წმიდა ილია წინასწარმეტყველი წარმართი მეფის აქაბის დროს ცხოვრობდა. იგი თაყვანს სცემდა კერპს - მზის ღვთაებას და თავის სამეფოს მცხოვრებლებსაც ამისკენ მოუწოდებდა.
ილია მივიდა მეფე აქაბთან და ღვთის სახელით განუცხადა: „შენი უსჯულოებისათვის უახლოეს წლებში არ იქნება არც წვიმა და არც ცვარი“ და მართლაც, ისეთი საშინელი გვალგვა დაიწყო, რომ ბალახიც კი გახმა. დაიწყო შიმშილი. ილია წინასწარმეტყველი, ღვთის ნებით, უდაბურ ადგილზე წყაროს მახლობლად დასახლდა. მისთვის ყვავებს საზრდოდ პურისა და ხორცის ნაჭრები მოჰქონდათ. მაგრამ მალე წყარო დაშრა და ილია წინასწარმეტყველს უფალმა უბრძანა წარმართულ ქალაქ სარეპტაში ჩასულიყო და ერთი ღარიბი ქვრივის სახლში დასახლებულიყო.
როცა ილია ქვრივის სახლში მივიდა, საბრალო ქალს ერთი მუჭა ფქვილი და მცირეოდენი ზეთიღა დარჩენოდა. ილიამ მას კვერის გამოცხობა სთხოვა და უთხრა, რომ ვიდრე იგი მის სახლში იცხოვრებდა, მას, ღვთის წყალობით, ფქვილისა და ზეთის მარაგი არ გამოელეოდა. ქვრივმა დაიჯერა ილიას სიტყვები.
ილია წინასწარმეტყველმა ქვრივის სახლში სასწაული მოახდინა. ქალის ვაჟი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. ილიამ სამგზის ილოცა მასზე და გააცოცხლა.
გვალვა სამეფოში სამწელიწადნახევარს გაგრძელდა. ამის შემდეგ ილია წინასწარმეტყველი კვლავ მივიდა მეფე აქაბთან და ურჩია მას ხალხის შეკრება მთაზე. ილიამ ხალხს მიმართა: „მოდით, ღმერთს მსხვერპლი შევწიროთ; თქვენ - თქვენს კერპს შესწირეთ, მე კი ჩემს უფალს. რომელი ღმერთიც ციდან ცეცხლს გარდამოავლენს, ის იქნება ჭეშმარიტი“.
ყველა დათანხმდა.
წარმართებმა კრავი სამსხვერპლოზე დადეს და მთელი დღე უხმობდნენ თავიანთ კერპს: „ბაალ! ბაალ!“ მაგრამ კრავზე ცეცხლი არ გადმოსულა. მაშინ ილიამ მოამზადა სამსხვერპლო, მის გარშემო თხრილი გათხარა, სამსხვერპლოზე შეშა დააწყო და კრავი მიიყვანა. მერე ხალხს მოუწოდა, შეშასა და კრავზე წყალი დაესხათ. იმდენი წყალი ასხეს, ვიდრე თხრილი არ აივსო. ყოველივე ამის შემდეგ ილიამ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და მაშინვე გადმოვიდა ზეციდან ცეცხლი, რომელმაც დაწვა შეშაც, მსხვერპლიც და წყალიც ამოაშრო. ხალხი შეძრწუნდა, მიწაზე დაემხო და წამოიძახა: „უფალია ჭეშმარიტი ღმერთი!“
|
|
ილია წინასწარმეტყველი მთაზე ავიდა და ილოცა, რათა უფალს წვიმა მოევლინა. ილიას ლოცვით ძლიერი წვიმა წამოვიდა და გადამხმარი არემარე გამოაცოცხლა. მას შემდეგ გლეხები წვიმის მოსვლას ილია წინასწარმეტყველს ევედრებიან. ეს დღესაც ასეა.
ილია წინასწარმეტყველს ჰყავდა მოწაფე ელისე. ერთხელ ილიამ უთხრა ელისეს: „მთხოვე, რაც გინდა, ვიდრე შენთან ვარ“. ელისემ სთხოვა: „წინასწარმეტყველების სული ჩემში შენზე ორჯერ მეტი გადმოვიდესო“. ილიამ მიუგო: „ბევრს ითხოვ, მაგრამ თუკი დაინახავ, როგორ წამიყვანს უფალი, მიიღებ, რასაც ითხოვ“. უცებ ელისემ დაინახა, თუ როგორ აიტაცა ზეცად ცეცხლოვანმა ეტლმა ილია წინასწარმეტყველი. ამ დროს ელისეს ფეხებთან ილია წინასწარმეტყველის ხალენი ანუ მოსასხამი დაეცა, რომელიც მას ილიამ წინასწარმეტყველების ნიჭის ბოძების ნიშნად დაუტოვა.
ბავშვებო, იცით, რომ ილია წინასწარმეტყველის ეს ხალენი ახლა საქართველოში ინახება? იგი დაფლულია სვეტიცხოველის დიდ საკათედრო ტაძარში. აქვეა ილია წინასწარმეტყველის სახელობის წყარო, რომელისაც კურნების ძალა აქვს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№16. 2003წ. 18 დეკემბერი