვთისმშობლის წმინდა გვამს გეთსიმანიის ბაღში მიასვენებდნენ დასასაფლავებლად, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც წმინდა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მიართვა ყოვლადწმიდა ქალწულს ხარების ჟამს.

ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ წმინდა იოანე თავის მოწაფესთან, პროხორესთან, ერთად წავიდა ღვთის სიტყვის საქადაგებლად მის წილხვდომილ ადგილას აზიაში. გზად მან უთხრა თავის მოწაფეს, რომ ზღვაში საშინელი უბედურება შეემთხვეოდათ და ამის გამო იყო დაღონებული.

მისი წინასწართქმა ასრულდა იოაპიაში. ისინი ჩასხდნენ ხომალდში და მოგზაურობის დროს შუადღისას ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, საღამოს კი დაიმსხვრა ხომალდი. ხალხი დიდხანს ეჭიდებოდა ხომალდის ნამსხვრევებს, ბოლოს კი ყველანი გამოყარა წყალმა ცოცხლად ნაპირზე სელევკიის ახლოს. მხოლოდ იოანე არსად ჩანდა, იგი დარჩა ზღვაში. პროხორემ ბევრი იტირა თავის მასწავლებელზე და შეწუხებული წავიდა აზიაში. ორმოცი დღის მოგზაურობის შემდგომ კვლავ მოვიდა იმ ზღვის პირას, რომელმაც შთანთქა იოანე. პროხორე ტიროდა თავისი საყვარელი მასწავლებლის დაკარგვას. უცებ აქაფებულმა ტალღამ გამოაგდო კაცი ნაპირზე. პროხორე მივიდა სანახავად და, აჰა, სასწაული! მან ნახა მიწაზე მწოლარე იოანე, რომელიც ორმოცი დღე და ღამე ცურავდა ზღვაში და ღვთის მადლით ცოცხალი გადარჩა. პროხორემ წამოაყენა მასწავლებელი და ისინი სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს და მადლობდნენ ღმერთს. ამის შემდეგ ისინი ქალაქ ეფესოში დამკვიდრდნენ.

აქ ერთ დედაკაცს დაუდგნენ მუშებად. დედაკაცს სახელად რომანა ერქვა. მას აბანო ჰქონდა მოწყობილი. იოანე ცეცხლს უნთებდა, პროხორე კი წყალს ეზოდებოდა. დიდხანს იყვნენ ასე და ბევრს ითმენდნენ ბოროტი რომანასაგან.

ამბობდნენ, რომ ამ აბანოს შენების დროს ეშმაკის შთაგონებით საძირკველში ჩაატანეს ერთი ყმაწვილი და ერთი ქალი. იმ დროიდან ყოველ წელიწადს ავი სული ახრჩობდა აბანოში მოსულთაგან ქალს ან ვაჟს. იმ დროს, როცა იოანე და პროხორე იყვნენ რომანას სახლში, ასეთი უბედურება მოხდა: ავმა სულმა დაახრჩო ქალაქის მმართველის - დიოსკორიდის ძე დომნა. მწიხარების გამო მამაც მოკვდა. შეშინებული რომანა მიიქცა თავისი ღმერთის დიანასადმი და ევედრებოდა დომნას გაცოცხლებას, მაგრამ ამაოდ. რომანას ამის დაბრალება სხვისთვის უნდოდა. მან იოანეს გადააბრალა დომნას სიკვდილი და დაუწყო ცემა. თან სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა, თუ არ გააცხლებდა ყმაწვილს. წმინდა იოანე არ შეშინდა, სარწმუნოებით ილოცა და დომნა გააცოცხლა. რომანამ რომ დაინახა ეს სასწაული, ძალზე შეშინდა და ამბობდა: „იოანე ან ღმერთია, ან ღმერთის შვილიო“, მაგრამ წმინდა მოციქულმა უქადაგა მას ქრისტეს ძალა და ასწავლა ქრისტიანული სარწმუნოება. შემდეგ გააცოცხლა დიოსკორიდიც და სამივემ - მამამ, ძემ და რომანამ ირწმუნეს უფალი და მოინათლნენ. ეს ამბავი გაითქვა ქალაქში.

წმინდა მოციქულმა დაიხსნა აბანო ბოროტი სულისაგან და თავისი მოწაფითურთ გადავიდა დიოსკორიდის სახლში, სადაც დიდხანს დარჩა. იგი მრავალ ახლადმონათულულს განამტიცებდა და ასწავლიდა ქრისტიანული ცხოვრების წესს.

ეფესოში იწყეს დღესასწაული თავიანთი ღმერთის - დიანას - პატივსაცემად. ხალხი თეთრად ჩაცმული მხიარულობდა. მის ტაძარში იოანემ დაინახა შეკრებილობა, სასწრაფოდ მივიდა და დადგა კერპის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე, მიუბრუნდა ხალხს და ხმამაღლა დაიწყო მათი მხილება, რომ მათ არ იციან, ვის სცენ თაყვანი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად ეშმაკს ემსახურებიან. ეს რომ გაიგონეს, ხალხი ძალიან გაბრაზდა და იოანეს ქვების სროლა დაუწყო, მაგრამ ქვები უკან ბრუნდებოდა და მსროლელებს ხვდებოდა. იოანემ ხელები აღაპყრო და ლოცვა იწყო. უცებ ისე ჩამოცხა, რომ ორასი ადამიანი დაიხოცა, დანარჩენები კი იოანეს შეწყალებას თხოვდნენ. წმინდა მოციქული შეევედრა უფალს და ყველა მკვდარი გააცოცხლა. ამ სასწაულით ყველამ ირწმუნა უფალი და მოინათლნენ. ამის შემდგომ იოანემ კიდევ ერთი დავრდომილი განკურნა, რომელიც ასევე განკურნებისთანავე მოინათლა. იოანემ კიდევ მრავალი სასწაული მოახდინა ეფესოში. დიანას ბომონში ჩასახლებული ბოროტი სული მიხვდა, რომ მისი უფლება მალე გაქრებოდა და განიზრახა იმ ქალაქიდან მოციქულის გაგდება. ეს ბოროტი აზრი რომ შეესრულებინა, ის გადაიქცა მხედრად, დაჯდა ქუჩის პირას და დაიწყო ხმამაღლა ტირილი. გამვლელ-გამომვლელთა კითხვაზე, თუ ვინ არის და რად ტირის, ის პასუხობდა: „მე ვარ ბესარია - პალესტინის საპყრობილის პირველი ზედამხედველი. მე მომაბარეს იერუსალიმიდან ორი გრძნეული - იოანე და პროხორე, რომელნიც სასიკვდილოდ იყვნენ გამზადებულნი ბოროტი საქმეებისათვის. სიკვდილით დასჯის წინა ღამეს მათ გრძნეულებით მოიცილეს ბორკილები და საპყრობილიდან გაიქცნენ. ამაზე მთავარი გამირისხდა და უნდა მოვეკალი, მაგრამ შევთხოვე, მოეცა დრო მათ მოსაძებნად. აქ მოვედი და მესმის, რომ ისინი ამ ქალაქში არიან, მაგრამ მშველელი არა მყავს, რომ დავიჭირო“. ეს რომ თქვა, მაშინვე უჩვენა მოწმობა, რომ ის სწორედ კესარიიდანაა, და ასევე ოქროთი სავსე პარკი იმ კაცისათვის გამზადებული, ვინც მას მოუყვანდა გრძნეულებს. ბევრი შეწუხდა და შეებრალა ეს საპყრობილი მცველი და მოეხმარნენ, აღაშფოთეს ხალხი იოანესა და პროხორეს წინააღმდეგ. მოცვივდნენ დიოსკორიდის სახლთან და ითხოვდნენ მოციქულსა და მის მოწაფეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის გადაწვით იმუქრებოდნენ. დიოსკორიდიმ გაიმეტა სახლი დასაწვავად, ვიდრე წმინდანების გაცემა. მაგრამ იოანემ არ დაანება, იგი ხალხთან გამოვიდა. მოკიდეს ხელი იოანეს და პროხორეს და დაუწყეს ქუჩა-ქუჩა თრევა. დიანას ტაძართან რომ მიიყვანეს, იოანე შეევედრა ღმერთს და უმალ დაიქცა დიანას ბომონი. იოანე კი მიუბრუნდა იქ მყოფ ბოორტ სულს და უთხრა: „მითხარ, უწმინდურო სულო, რამდენი წელიწადია, აქ ხარ? შენ აღაშფოთე ჩვენზე ხალხი?“ უწმინდურმა მიუგო: „249 წელია რაც აქ ვიმყოფები და სწორედ მე აღვაშფოთე ხალხი“. იოანემ უბრძანა: „სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ შენ, დასტოვო ეს ადგილი!“ ამ სიტყვების ძალით უწმინდური გაქრა. გაკვირვებულმა ხალხმა მაშინვე ირწმუნა უფალი და მოინათლა.

ამ დროს იმპერატორმა დომიციანემ იწყო ქრისტიანთა დევნა და მრავალი მართალი აწამა. იოანეც დაასმინეს იმპერატორთან, რომლის ბრძანებითაც იგი დაიჭირეს, შეკრეს და გაგზავნეს რომში. იოანემ თამამად აღიარა დომიციანეს წინაშე ქრისტეს სარწმუნოება და სიხარულით მიიღო ყოველი ტანჯვა. იგი ჯერ სცემეს, შემდეგ კი დასალევად საწამლავი მიუტანეს. მაგრამ წმინდანმა საწამლავი ისე დალია, როგორც წყალი იმ სიტყვების იმედით, რომელიც თქვა მაცხოვარმა: „რაც უნდა სასიკვდინო მიიღოთ თქვენ, არ გავნებთ“. ყველას გაუკვირდა, რომ საწამლავმა არაფერი ავნო იოანეს. მაშინ მოუგონეს მას მრავალგვარი ტანჯვა: ჩააგდეს ადუღებულ ზეთში, იოანე აქაც ცოცხალი დარჩა. ეს რომ ხალხმა დაინახა, იყვირა: „დიდ არს ქრისტიანების ღმერთი!“ დომიციანემ კი იოანე უკვდავად ჩათვალა და ამიტომ ვეღარ გაბედა მისი წამება. მხოლოდ ბორკილგაყრილი გაგზავნა კუნძულ პატმოსზე.

ზღვაზე მგზავრობის დროს იოანე ბევრნაირად მოეხმარა მგზავრებს. იესო ქრისტეს სახელით ახდენდა სასწაულებს. ერთხელ უფროსებს ლხინი ჰქონდათ გამართული. უცებ ერთი მათგანის ვაჟი ზღვაში ჩავარდა და მისი ამოყვანა ვერავინ შეძლო. მათი მხიარულება მწუხარებად შეიცვალა. მათ იცოდნენ იოანეს სასწაულთმოქმედი ძალა და შველა სთხოვეს. იოანემ ჰკითხა: „თქვენ რომელ ღმერთს ადიდებთ?“ ზოგმა აპოლონზე მიუთითა, ზოგმა - ზევსზე, ზოგმა - ჰერაკლეზე, ზოგმა - ეფესოს დიანაზე. მაშინ იოანემ უპასუხა: „როგორ შეიძლება, რომ ამდენ ღმერთს არ შეეძლოს ერთი ბავშვის შველა?“ დილამდე დატოვა ისინი ასე მწუხარედ, მაგრამ შეებრალა დამხრჩვალი ყმაწვილი, ცხარე ცრემლით შესტირა უფალს. აღელდა ზღვა და უცებ ტალღამ გამოაგდო ცოცხალი ბავშვი მოციქულის ფეხებთან. ხომალდზე მყოფნი, სიხარულით აღტაცებულნი, მადლობდნენ იოანეს. ამ დროიდან მოხსნეს მას ბორკილები და დიდ პატივს სცემდნენ.

ერთ დილას ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ხომალდი იღუპებოდა, შეშინებული ხალხი ისევ შეეხვეწა იოანეს, რომ თავისი ღმერთის შეწევნით დაეხსნა დაღუპვისაგან. იოანემ ილოცა და ქარიშხალი მეყვსეულად დაცხრა.

იოანემ მოარჩინა ერთი ყარაულიც, რომელიც კუჭის ტკივილებს გაეწამებინა.

ერთ დღეს წმინდა მოციქულმა ნახა, რომ სასმელი წყალი შემოლეოდათ და ბევრი იხოცებოდა წყურვილით. მან პროხორეს უბრძანა ზღვის წყლით აევსო ჭურჭელი, შემდეგ კი უთხრა ხალხს: „უფლის, იესო ქრისტეს სახელით მიიღეთ და დალიეთ“. მოციქულის სიტყვით ზღვის წყალი დატკბა და კარგი სასმელი გახდა. ყველამ დალია და ამდენი სასწაულის მხილველნთ ცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ.

მათ სურდათ, გაეთავისუფლებინათ იოანე და გაეშვათ, სადაც მოისურვებდა. მაგრამ იოანემ არ ისურვა და შეევედრა მცველებს, მიეყვანათ იქ, სადაც ნაბრძანები ჰქონდათ. პატმოსში რომ ჩავიდნენ, მცველებმა იოანე და პროხორე მმართველს წარუდგინეს. მმართველის სიმამრმა მირონმა წმინდანები სახლში წაიყვანა. მირონის უფროსი ვაჟი აპოლონიდი შეშლილი იყო. როცა მასში ჩასახლებულმა ბოროტმა სულმა გაიგო იოანეს მისვლა, შეეშინდა, წმინდა იოანეს არ განედევნა აპოლონიდისგან, ამიტომ გააქცია იგი სხვა ქალაქში და შთააგონა ასეთი წერილი დაეტოვებინა მამისათვის: „იოანე მოგვმა თავისი გრძნეულებით გამომაგდო სახლიდან და ამიტომ, სანამ არ მოკლავთ, სახლში არ დავბრუნდები“. მირონმა რომ წაიკითხა წერილი, მაშინვე თავის სიძესთან გაეშურა და ყველაფერი უამბო. სიძემ იოანეს დაჭერა და მხეცებთან ჩაგდება ბრძანა. მაშინ იოანემ სთხოვა, მცირე ხნით შეეჩერებინა ბრძანება და აპოლონიდთან პროხორე გაეშვა, რათა სახლში დაებრუნებინა ყმაწვილი. მმართველი დათანხმდა. წმინდა იოანემ ასეთი წერილი გაატანა პროხორეს: „იესო ქრისტეს, ღმრთის ძის მოციქული სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა უბრძანებს შეჩვენებულ სულს, აპოლონიდში მყოფს, გამოვიდეს და იყოს უწყლო ადგილებში  და აღარ გაბედოს კაცის გაწვალება“. როგორც კი პროხორე აპოლონიდთან მივიდა, შეშლილი მაშინვე გათავისუფლდა ავი სულისაგან და მორჩილად გაჰყვა პროხორეს. მაგრამ მშობლებთან კი არა, პირდაპირ იოანესთან მივიდა, მოეხვია მუხლებზე და მადლობდა. მშობლებმა და ნათესავებმა რომ აპოლონიდის განკურნების შესახებ შეიტყვეს, სიხარულით გაათავისუფლეს იოანე და ახსნეს ბორკილები.

განკურნებულმა კი მათ ასეთი რამ უამბო: „რამდენიმე წლის წინათ, ერთხელ ძალიან ღრმად მეძინა. უცებ ვიღაცამ შემანძრია, შეშინებულმა გავახილე თვალები და დავინახე ორი ანთებული სანთლის მსგავსი ორთვალიანი შავი კაცი, ჩემი საწოლის მარცხნივ მდგომარე, დამაღებინა პირი და ჩამიძვრა გულში. ამ დროიდან ვიგებდი ყოველ მომხდარს, ყოველ კეთილსა და ბოროტს. როდესაც ქრისტეს მოციქული მოვიდა ჩვენს სახლში, მაშინ მითხრა ჩემთან მყოფმა ბოროტმა სულმა: „აპოლონიდ, გაიქეცი აქედან, რადგან ეს კაცი გრძნეულია და შენი მოკვლა უნდა!“ მაშინ გამოვედი სახლიდან და სხვა ქალაქში გავიქეცი. როცა მოვინდომებდი წამოსვლას, იგი მიშლიდა და მეუბნებოდა: „შენ არ შეგიძლია შენს სახლში ცხოვრება, სანამ იოანეა არ მოკვდება“. როგორც კი პროხორე შემოვიდა ქალაქში და დავინახე, ბოროტი სული მაშინვე გამოვიდა ჩემგან იმ სახით, როგორც პირველად ჩამიძვრა. მე ძალიან მეამა და გულზე მომეშვა“.

ეს რომ იქ მდგომთ გაიგონეს, მაშინვე შემოეხვივნენ იოანეს, რომელმაც დაიწყო ქადაგება იესო ქრისტეს სარწმუნოებაზე. პირველად მირონი მოინათლა ცოლ-შვილით, შემდეგ მმართველის ცოლ-შვილი და მოსამსახურეები, ბოლოს კი თვით მმართველი ლავრენტიც, რომელმაც დატოვა თავისი თანამდებობა და შეუდგა ღვთის მსახურებას.

მირონის სახლში იოანემ სამი წელიწადი დაჰყო. ქადაგებდა ღვთის სიტყვას, კურნავდა სნეულებს, ათავისუფლებდა ბოროტი სულებისაგან, დაარღვია აპოლონის ტაძარი თავისი კერპებით, მრავალი გაანათლა ქრისტეს სარწმუნოებით და მონათლა.

ერთხელ იოანემ ნახა გზაზე მწოლარე ხურვებით შეპყრობილი კაცი. პირჯვარი გადასახა და განკურნა იგი. ეს დაინახა ერთმა სწავლულმა ებრაელმა, რომლის ცოლიც კეთროვანი იყო. მან წაიყვანა იოანე თავის სახლში და წმინდა მოციქულის ლოცვით სნეული განიკურნა. ცოლ-ქმარმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ იოანე გამოვიდა მოედანზე. მის გარშემო ხალხი მოგროვდა მოძღვრების მოსასმენად. მოვიდნენ კერპების მღვდლებიც. ერთმა მათგანმა გამოსაცდელად ჰკითხა წმინდანს:

- მოძღვარო, ჩემი ძე ორივე ფეხით კოჭლია და ვერ დადის. გთხოვ, მოარჩინო. თუ მოარჩენ, მაშინ ვირწმუნებ იმ ღმერთს, რომელსაც ქადაგებ.

- რატომ სცდი ღმერთს? - მიუგო იოანემ, - იგი გამოაჩენს შენი გულის ბოროტებას. მის შვილს კი შეუთვალა: „ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ადგე და მოხვიდე ჩემთან“. იმწამსვე ადგა კოჭლი და მივიდა წმინდა მოციქულთან. მისმა მამამ კი იწყო ორივე ფეხით კოჭლობა, რადგან მან ღმერთის გამოცდა მოინდომა. დაეცა მიწაზე, ასტკივდა ფეხები, წუხდა და ევედრებოდა მოციქულს:

- წმინდაო იოანე, მიშველე და მომარჩინე შენი ღმერთის ქრისტეს სახელით, რადგან მწამს, რომ მის გარდა არავინაა სხვა ღმერთი.

იოანემ მოარჩინა იგი, ასწავლა სარწმუნოების ძალა და გააქრისტიანა.

იოანე ამ ქალაქში იყო სამ წელიწადს. შემდეგ წავიდა სხვა ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ ღრმად მორწმუნე კერპთაყვანისმცემლები.

ქალაქში შესულმა იოანემ დაინახა, რომ ხალხი თავიანთი ღმერთის დღესასწაულისათვის ემზადებოდა და რამდენიმე ყრმა ჰყავდათ შეკრული. იოანემ ერთ იქ მდგომთაგანს ჰკითხა:

- რად არიან ხელფეხშეკრულნი ეს ყმაწვილები?

- ჩვენ გვყავს დიდი ღმერთი, მგელი, რომლის დღესასწაულიც არის დღეს. ეს ყრმები მას უნდა მივართვათ.

იოანემ სთხოვა უცნობს, ეჩვნებინა მათი ღმერთი. მან კი მიუგო:

- მოიცადე აქ დღის ოთხ საათამდე, მაშინ ნახავ მღვდლებს, ხალხთან ერთად მიმავალთ იმ ადგილისაკენ, სადაც გამოჩნდება მგელ-ღმერთი.

- მე გატყობ რომ კეთილი კაცი ხარ, - უთხრა მოციქულმა, - მე უცხო ვარ და გთხოვ, წამიყვანო იმ ადგილას იმიტომ, რომ ძალიან მინდა თქვენი ღმერთის ნახვა. თუ შენ მას მიჩვენებ, მაშინ მე გაჩუქებ ძვირფას მარგალიტს.

მან წაიყვანა იოანე და უჩვენა ჭაობი, საიდანაც გამოდიოდა ერთი მგელ-ღმერთი. იოანე უცდიდა მის გამოსვლას. მეოთხე საათზე გამოვიდა წყლიდან დიდი მგლის სახით ავი სული. წმინდა მოციქულმა ყოვლადწმიდა სამების სახელით უბრძანა ბოროტ სულს, საუკუნოდ განშორებოდა კუნძულს და ისიც მაშინვე გაქრა.

იოანესთან მყოფი კაცი ძალიან გაკვირდა და შეშინებული მოეხვია იოანეს მუხლებზე. იოანემ ასწავლა მას ქრისტეს სარწმუნოება და უთხრა:

- აი, ის ძვირფასი მარგალიტი, რომელსაც შეგპირდი.

ამის შემდეგ იმ ადგილას მივიდნენ მღვდლები და ხალხი. იდგნენ შეკრული ყრმებით და უცდიდნენ მგლის გამოსვლას, რომ ძღვნად მიერთმიათ ყმაწვილები. დიდხანს უცადეს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მაშინ იოანე მივიდა მათთან და თხოვა, შეეხსნათ თოკები უდანაშაულო ყრმებისათვის და უთხრა, რომ ამიერიდან აღარ იქნება მგელი-ღმერთი, რადგან ის იყო ავი სული და ქრისტეს ძალამ დათრგუნა და განდევნა იგი.

ეს რომ შეიტყვეს, ხალხი ძალიან შეშინდა. ახსნეს ყმაწვილები და გაუშვეს სახლებში. წმინდა იოანემ ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა ხალხს და მრავალი გააქრისტიანა.

იმ ქალაქში დიონისეს დიდი ტაძარი იყო. მის დღეობაზე გროვდებოდნენ მამაკაცები და დედაკაცები სასმელ-საჭმელით, თავისი ღმერთის პატივსაცემად ღმერობდნენ, თვრებოდნენ და გარყვნილებით ატარებდნენ დროს. დღეობის დროს მივიდა მათთან იოანე და დაიწყო მათი ბილწი დღესასწაულის მხილება. მღვდლები ძალიან გაბრაზდნენ, დაიჭირეს იოანე, შეკრეს, სცემეს, დააგდეს მიწაზე და თვითონ ისევ განაგრძეს ღრეობა. იოანე შეევედრა ღმერთს. უცებ დაიქცა ტაძარი და ჩაიტანა თორმეტივე მღვდელი. შეშინებული ხალხი იოანეს შეწყალებას ევედრებოდა. მაგრამ ტაძრის დაქცევამ ძლიერ გააბრაზა ერთი გრძნეული, სახელად ნუკიანე. იგი მოვიდა იოანესთან და წყრომით უთხრა:

- შენ ვერ ჰქმენი კარგი, რომ ბახუსის ტაძარი დაშალე და მღვდლები დახოცე. ამის გამო ყველანი გაბრაზებულები არიან შენზე. გთხოვ, გააცოცხლო ისინი და მე ვირწმუნებ შენს ღმერთს.

- მათი უბედურების მიზეზი მათი უსჯულოება იყო, - უპასუხა იოანემ, - ისინი არ იყვნენ სიცოცხლის ღირსნი და გეენიაში უნდა იტანჯონ.

- თუ შენ არ შეგიძლია მათი გაცოცხლება, - მიუგო ნუკიანემ, - მაშინ მე ჩემი ღმერთების ძალით გავაცოცხლებ მათ და აღვადგენ ბომონს, შენ კი სიკვდილი არ აგცდება.

ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იოანემ დაუწყო ხალხს სწავლება, ნუკიანე კი დანგრეულ ტაძარს უვლიდა გარშემო და თვალთმაქცობით გამოაჩინა თორმეტი ავი სული დახოცილი მღვდლების მაგივრად, რომელთაც უბრძანა იოანეს მოკვლა. ავმა სულებმა განუცხადეს, რომ არ შეეძლოთ წასვლა იქ, სადაც იოანე იყო. თუ მაინცდამაინც ნუკიანეს სურდა იოანეს სიკვდილი, ურჩიეს, წასულიყო ხალხთან და მიეყვანა ისინი მათთან, ვითომც გაცოცხლებულ მღვდლებთან. ხალხი რომ მათ დაინახავდა, მოკლავდა იოანეს. ნუკიანე მივიდა ხალხთან, რომელიც იოანეს სწავლებას ისმენდა და დაიყვირა:

- აი, თქვე უგუნურნო, რად ატყუებინებთ თავს ამ უცხო კაცს, რომელმაც დააქცია ტაძარი, დახოცა მღვდლები და თქვენც დაგღუპავთ, თუ რამე დაუჯერეთ. წამოდით ჩემთან და ნახეთ ჩემგან გაცოცხლებული თქვენი მღვდლები და დაინახეთ, როგორ აღვადგენ დაქცეულ ბომონს, რასაც იოანე ვერ შეძლებს.

უგუნურმა ხალხმა დატოვა იოანე და გაჰყვა ნუკიანეს, ხოლო იოანე და პროხორე სხვა გზით მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ბოროტი სულები იდგნენ მღვდლების სახით. წმინდანების დანახვაზე ისინი უმალ გაქრნენ. წმინდანები კი უკან დაბრუნდნენ. ნუკიანე მივიდა ხალხთან ერთად და რომ ვერავინ ნახა ძალიან გაჯავრდა, გარს უვლიდა ტაძარს და ეძახდა მათ, მაგრამ ამაოდ. საღამოს ხალხი მოთმინებიდან გამოვიდა და მოინდომეს მატყუარ ნუკიანეს მოკვლა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს შეეკრათ და იოანესთან მიეყვანათ. იოანემ შეიწყალა ნუკიანე და გააშვებინა.

დილით იოანემ კვლავ დაიწყო ქადაგება. მრავალი თხოვდა მას მონათვლას. როდესაც იოანეს ისინი მდინარეზე მიჰყავდა, ნუკიანემ თავისი მანქანებით ხალხს წყალი სისხლად მოაჩვენა. წმინდა იოანეს ლოცვით ნუკიანე დაბრმავდა, წყალი კი განიწმინდა და წმინდა მოციქულმა მონათლა ხალხი. სასჯელმა გონს მოიყვანა ნუკიანე, მან გულწრფელად შეინანა თავისი დანაშაული და იოანეს შეწყალებას სთხოვდა. იოანემ იხილა მისი სინანული, უქადაგა ქრისტიანობა და მონათლა. ნუკიანემ მაშინვე წაიყვანა იოანე თავის სახლში. როგორც კი წმინდა მოციქულმა ნუკიანეს სახლში ფეხი შედგა, მაშინვე გადმოცვივდნენ კერპები და მტვრად იქცნენ. ამ სასწაულმა გააოცა და შეაშინა იქ მყოფნი და მათ აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იოანეს ღმერთი.

ამ დროს იმპერატორი დომიციანე მოკლეს და მის ნაცვლად იმპერატორი გახდა კეთილი ხელმწიფე ნერვა, რომელმაც ყველა დატყვევებული ქრისტიანი გაათავისუფლა, მათ შორის, იოანეც და უნდოდა მისი დაბრუნება ეფესოში, რადგან პატმოსზე თითქმის ყველა გააქრისტიანა. ეს რომ შეიტყვეს იქაურმა ქრისტიანებმა, ეხვეწებოდნენ იოანეს დარჩენას, მაგრამ მოციქულმა არ ქნა. მაშინ სთხოვეს ნას თავისი მოძღვრების სახსოვრად მათთვის სახარება დაეტოვებინა, რომელიც მან დაწერა პატმოსზე. ეს კი ასე მოხდა: ერთხელ მან ამარხულა პატმოსელები, თვითონ კი წაიყვანა პროხორე და ავიდა მაღალ მთაზე, სადაც ლოცულობდა სამ დღეს. ამის შემდგომ უცებ დაიქუხა, გაიელვა და მთა შეინძრა. პროხორე შიშისაგან მიწაზე დაეცა, იოანემ წამოაყენა, მოისვა მარჯვნივ და უბრძანა დაეწერა ყოველივე, რასაც გაიგონებდა. იოანემ მაღლა აიხედა, ილოცა და დაიწყო: „პირველითგან იყო სიტყვა და ღმერთი იყო სიტყვა იგი“ და სხვა. მოწაფე გულდაგულ წერდა ყველაფერს, რაც კი ესმოდა. ასე დაიწერა იოანეს წმინდა სახარება. წმინდა მოციქულმა გადააწერინა სახარება პროხორეს და პატმოსელებს დაუტოვა, ხოლო დედანი თვითონ დაიტოვა. იმავე კუნძულზე იოანემ საკუთარი ხელით დაწერა გამოცხადება (აპოკალიფსისი).

კუნძულის ყველა ქალაქში იოანემ ააშენა ეკლესიები, დაადგინა ეპისკოპოსები და მღვდლები, ჩააბარა მორწმუნენი, დალოცა, გამოეთხოვა და ეფესოსკენ გასწია.

ერთხელ, როცა მოციქული აზიის ქალაქებში დაიარებოდა, ნახა ნიჭიერი და კეთილი ჭაბუკი. კარგად განსწავლა და მონათლა იგი. როცა სხვა მხარეში მოუწია წასვლა სახარების საქადაგებლად, ჭაბუკი იმ ქალაქის ეპისკოპოსს ჩააბარა და დაავალა ახლადმონათლული კეთილ გზაზე დაეყენებინა. ეპისკოპოსი ასწავლიდა საღმრთო წერილს, მაგრამ არ აქცევდა ყურადღებას მისი ცხოვრების წესს და თავის ნებაზე ჰყავდა მიშვებული. ამის გამო ჭაბუკი გაირყვნა, დაიწყო ლოთობა, ქურდობა და ავაზაკებს დაუმეგობრდა, რომელთაც ის მეთაურად გაიხადეს და ძარცვავდნენ ხალხს. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ქალაქში კვლავ მოვიდა იოანე და რომ შეიტყო ეს ამბავი, მოსთხოვა ჭაბუკი ეპისკოპოსს: „დამიბრუნე ჩემი საუნჯე, რომელიც მე შენ მოგაბარე შესანახად, დამიბრუნე ჭაბუკი, რომელიც ჩაგაბარე ყველას თვალწინ, რომ გესწავლებინა შიში ღვთისა“.

ეპისკოპოსმა ტირილით მიუგო:

- დაიღუპა ჭაბუკი, სულით მოკვდა, სხეულით კი გზებზე ავაზაკობს.

- ასე უნდა მოგევლო შენი ძმის სულისთვის?! გამატანე ვინმე, რომ წავიდე და მოვძებნო, ვინც შენ დამიღუპე. - უთხრა იოანემ.

იოანე მივიდა ავაზაკებთან და სთხოვა მიეყვანათ მეთაურთან. ჭაბუკმა რომ დაინახა იოანე, შერცხვა და უდაბნოში გაიქცა. იოანემ აღარ მიხედა თავის მოხუცებულობას, გამოუდგა უკან და ევედრებოდა: „შვილო ჩემო, მობრუნდი მამაშენთან, ნუ გეშინია. შენს დანაშაულს ჩემს თავზე მივიღებ. ოღონდ გაჩერდი და მომიცადე, რადგან უფალმა გამომგზავნა შენთან“. ჭაბუკი თრთოლვით და სირცხვილით დაეცა იოანეს წინ. იოანე კი მოევია, დაკოცნა, მოეფერა და დიდი სიხარულით წაიყვანა ქალაქში. უხაროდა, რომ იპოვა გზააბნეული ცხოვარი. ბევრს ასწავლიდა და შთააგონებდა სინანულს. ჭაბუკმა მართლაც შეინანა ცოდვები და ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა.

ას წელს რომ გადააბიჯა, იოანემ თავისი შვიდი მოწაფე გაიყვანა ქალაქგარეთ და უბრძანა მათ დაჯდომა ერთ ადგილას. თვითონ განმარტოვდა და ლოცვას შეუდგა. შემდეგ მოწაფეებს უბრძანა, ჯვრის სახით მისი სიმაღლის საფლავი. დაარიგა მოწაფეები, ეამბორა და უბრძანა, ცოცხლად ჩაეშვათ საფლავში, შემდეგ კი მიწა მიეყარათ. მოწაფეებს ძალიან გაუჭირდათ ბრძანების შესრულება, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და ისე მოიქცნენ, როგორც წმინდა იოანე მოითხოვდა. ასე მიაბარეს მიწას საყვარელი მასწავლებელი დიდი ტირილითა და მწუხარებით. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, სასწრაფოდ გაეშურნენ იოანეს საფლავისაკენ და გათხარეს, მაგრამ იქ წმინდა მოციქული ვეღარ ნახეს.

ყოველ წელიწადს, რვა მაისს, საფლავიდან გამოჩნდებოდა ხოლმე წმინდა მტვერი და მრავალნი იკურნებოდნენ წმინდა იოანეს ლოცვით, სადიდებელად ყოვლადწმიდისა სამებისა, ამინ.

გამოყენებული ლიტერატურა:
დეკანოზი რაჟდენ გიგაური „ოთხი მახარებლის ცხოვრება“